Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრეზიდენტმა ნატოში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა


ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს არის ეროვნულ დონეზე რატიფიკაციის საბოლოო პროცესი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის.

პირველ მარტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ფინეთის პარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 184-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო. სხდომაზე პარლამენტის კიდევ შვიდი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა, ერთმა თავი შეიკავა.

2022 წლის 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ოფიციალურად მიეწვიათ ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ნატოში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება დასავლეთის თავდაცვის ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისი გადაწყვეტილება 28-მა ქვეყანამ უკვე მიიღო.

ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის პარლამენტმა ეს საკითხი 6 მარტს უნდა განიხილოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო მანამდე, სანამ ისინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მოახდენენ.

თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ მხარს არ უჭერს შვედეთის კანდიდატურას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 1 თებერვალს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ - ცალ-ცალკე.

XS
SM
MD
LG