- საქართველოს მთავრობას დიდი დრო დასჭირდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის პრობლემად აღიარებისთვის, რამაც შესაბამისი ძალისხმევა შეაფერხა და საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე აუდიტორიები უფრო მოწყვლადი გახადა.
- სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პროპაგანდასთან გამკლავების ძალისხმევა ძირითადად რეაქტიულია და იშვიათად მოიცავს წინმსწრებ, პრევენციულ ნაბიჯებს.
- მედიასივრცეში გაჩნდნენ გამოკვეთილად ანტიდასავლური ტელევიზიები, განსხვავებით 10 წლის წინანდელი სიტუაციისგან. ასეთი ტელეკომპანიაა, მაგალითად, “ობიექტივი”, რომელსაც წვდომა აქვს საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო სპექტრთან.
ეს არის დასკვნები საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშიდან, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ძირითადი გამოწვევებისა და პრობლემების გამოკვლევას და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა თითქმის ერთი წლის წინ, 2019 წლის 11 თებერვალს, დაიწყო. პროცესში ჩართული იყო როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები. ჯგუფს დასკვნა და რეკომენდაციები მაისის ბოლოს უნდა წარედგინა კომიტეტისთვის, თუმცა, როგორც დღეს, 2020 წლის 3 თებერვალს, საბოლოო ანგარიშის დაგვიანებულ პრეზენტაციაზე თქვა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო გოგუაძემ, სამუშაო იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, და პროცესიც ამის გამო გაიწელა.
მნიშვნელოვანია ის, რომ მუშაობის დაწყებისას ჯგუფის წევრები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, უმრავლესობას წარმოადგენდნენ და ჯერ არ იყო ცნობილი ის, რომ მმართველი პარტია ფეისბუქს დეზინფორმაციული კამპანიებისთვის იყენებდა.
დღეს, ანგარიშის განხილვისას, არაერთხელ ითქვა, რომ აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოდან წაშლილ ანგარიშებთან მთავრობის კავშირს გამოიკვლევდა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემდა. თავად დოკუმენტში ფეისბუქის მიერ წაშლილ 344 ანგარიშზე მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ეს პრეცედენტი ფეისბუქის საქართველოს მიმართ არსებულ ინტერესზე მიუთითებს. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ფეისბუქის ადმინისტრაციასთან, პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისათვის.
“თავისთავად პრობლემების აღიარება, ფეისბუქის სანქციების მოხვედრა ამ ანგარიშში კარგია, მაგრამ ახლა მთავარია შედეგი - რითი განსხვავდება ეს ანგარიში სხვა რეპორტებისგან, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე და რა შედეგები მოჰყვება მას პარლამენტსა და მთავრობაში.
იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტის ფარგლებში გაკეთებული დასკვნა, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფრო ქმედითი გავლენა იმ პოლიტიკაზე, რასაც სახელმწიფო შეიმუშავებს ამ მიმართულებით.
ვისურვებდი ფეისბუქზე შექმნილიყო კიდევ ერთი ჯგუფი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კინწურაშვილმა, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც, წლებია, მუშაობს დეზინფორმაციის საკითხებზე.
პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი, ამბობს, რომ წარსულის გამოცდილება იმედის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ბედნიერი იქნება, თუკი მისი სკეპტიციზმი არ გამართლდება და ხელისუფლება ანგარიშში გაწერილ რეკომენდაციებს შეასრულებს.
“მთავარი არის პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, საკმაოდ ადრე, რამდენიმე წლით ადრეც იქნებოდა შესაძლებელი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსული დეზონფორმაციის საფრთხედ აღიარება სახელმწიფომ დოკუმენტებში 2017 წლიდან დაიწყო, მაგრამ საფრთხის აღიარების შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. არ მინდა იგივე ბედი ეწიოს ამ ანგარიშსაც, რა ბედიც ეწია საფრთხის აღიარებას, და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე დარჩეს”- ამბობს პაატა გაფრინდაშვილი და ხაზს უსვამს იმას, რომ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მიღებული ზიანი მზარდია და დღეს საქართველოში გარედან მომავალ საფრთხეებთან ერთად შიდა საფრთხეებიც არსებობს, რომლისგანაც, პირველ რიგში, 2020 წლის არჩევნები იქნება დასაცავი.
ნინო გოგუაძე, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნისას უმრავლესობის წევრი იყო, ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას მთავრობის მხრიდან დღესაც იმედიანად უყურებს და ფიქრობს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გარკვეულწილად სხვა ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა, საკმაოდ რეალისტურია.
აი, რამდენიმე რეკომენდაცია ანგარიშიდან:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დაცვა გარე ჩარევებისა და ადგილობრივი მანიპულაციებისგან;
- ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ კონცეფციაში საქართველოს მიმართ რუსეთის ჰიბრიდული ომისა და მტრული საინფორმაციო ოპერაციების, როგორც საფრთხის, იდენტიფიცირება;
- ეროვნული ნარატივის შექმნა ქვეყნის ღირებულებების, მომავლის ხედვის, სხვა ევროპულ ცივილიზაციებთან საქართველოს კავშირის შესახებ;
- ახალ თაობაში კრიტიკული აზროვნების განვითარება;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობა განათლების რეფორმაში, კერძოდ, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების გაზრდის კომპონენტში.
- საქართველოს ეკლესიისა და ჯარის ჩართვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში.