Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის "საყვარელი მკვლელის" გათავისუფლება, "ორჯერ მოკლული" ხანგოშვილი და საქართველოს ინტერესები


1 აგვისტოს პატიმრების საერთაშორისო გაცვლისას გერმანიამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.
1 აგვისტოს პატიმრების საერთაშორისო გაცვლისას გერმანიამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ღიად პირველად აღიარა, რომ ვადიმ კრასიკოვი "ეფესბეს" სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი იყო.

კრასიკოვს პატიმრების გაცვლის უპრეცედენტო საერთაშორისო პროცესში რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პატიმრად თვლიან მის მიმართ პრეზიდენტ პუტინის განსაკუთრებული ინტერესის გამო და „პუტინის საყვარელ მკვლელსაც“ უწოდებენ.

1 აგვისტოს პატიმრების გაცვლას საერთაშორისო მედია და ექსპერტები დასავლეთის გამოკვეთილ გამარჯვებად მიიჩნევენ, თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ მოსკოვში დაბრუნებულ მკვლელობასა და ჯაშუშობაში მსჯავრდებულთა სანაცვლოდ, რუსეთისა და ბელარუსის საპატიმროებიდან ორჯერ მეტი უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლება შეძლეს.

აშშ-მა, გერმანიამ, პოლონეთმა, ნორვეგიამ და სლოვენიამ რუსეთსა და ბელარუსს 8 პატიმარში 16 გაუცვალეს.

მაგრამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლება მაინც სენსიტიურ და მტკივნეულ საკითხად რჩება.

  • 2019 წლის 23 აგვისტოს, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში, მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლეს. კრასიკოვმა მეჩეთში, პარასკევის ლოცვაზე მიმავალ ხანგოშვილს ზურგში სამი ტყვია ესროლა.
  • პოლიციამ მკვლელი იარაღის გადაგდების მცდელობისას დააკავა. მას აღმოუჩინეს პასპორტი - იაკობ სოკოლოვის სახელზე და შენგენის ვიზა - გაცემული საფრანგეთის საელჩოს მიერ მოსკოვში.
  • გერმანიაში გამოძიებამ დაადგინა, რომ იაკობ სოკოლოვი იგივე ვადიმ კრასიკოვია და ის რუსეთის მთავრობის დავალებით მოქმედებდა.
  • 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კრემლის აღიარება - ვინ არის კრასიკოვი?

„საშინლად ცუდია, რომ ის [კრასიკოვი] გათავისუფლდა. ეს საშუალებას აძლევს პუტინს უთხრას სხვა მკვლელებს - ჩვენ ყოველთვის დაგიცავთ, წადით მისიებზე თავისუფლად, ჩვენ ყოველთვის შევძლებთ თქვენს დაბრუნებას“, - უთხრა ტელეკომპანია „დოჟდს“ Bellingcat-ის ხელმძღვანელმა ქრისტო გროზევმა, რომლის საგამოძიებო პროექტსაც დიდი წვლილი მიუძღვის, მათ შორის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის რეალური ვინაობის დადგენაში.

გროზევი კრასიკოვს „პუტინის საყვარელ ჯაშუშად და მკვლელად“ მოიხსენიებს და დარწმუნებულია, რომ პატიმრების გაცვლის პროცესში კრემლი სწორედ კრასიკოვის დაბრუნების სურვილით ჩაერთო:

„ამ მკვლელის [კრასიკოვის] როლი იყო პრაქტიკულად როგორც - კარის კილერი. ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სჩადიოდა პოლიტიკურ მკვლელობებს, დაქირავებულ მკვლელობებს - პუტინის ნებით. ამიტომაც არის მათ შორის კერძო ურთიერთობა“, - გროზევი 1 აგვისტოს კიოლნში, სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე, სხვა გულშემატკივრებთან ერთად ელოდებოდა, რუსეთის საპატიმროდან გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა, ერთობლივი გამოძიების პროცესში, მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ეფესბეს“ სპეციალურ ქვედანაყოფში მსახურობდა და მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში. თავად ვადიმ კრასიკოვი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდა გერმანულ გამოძიებას, რომ მისი გვარი სოკოლოვია. "ეფესბეს" სპეციალურ დანაყოფთან ხანგოშვილის მკვლელის კავშირზე რადიო თავისუფლების რუსული სამსახურიც წერდა.

ვნუკოვოს აეროპორტში, 1 აგვისტოს, ღამით, პუტინი თავად დახვდა კრასიკოვსა და დასავლური საპატიმროებიდან გათავისუფლებულ სხვა ადამიანებს, ძირითადად კრემლის დავალებით მოქმედ პირებს.

ვიდეომასალებში ჩანს, როგორ ჩამოდის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თვითმფრინავის ტრაპზე. პუტინი კრასიკოვს გულთბილად ხვდება, ხელს ართმევს და ეხუტება.

2 აგვისტოს, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა ის, რასაც მოსკოვი 5 წლის მანძილზე არ აღიარებდა - კრასიკოვი „ეფესბეს“ სპეციალური დანაყოფის - „ალფას“თანამშრომელი იყო.

მანამდე, თებერვალში, იყო მხოლოდ ერთი ირიბი მინიშნება ვლადიმირ პუტინისგან - FOX NEWS-ის ყოფილ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

თავისი ნებით გააკეთა ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია“, - თქვა მან კრასიკოვის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე. ამავე ინტერვიუში პუტინმა ასევე თქვა, რომ ეს დანაშაული „პატრიოტული მოსაზრებით“ არის ჩადენილი, ხოლო მოკლული იყო „ბანდიტი, რომელიც კავკასიაში მოვლენების დროს რუს ჯარისკაცებს სასტიკად უსწორდებოდა“.

„ვადიმ კრასიკოვი - პუტინის კოზირი ტყვეთა გაცვლაში“ - ამ სათაურის სტატია 2 აგვისტოს „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა. გერმანული გამოცემა წერს, რომ სწორედ კრასიკოვი წარმოადგენს პატიმრების გაცვლის მთავარ ფიგურანტს და მისი უკან დაბრუნება რუსეთისთვის პრინციპული საკითხი იყო.

გერმანული მედია იხსენებს, რომ ხანგოშვილმა გერმანიას მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც მას 2015 წელს საქართველოში დაესხნენ თავს.

ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი

ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 29 აგვისტოს თავის მშობლიურ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მისი მკვლელობის პირველი წუთებიდან პანკისში დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოხდა, რადგან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე, საველე მეთაური იყო და ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ახლო თანამებრძოლად ითვლებოდა.

პანკისელებმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმთავითვე გამორიცხეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესაძლო კავშირი 2012 წელს ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რომელიც 10-ზე მეტი ადამიანის სიკვდილით დასრულდა. მაშინ ზელიმხან ხანგოშვილმა, იმჟამად თბილისში მცხოვრებ ახმედ ჩატაევთან ერთად, ხელისუფლების თხოვნით შეასრულა შუამავლის როლი ხეობაში გამაგრებულ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებში, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან.

ზელიმხან ხანგოშვილზე რუსეთს, ტერორიზმის ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

Daily Beast-ის ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, ხანგოშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოს უშიშროების სამსახურებთან.

მაიკლ ვაისის ავტორობით გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ:

  • ჩეჩნეთის ომის შემდეგ, ხანგოშვილი საქართველოში 2006 წელს დაბრუნდა;
  • ხანგოშვილი ქართულ სპეცსამსახურებს „საკვანძო ინფორმაციას აწვდიდა ჯიჰადისტთა ქმედებებზე“ და ეხმარებოდა სახელმწიფოს კონტრტერორისტულ საქმიანობაში:
  • ხანგოშვილი ქართულ სპეცსამსახურებს დაეხმარა სახელმწიფოს უზბეკური ექსტრემისტული ორგანიზაციის კავკასიაზე დაგეგმილი თავდასხმის განეიტრალებაში;
  • საქართველოს სახელმწიფოს აწვდიდა ინფორმაციას - თუ ვინ იყო „ეფესბესა“ და რამზან კადიროვის ძალების მიერ რეკრუტირებული, მათ შორის პანკისის ხეობაში.

ხანგოშვილის მკვლელობა მანამდე ორჯერ სცადეს: 2009 და 2015 წლებში. 2015 წელს თბილისში - გაგარინის (ჟვანიას) მოედანზე მას 8 ტყვია ესროლეს. რამდენიმე ტყვია მოხვდა, თუმცა, თანასოფლელების გადმოცემის თანახმად, თავად მივიდა საავადმყოფოში.

ეს საქმე საქართველოში გამოუძიებლად დარჩა და არავინ დასჯილა.

ხანგოშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებდა, რომ შს სამინისტროსა და პროკურატურას „სიმართლის დადგენის და ეფექტიანი რეაგირების რეალური ინტერესი არ ჰქონდათ“.

პანკისელები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ თბილისში თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილს სახელმწიფომ არც დაცვა დაუნიშნა და არც იარაღის ტარების უფლება მისცა. საფრთხის შეგრძნების გამო ხანგოშვილმა საქართველო 2016 წელს დატოვა, მალე ოჯახიც წაიყვანა და გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ პატიმრების გაცვლის პროცესში არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები.

„საქართველოს მთავრობა რომ არ იყოს რუსეთის მხარეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში და გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში - ოჯახის ინტერესები და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები - რუსეთთან ურთიერთობის, დეოკუპაციის, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში. რაღაც უნდა მიეღო აქედან [გაცვლის პროცესიდან] საქართველოს და როცა საქართველოს კონტექსტში არავითარი ფასი არ გადაუხდია რუსეთს - საქართველოსა და რუსეთის მთავრობები ერთ მხარეს გამოდიან ამ შემთხვევაში“, - ეუბნება კანდელაკი რადიო თავისუფლებას და ასევე მიუთითებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს განზომილება ამ პროცესში, რათა არ შექმნილიყო „ოპტიკა“, რომ - „ამერიკისთვის საქართველო არ არის პრიორიტეტული“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამას გამოასწორებს [აშშ-ის] ადმინისტრაცია“, - ამბობს გიორგი კანდელაკი. 2 აგვიტოს მან განცხადებები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ფეისბუკსა და X-ზე გამოაქვეყნა.

კანდელაკი იხსენებს, რომ დეპუტატობის დროს არაერთხელ, მაგრამ უშედეგოდ მიმართა საქართველოს მთავრობას - „ხმა ამოეღო თუნდაც მაშინ, როცა გერმანიამ რუსი დიპლომატები გააძევა ამ მკვლელობის [ხანგოშვილის მკვლელობის] გამო“.

იმედგაცრუება

ვადიმ კრასიკოვის გაცვლა სიურპრიზი აღმოჩნდა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის - ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახისთვის. როგორც მისი ქვრივი ამბობს, გერმანიის ხელისუფლებას მათთვის არაფერი შეუტყობინებია.

ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს გაცვლაზე. ის, რომ ეს მოხდა, აჩვენებს, რომ დაზარალებულების აზრი გერმანიის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა“, - უთხრა რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ.რეალიის“ ხანგოშვილის ქვრივმა მანანა (რაისა) ციატიევამ.

თუმცა ციატიევას ქმრის მკვლელის მოსკოვისთვის გადაცემის მოლოდინი მაინც ჰქონდა.

ვფიქრობ, [გერმანიის] ხელისუფლება დროებით იცავს რაღაც ჩარჩოებს, მაგრამ ადრე თუ გვიან კრასიკოვს გაცვლიან. ეს პოლიტიკაა“, - ამბობდა ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივი მარტში, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გაცვლა მიუღებელი ფაქტი იქნება მისთვის.

გერმანული BILD-ი ზელიმხან ხანგოშვილის ძმასთან, ზურაბ ხანგოშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს და მის შერეულ შეგრძნებებზე ამახვილებს ყურადღებას - ერთი მხრივ, შვება უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლების გამო და, მეორე მხრივ - ტკივილი ძმის მკვლელის გათავისუფლების გამო.

„ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. შვილები დაობლდნენ, მე საყვარელი ძმა დავკარგე, მკვლელს კი შეუძლია მის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია“, - ეუბნება BILD-ს ზურაბ ხანგოშვილი.

ევროპაში ბაზირებული იჩქერიის მოძრაობა „ერთიანი ძალის“ თავმჯდომარემ, ჯამბულათ სულეიმანოვმა „კავკაზ.რეალიის“ უთხრა, რომ რუსი პოლიტიკოსების გათავისუფლების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ „ეს არ უნდა ხდებიდეს ჩეჩნებისა და ჩეჩნების მკვლელების ხარჯზე“. სულეიმანოვი ასევე ამბობს, რომ რუსეთის ციხეებში კვლავაც რჩება იჩქერიის განმათავისუფლებელი მოძრაობის არცთუ ცოტა მონაწილე, რომლებიც სამხედრო ტყვეები არიან, მაგრამ მათ გაცვლას არავინ ჩქარობს.

სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებამ პანკისელებსაც იმედგაცრუება მოუტანა. წერენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და განცდა აქვთ, რომ „პატარა ერების“ ინტერესები გათვალისწინებული არ არის.

„ზელიმხანი ორჯერ მოკლეს! კრასიკოვმა იარაღით, ხოლო გერმანიის მთავრობამ კრასიკოვის გათავისუფლებით“, - წერს ფეისბუკზე პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გერმანიისთვის იოლი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება და რუსეთისთვის გადაცემა; მაგრამ სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა რუსეთის ციხეებში მყოფი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას - ვიდრე სასჯელის აღსრულებას.

გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერდა, რომ გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში „იმედგაცრუებული“ არიან ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაზე ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG