Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მშობლებს, რომლებიც ლუკაშენკას უპირისპირდებიან, ბავშვებს ართმევენ


ივანი და ნასტია, ბელორუსი პოლიტპატიმრის, ანტონინა კონოვალოვას შვილები
ივანი და ნასტია, ბელორუსი პოლიტპატიმრის, ანტონინა კონოვალოვას შვილები

2025 წლის დასაწყისიდან ბელარუსის სამეურვეო ორგანოებს გაუადვილდათ ბავშვის ჩამორთმევა მშობლებისთვის, რომლებსაც ოპოზიციური შეხედულებები აქვთ.

ახლა ეს შეიძლება დაემართოთ არა მხოლოდ ოჯახებს, რომლებშიც ერთი მშობელი მაინც არის ნასამართლევი სისხლის სამართლის მუხლით პროტესტის ან „ექსტრემიზმისთვის“, არამედ მათაც, ვინც პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.11 მუხლის მიხედვით („ექსტრემისტული მასალების გავრცელება“). მაგალითად, თუ ადამიანმა გამოაქვეყნა ბელარუსში აკრძალული რომელიმე არასახელმწიფო მედიასაშუალების ბმული, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო აკრძალული ემბლემით, მოიწონა პოსტი „ექსტრემისტი“ მეგობრის გვერდზე, ან დატოვა კომენტარი „ექსტრემისტულ“ საჯარო გვერდზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი „ექსტრემისტული მასალების“ სია ყოველდღიურად ახლდება და ათასობით ერთეულს შეიცავს.

ასეთ ოჯახს შეუძლია მიიღოს „სოციალურად საშიშ სიტუაციაში“ მყოფის სტატუსი (СНС, „сацыяльна небясьпечным становішчы“). ეს სტატუსი ნიშნავს, რომ შესაძლოა ბავშვები ასეთი ოჯახებიდანაც წაიყვანონ ბავშვთა სახლებში და მათ მშობლებს მშობლის უფლებები ჩამოერთვათ.

ბელორუსები რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს მოუყვნენ, როგორ მიენიჭათ მათს ოჯახებს სტატუსი „სოციალურად საშიში“ და როგორ ემუქრებოდნენ მათ შვილების ჩამორთმევით. გამოკითხულთაგან არცერთს არ ეპარება ეჭვი, რომ ხელისუფლება მათზე პოლიტიკური მიზეზების გამო ახორციელებს ზეწოლას, ცდილობს აიძულოს ისინი, რომ გაჩუმდნენ და არ გამოთქვან თავიანთი აზრი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

****

„ბავშვები ფიქრობენ: პრობლემები მაქვს მამის ან დედის გამო“

ბელორუსი ვასილი (ყველა გამოკითხულის სახელი შეცვლილია მათი უსაფრთხოებისთვის - რედ.) რადიო თავისუფლებას მოუყვა, რომ მათ ოჯახს შარშან პოლიტიკური მიზეზების გამო მიენიჭა „სოციალურად საშიშ მდგომარეობაში მყოფის“ სტატუსი. მისი თქმით, ბრძანება იმის შესახებ, რომ ოჯახისთვის СНС სტატუსის მისანიჭებლად სიაში შეეყვანათ ისინი, ვისაც ადმინისტრაციული მუხლები ჰქონდა, ბელარუსში უკვე 2024 წლის დამდეგს გაიცა, მაგრამ მოხელეებმა ახალი წესებით აქტიურად მუშაობა შემოდგომაზე დაიწყეს.

„სკოლის სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ აღმასკომში კომისიაში ყოველი ასეთი ოჯახის განსახილველად მაქსიმუმ 15 წუთია გამოყოფილი. კაცმა, რომელმაც სახანძრო სიგნალიზაცია დამიყენა, ქაღალდების დასტა მაჩვენა: ეს იყო მისი შეკვეთები მხოლოდ ერთი დღისთვის. თითქმის ყველა მათგანი „СНС“ სტატუსის მქონე ოჯახი იყო. მან თქვა, რომ ეს დიდი სამუშაოა, რომ სახელმწიფომ ბევრი ფული დახარჯა ამ საქმეზე“, იხსენებს ვასილი.

ვასილის თქმით, ასევე მას ბავშვთა კლინიკის ექიმმა უთხრა, რომ ბოლო დროს მას კონტროლი გადაეცა რამდენიმე ოჯახზე, რომლებმაც პოლიტიკური მიზეზების გამო „СНС“-ის სტატუსი მიიღეს. ექიმები კანონით ვალდებული არიან, აკონტროლონ ასეთი ოჯახები და აკონტროლონ მათში მყოფი ბავშვების მდგომარეობა.

„რაც შეეხება ჩემს ოჯახს, სკოლისა და აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ჩვენ ვიყავით მშვენიერი ოჯახი, განსაკუთრებული დადებითი მახასიათებლები გვქონდა ყველა სამსახურიდან“, ამბობს ვასილი. „მაგრამ სამოტივაციო ნაწილში ნათქვამი იყო, რომ „СНС“ - იმიტომ, რომ მამას ადმინისტრაციული ბრალდება წაუყენეს 19.11 მუხლით („ექსტრემისტული მასალების გავრცელება“).

მამის თქმით, როცა მისი ოჯახი სკოლაში კომისიაში შემოწმებას გადიოდა, კომისიის ყველა წევრი მდუმარედ იჯდა: ლაპარაკობდა მხოლოდ სასწავლო ნაწილის გამგე აღმზრდელობით დარგში. ერთის მხრივ, მან თქვა, რომ ოჯახში არსებული ხარვეზები შეიძლება გამოსწორდეს. მეორე მხრივ, ის პირდაპირ დაემუქრა მშობლებს.

„მან გამაფრთხილა: მოემზადეთ მთელი თქვენი ოჯახით გასამგზავრებლად. აქ ისეთი ცხოვრება გექნებათ, რომ მალე ხმამაღლა ატირდებით“, ჰყვება ჩინოვნიკის სიტყვებს ვასილი. „ამბობდა: "თუ გამოსწორების გზაზე არ დადგებით და ისევ მოგვხვდებით თვალში, თქვენ წინააღმდეგ საქმეს დაიწყებენ და ოჯახს ბავშვებს წაართმევენ"“.

შედეგად, ვასილის თქმით, დადებითი მახასიათებლების მიუხედავად, კომისიამ ოჯახს ერთხმად მიანიჭა სოციალურად არასასიკეთო სტატუსი და უთხრეს: „კიდევ დაახლოებით სამი თვე ვიმუშავებთ თქვენთან“. ამის შემდეგ, მამის თქმით, სამეურვეო ორგანოს წარმომადგენლებმა მასთან სახლში სიარული დაიწყეს შემოწმებისთვის, კვირაში ექვსჯერ, ნებისმიერ საათებში.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს ეჩვევი, მაგრამ რა სტრესი არის ეს მშობლებისა და ბავშვებისთვის! "სოციალურად არასასიკეთოს" სტატუსი ბავშვების დახმარების ნაცვლად ფსიქიკას უმახინჯებს მათ, მშობლების წინააღმდეგ განაწყობს“, ამბობს ვასილი. „ბავშვები ფიქრობენ: მამის ან დედის გამო მაქვს პრობლემები, ამიტომ ჯობია, დავშორდები მათ და არაფერში არ მივყვები მათს მაგალითს“.

ვასილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო „СНС“-ის სტატუსს იმისთვის იყენებს, რათა ოჯახების დამორჩილებისა და მათზე გავლენის მოხდენის საშუალება ჰქონდეს. და ამას ხშირად ახერხებს კიდეც. გარდა მშობლებზე ზეწოლისა, რომ გააჩუმონ ისინი, ბელარუსის სკოლებში ბავშვები პროპაგანდის მასირებულ ზემოქმედებას განიცდიან. და თუ მშობლები შეეცდებიან წინააღმდეგობის გაწევას, მათ კვლავ ემუქრებიან „СНС“ სტატუსი.

„ასე რომ, მშობლები არ დაიწყებენ ფაფხურს, რადგან მათ შვილების დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრებათ“, განმარტავს ვასილი, „ბავშვებს კი დღეს იძულებით ზრდიან პროპაგანდისტული სულისკვეთებით“.

მამა ჰყვება, რომ ამ ზეწოლის გამო ცოტა ხნის წინ მან და მისმა ოჯახმა ბელარუსი დატოვეს.

„პირადად მე მორალურად მზად ვიყავი ყველაფრისთვის, პატიმრობისთვისაც კი. მაგრამ არავის მივცემ უფლებას, ბავშვებზე იძალადოს, თუნდაც მეურვეობის საფარქვეშ“, ამბობს რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე.

„გამომძიებლებს მოეწონათ, რომ ბავშვების წაყვანა შეეძლოთ, აბუჩად გვიგდებდნენ“

ცოლ-ქმარი სიარჰეი და ირინა 2024 წელს დააკავეს ბელარუსში საპროტესტო მარშების ფოტოების გადაღებისთვის, რომლებშიც ადრე მონაწილეობდნენ. ორივემ სამ თვეზე მეტი გაატარა წინასწარ პატიმრობაში. ოჯახს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და გამომძიებლებმა გააფრთხილეს წყვილი, რომ მათთვის ბავშვების ჩამორთმევის საკითხს განიხილავდნენ. როგორც ჩანს, ორივე მშობლის წინააღმდეგობის გატეხის იმედი ჰქონდათ.

„ამის დიდად არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა უფრო პოლიტპატიმრებს შეეხებოდა“, - ამბობს სიარჰეი. „მაგრამ, ვფიქრობ, გამომძიებლებს სიამოვნებდათ, როცა თქვეს, რომ შეძლებდნენ ბავშვების ჩამორთმევას: აბუჩად გვიგდებდნენ“.

საბოლოოდ ორივე მშობელს მიესაჯა „შინაური ქიმია“ (შინაპატიმრობის სახეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, როდესაც ადამიანი ცხოვრობს სახლში და არა კოლონიაში, აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ყოველთვიური ხელფასის ნაწილი შეიძლება გამოუქვითონ. ამასთან ზედამხედველებს შეუძლიათ მასთან შესამოწმებლად ნებისმიერ დროს მივიდნენ სახლში ან სამსახურში. - რედ.)

როდესაც დედ-მამა სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს, მათ გაიგეს, რომ მათი შვილები, რომლებიც მშობლების დაკავების დროს ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდნენ, მართლაც შეიძლებოდა ბავშვთა სახლში გაეგზავნათ: გამომძიებლებმა შესაბამისი პროცედურა დაიწყეს.

იმისთვის, რომ შვილები ოჯახში დაეტოვებინათ, ბებიას და ბაბუას საბუთების მთელი საქაღალდის მოგროვება მოუწიათ: ხელფასებისა და პენსიების მოწმობები უნდა შეეგროვებინათ და სამედიცინო შემოწმება გაევლოთ. მათ სახლში რამდენჯერმე მივიდნენ სკოლის კომისიები ბავშვების საცხოვრებელი პირობების შესამოწმებლად.

„ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ მუდმივ დაძაბულობაში, რომ ბავშვებს წაიყვანდნენ“, ამბობს სიარჰეი. თუმცა, მისი თქმით, მოგვიანებით შეიცვალა გამომძიებელი, რომელიც მის საქმეს უძღვებოდა და მან თქვა, რომ ოჯახიდან ბავშვების წაყვანა არასწორი იქნებოდა. ამის შემდეგ შეწყდა ბავშვების ჩამორთმევის პროცესი“.

„ბევრი ორგანო იყო ამოქმედებული - რათა შეექმნათ იმის ილუზია, რომ ოჯახისთვის ბავშვების ჩამორთმევაზე მუშაობდნენ. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყო ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მშობლებს ენერვიულათ,“ ვარაუდობს მამა.

იმის შემდეგ, რაც მათ განიცადეს, ოჯახმა გადაწყვიტა, საბოლოოდ დაეტოვებინა ბელარუსი. მამა ამბობს, რომ მის უმცროს შვილზე, რომელიც ჯერ კიდევ არ სწავლობდა, როცა მშობლები დააკავეს, დედ-მამის ხანგრძლივმა არყოფნამ იმოქმედა, თუმცა არ უთხრეს, რომ ისინი ციხეში იმყოფებოდნენ. ახლა ბავშვს, სიარჰეის თქმით, არ სურს მშობლების სადმე გაშვება და მათ „კუდივით“ დაჰყვება.

„თქვენ უუნარო ხართ როგორც დედა“

ბელორუსი ალინა 2022 წელს დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, ისიც ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობის გამო. ციხეში ყოფნისას მისი შვილი მამასთან ცხოვრობდა: ალინა მასთან განქორწინებული იყო.

„მას (მამას) მუქარა დაუწყეს: "შენც ჩაგსვამთ და ბავშვს ბავშვთა სახლს გადავცემთ"“, ამბობს ალინა. ამავე დროს, ქალის თქმით, ბავშვს მისი და მამის გარდა ჰყავდა კიდევ ბევრი ნათესავი, რომლებიც მასზე ზრუნავდნენ და ბავშვი სულაც არ იყო სოციალურად საშიშ მდგომარეობაში.

ქალი ჰყვება, რომ ციხიდან როცა გამოვიდა, პასპორტი არ დაუბრუნეს, რამაც მას უამრავი პრობლემა შეუქმნა. სურდა, შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანა, სახლთან უფრო ახლოს, მაგრამ საბუთების გარეშე ამას ვერ ახერხებდა. პასპორტის გარეშე მან ასევე ვერ შეძლო ბავშვის საავადმყოფოში მიყვანა. ალინა ამბობს, რომ დაუკავშირდა პროკურატურას, უზენაეს სასამართლოს და ბელარუსის სხვა ორგანოებს, მაგრამ მას დოკუმენტს არ აძლევდნენ.

გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ალინას ბიუროკრატიული სირთულეები შეუქმნა, ისინი მუდმივად ახდენდნენ მასზე ზეწოლას და ამბობდნენ, რომ ის იყო ცუდი დედა, რომელიც თითქოს ვერ უმკლავდებოდა ბავშვის აღზრდას.

„ვხედავთ, რომ უუნარო ხართ როგორც დედა... ჩვენ გვაქვს დაწესებულება, სადაც მას (ბავშვს) შეუძლია მიიღოს ნორმალური დახმარება, სადაც მისი უფლებები არ შეიზღუდება“, იხსენებს ალინა საუბარს მოსამართლესთან, რომელთანაც ცდილობდა პირადი დოკუმენტების პრობლემის გადაჭრას.

ალინამაც დატოვა ბელარუსი შვილთან ერთად. მისი თქმით, ამის შემდეგ მას სკოლიდან დაურეკეს და სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ იმისთვის, რომ მან სპორტით დაკავებული მოსწავლე მოაშორა სკოლას. დედას ასევე დაემუქრნენ, რომ ბელარუსში მის შვილს უფასო მომსახურება და აღჭურვილობა ჰქონდა და ამის ანგარიშს წარუდგენდნენ.

„უნდოდათ, რომ შევმუდარებოდით და მოგვენანიებინა“

ალექსეი 2020 წელს დააპატიმრეს ბელარუსში, ისიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ის არაერთხელ დაიბარეს არაფორმალურ საუბრებსა და დაკითხვებზე, რათა ეიძულებინათ „მოენანიებინა“ და სხვების წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

„და მას შემდეგ, რაც ჩემს დასაბნევად ან მონანიების მისაღწევად არგუმენტები ამოეწურა, დაიწყო: "აი, უკვე ზიხარ, ახლა კი შენს ცოლს მივადგებით, მას ვიპოვით. შენი ქალიშვილი კი ბავშვთა სახლში გაემგზავრება"“, იხსენებს ალექსეი ამ საუბარს. „უნდოდათ, რომ მათთვის რაღაცის ხვეწნა და მონანიება დაგვეწყო“.

ალექსეის ქალიშვილი მაშინ 11 წლის იყო. კაცი იხსენებს, რომ ბევრს ლაპარაკობდნენ ბავშვის ჩამორთმევაზე. სხვა დროს, როდესაც ალექსეი „კაბინეტში“ (დაკითხვაზე) დაიბარეს, ის დერეფანში იცდიდა და გაიგო, რომ გამომძიებლები მის შესახებ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

„გამომძიებელი ასეთ რამეს ამბობდა: "გამოვიდნენ (საპროტესტო აქციებზე) უფროსები, მათ კი პატარა ბავშვები ჰყავთ. და მათ შვილებს ართმევენ." მაგრამ ისინი თავად იყვნენ დაბნეული, არ იცოდნენ, რა მოხდებოდა“, იხსენებს ალექსეი.

2024 წელს მისი ცოლის, ეკატერინას წინააღმდეგ მართლაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაკითხვის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, მაგრამ დევნის გამო, საბოლოოდ, მთელმა ოჯახმა დატოვა ბელარუსი.

ბელორუსი პოლიტიკური ემიგრანტების შვილები საახალწლო ზეიმებზე ვარშავაში
ბელორუსი პოლიტიკური ემიგრანტების შვილები საახალწლო ზეიმებზე ვარშავაში

ბელარუსის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადრე „СНС“-ის სტატუსი ძირითადად ენიჭებოდათ ოჯახებს, სადაც მშობლები ბოროტად იყენებდნენ ალკოჰოლს ან არ მუშაობდნენ და რომლებზეც იყო საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ არსებობდა რეალური საფრთხე ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ასეთ პირობებშიც კი ბავშვის ჩამორთმევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო.

ჯერ კომისიის სხდომაზე განიხილება საქმე და მიიღება გადაწყვეტილება ოჯახისთვის „СНС“-ის სტატუსის მინიჭების შესახებ. შემდეგ დგება გეგმა, როგორ დაეხმარონ ბავშვს: მასში ჩართულია არა მხოლოდ სკოლა, არამედ ბავშვთა კლინიკა და პოლიციაც. აღმზრდელმა მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს ბავშვი სახლში. სამ თვეში ერთხელ ხდება ოჯახის მდგომარეობის გადახედვა: ჩინოვნიკები ამოწმებენ, იყო თუ არა რაიმე ცვლილებები, მაგალითად, იპოვა თუ არა უმუშევარმა მამამ სამსახური, ჰყვება მასწავლებელი.

თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება, „СНС“-ის სტატუსი შეიძლება გაგრძელდეს. თუ მოხდება უკეთესობისკენ ცვლილებები, ოჯახი შეიძლება ამოიღონ „СНС“-ის სიიდან. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება, ოფიციალურ პირებს შეუძლიათ დააყენონ საკითხი ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევის შესახებ: შემდეგ საქმე გადაეცემა არასრულწლოვანთა კომისიას, რომელიც ჩვეულებრივ მხარს უჭერს სკოლის გადაწყვეტილებას, აღნიშნავს მასწავლებელი.

მერე ბავშვი ექვსი თვით გადაჰყავთ სოციალურ და საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც ცხოვრობს და სწავლობს. ამის შემდეგ ოჯახის საქმე კვლავ განიხილება. თუ მშობლები გამოასწორებენ სიტუაციას, ბავშვი მათ უბრუნდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამუდამოდ ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.

„მაგრამ, როგორც წესი, ბავშვს აბრუნებენ, თუ მშობლები რაიმე ინტერესს მაინც გამოიჩენენ“, ხაზგასმით ამბობს რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბელარუსის სკოლები არ არიან დაინტერესებული იმით, რომ მათ კონტროლქვეშ დიდი რაოდენობით „სოციალურად საშიში“ ოჯახები იყოს, რადგან ეს ნიშნავს უამრავ დამატებით სამუშაოს, დოკუმენტაციას და შემოწმებას. თუმცა, თუ ანგარიშებში ნათქვამია, რომ სკოლაში ასეთი ოჯახები საერთოდ არ არის, პედაგოგებს შეიძლება პრობლემური ოჯახების ცუდად გამოვლენა დააბრალონ.

ზოგჯერ მშობლები, რომლებიც შვილების ჩამორთმევის საფრთხის წინაშე დგანან, მიიჩნევენ, რომ ასეთი ზომა ბელარუსში დაკანონდა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 2025 წელს არის დაგეგმილი. მაგრამ სინამდვილეში ბელარუსში ბავშვები ოჯახებიდან ჯერ კიდევ 15 წლის წინათ მიჰყავდათ პოლიტიკური მოტივებით.

  • 2010 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატ ანდრეი სანიკოვს და ჟურნალისტ ირინა ხალიპს კინაღამ ჩამოართვეს სამი წლის ვაჟი. მაშინ ირინას მშობლებმა მოახერხეს ბავშვის „წართმევა“.
  • 2020 წელს მინსკელი აქტივისტის, ელენა ლაზარჩიკის 6 წლის ვაჟი ორი დღით წაიყვანეს ბავშვთა თავშესაფარში.
  • იმავე წელს ბავშვთა სახლში ბავშვების წაყვანის საფრთხემ აიძულა ქალაქის ბავშვთა ჰოსპისის დირექტორი ოლგა ველიჩკო სასწრაფოდ დაეტოვებინა ბელარუსი.
  • 2022 წელს მინსკელი კერამიკოსი ნატალია კარნეევა დააკავეს, მისი 10 წლის ქალიშვილი კი 2,5 თვით მოათავსეს ბავშვთა სახლში. მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა ნათესავები ცდილობდნენ გოგონაზე მეურვეობის მოპოვებას და ბავშვის ოჯახში დაბრუნებას.
  • 2023 წელს დაკავებული ჟურნალისტების, ვიაჩესლავ ლაზაროვისა და ტატიანა პიტკოს ოჯახიდან წაიყვანეს მათი ერთი წლის ქალიშვილი. ბავშვმა რამდენიმე კვირა გაატარა ბავშვთა საავადმყოფოში, სანამ ნათესავებმა მოახერხეს საბუთების გაფორმება და ბავშვის დაბრუნება ოჯახში.

(მომზადებულია რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის მიერ)

XS
SM
MD
LG