Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ


საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებები მიკერძოებულია და ამის შეცვლა უნდა, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები კი ახალ ხელმძღვანელს ცენზურის დაწესების მცდელობაში ადანაშაულებენ. როგორ განიმუხტება ახალი კრიზისი ტელევიზიაში? დღეიდან მაუწყებელში შეხვედრები ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლად არჩეული დირექტორი, გიორგი კოხრეიძე, თავისი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულების შეცვლას ცდილობს. დირექტორს მიაჩნია, რომ მისი მოადგილის უფლება - განსაზღვროს აჭარის ტელევიზიის, რადიოსა და ვებსაიტის საინფორმაციო პოლიტიკა - არასწორია.

„ხელშეკრულებას მოვიყვან წესრიგში, რადგან იქ არის გარკვეული უფლებები დელეგირებული მასზე, რომლის უფლებები მეც არა მაქვს... ის ერევა საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში, მას კი ამის უფლება არ აქვს. ეს მას ხელშეკრულებაში უწერია, რაც უკანონოა“, - ამბობს საკუთარ მოადგილეზე ახალი დირექტორი.

ნათია ზოიძე არ აპირებს, ხელი მოაწეროს შეცვლილ ხელშეკრულებას. ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძეს არ მოსწონს საინფორმაციო რედაქციის კრიტიკული ტონი და სარედაქციო პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას სწორედ ამ მიზეზით ცდილობს.

„რაც მოვიდა, 22 ნოემბრიდან, ჩემი შრომითი უფლებების შეზღუდვას ცდილობს. ახლა გადავიდა კონკრეტულ ქმედებებზე“, - ამბობს ნათია ზოიძე და ამატებს, რომ ახალი დირექტორი მის დაშანტაჟებასაც არ ერიდება. - „ფაქტობრივად, მიდის თვალთვალი ჩემზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია ზოიძე.

30 ნოემბერს გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ნათია ზოიძის სატელეფონო ზარებზე მიუთითა: „თბილისში რომ ვიყავი, ძალიან ბევრ ზარს შევესწარი აქედან, ძალიან ბევრს.... მოიძიეთ, თხოვეთ ადამიანებს, რომ მოგაწოდონ ბოლო ორი თვის თავიანთი სატელეფონო ზარები. მე არა მაქვს ამაზე წვდომა, არ ვიცი. მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი, მუდმივი კავშირი“, - თქვა მან.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ამ კომენტარს ნათია ზოიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა: „აი, კიდევ ერთი ფაქტი, სატელეფონო კომუნიკაციას უსმენენ. მოისმინონ – ნოდარს მელაძის (მთავარი არხი), მათეს კირვალიძის – (ტვ პირველი) და გიორგი ლაფერაშვილთან (ფორმულაnews) სინქრონებზე რომ ვმათხოვრობ, ეგაა ალბათ. მაგრამ კაცი მისი პირით ამბობს, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ“.

გიორგი კოხრეიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ აჭარის ტელევიზია პირადად მის მიმართ და არამხოლოდ - მიკერძოებული და დაუბალანსებელია.

„ჯერ კიდევ 2014 წლიდან, სიუჟეტებში, სადაც მე ვმონაწილეობდი, არსად არ ყოფილა დაცული ბალანსი. აღარ გადავდივარ პოლიტიკურ თემებზე, პირადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ჩამოვიდეს ქარტია და განვიხილოთ სიუჟეტები, რამდენად არის დაბალანსებული. აშკარად დისბალანსია“, - ამბობს გიორგი კოხრეიძე და დასძენს, რომ მიუხედავად შეთავაზებისა, სარედაქციო გუნდი მასთან თანამშრომლობას არ თანხმდება.

„მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. მათ სურთ, რომ მე წავიდე აქედან და მე ამას არ ვაპირებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი კოხრეიძე. შეთავაზება კი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა 29 ნოემბერს გამართულ პირველ თათბირზე მიიღეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ დირექტორი მათ გადაცემებისა და სიუჟეტების მასთან განხილვას სთავაზობდა. მანამდე კი რედაქტორების ნაწილმა შენიშვნა მიიღო, დირექტორის აზრით, თემების მიკერძოებულად გაშუქების გამო.

„მან თქვა, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტს, კარგია თუ არა რეპორტაჟი ან გადაცემა. გვითხრა, რომ ყველა გადაცემის შემდეგ, მოდი, დავსხდეთო, და მე თქვენ მოგცემთ რეკომენდაციებსო. ეს ადამიანი იმდენად შორსაა ჟურნალისტიკიდან, რომ მას ჰგონია, ეს ძალიან კარგია შედეგის გასაუმჯობესებლად, რომ დირექტორმა გაარჩიოს, რატომ იყო ესა თუ ის სტუმარი მოწვეული, რატომ დავსვით ამა თუ იმ ფორმულირებით კითხვა. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის კლასიკური ნიმუში ცენზურის“, - ამბობს ირინა ყურუა, საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი და ანალიტიკური ტოქშოუ „სათქმელის“ წამყვანი. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ამბობენ, რომ გუნდი ერთიანად შეეცდება საინფორმაციო დამოუკიდებლობის დაცვას. მათ შორის, სამართლებრივი გზებითაც. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პროტესტი გარდაუვალი გახდება.

„პირადად ჩემთან ჰქონდა პრობლემა, მითხრა, რომ მე მართული და მიკერძოებული ვარ. ჩემთვის ეს შეურაცხყოფა იყო... დირექტორი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ მხარე და ვაკეთებთ მიკერძოებულ ახალ ამბებს. პირველი, რაც გააკეთა, მოადგილეს უცვლის ხელშეკრულებას დაუსაბუთებლად, რაც, ვფიქრობ, სწორედ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევაა. თუკი ის გააგრძელებს ამ ფორმით თანამშრომლებთან ურთიერთობას, ჩვენ გვექნება პროტესტი“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

თავის მხრივ კი, დირექტორი გიორგი კოხრეიძე რეორგანიზაციაზე ფიქრობს. ის მიიჩნევს, რომ სარედაქციო მიკერძოებულობის გარდა, ტელევიზიის ბიუჯეტიც არარაციონალურად - ძირითადად თანამშრომელთა ხელფასებზე იხარჯება.

გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 22 ნოემბერს აირჩია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ. ამ შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ კვოტითაა წარმოდგენილი მრჩევლების უმრავლესობა.

მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამ 2019 წლის აპრილში დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა, ამის შემდეგ კი კონკურსი ოთხჯერ ჩაიშალა. სამ შემთხვევაში, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მეოთხე კონკურსი კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის მეოთხე მცდელობა მას შემდეგ შეეზღუდა, რაც 23 სექტემბერს, მოსამართლე კობა გოცირიძემ დააკმაყოფილა ერთ-ერთი კანდიდატის, გოგა კოხრეიძის სარჩელი და კონკურსი შეაჩერა.

ამასობაში, 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა მრჩეველთა საბჭოს ძველ შემადგენლობას, სადაც „ქართულ ოცნებას“ ხუთიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.

გოგა კოხრეიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევენ, მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა. ამ პროცესის პარალელურად აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს არაერთი კრიტიკული მოსაზრების მოსმენა მოუწიათ პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან. ბათუმში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს უთხრა, რომ „ტელევიზია „რუსთავი 2“-ის ფილიალია”. ამის შემდეგ კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში „დაოკება“ ურჩია ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია. ორგანიზაციამ შექმნილი ვითარების გამო განცხადებაც გაავრცელა:

„აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე. ქარტიის საბჭო მუდმივ კომუნიკაციაშია ტელევიზიის თანამშრომლებთან და აკვირდება მოვლენების განვითარებას“, - აცხადებს ქარტია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი გიორგი მგელაძე, საბჭოს წევრი ნანა ბიგანიშვილი დღეს და ხვალ, 3 და 4 დეკემბერს, მაუწყებელში შეხვედრებს გამართავენ, ჟურნალისტებისა და მრჩეველთა საბჭოსთან ერთად ისინი ტელევიზიის დირექტორსაც შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG