Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ „ლიბერთისა“ და ეროვნულ ბანკს უჩივის - სანქციების წინააღმდეგ


ალიშერ უსმანოვი „ლიბერთი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივის - სანქციების „ზედმეტად მკაცრად აღსრულების“ გამო.
ალიშერ უსმანოვი „ლიბერთი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივის - სანქციების „ზედმეტად მკაცრად აღსრულების“ გამო.

„ვლადიმირ პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ ალიშერ უსმანოვი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს, ქართულ „ლიბერთი ბანკსა“ და ცენტრალურ ბანკს სანქციების „ზედმეტად მკაცრად აღსრულების“ გამო უჩივის და ხუთ მილიონ ევროზე წვდომის აღდგენას ითხოვს.

უსმანოვი, - რომელმაც თავის დროზე „იდუმალი“ ბიძინა ივანიშვილისგან იყიდა კომპანია „მეტალოინვესტი“, - ახლა „ქართული ოცნების“ საინფორმაციო საყრდენის, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის „ლიბერთი ბანკს“ უჩივის ქართულ სასამართლოში.

მას ამ საქმეში ეხმარება ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენდა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ ასობით მილიონ დოლარზე დავაში.

ამ სტატიაში გიამბობთ:

  • ვინ არის ალიშერ უსმანოვი, რა კავშირი აქვს ივანიშვილთან და როგორ უკავშირდებიან ისინი კიდევ ერთ სანქცირებულ პირს - კვიპროსელ ადვოკატ კრისტოდულოს ვასილიადისს;
  • რა პრეტენზია აქვს უსმანოვს „ლიბერთი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკთან, რა არგუმენტებით ითხოვს საქართველოში სანქციების მომწესრიგებელი ერთადერთი ბრძანების გაუქმებას.

„პუტინის საყვარელი ოლიგარქი“

70 წლის უზბეკური წარმოშობის რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2022 წლის 3 მარტს დაუწესდა საერთაშორისო სანქციები - შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისგან, გაერთიანებული სამეფოსა და მათი პარტნიორებისგან.

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის სიტყვებით, უსმანოვი არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მილიარდერი, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ აურაცხელ ჰოლდინგებს ფლობს, მათ შორის მეტალურგიაში, ტელეკომუნიკაციებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სამთო მოპოვებაში.

ვლადიმირ პუტინი მედლით აჯილდოებს ალიშერ უსმანოვს. 2018 წლის 27 ნოემბერი
ვლადიმირ პუტინი მედლით აჯილდოებს ალიშერ უსმანოვს. 2018 წლის 27 ნოემბერი

ყოფილი მოფარიკავე, სხვა რუსი ოლიგარქების მსგავსად, ისიც 1990-იანი წლების „პრიხვატიზაციის“ (პრივატიზაცია მიტაცებით) პერიოდში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამდიდრდა.

ამერიკული Forbes-ის ცნობით, უსმანოვის ქონება $14.5 მილიარდს აჭარბებს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 117-ე ადგილზეა. მისი ქონების უდიდესი ნაწილი კორპორაცია „მეტალოინვესტში“ 49%-იან წილზე მოდის.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში იგი მოხსენიებულია, როგორც „კრემლის მხარდამჭერი ოლიგარქი განსაკუთრებულად ახლო კავშირებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან“ - ასევე, როგორც „ვლადიმირ პუტინის საყვარელი ოლიგარქი“.

2007-18 წლებში ლონდონური საფეხბურთო კლუბის, „არსენალის“ მეწილე იყო. ადრე აფინანსებდა „ფეისბუკსაც“; ფლობს თვითმფრინავებს, უზარმაზარ იახტებსა და ფეშენებელურ სახლებს. უკრაინის მთავრობას მისი 54 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქონება აქვს დაყადაღებული, - მათ შორის 160 000 ტონა რკინის მადანი.

2022 წლის 3 მარტის საერთაშორისო სანქციები „მეტალოინვესტზე“ არ გავრცელებულა - გავრცელდა იმ კომპანიებზე, სადაც უსმანოვს წილების 50%-ზე მეტი ჰქონდა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ერთ წელიწადში „მეტალოინვესტსაც“ დაუწესა სანქციები.

2023 წლის 12 აპრილის ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტის უცხოური ქონების კონტროლის სამსახურმა (OFAC-მა) უკვე „მეტალოინვესტსა“ და ამ ჰოლდინგში შემავალ შვილობილ კომპანიებსაც დაუწესა სანქციები.

მათ შორის მოხვდა შვეიცარიაში დაფუძნებული შვილობილი კომპანია, Metalloinvest Trading AG.

5 მილიონი ევრო საქართველოში - რისთვის?

აღმოჩნდა, რომ ამ დროისათვის შვეიცარიულ „მეტალოინვესტს“ საქართველოში, „ლიბერთი ბანკში“ 5 მილიონი ევროს დეპოზიტი ჰქონდა დაგროვებით ანაბარზე.

კომპანიამ სანქცირების დღესვე, 2023 წლის 12 აპრილსვე სცადა, „ლიბერთიში“ შენახული 5 მილიონი ევრო გადაერიცხა, მაგრამ ბანკმა ამის საშუალება არ მისცაო, - უამბობს რადიო თავისუფლებას „მეტალოინვესტის“ ინტერესების დამცველი სანდრო სამადბეგიშვილი, იურიდიული ფირმა MKD-ის პარტნიორი და იურისტი.

"ლიბერთი ბანკის" ფილიალი თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე
"ლიბერთი ბანკის" ფილიალი თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ადვოკატის თანახმადვე, კომპანიას ეს თანხა 2022 წელს ჰქონდა შეტანილი „ლიბერთი ბანკში“ - სანქცირების მომენტისთვის „ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში“.

ეს ნიშნავს, რომ „მეტალოინვესტმა“ ფული საქართველოში მას შემდეგ გადარიცხა, რაც მის დამფუძნებელ უსმანოვს პირველადი სანქციები შეეხო.

რისთვის დასჭირდა შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც მილიარდიან ბიზნესშია, ქართულ კომერციულ ბანკში თანხის განთავსება? შესაძლებელია, რომ „ლიბერთის“ იმაზე უკეთესი პირობები შეეთავაზებინა, ვიდრე რომელიმე შვეიცარიული კომერციული ბანკი შესთავაზებდა?

ადვოკატი სანდრო სამადბეგიშვილი ამბობს, ზუსტი მიზეზი არ არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ ორი შესაძლო ვარიანტიაო:

  1. „აქტივების დივერსიფიცირება - რომ ყველა აქტივი ერთ ქვეყანაში, ერთ ბანკში არ ჰქონდეს განთავსებული“. 2022 წელს სანქცირების შემდეგ მას აეკრძალა აშშ-ში, ევროკავშირსა და სხვა მასანქცირებელ ქვეყნებში მოგზაურობა და ამ ტერიტორიებზე აქტივები „გაეყინა“;
  2. „საოპერაციო მიზნებისთვის - შესაძლოა, ჩვენს გეოგრაფიაში - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, - ჰქონოდა რაიმე სახის ტრანზაქცია, რომლისთვისაც გამოსაყენებლად უფრო მოხერხებული იქნებოდა საქართველოს ბანკში [ფულის] ქონა“.

უსმანოვი წარმოშობით უზბეკეთიდანაა. პროვინციულ ქალაქ ჩუსტში დაიბადა, ტაშკენტში გაიზარდა და სწავლა საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში გააგრძელა. ახლა რუსეთისა და უზბეკეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად სანდრო სამადბეგიშვილი გვეუბნება, „მეტალოინვესტს“ საქართველოში ბიზნესპარტნიორები ჰყავს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ოპერაციები საქართველოში არ აქვსო.

ადვოკატის თქმითვე, „მეტალოინვესტის“ თანხა შენახული მხოლოდ ევროში იყო და სხვა ვალუტაში არა. ჩვენ მას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა უსმანოვს პირადი ანგარიში საქართველოში, რაზეც გვიპასუხა: „სხვა მომიჯნავე დავებზე ინფორმაცია არ მაქვს. შემიძლია ვივარაუდო, რომ სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო, ისიც ჩვენთან მოვიდოდა“.

ივანიშვილისა და უსმანოვის კავშირები - რა ვიცით?

რუსულ სამთავრობო მედიაში, - „კომერსანტში“, „რია ნოვოსტისა“ და „სპუტნიკში“ - მოიძებნება სხვადასხვა პერიოდის იდენტური ცნობები, რომელთა თანახმადაც ბიძინა ივანიშვილმა (რუსულ მედიაში ზოგჯერ მოხსენიებულია „ბორისად“) 1997 წელს დააფუძნა ჰოლდინგური კომპანია „მეტალოინვესტი“.

ივანიშვილის გამდიდრებაც, უსმანოვის მსგავსად, 1990-იან წლებს ემთხვევა - ბანკ Российский Кредит-ის დაფუძნებითა და შემდეგ მეტალურგიული აქტივების შესყიდვით. თუმცა წლების შემდეგ განაცხადა, რომ ამ მიმართულებას ჩაეხსნა.

„კომერსანტის“ თანახმად, „მეტალოინვესტის“ 2004 წლის რესტრუქტურიზაციის შემდეგ დაიბადა „უნიკორი“ - კომპანია, რომელიც ივანიშვილმა რუსეთში თავისი ქონების სამართავად შექმნა.

შემდეგ, 2005 წელს, რუსული გამოცემა „მოსკოვ ტაიმზის“ ცნობით, ივანიშვილმა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, - მეტალურგიაში თავისი ბოლო აქტივის - 97%-იანი წილი 1.65 მლრდ აშშ დოლარად გაყიდა.

რუსული წყაროების თანახმადვე, მყიდველები ყაზახი-რუსი ბიზნესმენი ვასილი ანისიმოვი და ალიშერ უსმანოვი იყვნენ.

ბიძინა ივანიშვილი კამერებთან მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა - წლების განმავლობაში იგი თავს არიდებდა საჯაროობას
ბიძინა ივანიშვილი კამერებთან მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა - წლების განმავლობაში იგი თავს არიდებდა საჯაროობას

ამჟამად „მეტალოინვესტის“ ჰოლდინგის ვებსაიტი რომ შეამოწმოთ, ამ ამბებზე ვერაფერს წაიკითხავთ. აქ ისტორიის თხრობა 2006 წლიდან იწყება, როდესაც დეკემბერში „გაზმეტალი“ უერთდება „მეტალოინვესტის“ აქტივებს (მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ურალ სტილს“): ყველა აქტივი გაერთიანდა, რათა ერთი საერთო ჰოლდინგური კომპანია ჩამოყალიბებულიყოო.

ამის შემდეგ კომპანიასთან ივანიშვილის კავშირზე საჯარო ცნობები არ იძებნება.

საერთო მრჩეველი - კრისტოდულოს ვასილიადისი

ივანიშვილსა და უსმანოვს მხოლოდ გამდიდრების პერიოდი, ინდუსტრია და ბიზნესტრანზაქცია არ აკავშირებთ. მათ წლების განმავლობაში ჰყავდათ საერთო ადვოკატი-მრჩეველი - კვიპროსელი კრისტოდულოს ვასილიადისი.

2023 წლის 12 აპრილს, - ზუსტად მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა უსმანოვის კომპანიებს, მათ შორის „მეტალოინვესტს“, დაუწესა სანქციები, - სანქცირებულთა სიაში ვასილიადისიც შეიყვანა. მისი პირადი კავშირებისა და კომპანიების ფართო ქსელს სანქციები, აშშ-ს გარდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც დაუწესა.

შტატების სახაზინო დეპარტამენტი გადაწყვეტილების დასაბუთებისას წერს, რომ ვასილიადისი - „რუსი ოლიგარქების მარჯვენა ხელი“ საკვანძო ფიგურაა „სბერბანკის“ (აშშ-ის მიერ მანამდე სანქცირებული რუსული ბანკის) შვილობილი ფირმის მენეჯმენტში.

ვასილიადისი კვიპროსელი ადვოკატი და კონსულტანტია, რომელსაც დიდი ხანია, კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების ერთგული ადიუტანტის რეპუტაცია აქვს.

კრისტოდულოს ვასილიადისი
კრისტოდულოს ვასილიადისი

ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქცირების ერთ-ერთი მიზეზი მისი ძველი კლიენტის, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დახმარება იყო.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, ვასილიადისმა და მის ქსელში ჩაბმულმა კომპანიებმა და ინდივიდებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს „არაერთი რუსი ოლიგარქის გაძლიერებაში“.

ივანიშვილთან ვასილიადისის კავშირები კი ასეთია:

  • 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ მასთან ახლად დაპირისპირებული ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ აქციები დააყადაღა, სწორედ ვასილიადისი იცავდა „ქართუს“ ინტერესებს;
  • ვასილიადისის ოფშორული კომპანიის, სანქცირებული „ლედრას“ შვილობილი ფირმა, „კრისტა“, წლების განმავლობაში ფლობდა „ქართუ ფონდს“ და „აგრო ქართუს“;
  • ამავე „კრისტასგან“ ივანიშვილის საქველმოქმედო „ქართუ ფონდმა“ 2018-19 წლებში 27.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო;
  • „პანდორას“ გაჟონილი დოკუმენტების მონაცემთა ბაზის თანახმად, „კრისტას“ „საბოლოო ბენეფიციარი“, ანუ რეალური მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ „კრისტა“ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მხოლოდ სამართლებრივ მომსახურებას უწევდა.

კიდევ ერთი საერთო - საადვოკატო ფირმა

საადვოკატო ფირმა, რომელიც „მეტალოინვესტის“ ინტერესებს იცავს ქართულ სასამართლოში, იგივეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს წარადგენდა ასობით მილიონი აშშ დოლარის შესახებ წლების განმავლობაში გაწელილ დავაში შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ.

MKD - რომელიც „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის“ აბრევიატურაა - 1996 წელს დაფუძნებული იურიდიული კომპანიაა. ივანიშვილი-„კრედიტ სუისის“ დავის სპიკერს ვიქტორ ყიფიანს ქართული ოპოზიციური მედია ხშირად უწინასწარმეტყველებდა პრემიერ-მინისტრობას.

თუმცა 2023 წლის მარტში, - აგენტების რუსულ კანონზე ყიფიანის კრიტიკული კომენტარის შემდეგ, „ოცნების“ პარლამენტარებმა, ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ყიფიანი ივანიშვილს საადვოკატო მომსახურებას აღარ უწევდა - „ივანიშვილის გადაწყვეტილებით“.

კომპანიის ადვოკატი სანდრო სამადბეგიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ივანიშვილმა 2000-იან წლებში „კრედიტ სუისში“ სწორედ ის თანხა განათავსა, რაც რუსეთში ერთ-ერთი მეტალურგიული ქარხნის გაყიდვის შედეგად მიიღო.

რას ედავება უსმანოვი „ლიბერთის“?

MKD-ს ალიშერ უსმანოვის კომპანიის, Metalloinvest Trading AG-ის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი აქვს აღძრული: „ლიბერთი ბანკისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.

კომპანიის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნებია:

  1. „ლიბერთი ბანკმა“ შეასრულოს მოთხოვნილი ტრანზაქცია - 5 მლნ ევრო გადარიცხოს ავსტრიულ Raiffeisenbank-ში;
  2. ეროვნულმა ბანკმა ბათილად ცნოს ინსტრუქცია და ნორმატიული აქტი, რაც კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სანქციების რეჟიმი დაიცვას.

ადვოკატის მტკიცებით, „მეტალოინვესტი“ შვეიცარიაში რეგისტრირებული და მოქმედი კომპანიაა და უშუალოდ მასზე ევროკავშირის სანქციები არ ვრცელდება, - ვრცელდება მხოლოდ აშშ-ს სანქციები. ასე რომ, კომპანიის პოზიციით, ბანკმა სანქციების შესრულებისას ზედმეტად ფართო ინტერპრეტაცია გამოიყენა.

სანდრო სამადბეგიშვილი, იურიდიული ფირმა MKD-ის ადვოკატი
სანდრო სამადბეგიშვილი, იურიდიული ფირმა MKD-ის ადვოკატი
„ევროკავშირის ტერიტორიაზე კომპანია ჩვეულებრივად ოპერირებს. ის ტრანზაქციაც, რისი განხორციელებაც მას სურდა, იყო ევროპულ ბანკში, „რაიფაიზენბანკში“ [Raiffeisenbank] თანხის გატანასთან დაკავშირებული“, - ეუბნება სანდრო სამადბეგიშვილი რადიო თავისუფლებას და დასძენს, "ლიბერთის" რომ ტრანზაქცია არ დაებლოკა, ჩემს კლიენტს ამ თანხაზე ავსტრიულ ბანკში უპრობლემოდ ექნებოდა წვდომაო. „არც ვალუტაა ამერიკული, - საუბარი არაა დოლარზე, - და არც საშუამავლო ბანკი“, - ამბობს ის.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა Raiffeisenbank-ს კითხვით, შეუძლიათ თუ არა დაგვიდასტურონ, რომ „მეტალოინვესის“ შვეიცარიული შვილობილი კომპანია მათთან ტრანზაქციებს შეუფერხებლად ახორციელებს.

„რაიფაიზენბანკის“ პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას მისწერეს, რომ „საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე“, არ აქვთ უფლება, კლიენტების შესახებ ინფორმაცია გასცენ.

Raiffeisenbank-ი ავსტრიული ბანკია, რომელსაც ამ დრომდე არ დაუტოვებია რუსეთის ფედერაცია, - ევროპული ქვეყნების, მათ შორის ჩეხეთის, წნეხის მიუხედავად. ეს მაშინ, როდესაც ევროპული ბანკების ნაწილი ომის დაწყებიდანვე ცდილობს დისტანცირებას. მაგალითად, „სოსიეტე ჟენერალმა“ თავისი აქტივები „როსბანკს“ მიჰყიდა, მიუხედავად იმისა, რომ 3.3 მილიარდი ევრო იზარალა.

Raiffeisenbank-ი უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ „ომის საერთაშორისო სპონსორად“ მიიჩნია 2023 წლის მარტში. მას აკრიტიკებს უკრაინის მთავრობა. უკრაინის მთავრობის საიტის, „ომი და სანქციები“, თანახმად, ბანკის რუსულმა შვილობილმა 2022 წელს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი 559 მილიონი ევროთი შეავსო.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, 2023 წლის თებერვალში „რაიფაიზენბანკის“ რუსეთთან დაკავშირებული აქტივობებით შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისიც (OFAC-ი) დაინტერესდა.

2023 წლის ივნისში „რაიფაიზენბანკმა“ გამოაცხადა, რომ საკორესპონდენციო ბანკების დაწესებული შეზღუდვების გამო 3 ივლისიდან რუსეთსა და ზოგიერთ ქვეყანაში, - მათ შორის საქართველოში, - ევროში გადარიცხვებს ვერ განახორციელებდა.

რადიო თავისუფლებას „რაიფაიზენბანკში“ ასევე განუცხადეს, რომ „ბანკი, რა თქმა უნდა, ემორჩილება ყველა სანქციას“.

„ლიბერთის“ საკორესპონდენტო ბანკები გერმანიაში COMMERZBANK-ი და Landesbank Baden-Württemberg-ი არიან.

„ლიბერთი“: იცნობს რუხაძე უსმანოვს?

„ლიბერთი ბანკი“, რომელსაც უსმანოვის კომპანია ედავება, 1994 წელს დაფუძნებული ბანკია (ძველი სახელია „სახალხო ბანკი“), - სიდიდით მესამე ბანკი ქვეყანაში. მას 2017 წლიდან ჰოლდინგი „ჰანიველ პარტნერსი“ (Hunnewell Partners) ფლობს.

„ჰანიველ პარტნერსის“ ძირითადი მფლობელი კი ირაკლი რუხაძეა, - 2008 წელს ლონდონში გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ერთგული მრჩეველი და პარტნიორი. რუხაძის თქმით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისი დახმარებით დაიბრუნა პატარკაციშვილების ოჯახმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში წართმეული ქონება.

ალიშერ უსმანოვმა 2006 წელს „კომერსანტი“ სწორედ ბადრი პატარკაციშვილისგან იყიდა. პატარკაციშვილს, თავის მხრივ, ამ წილების ნაწილი ბორის ბერეზოვსკისგან ჰქონდა რამდენიმე თვით ადრე ნაყიდი.

რუხაძის „ჰანიველ პარტნერსი“ ფლობს ტელეკომპანია „იმედს“, - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საინფორმაციო საყრდენს. ტრანზაქცია ოფიციალურად 2021 წლის აგვისტოში გაფორმდა.

ირაკლი რუხაძე
ირაკლი რუხაძე

ხომ არ ჰქონდა სანაცნობო ურთიერთობა ალიშერ უსმანოვს ირაკლი რუხაძესთან და ამიტომ, რაიმე გარანტიების იმედად ხომ არ ჩადო თანხა? - ვკითხეთ „მეტალოინვესტის“ ადვოკატ სანდრო სამადბეგიშვილს. მისი თქმით, „ლიბერთისა“ და მისი კლიენტის ურთიერთობა „არაფრით არ ჰგავს იმ ურთიერთობას, როცა ვიღაცას აქვს რწმუნება, რომ უფრო პრეფერენციულ პირობებში ჩადგება, ვიდრე სხვა ბანკი“:

„სინამდვილეში, ბანკს ჰქონდა იმის საშუალება, რომ რაღაც საშეღავათო პერიოდი მოეცა თანხის გასატანად, - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თანხის გატანის გარეშე კონვერტაცია მოეხდინა იმავე ბანკში, სხვა ვალუტაში გადაგვეტანა თანხა. მაგრამ ყველაფერზე უარი თქვეს, თეორიაში რაც შეიძლება მოგვეფიქრებინა. ბანკმა არათუ სანქციები აღასრულა, არამედ აღასრულა ბევრად უფრო მძიმე ფორმით, ვიდრე შეიძლება მისგან ამას საერთოდ ითხოვს სანქციები. შედეგობრივად ამას რომ ვუყურებ, არანაირი განცდა არ მრჩება, - და დარწმუნებული ვარ, არც მკითხველს არ დარჩება, - რომ კლიენტს შეიძლება მოლოდინი ჰქონოდა, რაიმე საშეღავათო რეჟიმში იქნებოდა“.

დავა ეროვნულ ბანკთან

გარდა „ლიბერთი ბანკისა“, უსმანოვის „მეტალოინვესტი“ ცენტრალურ ბანკს - საქართველოს ეროვნულ ბანკსაც ედავება და სასამართლოს სთხოვს, გააუქმოს ბრძანება საქართველოში სანქციების აღსრულების წესის შესახებ.

ადვოკატის მონათხრობის თანახმად, „ლიბერთი ბანკი“ აპრილი-ივნისის პერიოდში კომუნიკაციისას კლიენტს მიუთითებდა ეროვნული ბანკის მიერ მათთვის გაგზავნილ იმეილზე, - არა რაიმე სხვა ნორმატიულ აქტზე. მას შემდეგ, რაც ბანკისგან დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება ვერ მივიღეთ, ეროვნულ ბანკს მივმართეთ - ოღონდ კითხვებით და არა საჩივრითო.

„დაახლოებით ერთი თვის თავზე გვიპასუხეს, ზოგადად, კომერციული ბანკებისადმი არსებობს [მეილით გაგზავნილი/ზეპირი] დირექტივა 2022 წლის 22 თებერვლიდანო, ამასობაში კი მიიღეს ბრძანება, 4 აგვისტოთი დათარიღებული, რომელიც ბანკებს ეუბნება, რომ აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციები დაიცავითო. და შეგიძლიათ ამ ბრძანებას გაეცნოთო“.

4 აგვისტოს, ეროვნული ბანკის ახალმა მმართველმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაამტკიცა აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმის შესრულების წესი. ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა ახლა უკვე ნორმატიული აქტით დაავალდებულა კომერციული ბანკები, შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები.

ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

მოსარჩელის პოზიციით, ეს ბრძანება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ამიტომ სასამართლომ უნდა გააუქმოს. იგი ორ ძირითად არგუმენტს ასახელებს:

  • „გვაქვს საკუთრების უფლების შეზღუდვა. საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით ან სასამართლოს მიერ. მაგრამ არ გვაქვს არც კანონი, - მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - და არც სასამართლო გადაწყვეტილება“;
  • „არ გვაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება… როცა გეუბნებიან, რომ მოქცეული ხარ სასანქციო სიაში, საქართველოს საზღვრებში ვერცერთ ორგანოს ვერ მიმართავ, არასწორად ვარ მოქცეულიო. სასანქციო რეჟიმს სჭირდება ქართულ სამართლებრივ სივრცეში შემოტანა და თუ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შემოგაქვს, აქვე უნდა გასაჩივრებადი იყოს“;

4 აგვისტოს ბრძანება ეროვნული ბანკის მმართველმა ნათია თურნავამ 19 სექტემბერს შეცვალა - აშშ-ის მიერ „ოცნების“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღეში - და „გამონაკლისი“ დაუშვა.

ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებ-ისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

უსმანოვის ადვოკატი ახლა ამბობს, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია: „ბრძანების კორექტირებული ვერსია, რომლის თანახმადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ კომპანიებზე ვრცელდება, არასწორია. სულ მცირე, არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს უცხო ქვეყნის მოქლაქეებს და უცხოურ კომპანიებს“, - ამბობს იგი.

თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო გაიზიარებს მომჩივნის არგუმენტებს, გაუქმდება ერთადერთი პირდაპირი დირექტივა, რომელიც ბანკებს სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას ავალდებულებს. ადვოკატიც ამბობს: „თუ სასამართლო იტყვის, რომ ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი, აღარ იარსებებს სამართლებრივი საფუძველი, რომ "ლიბერთი ბანკმა" გადარიცხვა დააყოვნოს“.

მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების პირობებშიც კი, ადვოკატის თანახმად, უსმანოვის კომპანიისთვის რჩება რისკი, რომ ან თავად ეროვნული ბანკი, ან პარლამენტი „დაგვაწევს სხვა ნორმატიულ აქტს, რომელიც გადაფარავს ბრძანებას - მაინც დავრჩებით იმ რეჟიმში, რაშიც ვართ“. ესე იგი, გადარიცხვა მაინც არ განხორციელდეს.

„ლიბერთი ბანკი“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ „ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს“. ბანკი ამის „პირდაპირ დასტურს“ უწოდებს „მეტალოინვესტის“ სარჩელს. „ლიბერთიმ“ უკვე გაუგზავნა მომჩივანს შესაგებელი სარჩელი. ახლა ჯერი ეროვნულ ბანკზეა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც აცხადებს, რომ „ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იქცევა სანქციების გვერდის ავლის ადგილად“ და „ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს“.

სასამართლო სხდომები ჯერ არ დანიშნულა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ დავა წლობით გაიწელება.

შენიშვნა: მასალა განახლდა 13 ნოემბერს, 15:40 საათზე, ავსტრიული „რაიფაიზენბანკისგან“ მიღებული პასუხით.

XS
SM
MD
LG