Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მორიგი „არა და არასოდეს!", - როგორია ვეტოს პროცედურა, შესაძლებელია თუ არა კანონის გაწვევა?


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა, რომ არ აპირებს ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით "ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში შესვლას".

„არა და არასოდეს! რადგან არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენი მეგობრებისგან ეს გზავნილი მიტანილი იქნება ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენო იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში „აგენტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისა და კანონის შეჯერების შესაძლებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე მიანიშნა და იგივე უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არ დაეხმარება "ოცნებას" თავის გადარჩენაში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პრეზიდენტი "უცხოეთის აგენტების" კანონს ვეტოს შენიშვნების გარეშე დაადებს?

"აგენტების კანონის" შეცვლის რა შესაძლებლობა არსებობს პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში?

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ შეუძლებელია პრეზიდენტმა კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, რადგან, მისი თქმით, კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს.

ვახუშტი მენაბდე ფეისბუკზე წერს, რომ „ვეტო“ სინამდვილეში, კანონმდებლობის ენაზე, „მოტივირებული შენიშვნებია”: პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში, რისთვისაც მას 2 კვირა აქვს.

ვახუშტი მენაბდე პუნქტებად ჩამოწერს „ვეტოს“ ფარგლებში პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას:

  • პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გააანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომლებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;
  • პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;
  • შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული;
  • პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს, არ არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;
  • ვერც პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლის. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;
  • შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არა ნაკლებ 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;
  • თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს, მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;
  • ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;
  • პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე;
  • ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში.

ვახუშტი მენაბდის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი „ვეტოთი“ ვერ იტყვის, რომ კანონი არ ვარგა და უბრალოდ გასაუქმებელია, მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს.

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„მგონია, რომ პრეზიდენტმა „მანიპულაციებში არ შესვლის“ ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცილებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა). იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო. მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ “ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი“, - დაწერა ვახუშტი მენაბდემ.

რას ურჩევენ პრეზიდენტს?

ოპოზიციური პატიების მნიშვნელოვანი ნაწილი იწონებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი არ აპირებს თავის მოტყუებას და "ოცნების" თამაშის წესების მიღებას, თითქოს მართლაც შესაძლებელია "აგენტების კანონში" რამე არსებითი ცვლილებების შეტანა.

დავით უსუფაშვილი, პარტია „ლელო“: „ვეტოს პროცესში რაიმეს გაკეთილშობილების და გამოსწორების თაობაზე საუბარი ეს არის მთლიანად პოლიტიკური ჟონგლირება, ამით სურთ მოიგონ დრო, თითქოს ეს ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის და ამით აარიდონ თავი საერთაშორისო კრიტიკას, აარიდონ თავი შიდა საპროტესტო აქციებს, აარიდონ თავი შესაძლო სანქციებს. ეს არის მანევრი ხელისუფლების მხრიდან დროის მოსაგებად. ამიტომ პრეზიდენტის პოზიცია, რომ ვერ ჩაერთვება ხელისუფლებასთან იწილო-ბიწილოში და წვრილმანების მოგვარებაში, სწორია. ახლა პრეზიდენტმა, ერთპიროვნულად, ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მოისმინა, რაც ნახა და როგორც თვლის საჭიროდ, უნდა დაწეროს მოტივაცია, რატომ არ უჭერს მხარს "ოცნების" მიღებულ კანონს და შესთავაზოს ცვლილებები, მაგრამ არა გალამაზება პროექტის, არამედ თავისი პოზიცია“.

"რუსული კანონის “გაკეთილშობილების” შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გამოსავლად წარმოჩენა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე მოქალაქეთა ერთსულოვანი პროტესტის განწყობასა და სულისკვეთებას", - დაწერა სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

თინათინ ბოკუჩავა, „ნაციონალური მოძრაობა“: ჩვენ შევთავაზეთ, კანონის III მუხლის ჩაკეტვა იმ თვალსაზრისით, რომ ის არ შეეხება საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, რაც შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება არ გააკეთებს. ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის პოზიციას, რომ ის ქვეყნისა და ადამიანების ბედით ვაჭრობაში ივანიშვილს არ შეჰყვება.

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მუხლი 3. უცხოური ძალა:
ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში, განიხილოს მოტივირებული შენიშვნები 14 მაისს მიღებულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, კანონის III მუხლში რუსეთის ჩაწერა ასეთ შენიშვნად ვერ ჩაითვლება.

შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

„სამიზნე თუ არის რუსეთი, რუსეთის სახელმწიფოს მოხსენიება ამ რისკს არ აზღვევს, რადგან რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს სხვა ქვეყნები და იმ ქვეყნის ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს საქართველოში, თუნდაც ევროპული, აზიური და ა.შ. ამიტომ ტყუილია, თითქოს ამას შეუძლია, მოაწესრიგოს რუსეთის საკითხი; მეორე, როცა ვსაუბრობთ საქართველოში გარე გავლენებზე, საქართველო დამოუკიდებელია ყველა ქვეყნისგან, არა მხოლოდ რუსეთისგან ვართ დამოუკიდებელი, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, ჩვენი მეზობლების და არამეზობლებისგან, ყველა ქვეყნისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს, ამისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი, ამას დაუჭირა რეფერენდუმზე მხარი და ეს გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ ამ შენობაში, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ ყველასგან და ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა ნიშნავს სხვა ქვეყნის ჩარევას. შესაბამისად, ეს კანონი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოში, მიუხედავად იმისა, ვისგან იქნება წამოსული, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკას აწარმოებენ ხალხის მიერ არჩეული პირები, ქართველი ხალხი არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და სუვერენი, სხვა ქვეყნის ხალხებს თუ სურთ საქართველოს ხალხის საკითხებში ჩარევა, მათ ეს უნდა გააკეთონ გამჭვირვალედ, როგორც ხდება სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

იმის შესახებ, რომ არ არსებობს „აგენტების შესახებ“ კანონის მოდიფიცირების რესურსი და, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი უკან უნდა გაიწვიოს, ილაპარაკა საქართველოში სტუმრად მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც:

„ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება. ამ კანონის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან“.

რამდენად შესაძლებელია კანონის "გაწვევა"?

კონსტიტუციის სპეციალისტის ვახტანგ ხმალაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებიდან ისე ჩანს, რომ ის არ აპირებს რაიმე დასაბუთების გაკეთებას და მუხლობრივი შენიშვნების დაწერას.

„ასეთ შემთხვევაში სრული უფლება ექნება პარლამენტს, მიიჩნიოს ეს უარად როგორც კანონის ხელმოწერასა და გამოქვეყნებაზე, ასევე პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების დაბრუნებაზე და მოიქცეს ისე, როგორც მოიქცეოდა მაშინ, თუ პრეზიდენტი არ დაუბრუნებდა კანონს პარლამენტს და არც თვითონ მოაწერდა ხელს. ასეთ შემთხვევაში ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი განხილვის გარეშე, 5 დღის ვადაში“, - უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და მიიღოს მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ასევე შეუძლია დროში უსასრულოდ გაჭიმოს შენიშვნების განხილვა ანდა, თუ არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი არ უყაროს თავის მიერ სამჯერ მხარდაჭერილ კანონპროექტს.

„ასეთ შემთხვევაშიც კანონპროექტი კვდება. არანაირი შემდგომი მოქმედება საჭირო არ არის“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციის სპეციალისტის, ლევან ალაფიშვილის თქმითაც, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საპრეზიდენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი უპირობო ვეტოს უფლება, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მხოლოდ მოტივირებულ შენიშვნებს ანუ დასაბუთებულ ვეტოს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი განიხილავს და უყრის კენჭს. რას უყრის კენჭს პარლამენტი, რომელ აქტებს? ეს უნდა იყოს ან კანონი ან დადგენილება ან რეზოლუცია. თუ ეს ასეა, მაშინ მოტივირებული შენიშვნები რა გამოდის? მოტივირებული შენიშვნები უნდა იყოს კანონპროექტის სახით ჩამოყალიბებული.

„დავუშვათ, პრეზიდენტი აგზავნის პარლამენტში ერთწინადადებიან დოკუმენტს, არ ვეთანხმები და არ ვაწერ ხელსო. ეს კონსტიტუციის შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს იმად, რომ პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნები არ წარმოუდგენია და ამიტომ უნდა ამოქმედდეს კონსტიტუციის ის მექანიზმი, რომელიც ამბობს: თუ პრეზიდენტი ორკვირიან ვადაში არც ხელს მოაწერს და არც მოტივირებულ შენიშვნებს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში, ორი კვირის გასვლის შემდეგ, ხუთი დღის ვადაში კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ პრეზიდენტი იტყვის, უბრალოდ (მუხლობრივი დასაბუთების გარეშე) არ ვაწერ ხელსო, მაშინ კენჭი რას უნდა უყაროს პარლამენტმა?"

ლევან ალაფიშვილი
ლევან ალაფიშვილი

ლევან ალაფიშვილის თქმით, ემოციურად სასურველი სცენარების განხილვამ, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი დააყენოს.

„ძალიან მინდა, რომ ეს კანონი ისტორიაში გასახსენებლადაც კი არ იყოს საჭირო, მაგრამ ომში გაქვს ასეთი მოცემულობა და ამ მოცემულობის შესაბამისად უნდა იმოქმედო.

„ვეტოსთან დაკავშირებით ორი რამ არის მნიშვნელოვანი: დრო და საერთაშორისო ფაქტორი, რომელიც მხოლოდ ვენეციის კომისია არ არის. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ესაუბრებიან ჩვენს მთავრობას შესაძლო გადაწყვეტებზე, რაც დაადასტურა კიდეც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. რას მოვიგებთ პროცესის ჩაკეტვით და დროის არმოგებით? თუ პრეზიდენტი დაწერს პროექტს, დიდი დროის მოგება შეიძლება: პარლამენტმა უნდა განიხილოს პრეზიდენტის კანონპროექტი (რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული შეიძლება იყოს პროექტისგან, რომელსაც სამჯერ უყარეს კენჭი) და მერე კენჭი უნდა უყაროს. თუ არ დაუჭერს პარლამენტი მხარს, მერე კენჭი ეყრება სამჯერ მიღებულ პროექტს, რომელიც კვლავ ეგზავნება პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და აქვეყნებს. სულ ცოტა, 14-20 დღის მოგება შეიძლება“.

ვენეციის კომისიის დასკვნა

15 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. რუსოპულოსი მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება.

15 მაისს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმაც, გავრცელებულ განცხადებაში სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა საბოლოო მოსმენით ისე მიიღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის მოსაზრებას და არ გაითვალისწინა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება ევროკავშირის სტანდარტებთან კანონის შეუთავსებლობის თაობაზე.

თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, "გამჭვირვალობის კანონზე" ვენეციის კომისიამ შენიშვნები 28 მაისამდე წარმოადგინოს.

"28 მაისის შემდეგ იქნება დაგვიანებული. მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ – განვიხილავთ, არ წარმოადგენენ – ვერ განვიხილავთ", – ამის შესახებ კობახიძემ 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებიდან (14 მაისი) არის ორი კვირა, ვიდრე პრეზიდენტი კანონპროექტზე წარმოადგენს საკუთარ ვეტოს:

„როგორც მოგეხსენებათ, პროცედურა არის ასეთი, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი და მეორე ალტერნატივა არის მიღებული კანონპროექტი, მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა, ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ ჯანსაღი მსჯელობისთვის".

პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში „აგენტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისა და კანონის შეჯერების შესაძლებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველად 10 მაისს ილაპარაკა.

„ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ სალომე ზურაბიშვილი არ წერს ხოლმე ასეთ ვეტოს კანონპროექტებს, ან „ენჯეოები“ უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, შესაძლებელია ეს ბერკეტი კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ, რომელსაც მალევე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა:

„არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენიშვნებს შემოგთავაზებთ. კიდევ უფრო მარტივი, თქვენ თვითონ ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, ვინც ხელისუფლებაში მოვა, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა თუ რაცაა. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რათა გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად“.

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა 12 მაისს, „აგენტების შესახებ კანონპროექტის“ მიღებამდე ორი დღით ადრე.

14 მაისს, როცა საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრიდა კენჭს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში უმასპინძლა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის შეცვლის შესაძლებლობა, როგორც მას აუხსნეს, ჯერ ისევ არსებობდა:

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი აზრით, არც პროცესი და არც ეს დანერგილი კანონი არ აკმაყოფილებს [ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სივრცეში არსებულ - რ.თ.] სტანდარტს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება საიმისოდ, რომ დავინახოთ რაიმე ნაბიჯი გამჭვირვალობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში საქართველოს წინსვლის პარალელურად. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ კანონის იმპლემენტაციამდე გვექნებოდა და მე ძალიან მკაფიო ვიყავი, რომ თუ კანონს იმ ფორმით მიიღებდნენ, როგორც ეს მოხდა, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG