ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი, ნიკა ხატიაშვილი, აცხადებს, რომ გაბიტაშვილი, - რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, - ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ.
ეს ინფორმაცია გაბიტაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით თავადაც დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. მანამდე გავრცელებულ ვიდეოში გაბიტაშვილი ამბობდა, რომ პოლიცია გამოიძახა.
მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. ფოტოს ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
ნიკა ხატიაშვილის თქმით, ადგილზე მივიდა პოლიციაც. ეს ინფორმაცია მას აქვს ლაშა გაბიტაშვილისგან - თავად აბუ-დაბიში არ იმყოფება.
ხატიაშვილის ცნობითვე, გაბიტაშვილისგან იცის, რომ „მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი“.
აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირებისას ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს. მათთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირიც.
რადიო თავისუფლებამ გეოლოკაციის მეთოდის გამოყენებით დაადგინა, რომ მოქმედება ვითარდებოდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში.
რადიო თავისუფლებას რესტორან La Terrazza-ში განუცხადეს, რომ დილას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ოფიციალურ საკანონმდებლო პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონმდებლობა, კერძოდ, „დანაშაულთა და სასჯელთა განსაზღვრის შესახებ“ კანონის 394-ე მუხლი ითვალისწინებს „ერთ წლამდე პატიმრობას ან 10 000 დირჰამის (დაახლოებით 2722 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმას ადამიანისათვის, რომელმაც სხვა ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი, რამაც ამ ადამიანის დაშავება გამოიწვია“.
ინფორმაციის დაზუსტების თხოვნით რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა აბუ-დაბის პოლიციას - არის თუ არა ვინმე დაკავებული, დაიწყო თუ არა გამოძიება და ა.შ. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე, კადრში ჩანს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.
ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს.
13 იანვარს, საღამოს 8 საათზე თბილისში იგეგმება საპროტესტო დემონსტრაცია გაბიტაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ინფორმაციას ნიკა ხატიაშვილი ავრცელებს.
ფორუმი