Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „პირდაპირ ხაზზე“ გავიდა


მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა, ტრადიციულად, ვრცლად ილაპარაკა უკრაინაზე.
მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა, ტრადიციულად, ვრცლად ილაპარაკა უკრაინაზე.

კორონავირუსის პანდემიის, მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 30 ივნისს თავის ყოველწლიურ სატელევიზიო „პირდაპირ ხაზში“ დიდი ადგილი დაუთმო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული სამხედრო გემის ამასწინანდელ ინცინდენტს, რომელსაც რუსეთის ლიდერმა „ამერიკულ-ბრიტანული პროვოკაცია“ უწოდა.

მოსკოვი იტყობინებოდა, რომ მისმა სამხედრო გემმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ HMS Defender-ის გზაზე, რათა მას კურსი შეეცვალა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად.

მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის ყველა სახელმწიფო ტელე- და რადიოკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რუსეთის ლიდერმა, ტრადიციულად, ვრცლად ილაპარაკა უკრაინაზე. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიმართ „არამეგობრულად“ განწყობილი უწოდა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საკუთარი ქვეყანა „საერთაშორისო „იატაკქვეშა მმართველობას“ დაუქვემდებარა.

უკრაინაში ეს განცხადება შეაფასეს როგორც გაღმა შედავების მცდელობა იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომელსაც ანექსირებული აქვს მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორია და დაუფარავად ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი უპირობო გავლენის აღდგენას.

რატომ ახსენა პუტინმა მესამე მსოფლიო ომი?

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული შემთხვევიდან თითქმის უკვე მთელი კვირა გავიდა, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სარაკეტო ნაღმოსანთან დაკავშირებული ინციდენტი რუსეთის ოფიციოზის მთავარ სალაპარაკო თემად რჩება. რუსეთის პრეზიდენტმა ამ „არამეგობრულ“ ნაბიჯზე ყურადღება თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზეც გაამახვილა ერთ-ერთი რესპონდენტის შეკითხვაზე პასუხისას.

რუსეთის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, 23 ივნისს ბრიტანული ნაღმოსანი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, პირველ ყოვლისა, სამხედრო მიზნით შესულა. კერძოდ, HMS Defender-ს მზვერავი თვითმფრინავის საშუალებით სურდა დაედგინა, თუ როგორ მოქმედებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები მსგავსი პროვოკაციების აღკვეთის დროს.

„აკვირდებოდნენ, თუ სად რა ირთვება ჩვენთან, როგორ მუშაობს, სად რა იმყოფება. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, ამიტომ ვიძლეოდით ისეთ ინფორმაციას, როგორიც საჭირო იყო“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელშიც ბრიტანელების გარდა ამერიკელებიც მონაწილეობდნენ.

„რისი ჩვენება უნდოდათ და რას მიაღწიეს ამ პროვოკატორებმა? პირველ ყოვლისა, ეს იყო კომპლექსური (პროვოკაცია) და იგი არა მხოლოდ ბრიტანელების, არამედ ამერიკელების მიერ ხორციელდებოდა. ბრიტანული გემი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში დღისით შემოვიდა, ხოლო ადრე დილით, 7:30 საათზე, საბერძნეთში მდებარე ნატოს ერთ-ერთი აეროდრომიდან, თუ არ მეშლება კუნძულ კრეტადან, აფრინდა ამერიკული სადაზვერვო სტრატეგიული თვითმფრინავი. ამის შესახებ მე, რა თქმა უნდა, მომახსენეს, და კარგად ვიცი, საბორტე ნიშანიც კი შემიძლია გავიხსენო - 63/9792. ჩვენ მას კარგად ვხედავდით და ვაკვირდებოდით“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

23 ივნისს, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სარაკეტო ნაღმოსანი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა, რუსეთის მტკიცებით, HMS Defender-ი შევიდა „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“. ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თითქოს ბომბი ჩამოაგდო ნაღმოსნის გზაზე.

„ჩვენ ეს გემიც რომ ჩაგვეძირა, - ძნელი წარმოსადგენია, - პლანეტა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე აღმოჩნდებოდა. მათ, ვინც ეს გააკეთა, კარგად იციან, რომ ამ ომიდან ისინი გამარჯვებული ვერ გამოვლენ“, - განაცხადა 30 ივნისს „პირდაპირ ხაზზე“ მოსახლეობის წინაშე სასაუბროდ გამოსულმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს დასავლეთის მიერ უკრაინის „სამხედრო თვალსაზრისით ათვისება“, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს.

რუსეთის ლიდერს მალევე გამოეხმაურა ლონდონი, საიდანაც, ისევე როგორც ერთი კვირის წინ, ვლადიმირ პუტინს ამჯერადაც შეახსენეს, რომ ყირიმი უკრაინის კუთვნილებაა, სამხედრო გემი HMS Defender-ი კი „საერთაშორისოდ აღიარებული“ და უკრაინასა და საქართველოს დამაკავშირებელი საზღვაო გზით მოძრაობდა.

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს

კოლექტიური დასავლეთის შემდეგ, რუსეთის ლიდერს ყველაზე მეტი პრეტენზია მეზობელი უკრაინის მიმართ აქვს. თანაც, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილია მხოლოდ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა სუვერენიტეტზე და საკუთარი ქვეყანა საგარეო მმართველობას დაუქვემდებარა.

ასეთი მმართველობის დასახასიათებლად 30 ივნისის „პირდაპირ ხაზზე“ ვლადიმირ პუტინმა პირველად გამოიყენა შესიტყვება „საერთაშორისო მმართველობა“ და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისი შეხვედრა აზრს კარგავს.

„რატომ შევხვდე ზელენსკის, თუ მან თავისი ქვეყანა სრულიად დაუქვემდებარა საერთაშორისო მმართველობას?! უკრაინისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ძირითადი საკითხები არა კიევში, არამედ ვაშინგტონში, ნაწილობრივ ბერლინსა და პარიზში წყდება. და რაზე უნდა ვილაპარაკო?“ - რიტორიკულად იკითხა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ლიდერის ამ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც აპრილის კრიზისის დროს თავად შესთავაზა ვლადიმირ პუტინს შეხვედრის ორგანიზება დონბასის ტერიტორიაზე.

პასუხად პუტინმა უკრაინის ლიდერი მოსკოვში მიიწვია, რის შემდეგაც საჯარო ლაპარაკი უკრაინულ-რუსული სამიტის შესახებ შეწყდა.

„როდესაც პუტინი ლაპარაკობს უკრაინის საერთაშორისო მმართველობაზე, ამაში, ფროიდს თუ გავიხსენებთ, ვლინდება თავად მისი შეფარული სურვილი, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა ქვეყანა ყველაფერს რუსეთს უთანხმებდეს. მაგრამ მას ავიწყდება, რომ 90-იან წლებში დასავლეთმა რუსეთი შიმშილისგან იხსნა“,- უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

რუსეთის პრეზიდენტი 30 ივნისს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე კვლავ შეეცადა ერთმანეთისგან გაემიჯნა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი.

„მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ რუსები და უკრაინელები საერთოდ ერთი ხალხია“, - განაცხადა პუტინმა, რომელმაც უკრაინის ხელისუფლება რუსეთისადმი „არამეგობრულ“ განწყობაში დაადანაშაულა.

“უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობა ნამდვილად არამეგობრულად არის ჩვენ მიმართ განწყობილი. და ეს სრულიად აშკარაა. სხვანაირად ძნელი იქნებოდა აგვეხსნა უკრაინის პრეზიდენტის მიერ მკვიდრი მოსახლეობის შესახებ ვერხოვნა რადაში ახლახან შეტანილი კანონპროექტი, რომლის თანახმად, რუსი ხალხი ცხადდება არამკვიდრ მოსახლეობად ამ ტერიტორიაზე. ეს ყოვლად გაუგებარია“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც კანონპროექტი მასობრივი განადგურების იარაღს შეადარა.

ლაპარაკია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მაისში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც აძლიერებს ყირიმის მკვიდრი ხალხების სტატუსს, მაგრამ დოკუმენტში რუსი ხალხი არ არის ნახსენები, რაც უკრაინაში სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.

„უკრაინის მკვიდრი ხალხის შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პუტინის პრეტენზია სრულიად უსაფუძვლოა თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსეთში მოწესრიგებულია მხოლოდ მცირე ხალხების სტატუსი, უკრაინა კი უფრო შორს წავიდა და ამ კანონში ფიგურირებენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ყირიმელი თათრები, კარაიმები და კრიმჩაკები. რუსები ამ კანონპროექტში არ არიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ აქვთ საკუთარი სახელმწიფი და მინდა აღვნიშნო, რომ ამ სახელმწიფოში, სადაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, არ არის არც ერთი სკოლა, სადაც უკრაინული ენა შეისწავლება“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

  • ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორია უკანონო რეფერენდუმის გზით მიიერთა.
  • კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედებენ სეპარატისტული ძალები. რუსეთმა საერთაშორისო განგაში გამოიწვია გასულ გაზაფხულზე, როცა ჯარებს მოუყარა თავი უკრაინის საზღვარზე და ყირიმში.
  • 6 აპრილს, რუსეთის ესკალაციის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით.
  • კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში რუსეთისათვის „წითელი ხაზი“ იქნება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG