ლერი ზუბიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ცხოვრობს და მისი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. წლების განმავლობაში ის მეზობლებისგან მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა და ასე ნელ-ნელა აფართოებდა საკუთარ მეურნეობას, თუმცა თავის დროზე შეძენილი ნაკვეთების რეგისტრაცას არ ჩქარობდა, ახლა კი პრობლემები შეექმნა, რადგან წარსულში ნაყიდი ნაკვეთები ჯერ ყოფილმა მეპატრონეებმა უნდა დაირეგისტრირონ და შემდეგ უკვე ლერი ზუბიაშვილს გადასცენ. ყოფილი მეპატრონეებიდან კი ზოგი სოფელში აღარ ცხოვრობს, ზოგი გარდაიცვალა და ლერის უჭირს იმის მტკიცება, რომ ეს ნაკვეთები მის მფლობელობაშია. მისი აზრით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მიწის გამარტივებული რეგისტრაცია მართლაც გამარტივებული უნდა იყოს და თუ მოდავე მხარე არ არსებობს, პროცესი სწრაფად უნდა სრულდებოდეს. ახლა კი ზუბიაშვილს თითოეული ნაკვეთის შესახებ შესაძლოა სასამართლოში წასვლა დასჭირდეს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
კორონაპანდემიის ფონზე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფომ ფერმერების დახმარება დაიწყო, დახმარების მთავარი პირობა კი ისაა, რომ ფერმერები რეგისტრირებულ მიწას უნდა ფლობდნენ. ფერმერების ნაწილს კი საბუთები მოუწესრიგებელი აქვს: ზოგს საკუთარი ნაკვეთების საზღვრები არა აქვს დადგენილი და სამეზობლო დავებშია, ზოგი წინაპრების მიწას ისე ფლობს, რომ ამის შესახებ თავის დროზე არანაირი დოკუმენტი არ შეუქმნია. არიან ისეთებიც, ვისაც მოდავეები არ ჰყავს და ახლა ცდილობს დოკუმენტაცია სწრაფად მოაგვაროს, რომ დახმარების გარეშე არ დარჩეს.
მიწის რეგისტრაციისას ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო აქტივისტებს ყოველთვის ახსენდებათ ხოლმე დიცის მცხოვრები ილია ბერუაშვილის საქმე. ილია ბერუაშვილმა ყველა ინსტანციის სასამართლო გაიარა იმის დასამტკიცებლად, რომ მიწას, რომელიც სახელმწიფოს ოკუპირებული ეგონა, თვითონ ამუშავებდა. საჯარო რეესტრი მიწის რეგისტრაციისას გუგლის სატელიტური რუკით სარგებლობდა და ბერუაშვილის ნაკვეთს ოკუპირებულად მიიჩნევდა, თუმცა ფერმერისთვის, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან ყოველდღიურად მუშაობს და ამ მიწაზე სიმინდი და ლობიო მოჰყავს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს პრობლემა არ შეუქმნიათ. ასეთი შემთხვევები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მრავლადაა, თუმცა ბერუაშვილის მსგავს აქტივობას ყველა არ იჩენს. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ილია ბერუაშვილმა დაამტკიცა, რომ მიწა მისია, სასამართლოში მოგებული პროცესების შემდეგ ის დაირეგისტრირა და ახლა სახელმწიფოს დახმარების პროგრამითაც ისარგებლებს.
შიდა ქართლის რეგიონში კი უკვე დაიწყო აგრობარათების დარიგება. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული აქვთ არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვრისა, ან პირები, რომლებიც შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციასა და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - არა უმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის მისაღებად ფასდაკლების ბარათების გაცემა. ამ პროგრამით რეგიონში მრავალი ფერმერი ისარგებლებს, თუმცა არაერთი ფერმერი ამ დახმარებას იმის გამო ვერ მიიღებს, რომ მიწა, რომელსაც ამუშავებს, აქამდე რეგისტრირებული არა აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით, 3-4 წელიწადში საქართველოში მთლიანად უნდა დასრულდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის პროცესი.