Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან 2025 წელს


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ბევრი რამ, რაც ევროკავშირში 2025 წელს მოხდება, ტრამპის მომავალ პრეზიდენტობაზე იქნება დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან საუბრისას ჩანდა, რომ ყველა ელის მის ინაუგურაციას 20 იანვარს, რათა გამოჩნდეს, თუ რა გამოწვევებს წარმოშობს მისი ახალი ადმინისტრაცია.

თუმცა, რამდენიმე სპეციფიკური დეტალია, რომლისთვისაც უკვე ემზადებიან. პირველია ტარიფები. მიიჩნევა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იმპორტზე 10-დან 20 პროცენტამდე საყოველთაო ტარიფების დაწესების შესახებ შესრულდება და, რომ ეს მართვადი იქნება. მაგრამ, ზოგი შიშობს, რომ ზოგიერთ პროდუქტს კიდევ უფრო მაღალი გადასახადები დაეკისრება.

მეორეა თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მოთხოვნა. მომავალმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ტემპერატურა აწია და თქვა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტი უნდა დაეთმოს სამხედრო საჭიროებებს. ნატოს ევროპელი წევრების უმეტესობა კი ყოფილი სამიზნეს, 2 პროცენტს ძლივს სცდება.

ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით იდეები დაუმთავრდა

უკრაინის მომავალი წინა პლანზე იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 2025 წელს ცეცხლის შეწყვეტის რაიმე შეთანხმება მოხერხდა. ისევ და ისევ, ამის დიდი ნაწილი ტრამპზეა დამოკიდებული. ევროკავშირის ამოცანაა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მაინც დაიბევოს ადგილი, რაც სულაც არაა გარანტირებული.

უკრაინასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ევროკავშირი მხოლოდ პერიფერიაზე მოქმედებს. შევხედოთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო წინადადებას, დასავლეთში გაყინული მილიარდობით დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გამოიყენონ უკრაინისათვის ამერიკული იარაღის შესაძენად. ევროკავშირი ასეთი შეთანხმებით ბევრს ვერაფერს იგებს. პირველ რიგში, ეს ფული აშშ-ში წავა და არა ევროპაში. მეორე - რუსული ფულის დიდი ნაწილი ევროკავშირშია, რაც ნიშნავს, რომ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება პოტენციურად ძირი გამოუთხაროს ევროზონას, როგორც უსაფრთხო ადგილს მესამე ქვეყნებისთვის ბიზნესის საწარმოებლად.

ევროკავშირმა გამოიყენა ეს გაყინული აქტივები, როგორც უკრაინის G7-ის უახლესი სესხის გარანტია და ეს კიევის ხარჯებს მინიმუმ 2025 წლამდე დაფარავს. რაც შეეხება იდეებსა და ინიციატივებს, ამაზე შორს წასასვლელად ევროპა მზად არ არის.

რუსეთის სანქციებზე კონსენსუსის ძიება

ევროკავშირი შეეცდება, რომ რუსეთი ახალი სანქციებით დააზარალოს. როდესაც გასული წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს უნგრეთი თავმჯდომარეობდა, ბრიუსელმა უსუსტესი ზომები მიიღო. ახლა კი, როდესაც სათავეში ქორი პოლონეთი დგას, ბრიუსელში იმედი გაჩნდა, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე სანქციების ახალ პაკეტს მიიღებენ.

ზოგი წევრი წამოჭრის სამიზნეში რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის და ბირთვული მრეწველობის ამოღებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას 27-ვე წევრი სახელმწიფო დათანხმდეს.

უნგრეთს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მოქმედი ეკონომიკური სანქციების ექვსთვიანი გაგრძელება. ბოლო ვადა 31 იანვარია და რამდენიმე დიპლომატმა არაოფიციალურად მითხრა, რომ ბუდაპეშტმა ითხოვა, ბლოკმა გადაწყვეტილება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მიიღოსო.

გაურკვეველია, რას მოითხოვს უნგრეთი - ევროკავშირის ალბათ ყველაზე პრორუსული სახელმწიფო - სანქციების გაგრძელებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ. შეიძლება ეს იყოს სანქციების შესუსტება ან ბუდაპეშტისთვის ამჟამად გაყინული ევროკავშირის სახსრების გადაცემა.

ევროკავშირის დიპლომატები უკვე ღელავენ, რომ ეს საკითხი იანვრის ბოლო კვირამდე არ გადაიჭრება. შესაძლოა ეს მოხდეს 27 იანვარს, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან, ან სულაც იმ კვირის ბოლოს, საგანგებო სამიტზე.

ევროკავშირის გაფართოება დიდწილად შეჩერებულია

2025 წელს ევროკავშირი სავარაუდოდ მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას და, პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდში გახსნის გაფართოების 33 თავიდან რამდენიმეს. თუმცა, ეს სულაც არ გახლავთ უკვე გადაწყვეტილი საქმე.

იმისთვის, რომ ყველა წევრი ქვეყანა დაითანხმონ, - მათ შორის სკეპტიკოსები, ვთქვათ, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც კიევის ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებს აკრიტიკებენ, - სავარაუდოა, რომ სერბეთს მიეცემა გაფართოების შემდგომი თავების გახსნის შესაძლებლობა - პირველად რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის წამოწყების შემდეგ. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ნიდერლანდი ამას უხალისოდ დაეთანხმებიან, რადგან მათ აღიზიანებთ ბელგრადის სიახლოვე რუსეთთან და სერბეთში დემოკრატიის ვითარება.

რაც თითქმის დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინული დარჩება. ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თბილისთან მიმართებით, რომელსაც მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის უკანდახევაში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებზე სანქციების დაწესებაზე (როგორც ეს აშშ-მა გააკეთა) კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკმაოდ სიმბოლური პროცესი.

სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის კონტროვერსიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ამის დასადასტურებლად, ნახეთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც მათ 29 დეკემბერს გააკეთეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ტოვებდა. როგორც წესი, ღიად და პირდაპირ მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა განაცხადეს: „საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი არჩევნების შესაძლებლობის გათვალისწინებით“.

ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში - ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატია, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია.

სერბეთი და კოსოვო კვლავ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ალბანეთი გააგრძელებს გაწევრიანების სწრაფ ტემპს და გახსნის მოლაპარაკებების ახალ თავებს, გარდა იმ შვიდისა, რაც უკვე გააკეთა 2024 წლის მეორე ნახევარში.

ჩრდილოეთ მაკედონიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას, სავარაუდოდ, წინსვლა არ ექნებათ რეფორმების არარსებობის გამო. მონტენეგრო კი, რომელმაც უკვე გახსნა ყველა თავი, იმედოვნებს, რომ ზოგიერთს 2025 წელს დახურავს. მონტენეგრომ უკვე მოახერხა დაახლოებით ერთი მეხუთედის დახურვა. ბრიუსელი ამ ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილია და ელიან, რომ ის ამ ათწლეულის ბოლოს 28-ე წევრი ქვეყანა გახდება - თუნდაც მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირში გაფართოებები ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს.

შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირის გაფართოების ახალი კომისარი, მარტა კოსი, რეგიონში ვიზიტისას პირველად სავარაუდოდ სწორედ პოდგორიცას ეწვევა. ამ რეგიონში მთავარი საკითხი კი, როგორც ყოველთვის, ნორმალიზაციის პროცესია ბელგრადსა და პრიშტინას შორის, რომელიც 2011 წლიდან გრძელდება.

კოსოვოს 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (მოქმედი პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ალბათ ხელისუფლებაში დაბრუნდება) კვლავ იქნება მცდელობები, ეს მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე განახლდეს.

პოპულისტების მარში

2025 წელს პოპულისტური პარტიები და პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ წარმატების მოპოვებას მთელ ევროკავშირში. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება. წესით, გაიმარჯვებს მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების გაერთიანება, მაგრამ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, სავარაუდოდ, მეორეზე გავა ხმების დაახლოებით 20 პროცენტით. ეს ამ პარტიისთვის საუკეთესო შედეგი იქნება ეროვნულ დონეზე.

საფრანგეთში მთავრობას ულტრამემარჯვენეების ჩუმი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ივლისში ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ იქნება შესაძლებელი. ესპანეთისა და ნიდერლანდის მთავრობებს საქმე ცუდად აქვთ და შესაძლოა წელს დაეცნენ. უფრო აღმოსავლეთით მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ჩეხი მილიარდერი პოპულისტი ანდრეი ბაბიჩი გაიმარჯვებს, რაც პრაღას პოლიტიკურად დააახლოებს უნგრეთსა და სლოვაკეთთან.

ავსტრიაში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიას პირველად მიეცემა შანსი, შექმნას მთავრობა, რაც ვენას პოტენციურად შეუერთებს ცენტრალური ევროპის მზარდ პოპულისტურ ბლოკს.

პოლონეთში საქმე სხვაგვარადაა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ლიდერი, პროდასავლელი დონალდ ტუსკი, ახლა ევროკავშირის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია - მისი ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარეა, თბილი ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე ნატოში მშპ-ს პროცენტული თვალსაზრისით.

მაგრამ არჩევნები პოლონეთშიც იმართება. საპრეზიდენტო არჩევნები 18 მაისისთვისაა დანიშნული, პოტენციური მეორე ტური კი - 1 ივნისს. ჯერჯერობით ფავორიტი ტუსკის მოკავშირე, ვარშავის მერი რაფალ ტრზასკოვსკია. თუ ის გაიმარჯვებს, ტუსკის ძალაუფლება გამყარდება. თუმცა, კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ კანდიდატი კაროლ ნავროკი უბრძოლველად არ დანებდება და პოლონეთი გაზაფხულზე მთლიანად ამ ბრძოლით იქნება მოცული.

ამავე თემაზე

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG