რობერტ ფიცოს ვიზიტი ვლადიმირ პუტინთან ერთობლივი განცხადებისა და შემაჯამებელი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა, თუმცა მოსკოვიდან გამგზავრების შემდეგ ფიცომ მალევე დაწერა ფეისბუკზე, რომ მისი პუტინთან სტუმრობა იყო რეაქცია რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე:
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე მხარს ვუჭერ ოთხივე მხარის სუვერენულ პოლიტიკას. ჩემი მოგზაურობისა და მისი დანიშნულების შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.
ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყო უკრაინის პრეზიდენტისათვის გაცემული პასუხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს პირად კითხვაზე მიპასუხა, რომ წინააღმდეგია უკრაინის გავლით რუსული გაზის ნებისმიერი ტრანზიტისა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს სანქციების დაწესებას რუსეთის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. ასეთი ქმედებებით ის ფინანსურ ზიანს აყენებს სლოვაკეთს და საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიის წარმოებას სლოვაკეთის ატომურ ელექტროსადგურებში, რაც მიუღებელია.
ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა გააგრძელოს გაზის მიწოდება დასავლეთსა და სლოვაკეთში, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ კიევის პოზიციიდან გამომდინარე.
ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივ საუბარში, გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარების, ომის სწრაფად და მშვიდობიანად დასრულების შესაძლებლობის შესახებ. ასევე ვილაპარაკეთ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული ურთიერთობების თაობაზე“.
რობერტ ფიცო ასევე აპირებს ვლადიმირ პუტინის შეთავაზების მიღებას და 2025 წლის 9 მაისს, ე.წ. გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩასვლას.
ვლადიმირ პუტინისა და რობერტ ფიცოს შეხვედრის შესახებ მოკლედ ისაუბრაპუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა:
„მოხერხდა საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა სლოვაკეთის წინა ხელისუფლების ქმედებების გამო. ჩვენ შევძელით აზრთა გაცვლა უკრაინის საკითხებზე. პრეზიდენტმა პუტინმა თანამოსაუბრეს გაუზიარა თავისი ხედვა როგორც ბრძოლის ველებზე ვითარების, ასევე რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შესახებ“.
უკრაინის ხელისუფლებამ 2024 წელს არაერთხელ განაცხადა, რომ ომის გამო, 2025 წლის 1 იანვრიდან შეაჩერებს რუსული გაზისა და ნავთობის ტრანზიტს ევროპაში. ამასთან, კიევმა გამოაცხადა, რომ მზად არის ევროპაში არარუსული გაზის ტრანზიტისთვის.
2019 წლის 30 დეკემბერს „უკრაინის ნაფტოგაზმა“ და რუსულმა „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს 225 მლრდ კუბური მეტრი აირის გადაქაჩვას 2024 წლის ბოლომდე: 65 მლრდ კუბური მეტრი 2020 წელს, ხოლო 40-40 მლრდ კუბ.მ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. „გაზპრომი“ ყოველწლიურად ტრანზიტში იხდიდა 1,25 მილიარდ დოლარს, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს „ნაფტოგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ არ აპირებდნენ კონტრაქტის განახლებას.
რობერტ ფიცომ 20 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამო სლოვაკეთს ემუქრება „გაზის კრიზისი“. ფიცოს თქმით, ზელენსკიმ გამორიცხა ნებისმიერი გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა, რადგან ეჭვობს, რომ ის შეიძლება იყოს რუსული.
ზელენსკის რეაქცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, მწვავედ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოსკოვში. სოციალურ ქსელ X-ში ზელენსკომ დაწერა, რომ სხვა არაერთ საკითხებთან ერთად, რობერტ ფიცოს პუტინთან შეხვედრით უნდა დაინტერესდნენ სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურები"
"აღსანიშნავია, რომ მოსკოვში შეხვედრის შემდეგ ფიცოს და პუტინს ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ და არც მედიის შეკითხვებს უპასუხეს. უბრალოდ, საჯაროდ ვერაფერს იტყვიან იმაზე, რაც შეხვედრაზე განიხილეს. მათ ეშინიათ საზოგადოების რეაქციის.
მოსკოვი მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს ფიცოს, მაგრამ მის საფასურს სლოვაკეთი იხდის. ასეთი ფასდაკლებები უფასო არ არის - მათ სანაცვლოდ რუსეთი სუვერენიტეტს ან ჩრდილოვან სქემებს მოითხოვს. ამან უნდა დააინტერესოს სლოვაკეთის სამართალდამცავი და სადაზვერვო სამსახურები.
ასეთი დაფინანსების დეტალები გაცხადდა ბრიუსელში ევროპელი ლიდერების ბოლო შეხვედრის დროს. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბატონ ფიცოს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთობლივ პროექტში ან ეძებოს რუსული გაზის ჩანაცვლების გზა. უფრო პირიქით, მას სურს დაეხმაროს რუსეთს ამერიკული გაზის და სხვა პარტნიორების ენერგორესურსების ევროპის ბაზრიდან განდევნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სურს დაეხმაროს პუტინს იმ ფულის გამომუშავებაში, რომელიც ომის დაფინანსებას და ევროპის დასუსტებას ხმარდება.
ჩვენ ვკარგავთ ხალხს იმ ომის გამო, რომელიც პუტინმა დაიწყო და მიგვაჩნია, რომ პუტინის ამ გზით დახმარება ამორალურია.
ბატონმა ფიცომ იმ კომპენსაციაზეც კი თქვა უარი, რომელიც გარდამავალი პერიოდის შეუმსუბუქებასა და რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა, ანუ მისთვის ეს საკითხი არ უკავშირდება უსაფრთხოებას. ის დაინტერესებულია კონკრეტულად რუსული გაზით, რომლის ღირებულება წელიწადში 500 მილიონი დოლარია. დანარჩენი შემოსავალი მოაქვს ნავთობსადენს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის და, რომელიც წელიწადში დამატებით კიდევ 500 მილიონ დოლარს აძლევს, რაც ასევე დიდად ეხმარება ბატონ ფიცოს.
შესაბამისად მისი მთავარი მიზანი რუსეთთან ბიზნესის კეთება და მოგების მიღებაა. ეს მართლაც უსაფრთხოების დიდი პრობლემაა როგორც სლოვაკეთისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული? რას უხდიან მას და რით იხდის თვითონ?"
რა უთხრა ზელენსკიმ ფიცოს რუსეთში გამგზავრებამდე
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა არ განიხილავს „გაზპრომთან“ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შესახებ 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების განახლებას. მან ასევე განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რუსული გაზის გადატუმბვასაც აზერბაიჯანული გაზის საფარქვეშ. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ბრიუსელში ჟურნალისტებს უთხრა.
ზელენსკის ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინამ შეცვალოს გადაწყვეტილება და განაახლოს რუსულ „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წლის 1 იანვარს ეწურება.
„ეს გამორიცხულია! - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, - ჩვენ არ გავაგრძელებთ რუსული გაზის ტრანზიტს. არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს სისხლზე გააკეთოს დამატებითი მილიარდები.
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რამე სახის რუსულ პროდუქტს იაფად, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებული გახდება. მხოლოდ დროის ამბავია. მოხდება ეს ან ერთ თვეში ან ერთ წელში, რადგან ასეთია მათი პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ არ განვახორციელებთ რუსული გაზის ტრანზიტს“.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სწორედ ამაზე ესაუბრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, რომელსაც ასევე გააცნო უკრაინის პოზიცია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის პოტენციურ ტრანზიტთან დაკავშირებით, თუმცა პირდაპირ აზერბაიჯანი არ უხსენებია:
„გარკვევით ავუხსენი: ეს შესაძლებელია, თუ გაზი არ იქნება რუსული, იქნება სხვა ქვეყნიდან... მაგრამ ჩვენ არ გვინდა თამაში, როცა ეს სხვა ქვეყანა იღებს გაზს რუსეთიდან, შემდეგ კი ტრანზიტზე უშვებს თავის გაზს. ესეც იგივეა, რომ გაგრძელდეს ფულის შოვნა ამ ომიდან და გაგრძელდეს ფულის რუსეთში გადარიცხვა, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, - თუ ევროპული ქვეყანა მიიღებს გაზს, მაგრამ ომის დასრულებამდე არ გადაუხდის ფულს რუსეთს, მაშინ შესაძლოა კიდევ დავფიქრდეთ... მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არ მივცემთ საშუალებას რუსეთის ფედერაციას, ამ ომიდან დამატებითი შემოსავალი მიიღოს“.
„მოღალატე კვერნა“
საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების თქმით, ეს არის სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტი მოსკოვში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. 2022 წლის თებერვლის შემდეგ დასავლელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ქვეყნის ლიდერები, ძალიან იშვიათად სტუმრობენ რუსეთს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსკოვს მხოლოდ ნეიტრალური ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.
რობერტ ფიცოც, ორბანის მსგავსად, აცხადებს, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი დაწყების მომხრეა. როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, ფიცო ყოველთვის იკავებს თავს მოსკოვის კრიტიკისგან, თუმცა ხშირად აკრიტიკებს კიევს, რომელსაც ბრალს სდებს ომის შეჩერების არასაკმარისი მცდელობის გამო.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის ბოლოს ფიცოს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, სლოვაკეთმა უარი განაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, თუმცა ბრატისლავა არ ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებასა და გაფართოებას.
რამდენიმე დღის წინ რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თითქოსდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სცადა სლოვაკეთის მოსყიდვა - შესთავაზა მას 500 მილიონი ევრო რუსეთის გაყინული აქტივებიდან, სანაცვლოდ კი მოითხოვა თანხმობა უკრაინის ნატოში მიწვევაზე.
რობერტ ფიცო მწვავედ გააკრიტიკეს სლოვაკეთში როგორც პუტინთან შეხვედრის, ასევე რუსი პროპაგანდისტის, პუტინის ტელევიზიის რკინის თოჯინად წოდებული ოლგა სკაბეევასთვის მიცემული ინტერვიუს გამო.
„პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პირდაპირ ეთერში ისაუბრა რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზია "როსია 1"-ზე. ეს გააკეთა ერთ-ერთმა პირველმა ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის. ფიცომ პირდაპირ ეთერში მხარი დაუჭირა რუსული პროპაგანდის მტკიცებას, რომ პუტინის აგრესიაზე, სავარაუდოდ, დასავლეთი არის პასუხისმგებელი. საშინელი მოღალატე კვერნა“, - განაცხადა სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა.
მატოვიჩის გარდა, ფიცოს სატელევიზიო გამოსვლის გამო აღშფოთება გამოხატეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა მიხალ შიმეჩკამ და ასევე ოპოზიციური პარტიის „თავისუფლებისა და სოლიდარობის“ დეპუტატმა იურაი კრუპამ ფიცოს გამოჩენას რუსულ ტელეარხზე „დიდი სირცხვილი“ უწოდეს. შიმეჩკას თქმით, „ასეთი ნაბიჯი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც კი ვერ გადადგა“:
„რობერტ ფიცოს სტუმრობა ვლადიმირ პუტინთან სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატია. თუ პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებდა გაზის ტრანზიტი, მას უკრაინულ მხარესთან უნდა დაეწყო მოლაპარაკება და არ უნდა ექცია სლოვაკეთი პუტინის პროპაგანდის იარაღად. <...> ეს სამარცხვინო და სრულიად უნაყოფო ნაბიჯია. პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთის გაზის ტრანზიტის საკითხები კიევთან უნდა განიხილოს, მაგრამ კიევში ჩასვლის ეშინია და, რაც მთავარია, რეალური შედეგები არც აინტერესებს. ღალატობს თავის ქვეყანას და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყავართ ევროპიდან“.
რუსული გაზი (და ნავთობი) ევროპაში
ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ რუსეთზე თავიანთი ენერგოდამოკიდებულება. 2024 წლის აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 361 მლნ ევრო, რომლის თითქმის ნახევარი სწორედ სლოვაკეთზე მოდიოდა. რუსული ნავთობი ასევე შეიძინეს უნგრეთმა და ჩეხეთმა. ბრატისლავამ იმავე აგვისტოში შეიძინა 100 მლნ ევროს რუსული გაზი, ბუდაპეშტმა ორჯერ მეტი, რაშიც დაახლოებით 200 მლნ ევრო გადაიხადა. უნგრეთი, 2024 წლის წლის 8 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსული ნაწარმის ექსპორტის მიხედვით (3 მლრდ ევრო).
რუსული გაზის ტრანზიტი (უკრაინის გავლით) ევროპაში ხორციელდება ორი დარჩენილი მარშრუტიდან ერთ-ერთით, მეორე „თურქული ნაკადით“ რუსული გაზი თურქეთის ბაზარზე შედის. უკრაინის ტრანზიტზე მოდის ევროპაში „გაზპრომის“ ექსპორტის დაახლოებით ნახევარი. 2023 წელს ამ მარშრუტით 14,6 მლრდ კუბური მეტრი იქნა მიწოდებული. 2023 წლის ივლისში რუსული „ვედომოსტი“ წერდა, რომ „გაზპრომის“ წლიური შემოსავალი უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ექსპორტირებული გაზიდან დაახლოებით 5,3-6 მილიარდი დოლარია (საშუალო ფასი 350-400 აშშ დოლარი 1000 კუბ. მეტრზე), რაც 3,7-4,2 მილიარდი დოლარის სუფთა მოგებაა.
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ევროკავშირის ქვეყნებსა და მოლდოვას, ჯამში, 42-42,3 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის. ამავე მარშრუტით იღებენ გაზს სლოვაკეთი და უნგრეთი.
2022 წელს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს სანქციები, თუმცა რუსეთი მაინც განაგრძობდა ენერგორესურსების გაყიდვას, საიდანაც 2023 წლის მარტისთვის დაახლოებით 305 მილიარდი ევრო მიიღო. ამასთან, მთელი თანხის თითქმის ნახევარი, 141 მილიარდი ევრო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღო.
რომელი ქვეყნები აქტიურობენ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაში
- ნორვეგია
ევროკავშირში გაზი ძირითადად ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე ჩალაგებული მილებით მოდის. ნორვეგია ასევე აწვდის ევროკავშირს თხევად გაზს. 2022 წლიდან გაეშვა Baltic pipe - პოლონეთთან დამაკავშირებელი მილსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე.
2024 წელი: 25,7 მილიარდი კუბური მეტრი
2023 წელი: 38,4 მილიარდი კუბური მეტრი
სხვაობა: -33%
- რუსეთი
ევროკავშირს გაზი მიეწოდება „თურქული ნაკადით“ და „უკრაინული ტრანზიტით“ - კვირაში დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი თითოეული მილით. 2022 წლის შემდეგ მიწოდებული აირის მთლიანი მოცულობა შემცირდა დაახლოებით 5-ჯერ, თუმცა ბოლო დროს შეინიშნება მატების ტენდენცია.
2024 წელი: 8,4 მილიარდი კუბური მეტრი
2023: 6 მილიარდი კუბური მეტრი
ცვლილება: +40%
- ალჟირი
მილსადენ Medgaz-ის (ალჟირი-ესპანეთი) გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 8 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში, ხოლო TransMed-ისა, რომელიც იტალიას ამარაგებს, 33 მილიარდი კუბური მეტრია.
2024: 8,1 მილიარდი კუბური მეტრი
2023 წელი: 8,1 მილიარდი კუბური მეტრი
ცვლილება: 0%
- აზერბაიჯანი
2023 წელს აზერბაიჯანმა ევროპას მიაწოდა 11,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი „ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნით“, რომელიც მიდის სამხრეთ იტალიამდე საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. მისი სიმძლავრე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრია
2024 წელი: 3,4 მილიარდი კუბური მეტრი
2023: 3,4 მილიარდი კუბური მეტრი
ცვლილება: 0%
- დიდი ბრიტანეთი
Interconnector - გაზსადენი, რომელიც მიდის ბელგიაში ჩრდილოეთის ზღვის გავლით და რომლის წლიური სიმძლავრე 25,5 მილიარდი კუბური მეტრია.
2024 წელი: 2,1 მილიარდი კუბური მეტრი
2023: 5,6 მილიარდი კუბური მეტრი
ცვლილება: -62.5%
ფორუმი