30 ივნისს მომღერალმა ნინო ქათამაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ უერთდებოდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო ტალღას და ბოდიშს იხდიდა 22 ივნისს რუსეთში გამართული კონცერტის გამო, რომელზეც უარის თქმა ვერ შეძლო. ნინო ქათამაძის თქმით ეს იყო მისი ბოლო კონცერტი რუსეთში. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მომღერალი რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, პროტესტანტებს მიმართა და იმღერა.
რუსეთში კონცერტების აღარ ჩატარების გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა რუსული მედია. შოუ ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ ქათამაძე თავისი გადაწყვეტილებით მხოლოდ საკუთარ თავს თუ ავნებს, გულუბრყვილოდ კითხულობენ, საერთოდ ვინ არის ეს ქალიო, გუგლ ტრენდის ყველაზე პოპულარულ მასალებში კი რუსულენოვან ინტერნეტში მოხვდა სტატია, სადაც წერია, რომ ქართველმა მომღერალმა თავისი რუსეთის საწინააღმდეგო სტატუსი ფეისბუქზე წაშალა.
ამბავი იმის შესახებ, რომ ნინო ქათამაძემ სტატუსი წაშალა, ცრუ ინფორმაციაა. სტატუსი, სადაც მომღერალი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ განიცადა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის დანახვა საქართველოს პარლამენტში და იმაზეც, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარია უნდა გადადგეს და რუსეთი საქართველოს მტერია, ამ დრომდე დევს მომღერლის პირად გვერდზე.
მომღერალის განცხადებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში მის განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, მუსიკალური პროდუსერი იოსიფ პრიგოჟინი ამ გადაწყვეტილებას სულელურს და არაშორსმჭვრეტელურს უწოდებს და ამბობს, რომ როცა ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.
“ისინი რა, ყველანი გადაირიენ? რა სისულელეა. მისთვის ამ ქვეყანაში არაფერი დაუშავებიათ. რა საჭიროა ეს კარის მიჯახუნებები. დაუშვებელია. როცა ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნონ. დაე იჯდეს იმ თავის საქართველოში, იქ იაროს გასტროლებზე.
ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, რომელიც ფლობს ატომურ იარაღს, ყოველთვის შეეცდება პატარა ქვეყნებზე დომინაციას. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო.“ - ამბობს პროდუსერი.
twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი სახელით "პუტინის კატა" კი ამბობს, რომ მას ამ მომღერლის შესახებ აქამდე არასოდეს სმენია.
“პუტინის კატის” ვერსიას იმის შესახებ, რომ ნინო ქათამაძე არავინ იცის, ავრცელებს რუსი ჟურნალისტი ოლღა სკაბიევნა, რომელიც ქართველი მომღერლის გადაწყვეტილებას ყურადღების მისაქცევ პიარ აქციად მიიჩნევს.
ოლღა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ანტიპუტინისტური პოსტის წაშლის შესახებ.
ადამიანები, რომლებიც ნინო ქათამაძის პოსტის წაშლაზე წერენ, ძირითადად ამტკიცებენ, რომ რუსული ჰონორარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არაფრისმომცემი პროტესტი.
არიან ისეთებიც, რომლებსაც გრძელვადიანი პროტესტის არ სჯერათ და ამბობენ, რომ მალე ისევ მოვა დრო, როცა ქათამაძე რუსეთში კონცერტს გამართავს და ამაზე ამდენი მსჯელობა უბრალოდ მოსაწყენია.
ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა. სიმღერის ვიდეო ტელე-რადიო წამყვანმა, ალექს დუბასმა ინსტაგრამზე გაავრცელა:
"როგორც ნინომ მითხრა, მისი გული ახლა საქართველოშია. მე მას ვუთხარი, რომ დღეს მსმენელის გულიც მასთანაა, რაც იმას ნიშნავს რომ მათი გული საქართველოშიცაა. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, როგორი აპოლოდისმენტებით ხვდებიან მას, რადგან ჩვენ ვიცით, თქვენი [ქართველების] აბსოლუტური უმრავლესობა რუსოფობი არ არის". - წერდა დუბასი, რომელმაც მოგვიანებით ეს ვიდეო წაშალა.