Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოლიგარქების უძრავი ქონების ფრანგული სია - საფრანგეთი ოლიგარქების გარეშე


ფოტო: ვილა „სიუზანა“ ბიარიცში
ფოტო: ვილა „სიუზანა“ ბიარიცში

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა გაყინა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები, საერთო ჯამში, 850 მილიონი ევრო.

რადიო თავისუფლებამ გაყინული ქონების ნუსხა შეისწავლა - მათ უმეტესობაზე მედია იტყობინებოდა, დანარჩენზე კი მოვითხოვეთ საკადასტრო დოკუმენტაცია მფლობელების ვინაობის დასადგენად.

მოკრძალებული პუტინი

ბიარიცი. საფრანგეთის ბასკეთის დედაქალაქი. მოვლილი მოდერნისტული ვილები, ცივი ოკეანე და ყველა ასაკის სერფერები, სველი საცურაო კოსტიუმებით. ბორის ბერეზოვსკიმ მაშა გესენთან ინტერვიუში თქვა, რომ ის 1999 წელს იქ ჩავიდა, რათა დაერწმუნებინა ვლადიმირ პუტინი, გამხდარიყო ავადმყოფი ბორის ელცინის მემკვიდრე. ბერეზოვსკის თქმით, ის და პუტინი შეხვდნენ "ძალიან მოკრძალებულ, საკუთარ სახლში. ეს იყო მრავალბინიანი სახლი, თუ სასტუმრო. სამზარეულო პატარა, ჩემი აზრით, რამდენიმე საძინებელი. ძალიან მოკრძალებული". ამის შემოწმება შეუძლებელია. დღეს ბიარიცში სამი ვილა უკავშირდება პუტინის სახელს. მათგან მხოლოდ ერთია გაყინული - ვილა „ალტა მირა“ (9, avenue Général Mac Croskey).

კირილ შამალოვის ვილა ბიარიცში.
კირილ შამალოვის ვილა ბიარიცში.

მარტში აქტივისტებმა, ვიაჩესლავ კრივონოსენკომ, სერგეი საველიევმა და პიერ ჰაფნერმა შეაღწიეს „ალტა მირაში“. მათი წყალობით ჩვენ არა მარტო ინტერიერს გავეცანით (ძალიან მოკრძალებული), არამედ საბუთებიც ვიხილეთ, საიდანაც ირკვევა, რომ 2007 წელს 1896 წელს აშენებული ეს სახლი გენადი ტიმჩენკომ იყიდა - 3 150 000 ევროდ. სამსართულიანი შენობაა, რომელსაც 26 ჰექტარი ბაღი აკრავს. 2015 წელს ტიმჩენკომ ის გადასცა კირილ შამალოვს, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობრის, ნიკოლაი შამალოვის შვილს, „როსია ბანკის“ თანამფლობელს“. Reuters-ის გამოძიების თანახმად, 2013 წელს კირილი დაქორწინდა ვლადიმირ პუტინის ქალიშვილზე, ეკატერინა ტიხონოვაზე. 2014 წელს ის შეუერთდა რუსეთის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ქიმიური კომპანიის - Sibur Holding-ის დირექტორთა საბჭოს. მისი ქონება 80 მილიონი დოლარიდან 1,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სააგენტო Bloomberg-მა მოახერხა იმის გარკვევა, რომ ტიხონოვა და შამალოვი 2018 წელს დაშორდნენ. სახლი შამალოვს დარჩა.

შამალოვის ვილის ეზოს კედლებზე უკრაინის დროშას მიახატავენ ხოლმე. ბიარიცის ქალაქის გამგებლობას უწევს მისი გადაღებვა.
შამალოვის ვილის ეზოს კედლებზე უკრაინის დროშას მიახატავენ ხოლმე. ბიარიცის ქალაქის გამგებლობას უწევს მისი გადაღებვა.

ვილა „სიუზანა“ ანგლეტში მდებარეობს, ბიარიცის მეზობელ ქალაქში. 1928-1930 წლებში აშენებული ვილა ოკეანის პირას მდებარეობს, დიუნის უკან (14, avenue du Vallon). სახლის საკადასტრო ღირებულება 5,3 მილიონი ევროა, ფართი - 450 კვ.მ. ვილის ირგვლივ გაშენებულია ნახევარი ჰექტარი ფართობის პარკი.

ვილა „სიუზანა" ლუდმილა პუტინას ახალ ქმარზეა გაფორმებული, მაგრამ ახალ მფლობელებს იქ ჩასვლა არ ეღირსებათ.
ვილა „სიუზანა" ლუდმილა პუტინას ახალ ქმარზეა გაფორმებული, მაგრამ ახალ მფლობელებს იქ ჩასვლა არ ეღირსებათ.

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის, OCCRP-ის გამოძიების თანახმად, 2013 წელს ეს „არ-დეკოს“ სტილის ვილა იყიდა შეუმჩნეველმა რუსმა მეწარმემ, არტურ ოჩერეტნიმ. იმავე წელს ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ იგი შორდებოდა მეუღლეს, ლუდმილას და უკვე 2015 წელს ჟურნალმა Sobesednik-მა გაარკვია, რომ ლუდმილა პუტინა გახდა ლუდმილა ოჩერეტნაია. თუ შამალოვები რეგულარულად ისვენებდნენ ბიარიცში, რემონტი „სიუზანაში“ ვერაფრით დაასრულეს. ახალმა მეპატრონეებმა სახურავზე ზამთრის ბაღი გააშენეს, მთავარი კარიბჭიდან შემავალი ფართო კიბე დაშალეს და კიდევ ერთი დამხმარე ნაგებობა დადგეს. შენობის პირვანდელი სახე დაიკარგა.

მეზობელი ქალის თქმით, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ესაუბრა 2022 წლის მარტის ბოლოს, ყვავილების ნერგები მიიტანეს თებერვალში, მაგრამ ომის დაწყებისთანავე უკან წაიღეს, არაფერი დაურგავთ. სანქციების სიაში არც არტური და არც ლუდმილა ოჩერეტნი არ მოხვდნენ.

ერთ დროს ვილა „სიუზანას“ ერქვა Rêverie (ოცნებები) და სხვანაირად გამოიყურებოდა.
ერთ დროს ვილა „სიუზანას“ ერქვა Rêverie (ოცნებები) და სხვანაირად გამოიყურებოდა.

კიდევ ერთი ვილა, რომელიც დაკავშირებულია ვლადიმირ პუტინთან, მდებარეობს ბიარიცის ცენტრში (9, rue de la Frégate). ფრანგულმა მედიამ, Europe 1“-მა, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა ეს სახლი 1996 წელს იყიდა და გააფორმა თავის ერთ-ერთ ქალიშვილზე (1996 წელს ორივე ქალიშვილი არასრულწლოვანი იყო). როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 1999 წლის ოქტომბერში გაზეთმა Sud Ouest-მა (სამხრეთ-დასავლეთი) გამოაქვეყნა სტატია ვილაში იგორ სტრავინსკის სახელობის სამახსოვრო დაფის დამონტაჟების შესახებ - კომპოზიტორი სახლს ქირაობდა 1921-1924 წლებში. ნიკოლ როდრიგეს-ელიმ, სახლის უკანასკნელმა მფლობელმა იმ ოჯახიდან, რომელმაც ვილა მიაქირავა სტრავინსკის, გადაწყვიტა დაფის დამონტაჟება. რადიო თავისუფლებამ შეძლო დაკავშირება როდრიგეს-ელისთან, რომელიც ახლა პარიზში ცხოვრობს. მან დაადასტურა, რომ 1999 წელს მიჰყიდა სახლი ფრანგ მეწარმეს, რომელმაც ვილა გაარემონტა და მიჰყიდა ხანდაზმულ ფრანგ წყვილს (რადიო თავისუფლებამ ნახა საკადასტრო ვილის ისტორია, მყიდველების ვინაობა ხელმისაწვდომია რედაქციისთვის, მაგრამ მათ კავშირი რუსეთთან არ უნდა ჰქონდეთ). ახლა სახლი რუსების - იგორ და ვერონიკა შერკუნოვების საკუთრებაა. იგორ შერკუნოვი „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს წევრია, ის სანქციების სიაში არ არის.

ოლიგარქები და დეპუტატები

ბიარიცის გარდა, რუსმა ოლიგარქებმა და კორუმპირებულმა მოხელეებმა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროს, სათხილამურო კურორტებს მერიბელსა და კურშეველს და, რა თქმა უნდა, პარიზს დაადგეს თვალი. რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, რომლებიც მუშაობენ ნიცასა და კანში, უძრავი ქონების სფეროში, ასობით ვილა ეკუთვნის რუსებს, რომლებიც ვერ დაამტკიცებენ თავიანთი ფულის კანონიერ წარმომავლობას. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მათ პრობლემები შეექმნათ კომუნალური გადასახადებისა და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, კომუნალური გადასახადები უნდა გადაიხადოს სახლის მფლობელმა ან მოიჯარემ. თუ სახლი გადაეცემა სააგენტოს ხელმძღვანელობას, მაშინ სააგენტო იხდის კომუნალურ ხარჯს, მაგრამ მფლობელმა თანხა მას პირადად უნდა გადაურიცხოს. წყაროებმა განუცხადეს რადიო თავისუფლებას, რომ ფრანგული ბანკები ნელ-ნელა ხურავენ რუსეთიდან ჩამოსული კლიენტების ანგარიშებს, ზოგჯერ მათსაც კი, ვინც საფრანგეთში ცხოვრობს. იმის გამო, რომ რუსეთიდან გადარიცხვები შეუძლებელია, რუსები ანგარიშებს ხსნიან დუბაისა და ყაზახეთში, მაგრამ, იმავე წყაროს თქმით, ბევრს აქვს დავალიანება როგორც კომუნალური მომსახურების პროვაიდერებთან, ასევე სააგენტოებთან. „ჯერჯერობით ყველას ეშინია მომხმარებელთა მონაცემების გავრცელების, მაგრამ თუ დავალიანება დაგროვდება, ყველაფერს ეტყვიან ჟურნალისტებს“, - ამბობს რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე. ვის ეკუთვნის საფრანგეთის მთავრობის მიერ გაყინული ვილები?

საფრანგეთში დაკავებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვილა ეკუთვნის ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარს არკადი როტენბერგს, რომლის კომპანიებმა მილიარდობით დოლარი გამოიმუშავეს სამშენებლო კონტრაქტებით, კერძოდ, სწორედ როტენბერგმა ააშენა ყირიმის ხიდი. ვილა „შოშანა“ (0,9 ჰექტარ მიწასთან ერთად) მდებარეობს სენ-ჟან-კაპ-ფერას კონცხზე, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სოფელში ლაჟვარდოვან სანაპიროზე (2, boulevard Dominique Durandy).

ვილა „შოშანა“
ვილა „შოშანა“

როტენბერგმა „შოშანა“ 2011 წელს 35 მილიონ ევროდ იყიდა, გამყიდვე„ლები არიან „ლუკოილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი იური ცხოვრებოვი და მისი მეუღლე. 2013 წელს როტენბერგი გაშორდა მეუღლეს ნატალიას, ხოლო 2016 წელს ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ვილა გადასცა ნატალია როტენბერგს, თუმცა, როგორც ჩანს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არასოდეს შესრულებულა - 2021 წლის ივლისში ნატალიამ გამოაქვეყნა https://www.instagram.com/p/CRV9wz0lRvI/ პოსტი Instagram-ზე, სადაც ჩიოდა, რომ „დაქირავებულმა პირებმა“ იგი სახლიდან გაგდეს. როგორც გამოცემა Important Stories აღნიშნავს, როტენბერგის ოჯახის ნაცნობებზე დაყრდნობით, ნატალიამ სახლის გაქირავება დაიწყო, რამაც მის ყოფილ ქმარს საშუალება მისცა გაეგზავნა „SCI Villa Shoshana“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ოფიციალურად ფლობს სახლს.

„შოშანადან“ არცთუ ისე შორს, ულამაზეს ქალაქ ეზოში, მისამართზე: 5581, chemin des Oeillets, არის როტენბერგის კიდევ ერთი კუთვნილება - 2,5 ჰექტარი მიწა, რომელზედაც არის რამდენიმე შენობა, აუზი... ეს ქონებაც გაყინულია.

როტენბერგის მეზობელი კონცხ სან-ჟან-კაპ-ფერაზე და მისი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი არის ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის ყოფილი მფლობელი ალექსანდრ პონომარენკო, რომელიც ცნობილია იმით, რომ 2010 წელს გელენჯიკის მახლობლად „პუტინის სასახლის“ მფლობელად გამოცხადდა. მაშინ ბიზნესმენმა, სერგეი კოლესნიკოვმა, პუტინის მეგობრის, ნიკოლაი შამალოვის ყოფილმა პარტნიორმა, წერილი მისწერა პრეზიდენტ მედვედევს, რომელშიც, სხვათა შორის, უამბო, როგორ ააშენა ვლადიმირ პუტინისთვის 1 მილიარდი დოლარის სასახლე. პონომარენკომ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ სასახლე მას ეკუთვნის - მან არ დაასახელა მისი ღირებულება, მაგრამ დაეთანხმა ჟურნალისტის შეფასებას - 350 მილიონ დოლარს. ალექსეი ნავალნის გამოძიებამ აჩვენა, რომ გელენჯიკში სასახლის ღირებულება გაცილებით მაღალია და პონომარენკომ ის იყიდა არა 350 მილიონად, არამედ 350 ათას დოლარად, რაც ადასტურებს, რომ გარიგება ფიქციური იყო. ლაჟვარდოვან სანაპიროზე, იქვე, პონომარენკოს 1,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს პირდაპირ წყალთან - ასევე სასახლითა და მრავალრიცხოვანი შენობებით (8, chemin de St. Hospice). თავად პონომარენკომ განუცხადა „ვაჟნიე ისტორიის“, რომ ეს ქონება 2008 წელს 91 მილიონ ევროდ იყიდა. მისი სიტყვების შემოწმება შეუძლებელია.

რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურის პროგრამის „შინ - უცხოეთში“ ავტორები, ოქროპირ რუხაძე და ილია სამურგანიდი, 2019 წლის თებერვალში სტუმრობდნენ ამ ყოფილ მეთევზეთა სოფელს. თვალშისაცემი იყო რესტორნებსა და სხვაგან რუსული წარწერები. ჩვენი მასპინძელი გვიამბობდა, რომ სოფელში ლაპარაკობენ რუსი პოლიტიკოსების ხელში მყოფი ქონების შესახებ, ისიც შევიტყვეთ, რომ იქ მიწა, მთელ მსოფლიოში უძვირესია.

ელენა და ქსენია ტიმჩენკოები, პუტინის ახლო მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს ცოლი და ქალიშვილი, ფლობენ 1,4 ჰექტარ მიწას ქალაქ ლე ლევანდუში სან-ტროპესა და ტულონს შორის (სახლები 28, 47, 690, 785, 866, 882 du Cap Nègre avenue). ტიმჩენკოების მიწაზე მდებარეობს მათი კუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო Le Club de Cavalière, რომელიც ასევე ეკუთვნის ოჯახს, რესტორანი-სასტუმრო Cap Nègre-ში, ასევე სხვა არასაცხოვრებელი ფართები და სასტუმროს მანქანების სადგომი.

სასტუმრო Cap Nègre-ს რესტორანი, რომელიც ელენა და ქსენია ტიმჩენკოების მიწაზე მდებარეობს.
სასტუმრო Cap Nègre-ს რესტორანი, რომელიც ელენა და ქსენია ტიმჩენკოების მიწაზე მდებარეობს.

ელენა ტიმჩენკოს ეკუთვნის ასევე სასტუმროები Le Grand Coeur და Le Grand Coeur II სამთო-სათხილამურო კურორტ მარიბელზე. ისინიც გაყინულია საფრანგეთის მიერ.

ელენა ტიმჩენკოს საკუთრება, სასტუმრო Le Club de Cavalière
ელენა ტიმჩენკოს საკუთრება, სასტუმრო Le Club de Cavalière
ელენა ტიმჩენკოს საკუთრება, სასტუმრო
ელენა ტიმჩენკოს საკუთრება, სასტუმრო

ვილა 0,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთით კანში, 5, avenue Cézanne, იყიდეს დიმიტრი კონოვმა, SIBUR-ის გამგეობის ყოფილმა თავმჯდომარემ და აქციონერმა და მისმა მეუღლემ, მოდელმა კატარინა კონკსმა (სმიშლიაევა).

1 ივლისს კონოვმა თავად შეიტანა სარჩელი ევროკავშირის სასამართლოში მის მიმართ დაწესებული სანქციების უკანონოდ მიჩნევის მოთხოვნით. მსგავსი სარჩელები შეიტანეს გენადი ტიმჩენკომ, რომან აბრამოვიჩმა, პიოტრ ავენმა, ალიშერ უსმანოვმა და მიხაილ ფრიდმანმა.

„მოშკოვიჩს დაავიწყდა საფრანგეთში თავისი აგარაკის შეტანა სენატორის დეკლარაციებში“

4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მდიდრული ვილით ნიცაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (56, boulevard Princesse Grace de Monaco) „რუსაგროს“ კომპანიების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და ბელგოროდის რეგიონის ყოფილ სენატორს (2006-2014 წწ.) ვადიმ მოშკოვიჩს ეკუთვნის.

გაზეთ Var-Matin-ის ცნობით, მოშკოვიჩმა ეს სახლი 1998 წელს იყიდა https://www.chaletsmoukaetmaiamegeve.com/ 21 მილიონ ფრანკად (4,3 მილიონი ევრო), თუმცა დღეს ასეთი ქონება შეიძლება 6 მილიონამდე ღირდეს. მან ფული გააკეთა შაქრის იმპორტზე და გადასახადების გვერდის ავლის მიზნით, შაქარი, წყალში გახსნილი, სიროფის სახით შეჰქონდა ქვეყანაში. 2013 და 2014 წლებში თავის სენატორულ დეკლარაციებში მოშკოვიჩს დაავიწყდა საფრანგეთში თავისი აგარაკის შეტანა.

სასუქის საწარმოს, „ევროხიმის“ და ციმბირის ქვანახშირის ენერგეტიკული კომპანიის „ალტაირის“ მფლობელის, ანდრეი მელნიჩენკოს ქონება ანტიბში (1345, chemin de la Garoupe) გაშლილია 6,6 ჰექტარზე. ეს ვილა პრესისთვის ცნობილი იყო 2000-იანი წლების დასაწყისიდან - 2005 წელს მელნიჩენკომ ქორწილი სერბ მოდელთან ალექსანდრა ნიკოლიჩთან აქ გადაიხადა. წვეულებაზე კრისტინა აგილერა, უიტნი ჰიუსტონი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები გამოვიდნენ. ამბობენ, სტუმრებს შორის იყო ვლადიმირ პუტინი. სპეციალურად ქორწილისთვის, იქ აშენდა მართლმადიდებლური სამლოცველოს ასლი მოსკოვის რეგიონიდან. დღეს ეს აქტივები 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ მელნიჩენკო, ისევე როგორც სანქციების სიებში შემავალი სხვა ოლიგარქები, დაუყოვნებლივ გადადგა ყველა თანამდებობიდან, არავინ აპირებს მის სასახლეზე დაწესებული გაყინვის გაუქმებას.

ანდრეი მელნიჩენკოს ქორწილი სერბ მოდელ ალექსანდრა ნიკოლიჩთან და ვილა „ალტაირი“.
ანდრეი მელნიჩენკოს ქორწილი სერბ მოდელ ალექსანდრა ნიკოლიჩთან და ვილა „ალტაირი“.

რუსი ბანკირი ალექსანდრ პუმპიანსკი (SKB-Bank, Sinara Group) სავოიაში ორი გაყინული აქტივის მფლობელია. ერთ მისამართზე (581, de Vers le Nant დემი კარტიეში) არის ორი შალე, სადაც სათხილამურო ტურისტებს შეუძლიათ ღამის გათენება: „მუკა“ და „მაია“. მეორე მისამართზე ნახევრად დანგრეული სახლია მინაშენებით. დოკუმენტების თანახმად, პუმპიანსკიმ ეს სახლი 2021 წლის ივნისში იყიდა და, როგორც ჩანს, არ ჰქონდა დრო, რომ აღდგენა დაეწყო.

ალექსანდრ პუმპიანსკის ორი შალე, "მუკა" და "მაია".
ალექსანდრ პუმპიანსკის ორი შალე, "მუკა" და "მაია".

საფრანგეთში რუსი ოლიგარქების ქონების შესახებ თითქმის ყველა სტატია იწყება რომან აბრამოვიჩის „შატო დე ლა კროეს“ აღწერით ანტიბში. სასახლის ფართობი 3 ათასი კვადრატული მეტრია. მიმდებარე ტერიტორია - 7 ჰა. სასახლეს აქვს 12 საძინებელი და ცნობილი, გედის ფორმის აბანო, რომელიც შემორჩენილია შენობის აშენების დროიდან, 1927 წლიდან. აბრამოვიჩამდე სასახლის ყველაზე ცნობილი მფლობელები არიან უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია (ინგლისის მეფე ედუარდ VIII, რომელმაც უარი თქვა ტახტზე და მისი ადრე განქორწინებული ცოლი უოლის სიმპსონი), რომლებმაც სახლი 1938 წელს იყიდეს. თუმცა, აბანოს გარდა, წყვილს ცოტა დარჩა - 1970-იანი წლების დასაწყისში სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა და ოცდაათი წლის განმავლობაში ნანგრევებად იდგა.

შატო დე ლა კროე
შატო დე ლა კროე

აბრამოვიჩს ეკუთვნის ასევე მიწა-ტერიტორია, 28,6 ჰექტარი, Gouverneur-ი, ამავე დასახელების პლაჟის გვერდით კარიბის ზღვის საფრანგეთის კუნძულ სან-ბარტელემზე. ეს ქონებაც გაყინულია. Forbes-ი საფრანგეთში აბრამოვიჩის მთელი გაყინული ქონების ღირებულებას 340 მილიონ დოლარად აფასებს.

კუნძული სან-ბარტელემი
კუნძული სან-ბარტელემი

მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის საწარმოს მფლობელმა, ვიქტორ რაშნიკოვმა, დაკარგა კონტროლი პარიზში სამ ბინაზე (24, avenue Gabriel), აგრეთვე ვილა Nellcôte-ზე პატარ ქალაქ ვილფრანშ-იურ-მერში (8-12, avenue Louise Bordes), რომელიც ცნობილი სან-ჟან-კაპ-ფერას მახლობლად მდებარეობს.

ვილა Nellcôte
ვილა Nellcôte

ეს ვილა ცნობილია იმით, რომ ნაცისტური ოკუპაციის დროს მასში განთავსებული იყო „გესტაპოს“ ოფისი, ხოლო 1971 წელს სახლი Rolling Stones-ის გიტარისტმა, კიტ რიჩარდსმა, იქირავა. რაშნიკოვის გაყინული ქონების სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ევროა. საინტერესოა, რომ პარიზში, რაშნიკოვთან იმავე სახლში, რომან აბრამოვიჩის ყოფილმა მეუღლემ, ირინა მალდინამ, იყიდა ბინა, მისი ღირებულება, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის ცენტრის Russian Asset Tracker-ის პროექტის მიხედვით, 17,5 მილიონი დოლარია.

„ალფა ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და აქციონერს ალექსეი კუზმიჩევს სამი ბინა გაუყინეს პარიზში, მისამართზე: სოლფერინოს ქუჩა 2 და 4-ში, ანატოლ ფრანსის სანაპიროზე, 9 და 11 ნომრებში, ლუვრიდან 10 წუთის სავალზე ფეხით.

სახლი ალექსეი კუზმიჩევის გაყინული ბინებით
სახლი ალექსეი კუზმიჩევის გაყინული ბინებით

მას ასევე ეკუთვნის ვილა La Petite Ourse („დათვის ბელი“) სან-ტროპეში, რომლის ღირებულება 57 მილიონი ევროა (Lieu-dit chemin du Capon) - იგივე სახელი აქვს კუზმიჩევის ორ იახტას („დათვის ბელი“ და „დათვის ბელი-2“), გაყინულია საფრანგეთის მთავრობის მიერ.

La Petite Ourse
La Petite Ourse

სენ-ჟან-კაპ-ფერაში, ხმელთაშუა ზღვის კლდოვან ნაპირზე, 0,5 ჰექტარ ფართობზე, ვილა თავისი აუზით გაუყინეს რუსეთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრემიერის და ტრანსპორტის მინისტრის, ნიკოლაი აქსიონენკოს ვაჟს, რუსტამ აქსიონენკოს (26, chemin du Roy). რუსტამი ჩართული იყო სარკინიგზო ბიზნესში, შემდეგ კი პუტინის მეგობართან, გენადი ტიმჩენკოსთან დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსტამი ჟენევაში 1995 წლიდან ცხოვრობს, 2017 წელს მას შვეიცარიის მოქალაქეობაზე უარი უთხრეს, მაგრამ ოთხწელიწადნახევრიანი სასამართლო პროცესის შემდეგ შვეიცარიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს დაავალა აქსიონენკოსთვის პასპორტის მიცემა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ იანვარში მიიღეს, უცნობია, რა გავლენას მოახდენს მასზე ომი. თუმცა, ჯერ კიდევ 2007 წელს ესტონეთმა აქსიონენკოს მოქალაქეობა მიანიჭა ქვეყნის წინაშე „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

პარიზის ცენტრში, ორსეს მუზეუმიდან ორ ნაბიჯში, 33, rue de l'Université-ზე არის რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას სახლი. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც დერიპასკას პირველად დაუწესეს სანქციები, მან თავისი ქონება საფრანგეთში გადასცა დედას, ვალენტინა პეტროვნასა და თავის ძმისშვილს პაველ ეზუბოვს. ვალენტინა დერიპასკას ძმა და პაველის მამა, ალექსეი ეზუბოვი, სახელმწიფო სათათბიროს მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატია კრასნოდარის მხარიდან. „კომერსანტის“ ცნობით, 2018 წელს, პაველ ეზუბოვმა ასევე მიიღო დერიპასკას წილები ზოგიერთ აქტივში, მათ შორის, „ინგოსტრახში“, „როსპეხატში“, BEL Development-სა და GOST Hotel Management-ში.

ოლეგ დერიპასკას სახლი 33, rue de l'Université-ზე, პარიზში.
ოლეგ დერიპასკას სახლი 33, rue de l'Université-ზე, პარიზში.

დერიპასკას კიდევ ერთი საკუთრება, რომელიც ასევე გაყინულია, ოფიციალურად მისი ნათესავების საკუთრება, მდებარეობს სან-ტროპეში - ვილა „Héraclès“ chemin du Cap Capon-ზე. ეს არის 8,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სანაპიროზე, ვილებით, სასტუმრო სახლით და პერსონალის სახლით, ორი საცურაო აუზით, ჩოგბურთის კორტით, სპა ცენტრითა და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილით. Bear Project Management-მა, რომელმაც 2007-2008 წწ. შეაკეთა კომპლექსი, სამუშაო შეაფასა 18 მილიონ ევროდ.

ვილა „Héraclès“ chemin du Cap Capon
ვილა „Héraclès“ chemin du Cap Capon

კურშეველში, სათხილამურო ტრასების მახლობლად ექვსი შალე ეკუთვნის რუს ბიზნესმენ გეორგი ბერიოზკინსა და მის მეუღლეს, ელენას. ქონება მთლიანად არის გაყინული. ბერიოზკინი ცნობილია იმით, რომ 2017 წელს მან გამოისყიდა RBC მედიაჰოლდინგი მიხაილ პროხოროვისაგან. პრესა წერდა მისი გეგმების შესახებ, რომ RBC შერწყმოდა ბერიოზკინის სხვა აქტივს, „კომსომოლსკაია პრავდას“.

სასახლე (ვერსალის პარკის ერთ-ერთი შენობის ასლი), რომელსაც გაყინული ქონების სტატუსი აქვს, სენ-ჟან-კაპ-ფერაში, 1, avenue de la Mer-ზე მდებარეობს და ეკუთვნის „რუსკაია პლატინას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესა და ალიანსის პრეზიდენტს, მუსა ბაჟაევს. გარდა ვილისა, ერთ ჰექტარ მიწაზე არის ოლიმპიური საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტი.

მიხაილ ფრიდმანი, „ალფა-ბანკის“ მფლობელი, ისევე როგორც მისი კოლეგა დერიპასკა, ამჯობინებენ, უცხოეთში უძრავი ქონება ახლობლების სახელზე გააფორმონ. მისი ქალიშვილები, ლორა და კატია ფლობენ ბინას პარიზის მდიდარ გარეუბანში, ნეი-სიურ-სენში (118, boulevard Maurice Barrès) , ასევე 520-კვადრატულმეტრიან ვილა Copab-ს სან-ტროპეში, რომელსაც, Schemes-ის პროექტის გამოძიების მიხედვით, ოჯახი აქირავებდა ტურისტებზე და თვეში 440 ათას ევრომდე შემოსავალი ჰქონდა.

ფრიდმანის ყოფილი მეუღლე ოლგა აიზიმანი ფლობს ვილას ლა ტურბიში, მონაკოს მახლობლად - ეს ვილაც გაყინული უძრავი საკუთრების სიაშია.

მათ შორის არიან საფრანგეთში გაყინული უძრავი ქონების მფლობელები და სახელმწიფო სათათბიროს მოქმედი დეპუტატი - პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი. ის ფლობს ბინას პარიზის ცენტრში 11, rue Jean Nicot-ზე (ოლეგ დერიპასკას გვერდით), ასევე ციხე-სიმაგრე სან ლეჟე ენ ივლინში, ვერსალიდან 37 კმ-ში. ალექსეი ნავალნიმ ამ ციხესიმაგრეზე ჯერ კიდევ 2013 წელს დაწერა. თავად ბაბაკოვმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბაბაკოვი ამ ობიექტებს არცერთ დეკლარაციაში არ ახსენებს.

ტექსტში შეტანილია მცირე დამატება. (ქართ. რედაქცია)

XS
SM
MD
LG