Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაეხმარება მთავრობა ფერმერებს


კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობა სოფლის მეურნეობას 300 მლნ ლარით დაეხმარება, რაც 100 მლნ ლარით მეტია ტურიზმის სფეროსთვის გამოყოფილ თანხაზე. სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით ტურიზმი პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე თქვა, რომ აგროპროდუქტების წარმოება ამ პერიოდში ყველა მოქალაქისთვის მგრძნობიარე საკითხი აღმოჩნდა.

დეტალური პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამართა. მთავრობისგან წარმოდგენილი "სოფელზე ზრუნვის" პროექტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება - 37 მლნ ლარი

0,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე დარეგისტრირებული მიწის მფლობელებს სახელმწიფო 1 ჰა ტერიტორიისთვის 200 ლარით დაეხმარება. ფერმერს ამ თანხის გამოყენება სათესლე და სარგავი მასალებისთვის, სასუქისთვის, მცენარეთა ქიმიურად დამუშავებისთვის თუ ტექნიკის მომსახურებისთვის შეუძლია.

მთავრობის ვარაუდით, ის ამ გზით 200 ათას ფერმერს დაეხმარება. პროგრამით სარგებლობა 20 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

იაფი დიზელი - 40 მლნ ლარი

0,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე დარეგისტრირებული მიწის მფლობელებს სახელმწიფო ტექნიკის მომსახურებისთვის გამოყენებულ ყოველ ერთი ლიტრი დიზელის ერთ ლარით იაფად ყიდვის შესაძლებლობას მისცემს. 1 ჰა-ზე მაქსიმალური ლიმიტი 150 ლიტრი იქნება. მთავრობა ვარაუდობს, რომ ჯამში ფერმერები 40 მლნ ლარს დაზოგავენ. პროგრამის ეს ნაწილიც 20 მაისიდან ამოქმედდება.

მორწყვის ღირებულებისგან გათავისუფლება - 13 მლნ ლარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელსაც სამელიორაციო მიმართულებით დავალიანება აქვს დაგროვილი, ჩამოეწერებათ. ჯამში 42 ათას პირი 8 მლნ ლარს აღარ გადაიხდის.

გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც 10 ჰექტრამდე მიწას ფლობს, 2020 წელს ამ გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, რაც 42 ათასი პირის შემთხვევაში 5 მლნ ლარია.

50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის - 23 მლნ ლარი

მთავრობა ღირებულების ნახევარს დაუფინანსებს ყველა იმ პირს, ვინც ტექნიკის ყიდვას, სათბურის მოწყობასა თუ სარწყავი მომსახურების დაყენებას გადაწყვეტს. პროგრამით სარგებლობა 20 მაისიდან დაიწყება და ფერმერებს მაქსიმუმ 50 ათასი ლარის მიღება შეუძლიათ.

გარდა ამისა, მრავალწლიანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის დამონტაჟებისთვის მთავრობა ფერმერს 50 პროცენტიან დაფინანსებას სთავაზობს. მაქსიმალური თანხა 1 ჰა-ზე 2,5 ათასი ლარია.

საბანკო შეღავათები - 74 მლნ ლარი

მთავრობამ გაზარდა სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების სესხის პროცენტის დაფინანსების მოცულობაც. ერთწლიანი კულტურებისთვის 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე სესხების პროცენტს 6 თვის განმავლობაში მთავრობა სრულად დააფინანსებს.

გარდა ამისა, 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდე "ძირითადი საშუალებებისთვის" აღებული სესხის პროცენტიდან 12 პროცენტამდე ნაწილს 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფარავს, ხოლო 1,5 მლნ-დან 5 მლნ ლარამდე სესხების შემთხვევაში 2 წლის განმავლობაში 10 პროცენტს.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა - 1,5 მლნ ლარი

სურსათის უვნებლობის, ბუღალტრული მომსახურებისა თუ კოოპერატივების დანადგარების აღჭურვისთვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები მიიღებენ. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 50 პროცენტი დაუფინანსდებათ და მაქსიმუმ 15 ათასი ლარის მიღება შეეძლებათ, კოოპერატივებს კი 90%-ით და მაქსიმუმ 25 ათასი ლარის მიღება.

აგროდაზღვევა - 9 მლნ ლარი

ფერმერებს შეეძლებათ სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან თუ საშემოდგომო ყინვისგან მრავალწლიანი კულტურები 3 წლის განმავლობაში დააზღვიონ. პროგრამა მარცვლეულის შემთხვევაში მაქსიმუმ 30 ჰა-მდე ტერიტორიაზე, სხვა დანარჩენ კულტურებზე კი 5 ჰა-მდე ტერიტორიაზე ვრცელდება. ვაზის შემთხვევაში დაზღვევის თანხის ნახევარს სახელმწიფო ფარავს, სხვა შემთხვევაში კი 70 პროცენტით.

პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებიც. ამ ტიპის გაერთიანებას მაქსიმუმ 50 ათასი ლარის პრემიის მიღება შეუძლიათ.

მერძევეობის ხელშეწყობა - 42 მლნ ლარი

ამ პროგრამაში რძის საწარმოებლად საჭირო 7 მიმართულებაა გამოყოფილი. რძის პირველადი წარმოება (დაფინანსება 80%, მაქსიმუმ 26 ათასი ლარი), რძის შემგროვებელი პუნქტის მოწყობა (60%, 137 ათასი), რძის შემგროვებელი საგაზაფხულო პუნქტის მოწყობა (80%, 26 ათასი), 1 ტონამდე რძის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა (80%, 39 ათასი), 1-10 ტონა რძის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა (40%, 130 ათასი), პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება (60%, 195 ათასი) და ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება (80%, 52 ათასი).

გრანტი კოოპერატივებისთვის

სახელმწიფო დააფინანსებს თაფლისა და რძის წარმოებას გორში, ახალქალაქში, დმანისსა და დუშეთში. კოოპერატივს შეუძლია სახელმწიფოსგან 70 პროცენტიანი დაფინანსება მიიღოს.

მევენახეობისა და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას სახელმწიფო 90 პროცენტიანი თანადაფინანსებით გეგმავს. ამ შემთხვევაში თანხის მოცულობა 15 ათასიდან 500 ათას ლარამდეა.

გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივები დამატებით 5 პროცენტით დაფინანსდება. კოოპერატივების 10 პროცენტით თანადაფინანსებაა გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ყველა მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაში.

XS
SM
MD
LG