Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალები, დავები, განქორწინება - რუსი ოლიგარქით FBI-იც დაინტერესდა


2022 წლის 12 დეკემბერს, დილის 8 საათისთვის, FBI-ის ორი აგენტი მანქანით მიადგა სახლს კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩის მდიდრულ, მწვანით შემოსულ გარეუბანში.

ქალაქი ნიუ-იორკის მახლობლად მდებარეობს და აქ უოლ სტრიტის მაგნატები და საზღვარგარეთის ელიტა ცხოვრობენ. აგენტები გრეხილი რკინით მორთულ ჭიშკარს გასცდნენ, წრიული გზა გაიარეს და მიადგნენ 7 მილიონი დოლარის ღირებულების 14,000 კვადრატული ფუტის (1300 კვ.მ) ფართობის სასახლეს. ის ეკუთვნოდა კაცს, რომელიც ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო: ვლადიმირ გუსინსკის.

დააკაკუნეს. გუსინსკი, რომელიც ახლა 72 წლისაა, სახლში არ დახვდათ, თუმცა იქ იყო მისი მეუღლე - ელენა კონსტანტინუ. როგორც თავად იხსენებს, აგენტების დანახვამ დააბნია და გააკვირვა.

ამ პირველი ვიზიტის დროს (შემდეგ კიდევ ორი მოჰყვა) აგენტებმა კონსტანტინუს და სახლის თანამშრომლებს შეკითხვები დაუსვეს გუსინსკის ურთიერთობის შესახებ ჩარლზ მაკგონიგალთან, FBI-ს გადამდგარ აგენტთან, რომელსაც გუსინსკისთან სოციალური ურთიერთობა ჰქონია და მის სახლში სულ მცირე ორჯერ უსადილია. მათ იკითხეს სერგეი შესტაკოვიჩზე, ყოფილ დიპლომატსა და მაკგონიგალის ბიზნესპარტნიორზე, რომელსაც გუსინსკისთან უმუშავია. იკითხეს რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას შესახებ. იკითხეს მიხაილ ლესინის შესახებაც. ის რუსეთის პრესის ყოფილი მინისტრი იყო, რომელიც 2015 წლის ნოემბერში ვაშინგტონის სასტუმროში მკვდარი იპოვეს. კისერი ჰქონდა მოტეხილი.

მოგვიანებით აგენტებმა გუსინსკის კუთვნილი კომპიუტერები და ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს. მათ ასევე განიხილეს წინა წელს გუსინსკისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის უეცარი გაუქმება - ტექნიკურად უფრო უარის თქმა.

FBI-ის ვიზიტიდან დაახლოებით ხუთი კვირის შემდეგ, 2023 წლის 21 იანვარს, მაკგონიგალი ფედერალურმა აგენტებმა ნიუ-იორკის ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად დასდეს, რომ ცდილობდა დერიპასკას დახმარებოდა აშშ-ის სანქციებისათვის თავის არიდებაში. შესტაკოვი იმავე ბრალდებით დააკავეს კონექტიკუტის სახლში.

მეორე დღეს, როგორც კონსტანტინუ და თანამშრომლები ამბობენ, გუსინსკიმ შეერთებული შტატები დატოვა და ისრაელში ჩავიდა. მას შემდეგ ის რამდენჯერმე დაბრუნდა ამერიკაში სხვა პასპორტით, ძირითადად დასასწრებად სასამართლოზე, სადაც მისი და კონსტანტინუს ხმაურიანი განქორწინების პროცესი მიმდინარეობდა.

ცნობები FBI-ს ვიზიტების შესახებ, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა, აშშ-რუსეთის განსაკუთრებით დაძაბულ ურთიერთობებს დაემთხვა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა გარედან ჩარევის მცდელობების მატების შესახებ და FBI რამდენიმე წლის განმავლობაში შესამჩნევად აძლიერებდა კონტრდაზვერვას და თვალთვალს, განსაკუთრებით რუსებისთვის. თავის მხრივ, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებმა, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში გაზარდეს თავიანთი ოპერაციები აშშ-ში თუ სხვაგან.

FBI-ის მიერ გაკეთებული განცხადებების პარალელურად გუსინსკის გარშემო კიდევ არაერთი მოვლენა განვითარდა. ის ერთ დროს მილიარდერი ბიზნესმენია, რომლის შექმნილმა მედიაიმპერიამაც ჩამოაყალიბა რუსეთის პოლიტიკური სამყარო 1990-იან წლებში, ვიდრე მას არ დააპატიმრებდნენ, კომპანიის გაყიდვას აიძულებდნენ და ქვეყნის დატოვებას უბრძანებდნენ.

ბოლო წლების განმავლობაში, გუსინსკი გახვეული იყო სასამართლო პროცესებსა და სხვა სამართლებრივ ქმედებებში, რომლებშიც ჩართულია ათამდე ადამიანი ან კომპანია სულ მცირე სამ ქვეყანაში.

რადიო თავისუფლება გაეცნო ფინანსური ჩვენებების, სასამართლო ჩანაწერებისა და ელექტრონული ფოსტის მიმოწერის ასობით გვერდს და ჩაატარა ინტერვიუები პარტნიორებსა და მეგობრებთან. ეს ყველაფერი გვიხატავს პორტრეტს ბიზნესმენისა, რომელიც ვალებთან და სასამართლო პროცესებთან გამკლავებას ცდილობს, სურს თავის ბიზნესს გადახდისუნარიანობა შეუნარჩუნოს და ამასობაში წვავს ხიდებს დიდი ხნის ნაცნობებსა და ყოფილ პარტნიორებთან.

ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდეს თავად გუსინსკის წინააღმდეგ. მაკგონიგალმა, FBI-ის აგენტმა, აღიარა ბრალდებები სანქციების თავის არიდებასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესტაკოვის სასამართლო პროცესი მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებით მომავალ თვეში უნდა ჩატარდეს.

თუმცა, ცხადია, რომ გუსინსკიმ მიიპყრო აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება და ყოფილი პარტნიორების რისხვა გამოიწვია.

მიხაილ ბორშჩევსკი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გუსინსკის კუთვნილ თანამგზავრულ ტელეკომპანიას სახელწოდებით Inter TV, სასამართლო დოკუმენტებში ამტკიცებს, რომ გუსინსკიმ პირობა დაარღვია და მას და სხვა თანამშრომლებს არ გადაუხადა 500 000 დოლარი, რომელიც ლონდონის ბინის გაყიდვის შედეგად მიიღო.

„ის თაღლითია. მატყუარაა. უკიდურესად არაკეთილსინდისიერია“, - თქვა მან და გაიხსენა გუსინსკის ხანმოკლე ადრეული კარიერა საბჭოთა თეატრის წარმოებაში. „ის დრამის რეჟისორია და ამის გამო იცვლის სახეს, ენას, ქცევას და იცის როგორ მიიზიდოს ხალხი, მაგრამ მას არ უნდა ენდო“.

ოლიგარქის აღზევება და დაცემა

1990-იანების ქაოსში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, გუსინსკიმ საკონსულტაციო და საბანკო ჯგუფი მედიაიმპერია „მედია-მოსტად“ აქცია, სადაც შედიოდა რუსეთის პირველი კერძო ტელეარხიც. NTV ცნობილი იყო ჩეჩნეთის პირველი ომის კრიტიკული გაშუქებით. აქ გადიოდა სიუჟეტები, რომლებიც ამხელდა რუსეთის ჯარს, აჩვენებდა ადამიანის უფლებების დარღვევას და არცხვენდა პრეზიდენტ ბორის ელცინს.

1996 წელს გუსინსკი შეუერთდა სხვა მდიდარ ბიზნესმენებს, რომლებსაც ოლიგარქების სახელით მოიხსენიებდნენ და ელცინის ხელახალი არჩევის კამპანიაში ჩაერთო. NTV-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიისას მთავარი თანაშემწე გახდა. საბოლოო ჯამში, ელცინის გამარჯვებამ გუსინსკი ელცინის პრეზიდენტობის ბოლო წლებში განსაკუთრებით გავლენიან პირად აქცია. ამ დროს დაიწყო დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც შემდეგ ელცინს შეცვლიდა - ვლადიმირ პუტინთან.

2000 წლის ივნისში, სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, რაც პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, გუსინსკი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. თავად ის და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ბრალდება აშკარად პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ორი თვის შემდეგ, გუსინსკი დათანხმდა, რომ NTV და მისი „მედია-მოსტის“ ჯგუფი გაზის სახელმწიფო გიგანტ „გაზპრომისთვის“ 300 მილიონ დოლარად მიეყიდა, პლუს - კომპანიის დავალიანების შეძენას.

ის ასევე დათანხმდა რუსეთის საბოლოოდ დატოვებას. ადამიანი, რომელმაც მას კრემლის სახელით შეთავაზება წარუდგინა, იყო მიხაილ ლესინი.

მომდევნო წლებში გუსინსკიმ, რომელიც ესპანეთის, თელ-ავივის, ლონდონის და უკვე ნახსენები გრინვიჩის სახლებიდან მუშაობდა, კიდევ ერთი ბიზნესგეგმა მოიფიქრა: სატელევიზიო შოუების შექმნა რუსეთის აუდიტორიისთვის. კომპანია, რომელსაც New Media Distribution-ი დაარქვა, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მან ასობით საათის პროგრამა მიჰყიდა რუსულ არხებს, მოგვიანებით კი - უკრაინულ გასართობ არხ TVi-საც, რომლის თანადამფუძნებელიც იყო. კომპანიამ ათასობით სერიალი და კინოფილმი გადაიღო.

2014 წელს საქმე უარესობისკენ წავიდა. რუსეთმა მოახდინა უკრაინის ყირიმის ანექსია, რის გამოც დასავლეთმა სანქციები დააწესა რუს ბიზნესებს, პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს. უკრაინული არხები სერიალებს აღარ ყიდულობდნენ. თავად გუსინსკი სანქცირებული არ ყოფილა, თუმცა სანქციებმა ფულის ბრუნვა გაართულა.

იმავე წელს მიიღო კიდევ ერთი დარტყმა: ლესინმა, რომელიც კრემლის პრესის მინისტრი აღარ იყო, მაგრამ ინარჩუნებდა აღმასრულებელ თანამდებობას „გაზპრომ მედიაში“, გადახედა გუსინსკისთან დადებულ კონტრაქტებს ტელესერიალებთან დაკავშირებით. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები იხსენებენ, ჩიოდა, ეს შოუები ძალიან ძვირი გვიჯდებაო.

2014 წლის ბოლოს ლესინი გაურკვეველ ვითარებაში გაათავისუფლეს „გაზპრომიდან“.

ლესინი ვაშინგტონში, სასტუმროს ნომერში იპოვეს მკვდარი 2015 წლის 5 ნოემბერს. აშშ-ის ოფიციალურმა გამოძიებამ განაცხადა, რომ მას თავისა და სხეულის სხვა ნაწილებში ბლაგვი საგნით დაზიანებები ემჩნეოდა, „რაც გამოწვეული იყო დაცემით“ და ასევე აღენიშნებოდა „მწვავე ინტოქსიკაცია ეთანოლით“. ოფიციალურმა გაკვეთამ, რომლის დოკუმენტებიც ექსკლუზიურად მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, დაადგინა, რომ მას კისრის არეში ჰიოიდური ძვალი ჰქონდა გატეხილი, რაც აჩენს შეკითხვებს ოფიციალური ახსნა-განმარტების შესახებ.

2018 წლის ბოლოს გუსინსკის ფინანსები მძიმე მდგომარეობაში იყო, რაზეც მან თავადაც მიანიშნა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში. პროცესი შეეხებოდა გრინვიჩის მეორე სახლს, რომელსაც ამჟამად გუსინსკი ფლობს.

ეს ჩახლართული საქმე, რომელიც ახლაც გრძელდება, შეეხება გუსინსკის მცდელობებს გამოასახლოს დიდი ხნის მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ვლადიმირ ლენსკი. ადვოკატის კითხვაზე, თუ როდის გახდა მისი ფინანსები პრობლემური, გუსინსკიმ დამტვრეული ინგლისურით უპასუხა: „ძირითადად 18 წლის ბოლოს, მე უკვე ძალიან უბედური ვარ და ძირითადად 19“.

სანქციების თავიდან არიდება

სხვა ვიზიტი გუსინსკის სახლში, რომელიც FBI-ის სტუმრობამდე ოთხი წლით ადრე შედგა, გვაძლევს ვარაუდს, თუ რატომ გამოიჩინეს აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერესი მის მიმართ.

2018 წლის აპრილის ბოლოს, იმავე სახლს სხვა მანქანა მიადგა, რომელშიც ისხდნენ ტატიანა დიაჩენკო, ელცინის უმცროსი ქალიშვილი და მისი ქმარი, ვალენტინ იუმაშევი.

გუსინსკი მათ 1990-იანი წლებიდან იცნობდა, როდესაც მან NTV ელცინის საარჩევნო კამპანიის დასახმარებლად ჩართო.

სამსაათიანი ლანჩის დროს რუსული კერძები და წითელი ღვინო მიირთვეს. გუსინსკიმ სტეიკი არჩია, დიაჩენკომ - თევზი. საუბარი შეეხო რამდენიმე საკითხს, იხსენებს კონსტანტინუ, - მათ შორის აშშ-ის სანქციებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაუწესეს დერიპასკას. ამ სანქციებმა დერიპასკას მკვეთრად შეუზღუდა დასავლეთში თავის აქტივებზე წვდომის შესაძლებლობა.

იმ დროს, დერიპასკა - მეტალის მილიარდერი მაგნატი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა აშშ-ის სამართალდამცავებთან და ღრმა კავშირები რესპუბლიკელ ლობისტებსა და კონსულტანტებთან - იუმაშევის ქალიშვილთან, პოლინასთან განქორწინების პროცესში იყო.

კონსტანტინუ იხსენებს, რომ იუმაშევს და დიაჩენკოს ძაღლების ეშინოდათ და ითხოვეს, რომ ოთახიდან ბულტერიერი ფრეია მოეცილებინათ. მისივე თქმით, სტუმრები დაინტერესდნენ, შეეძლო თუ არა გუსინსკის დახმარებოდა ამ სანქციების ნაწილის მოხსნაში, რათა პოლინას დერიპასკასთან განქორწინების შემდეგ ამ აქტივების ნაწილი მიეღო.

რადიო თავისუფლება, ელცინის ცენტრის მეშვეობით დაუკავშირდა დიაჩენკოსა და იუმაშევს. მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

გაურკვეველია, მოიმოქმედა თუ არა რაიმე გუსინსკიმ დიაჩენკოსა და იუმაშევის დასახმარებლად. თუმცა, FBI-ის შემდგომი ვიზიტის დრო და მაკგონიგალისა და შესტაკოვის დაპატიმრება დერიპასკას დასახმარებლად შეთქმულებისთვის აჩენს კითხვებს ამ მოვლენებს შორის კავშირის შესახებ - და ცდილობდა თუ არა FBI გუსინსკისგან უბრალოდ ინფორმაციის მიღებას მაკგონიგალისა და შესტაკოვის შესახებ.

რადიო თავისუფლების მიერ გაგზავნილ სამ ათეულ კითხვაზე წერილობით პასუხში, გუსინსკიმ დაადასტურა, რომ სადილი შედგა, თუმცა უარყო, რომ განიხილეს დერიპასკას სანქციების თემა.

„ჩვენ გავიხსენეთ წარსული და განვიხილეთ სამომავლო გეგმები“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

გუსინსკისათვის ბრალი დღემდე არავის წაუყენებია და ოფიციალურად არც ეჭვმიტანილადაა მიჩნეული. თუმცა, მას ჰქონდა ხანგრძლივი პირადი და პროფესიული კავშირები მაკგონიგალსა და შესტაკოვთან.

კონსტანტინუს თქმით, გუსინსკი ხშირად ტრაბახობდა, რომ მას შესანიშნავი კავშირები ჰქონდა ვაშინგტონში, კერძოდ, FBI-სთან. ამის მიზეზი ნაწილობრივ შეიძლება ყოფილიყო გუსინსკის მიერ 1990-იან წლებში ვეტერანი ვაშინგტონის საკომუნიკაციო კომპანიის APCO-ს დაქირავება, აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან დასაახლოებლად. ის რეგულარულად ესწრებოდა „ეროვნული ლოცვის საუზმეს“ - ყოველწლიურ ღონისძიებას, სადაც იკრიბებიან კანონმდებლები, ლობისტები და ადამიანები, რომლებიც აშშ-ის დედაქალაქში კავშირების დამყარებას ცდილობენ.

რაღაც მომენტში, გაცილებით მოგვიანებით, ის შეხვდა მაკგონიგალს, რომელიც FBI-ის კონტრდაზვერვის მთავარ აგენტად მსახურობდა ნიუ-იორკის ბიუროს ოფისში და იძიებდა რუსეთის ჯაშუშებსა და ოლიგარქებს, ვიდრე, 2018 წელს, პენსიაზე გავიდოდა. გუსინსკი ხშირად ახსენებდა მაკგონიგალის სახელს და მაკგონიგალს გუსინსკის სახლში სულ მცირე ორჯერ უსადილია.

გუსინსკი მაკგონიგალს გააცნო შესტაკოვმა, რომელიც ჯერ „მედია-მოსტში“ მუშაობდა 1990-იანი წლების ბოლოს, მოგვიანებით კი - გუსინსკის აშშ-ში დაფუძნებულ რუსულენოვან არხ RTVi-ზე.

შესტაკოვი აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, რომელიც ადრე მუშაობდა საბჭოთა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ის პენსიაზე გავიდა ნიუ-იორკში 1993 წელს. 2010-იან წლებში აშშ-ის ფედერალურ სასამართლოებში მუშაობდა უფლებამოსილ თარჯიმნად.

რუსულენოვანთა ზოგიერთ წრეში შესტაკოვი ცნობილი იყო, როგორც პრობლემების გადამჭრელი ადამიანი, რომელიც ადვილად ხიბლავდა ხალხს. 2012 წელს, ქარიშხალ სენდის დროს, როდესაც ნიუ-იორკის ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, შესტაკოვი გუსინსკის დაეხმარა კომპანიის პოვნაში, რომელიც გაზს მიაწოდებდა გრინვიჩის სასახლის გარე გენერატორს. შესტაკოვი ესწრებოდა გრინვიჩის სახლში ჩატარებულ გუსინსკის ყველა დაბადების დღის წვეულებას, განუცხადა გუსინსკიმ რადიო თავისუფლებას.

კონექტიკუტის სარჩელში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს შესტაკოვს გუსინსკის კომპანიამ გადასცა „ამერიკან ექსპრესის“ კორპორაციული საკრედიტო ბარათი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მან ამ ბარათით ათობით ათასი დოლარი დახარჯა, მათ შორის ათასობით დოლარი ნიუ ჯერსი დევილსის ჰოკეის მატჩებზე დასასწრებად.

2019 წლის 1 მარტს და 5 მარტს, შესტაკოვმა გამოიყენა ბარათი, რათა საერთო ჯამში, $58,000-ზე მეტის ღირებულების ორი ტრანზაქცია გაეკეთებინა გუსინსკის უფროსი ვაჟის კუთვნილ კომპანიაში. გაურკვეველია, რასთან იყო ეს დაკავშირებული. გუსინსკი ამბობს, რომ არ ახსოვს, თუ რას შეეხებოდა ეს გადახდები.

2019 წელს, აშშ-ის სასამართლო დოკუმენტების თანახმად, შესტაკოვმა და მაკგონიგალმა დაიწყეს მუშაობა დერიპასკას მიმართ აშშ-ის სანქციების შესამსუბუქებლად და ამ ძალისხმევის ფარგლებში აშშ-ის იურიდიულ ფირმას წარუდგინეს დერიპასკას მთავარი თანაშემწე, ევგენი ფოკინი.

კონსტანტინუ ჰყვება, რომ 2022 წელს დაკითხვისას, FBI-ს აგენტებმა, რომლებიც ბიუროს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის საველე ოფისს წარმოადგენდნენ, მას მაკგონიგალის ფოტო აჩვენეს. „ეს შენ არ შეგეხებაო“, - უთხრეს მას. თუმცა, გაურკვეველი დაირჩა, თუ ზუსტად რა აინტერესებდათ აგენტებს მის ქმართან დაკავშირებით.

აგენტებმა ასევე განიხილეს გუსინსკის აშშ-ის ვიზის 2021 წლის მარტში გაუქმება - ტექნიკურად ვიზაზე უარის თქმა ESTA-ის სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში. გუსინსკი ამან შოკში ჩააგდო, რადგან ეს მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ისრაელიდან შეერთებულ შტატებში გადაფრენა სცადა.

გუსინსკიმ თქვა, რომ მისთვის არასოდეს უცნობებიათ ვიზის გაუქმების მიზეზი.

ამერიკელმა პროკურორებმა მაკგონიგალი და შესტაკოვი დაადანაშაულეს დერიპასკას აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მაკგონიგალი დაქირავებული იყო კონკურენტ ოლიგარქზე უარყოფითი ინფორმაციის მოსაძიებლად.

მაკგონიგალმა 2023 წლის სექტემბერში აღიარა, რომ დერიპასკას დასახმარებელი საქმიანობა FBI-ს დაუმალა. იმავე წლის დეკემბერში მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შესტაკოვის სასამართლო პროცესი დაგეგმილია მომდევნო თვეში, თებერვალში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, თუმცა დაცვას და ბრალდებას ამჟამად კამათი აქვთ საიდუმლო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ.

კამათის კიდევ ერთი თემა იყო ევგენი ფოკინის ჩვენება. ფოკინი ასევე მუშაობდა გუსინსკისთან 1990-იან წლებში, შემდეგ კი დერიპასკას ჰოლდინგ კომპანია En+-ის მთავარი მრჩეველი გახდა. 6 იანვარს ამერიკელმა მოსამართლემ გასცა ბრძანება, რომ მას ჩვენება ჩამოართვან - სავარაუდოდ, დუბაიში - თუმცა გაურკვეველია, როდის მოხდებოდა ეს.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით FBI-მ ფოკინის თვალთვალი დაიწყო 2019 წლის ივლისიდან. მას აშშ-ის ვიზა 2022 წელს გაუუქმდა ბიუროს დავალებით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის რუსეთის დაზვერვის აგენტი იყო.

სასამართლო დოკუმენტებში, აშშ-ის პროკურორები აცხადებდნენ, რომ ფოკინი იყო შესტაკოვისა და მაკგონიგალის „თანამზრახველი, რომლისთვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ“.

ამ დროისთვის, აშშ-ის სანქციები დერიპასკას მიმართ ძალაში რჩება. სანქციები En+-სა და მის მფლობელობაში არსებულ ალუმინის გიგანტ „რუსალზე“ 2019 წლის თებერვალში მოიხსნა, მას შემდეგ, რაც დერიპასკამ დათმო გარკვეული კონტროლი En+-ზე.

En+-მ არ უპასუხა არაერთ იმეილს კომენტარის მოთხოვნით. გუსინსკიმ თქვა, რომ მას არ ახსოვს ფოკინთან შეხვედრა - შეერთებულ შტატებში ან სხვაგან - მაგრამ თქვა, რომ ეს შესაძლებელია.

FBI-ის ეროვნულმა პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უარი განუცხადა კომენტარის გაკეთებაზე. ბიუროს ნიუარკის საველე ოფისის პრესოფიცერს არ უპასუხია ხმოვანი შეტყობინებებისათვის, სადაც რადიო თავისუფლება კომენტარს ითხოვდა.

შესტაკოვის ადვოკატმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების მეილებს კომენტარის მოთხოვნით. მაკგონიგალის ადვოკატმა, სეთ დიუჩარმმა თქვა, რომ მისი კლიენტი არ იყო ხელმისაწვდომი სასაუბროდ.

მაკგონიგალმა 2023 წლის სექტემბერში აღიარა, რომ დერიპასკას დასახმარებელი საქმიანობა FBI-ს დაუმალა. იმავე წლის დეკემბერში მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მაკგონიგალმა 2023 წლის სექტემბერში აღიარა, რომ დერიპასკას დასახმარებელი საქმიანობა FBI-ს დაუმალა. იმავე წლის დეკემბერში მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ვალები და დავები

გუსინსკის ფინანსური პრობლემების სრული მასშტაბები უცნობია, მაგრამ მტკიცებულებები, სასამართლო ჩანაწერები და პარტნიორებთან ინტერვიუები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მას არაერთი არსებითი დავალიანება გააჩნია. ამჟამად მიმდინარეობს ან ცოტა ხნის წინ დასრულდა ათეულობით სარჩელი და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ქმედებები.

კონსტანტინ კაგალოვსკი, აწ უკვე დაშლილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი ადვოკატი, გუსინსკისთან 2008 წელს თანამშრომლობდა უკრაინული გასართობი არხის TVi-ს დაარსების დროს.

ორივე მათგანი გაჭიანურებულ იურიდიულ ბრძოლაში იყო ჩართული არხის კონტროლისა და გუსინსკის პროდიუსერული კომპანიის მიერ წარმოებული სატელევიზიო სერიალებისათვის გადახდილი საფასურის გამო. ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ კაგალოვსკიმ გუსინსკის არხზე კონტროლი უკანონოდ დაამყარა. არხი მოგვიანებით, 2013 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაიბარეს, სამი წლის შემდეგ კი მას სამაუწყებლო ლიცენზია ჩამოართვეს.

კაგალოვსკის თქმით, გუსინსკის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ლესინმა გადახედა გუსინსკის სატელევიზიო კონტრაქტებს, რამაც მისი ამჟამინდელი გაჭირვება გამოიწვია.

„როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ცხადი იყო, რომ ის არასოდეს ყოფილა კარგი ბიზნესმენი“, - თქვა მან. „გუსინსკი პარტნიორი იყო, მაგრამ ის იყო ბანძი პარტნიორი“.

გუსინსკის იურიდიულ ბრძოლებს შორისაა:

• სხვა ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის კუთვნილმა ლუქსემბურგის ბანკმა 2022 წელს ბრიტანულ სასამართლოში მოიგო სარჩელი გუსინსკისა და მისი ადვოკატების წინააღმდეგ 10 მილიონი დოლარის დავალიანების გამო, რომელიც გუსინსკიმ არ გადაიხადა. 2024 წლის აგვისტოში ლონდონის სასამართლომ განაცხადა, რომ გუსინსკი თავს არიდებდა გადაწყვეტილების შესრულებას „საკმაოდ არაკეთილსინდისიერი ან ფარული სქემის გამოყენებით“;

• რუსეთში დაბადებულმა, ლონდონში დაფუძნებულმა უძრავი ქონების აგენტმა გუსინსკის უჩივლა აშშ-ისა და ბრიტანულ სასამართლოებში და განაცხადა, რომ მან არ დაუბრუნა ვალი, რომელიც, პროცენტის ჩათვლით, 230 000 დოლარზე მეტს შეადგენს. სულ მცირე ორი ჩეკი, რომელიც გუსინსკიმ გამოწერა, გამოუსადეგარი აღმოჩნდა. სასამართლომ საქმე თავდაპირველად ტექნიკური მიზეზებით არ მიიღო, თუმცა ახლა ის გასაჩივრებულია;

• კონექტიკუტის ბანკმა უჩივლა გუსინსკის 4,3 მილიონი დოლარის იპოთეკის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. საქმე შეეხება გრინვიჩის მეორე სახლს, რომელიც მან იყიდა ლენსკისგან, ხოლო თავად ლენსკის და მის მეუღლეს ნება დართო იქ ცხოვრება გაეგრძელებინათ. მოგვიანებით გუსინსკიმ ლენსკის გამოსახლება სცადა, ის კი თავის მხრივ ცდილობდა ფარულად გამოესყიდა იპოთეკა. საქმე გრძელდება;

• ალექსანდრ ჟელეზნიაკი, რუსი ბანკირი, რომელიც 2015 წელს შეერთებულ შტატებში გაექცა თაღლითობის ბრალდებებს, ამტკიცებს, რომ გუსინსკის ვაჟ ილიას მისი 500 000 დოლარზე მეტი ვალი აქვს და, რომ ეს ფული საბოლოოდ თავად გუსინსკის გადაეცა. საქმე გრძელდება;

• მაუწყებლობის ყოფილმა უფროსმა ინჟინერმა 125 ათასი დოლარი მოუგო გუსინსკის სასამართლოში ხელფასის გადაუხდელობის გამო, შემდეგ კი მოიგო სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა ვალის გადახდამდე განკარგვის უფლება შეიზღუდოს კონექტიკუტის სახლზე, რომელიც გუსინსკის ვაჟს ეკუთვნის. ეს საქმე გრძელდება;

• ფლორიდის ნავსადგომმა გუსინსკის უჩივლა 8,4 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის მოვლისა და შენახვისათვის 400 ათასი დოლარის გადაუხდელობის გამო. ეს არის იახტა „ხის პანელის ინტერიერით, ხუთი მარმარილოს სველი წერტილით (თითოეული მოზრდილი ჯაკუზით), უჟანგავი ფოლადის მოწყობილობებით, ფეშენებელური სასადილო ოთახით... და მდიდრული მთავარი გემბანით“. მოგვიანებით იახტის კაპიტანი და ეკიპაჟიც შეუერთდნენ სარჩელს და მოითხოვეს ასობით ათასი დოლარის გადაუხდელი ხელფასი. საქმე განხილვის პროცესშია;

• კონექტიკუტის საოფისე შენობის მესაკუთრემ გუსინსკის საქმე მოუგო $143,000-ის გადაუხდელი ქირისთვის;

• ფინანსური სერვისების გიგანტმა „ამერიკან ექსპრესმა“ უჩივლა გუსინსკის საკრედიტო ბარათზე პარტნიორებთან ერთად აღებული ასობით ათასი დოლარის გადაუხდელი ვალის გამო. გუსინსკიმ გადახდების განხორციელებისას რამდენიმე ცუდი ჩეკი გამოწერა. ვალები საბოლოოდ მოგვარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG