Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკო მიჰკელსონი: საჭიროა, გვესმოდეს - რა დევს ახლა სასწორზე საქართველოში


მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

„ახლანდელი მმართველი პარტიის მოქმედებები უზრუნველჰყოფს, რომ საქართველო არასდროს გახდეს ევროკავშირის წევრი“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. ის ორიოდე დღის წინ ის კიდევ შვიდ ევროპელ პარლამენტართან ერთად იმყოფებოდა თბილისში.

ერთი დღის განმავლობაში გამართულმა შეხვედრებმა ესტონელი პოლიტიკოსი დაარწმუნა, რომ უკვე სრულიად საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის სათქმელად, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“, თუმცა აგრეთვე ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება დაეხმარებოდა ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს შესახებ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში. მარკო მიჰკელსონი არის ერთ-ერთი ხელმომწერი ევროპელ პოლიტიკოსთა განცხადებისა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დამოუკიდებელი გამოძიების წარმართვის საჭიროებაზე.

მკაფიო პასუხი არის ის, რომ, რაც 26 ოქტომბერს მოხდა - ეს არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი რომ არ ყოფილა - შეუსაბამოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში აპირებს გაწევრიანებას.

რადიო თავისუფლება: თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ვფიქრობ, ბევრის გულწრფელი შეკითხვა ჩვენს აუდიტორიაში იქნებოდა - მერე რა? ბოდიშს ვიხდი შეკითხვის ასე დასმისთვის.

მარკო მიჰკელსონი: სწორად დასმული შეკითხვაა, თუმცა ვფიქრობ, შესაძლოა, უმჯობესი იყოს დღევანდელ ვითარებისთვის ცოტათი შორიდან შეხედვა. მათ, ვინც საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს (პირადად ჩემი ჩათვლით - მინიმუმ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბოლო ოცი წელია, როგორც პოლიტიკოსი ვადევნებ თვალს ამ ქვეყანას), გვესმის, რომ ის, რაც 26 ოქტომბერს მოხდა, არ იყო უბრალოდ შოკის მომგვრელი მომენტი - მინიმუმ, მათთვის, ვინც ხედავდა როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ ახლანდელი მმართველი პარტიის მიერ.

დღეს დილითაც კი, როცა შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მან განაცხადა, რომ შესაძლოა დარჩა ბოლო ოთხი კვირა ერთადერთი, ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ, თუკი ისევ არჩევნებს მივუბრუნდებით, სულაც არ არის მოულოდნელი, როცა ყველა სხვა ინსტიტუტი ხელყოფილია, მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ, აშკარად მიტაცებულია არჩევნებიც, რომელმაც შეიძლება უზრუნველჰყოს „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფოს მიტაცების პროცესი. „ქართული ოცნებისთვის“ არსებითი და კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა არჩევნები ყოფილიყო უსამართლო და არათავისუფალი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ... საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება 2030-შიო, არის აბსოლუტური ტყუილი, უპასუხისმგებლო ტყუილი

ახლა რა ხდება? - საქართველო არ არის უბრალოდ ქვეყანა სადღაც, სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოს ხალხისთვის, არამედ ევროპის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩემი ქვეყანა - ესტონეთი და სხვებია, რომ დავინახოთ, რა ხდება ახლა - როგორია რეაქცია აქ, საქართველოში ამ გაყალბებულ არჩევნებზე, აგრეთვე როგორია ჩვენი რეაქცია ევროკავშირში? მკაფიო პასუხი არის ის, რომ, რაც 26 ოქტომბერს მოხდა - ეს არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი რომ არ ყოფილა - შეუსაბამოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში აპირებს გაწევრიანებას. ეს ნიშნავს, რომ როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, პროცესი გრძელდება, ყველაფერი კარგად არის, საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება 2030-შიო, არის აბსოლუტური ტყუილი, უპასუხისმგებლო ტყუილი, რაც სინამდვილე არ არის. ჩვენმა პრემიერმინისტრმა, მაგალითად, გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის პროცესი შეჩერებულია იმის გამო, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.

რადიო თავისუფლება: რას ეფუძნება ასეთი სახის შეფასება და განცხადებები? ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს წინასწარი ანგარიშები იმავე ეუთო/ოდირისა თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების. რატომ არ დაიცდით? - ალბათ, იქნებოდა ეს შეკითხვა ჩვენს მაყურებელს შორის.

განსაკუთრებული ჭკუა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ეს არჩევნები, სამწუხაროდ, მოიპარეს, მოჰპარეს ქართველ ხალხს.

მარკო მიჰკელსონი: დიახ, თბილისში ყოფნისასაც ვამტკიცებდით, რომ საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო იმ მასობრივ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე ცნობილია როგორც ქართველებისთვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ გამოვედით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოწოდებით. ალბათ, საუკეთესო იქნებოდა, თუ მას ჩაატარებდა რომელიმე ევროპული ინსტიტუცია, მაგალითად ევროპული პარლამენტი. იმავდროულად, ჩვენ არ ვაპირებთ აღმოვაჩინოთ რაიმე ახალი, რადგან არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი. არასამთავობო ორგანიზაციებთან, დაკვირვებლებთან, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ჩვენ გვიხსნიდნენ რა მოხდა 26 ოქტომბერს და არჩევნების დღემდე. ასე რომ, განსაკუთრებული ჭკუა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ეს არჩევნები, სამწუხაროდ მოიპარეს, მოჰპარეს ქართველ ხალხს.

რადიო თავისუფლება: მაგრამ, დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას, როგორც თქვენ უწოდეთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს უამრავი ევროპელი პოლიტიკოსი...

მარკო მიჰკელსონი: ევროკავშირის წევრი 19 ქვეყნის წარმომადგენელი.

რადიო თავისუფლება: დიახ, 19 ქვეყნის წარმომადგენლები, თქვენი ჩათვლით და აგრეთვე ევროპარლამენტის წევრები. ასეთი გამოძიების წარმართვისთვის მინიმუმ საჭირო იქნება საქართველოს ხელისუფლების თანხმობა, არა?

შეიძლება ჩვენ ვიყოთ მესამე მსოფლიო ომის საწყის ფაზაში, ვინაიდან ამ ომის, აგრესიის წამომწყებთა მიზანი არის მსოფლიო წესრიგის შეცვლა.

მარკო მიჰკელსონი: არა მგონია, თანხმობა გვჭირდებოდეს. ნახეთ, რა ხდება: ჩვენ საქართველოს მთავრობას ვთხოვეთ შეხვედრები - ანუ, მხოლოდ ოპოზიციას კი არა, „ქართულ ოცნებასაც“ და ნაცვლად იმისა, ჩვენთან დამსხდარიყვნენ და ჰქონოდათ სამართლიანი და გულახდილი საუბარი არსებულ ვითარებაზე, ვისმენთ ჩვენს და ჩვენი ვიზიტის საწინააღმდეგო განცხადებებს. კვლავ გავიმეორებ, ვიდრე ევროკავშირი შეუდგება გადაწყვეტილებების მიღებას, მაგალითად, უვიზო მიმოსვლაზე, მის შეჩერებაზე, ან რომელიმე სხვა ინსტრუმენტზე, რომელიც ხელთ გვაქვს - იმავე კანდიდატის სტატუსზე, კარგი იქნება დამატებით დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. თუმცა, როგორც გითხარით, დღესაც კი ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს ადგილიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და რა თქმა უნდა, შეუსაბამოა ევროკავშირის სტანდარტებთან.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი - ეს უკვე არის ევროკავშირის მაგალითად, წინასწარ დღის წესრიგში მაინც?

საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ველია.

მარკო მიჰკელსონი: ყველაფერი, ყველაფერი დღის წესრიგშია. იცით, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც დღეს ვმსჯელობდით შეხვედრებზე: დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა თვალსაჩინოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსული იმპერიალიზმი აწარმოებს როგორც კონვენციურ, ისე ჰიბრიდულ ომს დემოკრატიული დასავლეთის წინააღმდეგ. მთავარი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რომლის მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს განადგურება და სავარაუდოდ, ომის დასავლეთისკენ გაფართოება. ჯერ არ ვიცით, თუმცა, შეიძლება ჩვენ ვიყოთ მესამე მსოფლიო ომის საწყის ფაზაში, ვინაიდან ამ ომის, აგრესიის წამომწყებთა მიზანი არის მსოფლიო წესრიგის შეცვლა.

რადიო თავისუფლება: პუტინი განუწყვეტლივ ამაზე ლაპარაკობს.

მარკო მიჰკელსონი: ზუსტად და ის ამას არ მალავს. რამდენიმე დღის წინ „ვალდაიზეც“ გაიმეორა. ასე რომ, ვიცით, საქართველო დემოკრატიისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ველია. ვნახეთ როგორ უხეშად ჩაერია რუსეთი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის დროს. ვფიქრობ, მომავლისთვის მთავარი ბრძოლა მოლდოვისთვის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. ვხედავთ როგორ ერევა რუსეთი ევროპის დემოკრატიული ქვეყნების, შესაძლოა იმავე აშშ-სა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ ამით ისინი ჩვენ შიგნიდან დაგვასუსტებენ, დაგვყოფენ, მოახდენენ ჩვენს პოლარიზაციას, უზრუველყოფენ, რომ არ ვიყოთ საკმარისად ძლიერები ძალიან საჭირო სტრატეგიის განხორციელებისთვის - მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ბრძოლაში და მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოთა დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორიც ქართველ ხალხს აქვს. ამიტომაც არის საჭირო გვესმოდეს - რა დევს ახლა სასწორზე საქართველოში.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა და უკვე უპასუხეთ - რა დევს ახლა სასწორზე საქართველოში და რომ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. თქვენ ახსენეთ პარლამენტის სპიკერის დღევანდელი განცხადება: „აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა

მსგავსი განცხადებები კი იმის ნათელყოფაა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით რას ნიშნავს დემოკრატია. დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთმა გადაწყვიტოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი.

ხედავს”-ო და ა.შ.. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თქვენ სხვა საქმე არ გაქვთ გარდა იმისა, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში დადიხართ და რაღაც თქვენს საქმეებს აკეთებთ. ითქვა აგრეთვე, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას უჭერდით მხარს. როგორ აღიქვამთ ასეთ განცხადებებს?

მარკო მიჰკელსონი: სამწუხაროდ, განცხადებები, რომლებიც გვესმის დღეს და გვესმოდა წინა დღეებში - „ქართული ოცნების“ განცხადებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, რითაც, სავარაუდოდ სამუდამოდ შეცვლის საქართველოს დემოკრატიულ ბუნებას, არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, რადგან ჩვენ საქართველოს, საქართველოს ხალხის ნამდვილი მეგობრები ვართ. მოსახლეობის ოთხი მეხუთედი - 80% ისურვებდა ერთ დღესაც საქართველოს ხილვას ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად. მსგავსი განცხადებები კი იმის ნათელყოფაა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით რას ნიშნავს დემოკრატია. დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთმა გადაწყვიტოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ყველგან მიმდინარეობს დისკუსია დემოკრატიის ნაკლოვანებებზე, მაგრამ როცა საქმე ეხება ევროკავშირისკან მიმავალ გზას, განცხადებებზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ მსგავსი ქცევა - ერთი მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცება ევროპისკენ გზა არ არის. კონკრეტულად შემიძლია იმის თქმა, რომ ახლანდელი მმართველი პარტიის მოქმედებები უზრუნველჰყოფს, რომ საქართველო არასდროს გახდეს ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, გვესმის, რომ დასავლეთის ქვეყნები ომისკენ წამქეზებლები, „გლობალური ომის პარტია“ ვართ. გეტყვით, რომ ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს...

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და სხვებიც - ევროკომისიის ახალი წევრები სერიოზულად მიუდგებიან დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

რადიო თავისუფლება: იმავე თეორიისა თუ ლეგენდის თანახმად, საკუთრივ დასავლეთი ჰყავს მიტაცებული „გლობალური ომის პარტიას“...

მარკო მიჰკელსონი: „გლობალური ომის პარტია“ არსებობს - კრემლში, რუსეთში. რუსეთია, სადაც იმყოფება „გლობალური ომის პარტია“. და თუკი ვინმე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ ომების გაჩაღება ან, როგორც კამპანიის დროს მოვისმინეთ, დასავლეთის ქვეყნებს უნდათ მეორე ფრონტის ხილვა საქართველოში, ეს სრული ტყუილია. ეს უბრალოდ ტყუილია! დასავლეთის ქვეყნებს სურთ მშვიდობის აღდგენა, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა ევროპაში და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფაშისტური რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, დამარცხდება და უპირველეს ყოვლისა, დამარცხდება აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ ამას ვამტკიცებთ და ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ვინაიდან, თუკი შევეგუებით, რომ ძალის გამოყენებით შესაძლებელია საზღვრების შეცვლა და რომ ძალა უფლებაზე უპირატესია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამყარო განადგურდება და ჩვენ აღმოვჩნდებით ვითარებაში, რომელიც უფრო ფართო გლობალურ კონფლიქტამდე მიგვიყვანს.

რადიო თავისუფლება: არის თუ არა ეს საკმარისად გააზრებული საკუთრივ ევროკავშირში?

მარკო მიჰკელსონი: ჯერ კიდევ არა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედით დელეგაციის სახით რვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი, აგრეთვე იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობები და ევროკავშირი, როგორც ასეთი, მეტ ყურადღებას მიაქცევს, რაც საქართველოში ხდება, რომ არ დავუშვათ სტანდარტულ, ჩვეულ დღის წესრიგთან დაბრუნება. თუკი საქართველოს ახლანდელ მთავრობაში ვინმეს ჰგონია, რომ - აი, აქ ორბანი იყო ჩამოსული, სხვებიც გვესტუმრებიან და რომ აგერ, ახლახან ბუდაპეშტში გამართული შეხვედრა ადასტურებს, რომ ყველაფერი რიგზეა, ევროკავშირთან ურთიერთობასაც არაფერი მოსვლია ამ არჩევნების შედეგად, ეს ტყუილია. მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს დავუბრუნდებით, ჩვენი საქმე იქნება ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტებში, ჩვენს მთავრობებთან, შევეცდებით უზრუნველვყოთ, რომ მომდევნო შეხვედრებზე, მაგალითად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 18 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე და მის შემდგომაც - ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების საბჭოზე საქართველოს საკითხი იქნება ხაზგასმული და იქნება მაქსიმალურად ერთიანი ქმედება, როგორიც კი ახლაა შესაძლებელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთრივ ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს ტრანზიციის პერიოდი - ახალი ევროკომისია მხოლოდ 1 დეკემბრიდან შეუდგება მუშაობას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და სხვებიც - ევროკომისიის ახალი წევრები სერიოზულად მიუდგებიან დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG