Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მინდა, ქოცები წავიდნენ და დედა ჩამოვიდეს“ - ემიგრანტების შვილების ისტორიები


ემიგრანტების შვილები აქციაზე, 23.12.2024
ემიგრანტების შვილები აქციაზე, 23.12.2024

23 დეკემბერს ემიგრანტების შვილებმა ევროპის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე საკუთარი ახლობელების გამო დგანან, უმრავლესობა ერთსა და იმავეს ამბოს, ცდილობენ ოჯახის წევრების საქართველოში დაბრუნება მოახერხონ.

ოცდაერთი წლის დათუნა დანელიას მამა ათი წლის წინ გარდაეცვალა. და მარიამი ცხრამეტი წლის იყო, იტალიაში რომ წავიდა. ოთხი წელია იქ არის, საქართველოში თავისი პროფესიით სამსახური ვერ იშოვა, მაღაზიებში 300-400 ლარად მუშაობა კი არ უნდოდაო. მარიამის მერე, დედაც წავიდა იტალიაში. შემდეგ მამიდაც, მაგრამ ისევ ჩამოვიდა.

დათუნა დანელია
დათუნა დანელია

„ვერ გაუძლო. 80-90 წლის მოხუცებს უვლიან, რომლებსაც ღამეები არ სძინავთ, ზოგს უკვე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ძალიან ძნელია მათი მოვლა, - ამბობს დათუნა, - ძალიან მინდა, დედა ჩამოვიდეს, ჩავეხუტო. მინდა სრული ოჯახი ვიყოთ. ამიტომ ვდგავარ აქ. დედას და დას შევპირდი, რომ რუსულ რეჟიმს დავამარცხებთ და ჩამოვიყვან“.

თამარ გვილია
თამარ გვილია

თამარ გვილიას მშობლები პოლონეთში მუშაობენ. თამარი ახლა ოცდაოთხი წლისაა, როდესაც ის და მისი უმცროსი და მარტოები დარჩნენ, ოცის იყო.

„მამა მუდმივად საზღვარგარეთ მუშაობდა, ამის გამო დედაზე ძალიან ვიყავით დამოკიდებულები. დედა პროფესიით იურისტ-ეკონომისტი იყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, გათხოვების მერე ვერ იმუშავა.

როდესაც მუდმივად ზრუნვას ხარ მიჩვეული, მარტო დარჩენა საკმაოდ რთულია, თან როცა უმცროსი და გყავს. დედაჩემი რომ რეკავს და ღელავს ჩვენზე, მესმის მისი. მეც მირჩევნია თავად ვიყო აქციებზე და ჩემი უმცროსი და სახლში იჯდეს მშვიდად, ვიდრე პირიქით.

ძალიან ნერვიულობენ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ბევრმა ემიგრანტმა პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ დააკავეს მისი შვილი“.

იგორ ნარმანია
იგორ ნარმანია

იგორ ნარმანიას დედა, ნინო ორ წელზე მეტია გერმანიაში მომვლელად მუშაობს, საზღვარგარეთ ისიც ფინანსური პრობლემების გამო წავიდა.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაყო ოჯახები, ფინანსურად გაანადგურა. დედა ბევრ ტკივილს ალბათ მიმალავს, რომ არ ვინერვიულო. თუმცა, მათთვის ყველაზე რთული დარბევების ყურებაა. მითხრა, ლაივს არ ვუყურებ, მეშინია სადმე კადრში არ დაგინახოო“.

თეა ბუხრაძე და ანასტასია ჯავახიშვილი
თეა ბუხრაძე და ანასტასია ჯავახიშვილი

დედა-შვილი თეა ბუხრაძე და ანასტასია ჯავახიშვილი აქციაზე ერთად მოვიდნენ. ერთის დედა და მეორის ბებია ნანა მღვდელაძე 25 წელია ამერიკაშია. ორმაგი მოქალაქეობის წყალობით პერიოდულად საქართველოშიც ჩამოდის, მაგრამ ბოლო წლებში - სულ უფრო იშვიათად. ისიც კი თქვა, სანამ ქოცები ხელისუფლებაში იქნებიან, აღარ ჩამოვალო. მისი ეს სიტყვები შვილიშვილს პლაკატზე აქვს დაწერილი.

ნანა მღდელაძე აშშ-ში მას მერე გადავიდა, რაც თბილისში გადატრიალება მოხდა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ საქართველო დატოვა. თეა, მისი შვილი, იხსენებს, მაშინ ძალიან ბევრი სირთულე გადავიტანეთო.

„პირველი შვიდი წელი ვერ ჩამოდიოდა და წერილებს ვწერდით. ბავშვები ბებიასთან დავრჩით. ჩემი და 13 წლის იყო, ჩაიკეტა საკუთარ თავში. მე შედარებით დიდი ვიყავი და უფრო გავაანალიზე მომხდარი. მძიმედ გადავიტანეთ, მაგრამ შიმშილს რომ გადარჩები, მერე მონატრებასაც ითმენ“, - ჰყვება თეა და ამბობს, რომ დედა, რომელიც ახლა 75 წლისაა, უკვე ნაკლებად ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე. - „საქართველოში რომ ჩამოვფრინდები, თითქოს ზონაში შემოვდივარო, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ამას იძახის. მინდა, ქოცები წავიდნენ და დედა ჩამოვიდეს“.

შაკო მაღრაძე
შაკო მაღრაძე

შაკო მაღრაძის დეიდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო. ემიგრაციაში 12 წლის წინ წავიდა, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ჯერ თურქეთში მუშაობდა, მერე - საბერძნეთში, ახლა იტალიაშია.

„ძალიან ბევრ რამეზე უწევთ უარის თქმა, რომ ხელფასი აქ გამოაგზავნონ“, - ამბობს შაკო.

მარიამ ბაგათელია
მარიამ ბაგათელია

მარიამ ბაგათელიას მშობლები იტალიაში არიან, იქ დაიბადა მისი უმცროსი დაც, რომელიც ახლა ცხრა წლისაა. დედა რომ წავიდა, მარიამი შვიდი წლის იყო, ხელმეორედ მისი ნახვა მხოლოდ თოთხმეტი წლისამ მოახერხა. და, რომლის დაბადებასაც მთელი ცხოვრება ნატრობდა, პირველად წლინახევრის ნახა.

როდესაც მარიამი მეხუთე კლასში იყო, დედამ შესთავაზა, იტალიაში წასულიყო. უარი უთხრა. კიდევ ერთხელ მაშინ დაფიქრდა, როდესაც უნივერსიტეტში აბარებდა. ისევ დარჩენა გადაწყვიტა.

„ჩემს ქვეყანაში უნდა ვიყო. აქ უნდა შევიქმნა მომავალი. თუ როდისმე წავალ, მხოლოდ იმისთვის, რომ განათლება მივიღო და ისევ ქვეყანას მოვახმარო. ემიგრანტების მდგომარეობას ვერავინ იაზრებს. ჩვენ ერთი ადამიანი გვენატრება, მათ კი - ყველა. იქ უცხო გარემოში არიან და სამშობლოში დაბრუნებულებსაც ყველაფერი შეცვლილი ხვდებათ“.

2023 წლის მარტში, NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.

2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე 12-დან 16%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ და ოჯახს უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით ინახავს.

2020 წელს საქართველოს მშპ-ს 13%-ს ემიგრანტების გამოგზავნილი ფულადი გზავნილები შეადგენდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG