Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისი გარდაუვალია - პარლამენტის პირველი სხდომისა და OSCE/ODHIR-ის დასკვნის მოლოდინში


ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთო მიზანი აქვს - არ დაუშვას პარლამენტის ლეგიტიმაცია, თუმცა ოთხი ოპოზიციური ჯგუფის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთო მიზანი აქვს - არ დაუშვას პარლამენტის ლეგიტიმაცია, თუმცა ოთხი ოპოზიციური ჯგუფის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს, ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, დასავლელი პარტნიორები გაყალბებაზე „სერიოზული ეჭვების“ გამო დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ - პოლიტიკური ჩიხი და კრიზისი საქართველოს ახლო მომავლის ყველაზე ხშირი პროგნოზია.

„ოცნება“ ამბობს, რომ 2020-21 წლები აღარ განმეორდება, აღარ აპირებს ოპოზიციასთან შეთანხმებასა და საერთაშორისო პარტნიორების გათვალისწინებას.

ხელისუფლებასთან დიალოგს ოპოზიციაც გამორიცხავს და პარლამენტის ლეგიტიმაციაზეც ამბობს უარს, მაგრამ ოთხი ოპოზიციური ჯგუფის სამოქმედო გეგმა ერთნაირი არ არის.

ოპოზიცია და საზოგადოებრივი ჯგუფები, სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქციებს ყოველდღე მართავენ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ვის ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა?

“ოცნება” არ ჩერდება

„ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, გრძელდება პროექტების განხორციელება. ჩვენ ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ოთხწლიანი პროგრამის შესრულებას… ჩვეულებრივად - მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები“, - ეუბნება ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე; რომელსაც სულ ახლახან - ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ მიუთითეს არჩევნების გაყალბების სერიოზული ეჭვებსა და გამოძიების საჭიროებაზე.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ იმ გეგმით იმოქმედებს, რაც ცესკოს მიერ არჩევნების შედეგის შეჯამებას უნდა მოჰყვეს:

  • ნოემბრის ბოლომდე - პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება;
  • ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება;
  • სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში კი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება და შედგება ინაუგურაცია.

„ქართული ოცნება“ კომპრომისებს გამორიცხავს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ოთხი წლის წინ, პროცესებს გარე ზეწოლის გამო დაჰყვნენ და ახლა ასე აღარ იქნება. დასავლელ პარტნიორებს ოპოზიციის მოკავშირეებად და საქართველოს მტრებად მოიხსენიებენ. „უსაქმურები“, „გზააბნეულები“, „მავნებლები“, - ისმის მათ მიმართ სახელისუფლებო პარტიიდან.

„გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ამას ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ თურმე იქ, ბრიუსელში ან სადღაც, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კენჭისყრის დღიდან თითქმის 3 კვირა გავიდა.

მცირედი გამონაკლისის გარდა, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას არც ევროპიდან ულოცავენ და არც აშშ-დან. არც მონდომება ჩანს, რომ ვინმემ მედიაცია გასწიოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთო ენის გამონახვაში დაეხმაროს, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა.

  • ოთხი წლის წინ, არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა და უკვე ორ კვირაში, 12 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ და 8 ოპოზიციური პარტია [რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს] პირველ შეხვედრას მართავდნენ - აშშ-ის მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში. შეხვედრას ევროკავშირის მაშინდელი ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.
  • მანამდეც და მერეც, იყო საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები - რომ პარლამენტში ყველა უნდა შესულიყო და პოლიტიკოსებისგან სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადგმას მოელოდნენ. ახლა მსგავსი მოწოდებები არ ისმის.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პარლამენტში შევიდა - „შარლ მიშელის შეთანხმების“ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერის შემდეგ. ზოგიერთები ამ შეთანხმების ხელმოწერამდეც შევიდნენ. მათგან ერთი - ალეკო ელისაშვილი, ამჟამად ლელოს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელია.

საით მიდის ქვეყანა?

„ხელისუფლებას ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს. აღარ უნდა მოველოდეთ, რომ მოერიდებიან დემოკრატიებისთვის უჩვეულო ქმედებებს, გადაწყვეტილებებს ან ვორდინგს [განცხადებები - რ.თ.]. არ არსებობს ღირებულებები ან სხვა შემბოჭველი შეზღუდვები… როცა ხელისუფლება აბსოლუტურ ძალაუფლებას იძენს, ის იხრწნება - ანგარიშს აღარ უწევს არავის. ამპარტავნება ეუფლებათ, უხეშობა, აღარ იცავენ ეთიკურ ნორმებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილი, რონდელი ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ორი მთავარი ცენზორი ჰყავს - ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა, „ოცნება“ კი, ავტორიტარული რეჟიმის მსგავსად, ორივეს უპირისპირდება: ხალხს - ძალოვანი სტრუქტურების „ჩაგვრის აპარატით“, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს - „აღვირახსნილი ლექსიკითა“ და დამოკიდებულებით.

კახა გოგოლაშვილს არ უკვირს „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ პარლამენტში მარტო ყოფნა მათთვის პრობლემა არ იქნება, მით უფრო, როცა ბოლო წლებში, „პარლამენტი ისედაც ერთპარტიული იყო“, „ოპოზიციას არაფრად აგდებდნენ და მათ პოზიციას არაფერში ითვალისწინებდნენ“.

ხალხის აქტიურობის გარეშე, კახა გოგოლაშვილი საქართველოს ახლო მომავალში რთულ, კრიზისულ პერიოდს ხედავს.

  • 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შეაჯამა.
  • პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა და მასზე, 90 მანდატით, „ოცნების“ დეპუტატები მარტო ისხდნენ დარბაზში.

„ახლა კი რიხიანად არის, მაგრამ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ოთხი წელი ამ პირობებში [ძალაუფლების] შენარჩუნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი მელაშვილი, პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი პოლიტიკოსი და ამატებს, რომ საქართველო ჩიხში შედის.

ის არ მოელის, რომ, გამოძიების პროცესის გარეშე, საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების ლეგიტიმაციას დაადასტურებს.

თუკი არაფერი შეიცვლება, დღევანდელი ვითარების გაგრძელებად ექსპერტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციას, მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და, სანქცირების შემთხვევაში, სოციალური ფონის უკვე გაზაფხულისთვის დამძიმებას ვარაუდობს, რასაც შესაძლოა მომავალი წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნები მოჰყვეს, რადგან „დრო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს“.

„მთელი 35 წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა არცერთი ხელისუფლება, რომელსაც ასეთი ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან. ყველა ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი დასავლეთი იყო… თუ რუსეთის იმედზე არიან, შევხედოთ რუსეთის ეკონომიკაში რა ხდება - კარაქი გაუწყდა ამხელა ქვეყანას...

ამ ვითარებაში საზღვრების დელიმიტაცია მოსთხოვა რუსეთმა საქართველოს - [ოკუპირებულ] აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ძალის პოზიციიდან ელაპარაკებიან ქვეყანას, რომელმაც ზურგი აქცია თავის ძლიერ პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც ბალანსს ვინარჩუნებდით“, - გვეუბნება ირაკლი მელაშვილი.

თუკი საერთაშორისო თანამეგობრობის, დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის არჩევნების არაღიარებას ნამდვილად ცუდი შედეგი ექნება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი ეგნატე შამუგია, - „ეს იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის სიგნალი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლის უზენაესობა და არ არსებობს პოლიტიკური სტაბილურობა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების დროს“, - ეგნატე შამუგია მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს არ გულისხმობს და მოელის, რომ ინვესტირებისგან თავს ადგილობრივი ბიზნესიც შეიკავებს, რაც ეკონომიკური აქტივობის შემცირების რისკია. ეკონომიკური აქტივობის შემცირება კი, ექსპორტ-იმპორტის შემცირებას იწვევს. ეს ფაქტორები, ხელოვნური ჩარევის [ლარის მასის შემცირება] გარეშე - ლარის კურსსაც უარესობისკენ შეცვლის.

„მარტივად რომ ავხსნათ, ჩვენი სამომხმარებლო კალათის 1/3 დაფინანსებულია საგარეო წყაროებით, იქნება ეს ინვესტიციები, ვალები, გრანტები თუ პირველადი შემოსავლები. თუ ეს ნაკადები შემცირდება, მე ხომ უფრო ნაკლები რესურსი მექნება, რომ მოვიხმარო იმდენივე, რასაც აქამდე მოვიხმარდი და თუ უფრო ნაკლებ მოვიხმარ, ჩემი მდგომარეობა ხომ გაუარესდება“, - გვეუბნება შამუგია.

თუმცა ეკონომისტს უჭირს იმის თქმა, რა მასშტაბები ექნება ეკონომიკურ ვარდნით გამოწვეულ კრიზისს.

ოპოზიციის მიზანი და სხვადასხვა გზა

ოთხივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ცესკოს მონაცემებით - 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა, აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგს და არ დაეხმარება ხელისუფლებას პარლამენტის ლეგიტიმაციაში. თუმცა პოლიტიკოსები განსხვავებულ გზებს ირჩევენ.

ქუჩის აქციებზე, სცენაზე თუ სხვადასხვა საჯარო სივრცეში, ერთად ჩნდებიან: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. როგორც წესი, მათთან არ არის - „გახარია საქართველოსთვის“, რომელთანაც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები დასტურდება.

ბოლო დღეების მთავარი დავა მანდატებზე უარის თქმის გზებს უკავშირდება.

„რატომ ფიქრობთ თქვენ, რომ ჩვენ ნაცებთან ამ რაღაც კოლექტიურ მანდატების დაწვაში და იმ რაღაც პოპულისტურ სპექტაკლებში მონაწილეობას ან მივიღებთ, ან რატომ ფიქრობთ, რომ "ოცნებას", მეორე მხარეს, მივცემთ შესაძლებლობას, რომ ივანიშვილმა თვითონ გადაწყვიტოს, მერე გაგვიუქმებს მანდატს თუ არ გაგვიუქმებს. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. მთავარი პრინციპი არის ძალიან მარტივი - ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება. წერტილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ექსპრემიერი განმარტავს, რომ მისი პარტია არ მონაწილეობს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად და არც ყველა აქციაში მონაწილეობა აქვთ დაგეგმილი.

ამ დღეებში ჯერ არარსებული მანდატები არავის დაუწვავს. პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს ცალ-ცალკე მიმართეს მოთხოვნით - არ მოხდეს პარლამენტის არჩეულ წევრებად მათი შემადგენლობის რეგისტრაცია და საჯარო განცხადებებიც გააკეთეს. ისინი თვლიან, რომ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა.

„ეს არის სამართლებრივი აქტიც, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური აქტი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავჯერ გამიგია, რომ არ არის ლეგიტიმური, უამრავჯერ გამიგია, რომ „ჩვენ ლეგიტიმაციას არ შევძენთ“ და უამრავჯერ მინახავს, რომ დიდებულად შესძინეს ზოგიერთებმა თავისი შესვლით ლეგიტიმაცია მათ მიერვე არალეგიტიმურად წოდებულ პარლამენტს“, - ეუბნება ნიკა გვარამია ჟურნალისტებს. მისივე სიტყვებია ასევე - „ყველამ დავხუროთ პარლამენტში შესასვლელი კარები, მათ შორის, უკანა კარები“.

მანდატებზე უარის თქმის შესაძლებლობებთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია იურისტებს შორისაც. ძირითადი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს მხოლოდ, პარლამენტის პირველ სხდომაზე, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არის შესაძლებელი - ჯერ სიების „ჩახსნა“ [მათი, ვინც ვერ გახდა დეპუტატი] და შემდეგ, ყველა დეპუტატს შეუძლია ინდივიდუალურად მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს - უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. თუმცა 2020 წელს არჩეულ პარლამენტში, „ოცნებამ“ ასეთი მოთხოვნა ბევრ დეპუტატს არ დაუკმაყოფილა და ახლაც გამოცანად ტოვებს - ან დავუკმაყოფილებთ და ან არაო.

საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლითა და კონსტიტუციის 39-ე მუხლით ხელმძღვანელობს „ლელოს“ კოალიცია „ძლიერი საქართველოც“. 14 ნოემბერს მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ყველამ ერთად მიმართოს პარლამენტს - მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით.

„მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით“, - წერს ხაზარაძე ფეისბუკზე.

დეპუტატებად რეგისტრაციაზე წინასწარი უარის თქმის შესაძლებლობას გამორიცხავენ ხელისუფლება და ცესკო. „ოცნება“ აცხადებს, რომ კანონმდებლობა ამით საბოტაჟს აზღვევს.

ოპოზიციას, რომელმაც რამდენიმე მასშტაბური აქცია გამართა, არცთუ იშვიათად აკრიტიკებენ საკუთარი მხარდამჭერებიც - გაუაზრებელი ნაბიჯების, ბუნდოვანი გეგმებისა და არასათანადო აქტიურობის გამო. ხალხის ნაწილი მათგან მეტ სიხისტესა და შემტევობასაც მოითხოვს. სხვები კი აკრიტიკებენ ხალხს - მათგან ასევე მეტი აქტიურობის მოთხოვნით.

ოპოზიციას, რიგ საკითხებში, ირაკლი მელაშვილიც აკრიტიკებს, მაგრამ მოსწონს, მაგალითად, ის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მხარდამჭერებს „მოკლე მოლოდინებს“ არ უქმნიან და „არ ეუბნებიან - ახლა გამოდით და დავამთავრებთ ყველაფერსო“; მოსწონს, რომ ამბობენ - „ბრძოლა განგრძობადი იქნებაო“.

ოპოზიციას ხშირად ახსენებენ კარვებს, რომელთა შეგროვების შესახებაც, არჩევნების შემდეგ, მალევე ნიკა გვარამიამ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ამბობს, რომ კარვების გეგმა არავის გაუუქმებია და რამდენიმე ასეული კარავი საჭირო დროს ელოდება.

ეუთო/ოდირის დასკვნის მოლოდინში

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხაელ როთმა, 11 ნოემბერს, თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ეუთო/ოდირი ვერ განაცხადებს, არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი - „ეს ჩვენი მოვალეობაა“.

ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ შეხვდნენ.

„ოცნება“ ხშირად ახსენებს და იწონებს წინასწარი შეფასების დოკუმენტს, რომელიც ODHIR-მა არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნა. ექსპერტებს უკვირთ, რა მოსწონს „ოცნებას“, მაშინ როცა დოკუმენტში, სხვადასხვა სიმძიმის, მრავალი დარღვევაა აღრიცხული.

ტექსტში ლაპარაკია - ამომრჩევლებისა თუ ადგილობრივი დამკვირვებლების დაშინებაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე [„დაკვირვების 24 პროცენტში - ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო“]; პროცესის ნეგატიურ შეფასებაზე „დაკვირვებების 1,924 შემთხვევის 6 პროცენტში, რაც არსებითად დიდი რიცხვია“; აქვეა - ფინანსურ რესურსებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დისბალანსი, დაკავებული თანამდებობით სარგებლობის შეუსაბამო უპირატესობა, უთანასწორო საასპარეზო პირობები თუ წაშლილი ზღვარი [მმართველ] პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

„ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ ["ოცნებას"]. აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - დარჩნენ კაბინეტში… და დარჩნენ რუსეთთან - რუსეთს ეროვნული ინტერესებიდან კი არ ელაპარაკონ, რუსეთს ელაპარაკონ - მოდი რა, ცოტა მეტი ფული ვიშოვოთ. საჩუქარს უკეთებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

„გულდასმით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში“, - აღნიშნავენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, 7 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში.

  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისიის [OSCE/ODHIR] 2020 წლის არჩევნების საბოლოო ანგარიში 2021 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა.
  • სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება 2024 წლის არჩევნების საბოლოო შეფასებასაც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG