ნატოს და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება. ფიცოს თანახმად, სანამ ის პრემიერ-მინისტრია, სლოვაკეთი არ დასთანხმდება ნატოში უკრაინის მიღებას. როგორც გერმანული DW წერს, ფიცომ ეს განაცხადა 6 ოქტომბერს, სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
რობერტ ფიცოს თქმით, პარლამენტში თავისი პარტიის წევრებს, როგორც პარტიის თავმჯდომარე, მისცემს მითითებას, რომ არასდროს დაუჭირონ მხარი ნატოში უკრაინის მიღებას. ალიანსში ახალი ქვეყნის საბოლოოდ მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე რობერტ ფიცო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გახდა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. მომდევნო არჩევნები 2027 წელს ჩატარდება.
სლოვაკეთის პრემიერი, რომელიც ომის 2027 წლამდე დასრულების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას აპირებს, მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას დასავლეთი უჭერს მხარს რუსეთის დასაჩოქებლად.
ამასთან, რობერტ ფიცო აპირებს უკვე მომავალ, 2025 წელს, მოსკოვში ჩავიდეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავზე.
სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ფიცომ ისიც განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას, თუმცა ამ გზის გასავლელად რამდენიმე წელი საკმარისი არ იქნება.
5 ოქტომბერს გამოცემა Financial Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დასავლეთის და უკრაინის ოფიციალური პირები განიხილავენ ომის დასრულების სქემას - რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას ნატოში უკრაინის გაწევრების სანაცვლოდ. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიებით ვაჭრობა დაუშვებელია.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატოს წევრი. პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობად დღესაც ამას ასახელებს და უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებასაც მოითხოვს. უკრაინას თავის ამოცანად გამოცხადებული აქვს როგორც ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, ასევე ნატოს წევრობა.
ფორუმი