20 ივნისის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი გამოიწვია, ხოლო თავად პოლიტიკოსს სასტუმროს დატოვება აქციის ფონზე, დაცვის თანხლებით მოუწია, რუსული პროპაგანდის მანქანა თავიდან გააქტიურდა - გაიხსენა ძველი მითები და შექმნა ახალი ნარატივები საქართველოს შესახებ.
წამყვანი მიმართულება რუსი ტურისტების ისტორიებია, რომლებიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსების მიერ აქ დახარჯული ფული, მეორე მხრივ კი იმას, რომ საქართველო არც ისე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი ხაზი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დეზინფორმაციაა - რუსული ნარატივის მიხედვით, ეს აქციები რუსოფობიური ხასიათისაა, მის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას და ეს პროტესტი წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა.
20 ივნისის შემდეგ რუსეთის პროპაგანდამ გაიხსენა საყვარელი მიმართულება, თურქეთის ოკუპანტობის შესახებ და ისიც, რომ არსებობს ორი რუსეთი და მათგან ერთს საქართველოსთან მეგობრობა მთელი გულით სურს.
აი რამდენიმე ამბავი, რაც 20 ივნისის მერე რუსულ მედიაში გავრცელდა საქართველოს შესახებ:
რუსოფობიის ფასი 750 მილიონი დოლარია
სპუტნიკის 26 ივნისს გამოქვეყნებული სტატია პუტინის მიერ საქართველოში რუსეთის ავიაკომპანიებისთვის პირდაპირი ფრენების აკრძალვის ბრძანების შემდეგაა დაწერილი და აღწერს, რა ზარალი მიადგება საქართველოს ამ გადაწყვეტილების შედეგად. სტატიაში მნიშვნელოვანია არა ეკონომიკური გათვლები, არამედ ის არგუმენტები, რომლითაც ავტორი პუტინის გადაწყვეტილებას ხსნის.
“უცნაურია, იხდიდე ფულს ქვეყანაში, რომლის ხელმძღვანელობაც ღიად ვერ გიტანს და რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს, - უცნაურია და სტრატეგიულად კონტრპროდუქტიულია. მიზანი ამ ტიპის ეკონომიკური მზრუნველობის შეიძლება იყოს სიტუაცია, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირების, პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის ანტირუსულ განცხადებებზე საზოგადოებას ექნება სწრაფი რეფლექსი: გამოვლენ და გააპროტესტებენ მათ განცხადებებს და თუ ამას არ იზამენ, ეცოდინებათ, რომ ამოქმედდება სანქციები, გაძვირდება ბიზნესი, არ ეყოლებათ ტურისტი და არ ექნებათ ფული.
იმ შემთხვევაში, თუკი მეზობელი ქვეყნის მცხოვრებლებს ასეთი რეფლექსი არ აქვთ, მაშინ ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ეს არ არის “იმპერიული ზრახვები”, ასეთია საუკეთესო დასავლური პრაქტიკა”, - წერს ჟურნალისტი
“ახლა ჩვენ დავაკვირდებით, გააცნობიერებენ თუ არა ქართველები, როგორი მაღალი ფასის გადახდა უწევთ იმ პოლიტიკური პოზიციისთვის, რომელსაც ატარებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ისინი ირჩევენ.
გვინდა გვჯეროდეს, რომ 750 მილიონი დოლარის ზარალი, რომელიც ტურიზმის შეზღუდვის შედეგად დაკარგეს და ამას დამატებული ქართული ღვინოების რუსულ ბაზარზე აკრძალვისას დაკარგული ფული, რაც დაახლოებით წელიწადში 116 მილიონ დოლარია, შედეგს გამოიღებს. ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, უიღბლო ორჯერ იხდის, სულელი - სამჯერ და რუსოფობი მუდამ და ასე იქნება სულ“, - წერს კრემლის ღიად აგიტატორი გამოცემა "სპუტნიკი".
საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის
1 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსი არტისტები გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან, ვინაიდან ამ ქვეყანაში რუსოფობიური განწყობებია გაძლიერებული და შესაძლოა მათ საფრთხე დაემუქროს.
“უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახალგაზრდების გაკიცხვა, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ქართველებს უფრო სჭირდებათ რუსეთი, ვიდრე რუსებს ქართველები
ნინო ქათამაძის განცხადებას, რომ 22 ივნისს მოსკოვში გამართული მისი კონცერტი ბოლო იქნებოდა რუსეთში, პუტინი ოკუპანტია და ის უერთდება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რუსეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მას გამოეხმაურა ყველა, დმიტრი პესკოვით დაწყებული და ტვიტერზე პუტინის კატის სახელით მპოსტავი იუზერით დამთავრებული. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნინო ქათამაძეს ბევრი არაფერი ესმის პოლიტიკაში, რომ ეს ყველაფერი პიარ აქციაა და რომ მალე ინანებს ამ განცხადებას. ამბობდნენ იმასაც, რომ საქართველოში ის ზეწოლის მსხვერპლი გახდა და ეს განცხადება იძულებით გააკეთა.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს სააკაშვილის ცოლი
29 ივნისს ინტერფაქსზე გამოქვეყნებულ მასალაში “თავისუფლების მარში” და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურად მართავს, მოხსენიებულია, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია სანდრა რულოვსის მეთაურობით.
“როგორც ინტერფაქსის” კორესპონდენტი გვატყობინებს, აპოლიტიკური ახალგაზრდების რიცხვი, რომლებმაც დაიწყეს აქცია 21 ივნისს, თავისუფლების მარშის დროს მცირე იყო და მათ სჭარბობდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, მობილიზებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”, - წერს გამოცემა.
თბილისში არეულობის უკან დგას მიხეილ სააკაშვილი
26 ივნისს PRAVDA.RU-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ თბილისში მიმდინარე მასშტაბური აქციის ფოტოების მიხედვით, ცხადია, რომ აქციის მონაწილეები ანტირუსული განწყობებით გამოირჩევიან. მათ ანტირუსული ტრანსპარანტები ეჭირათ. გამოცემა წერს, რომ რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენა “მხოლოდ ფორმალური მიზეზი” იყო და ხაზს უსვამს იმას, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ქართული მხარის შეთავაზებით აღმოჩნდა, პროტოკოლის შესაბამისად.
“ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი იყო, ის ელოდა ასამბლეის რუსულ დელეგაციას”, - ეუბნება გამოცემას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პროფესორი, ვლადიმერ ხომერიკი.
“მე ვერ ვიგებ ერთს - რატომ დუმს ამ შემთხვევაში ევროპა. ეს ხომ საერთაშორისო პარლამენტთაშორისი ასამბლეაა - ოფიციალური ორგანო. რუსული დელეგაცია მასში ოფიციალურად მონაწილეობს და იყო მოწვეული. სად არის ამ შემთხვევაში ქართული დემოკრატია? სად დაკარგეს საერთოდ ქართველებმა სტუმარმასპინძლობა?” - ამბობს ხომერიკი.
რუსეთის პირველი არხის მიერ აჭარაში მომზადებული თურქოფობიური ვიდეოსიუჟეტი 30 ივნისს გავიდა ეთერში. მისი გმირები აჭარაში მცხოვრებ თურქებთან ერთად არიან ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ასლან სმირბა და პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემის, საქინფორმის მთავარი რედაქტორი ანდრო ხიდირბეგიშვილი. იგი სიუჟეტში ამბობს, რომ აჭარის გათურქება მიხეილ სააკაშვილის მმართველობიდან იწყება.
“ჩვენ რუსეთის ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, არადა, ქართული მიწების ნამდვილი ოკუპანტი თურქეთია,” - ამბობს საქინფორმის რედაქტორი სიუჟეტში, ბათუმის ყოფილი მერი კი აცხადებს, რომ თურქები აქედან გასაყრელები არიან.
სიუჟეტის ავტორი იმის საილუსტრაციოდ, რომ აჭარას ქართველები კარგავენ, ჰყვება: “ქუთაისის ქუჩა ბათუმში სწრაფად მზარდი თურქული კვარტალია. აქ ათობით თურქული კაფეა, რომლებიც ერთი და იმავე მარტივი სქემით მუშაობენ: კაფეს მფლობელი თურქეთშია, დირექტორი – თურქი, კლიენტები – თურქები. მხოლოდ მომსახურე პერსონალია ადგილობრივი მოსახლეობა”.
წამყვანი ასევე რელიგიურ კონფლიქტს აღვივებს და ამბობს, რომ “ახალ სასტუმროებზე არანაკლები რაოდენობის მეჩეთები იხსნება აჭარაში, რომელიც თურქული ფულით შენდება. რეგიონის მოსახლეობის მესამედი – ქართველი მუსლიმები არიან. მთავარი მეჩეთის მინარეთთან იმ დაწესებულებების ქსელია, რომლებთანაც საქართველო ადრე არასოდეს ასოცირდებოდა. თურქებმა ტაილანდიდან მასაჟისტი ქალები გამოიწერეს."
პოლიტიკა პოლიტიკაა და მას ურთიერთობები არ უნდა შეეწიროს
მითი ორი რუსეთის და იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტები მხოლოდ პოლიტიკის შედეგია, ხალხთა მეგობრობას კი წინ არაფერი უდგას, რუსეთისთვის ერთ-ერთი საყვარელი მითია და ის 30 ივნისს კიდევ ერთხელ გაიხსენა კომერსანტმა.
“ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის მასობრივი ანტირუსული პროტესტის ფონზე, სერიოზულ კრიზისშია. გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მოიხსენია რუსეთი “მტრად და ოკუპანტად”, მოსკოვმა კი აკრძალა პირდაპირი ფრენები საქართველოში”, - წერს გამოცემა და აზრს ეკითხება შექმნილი სიტუაციის შესახებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს იმის საილუსტრაციოდ, რომ დაძაბულობა მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალია.
“ჩვენ ხომ მეზობლები ვართ, რომლებიც უკვე მრავალი საუკუნეა ერთმანეთთან ვმეგობრობთ, ბევრი საერთო გვაქვს, ერთმორწმუნეები ვართ და როცა ჩვენი ურთიერთობები ფუჭდება, ცუდია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ დავლევთ ქართულ ღვინოს და შევჭამთ ქართულ მწვადს.” - ფეხბურთელი სერგეი იურანი.
“ჩვენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ორი მოძმე ერი ვართ. და როგორც ყველა ნათესავს შორის, ჩვენ შორისაც შეიძლება იყოს პერიოდები გაუგებრობის და წყენის. მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. სტუმართმოყვარეობა - ქართველების ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციაა და ამ ტრადიციის მიხედვით სტუმრების წყენინება სირცხვილი და დაუშვებელია. და უცნაურია, რომ არსებობს ხალხი, ვისაც ეს დაავიწყდა“, - წარმოშობით ქართველი, რუსი მომღერალი დიანა ღურწკაია.
"მე ვფიქრობ, რომ ისტორიულად, საქმიანად, მეგობრულად და მეზობლურად საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლობელია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასე იყოს. მე ამიერკავკასიაში გავიზარდე, ბევრჯერ ვარ საქართველოში ნამყოფი, მიყვარს ეს ხალხი, ქართული სამზარეულო და ქართული ხასიათი. მოსკოვში ბევრი ნიჭიერი ქართველი მომღერალი, რესტორატორი, ექიმი მუშაობს, ბევრმა ეთნიკურად ქართველმა სამხედრომ დაღვარა სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს პერიოდული კონფლიქტები არანაირ სარგებელს არ იძლევა", - კინორეჟისორი, იული გუსმანი.