Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოეტი შოთა ზოიძე: დავთმობ ქართულ ოცნებას - გაიცანი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს შორისა არის პოეტი შოთა ზოიძე. 12 კანდიდატიდან მხოლოდ მას აქვს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობის გამოცდილება. 1991-1993 წლებში იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო - მაშინ, როდესაც ტელევიზია აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტის სტატუსით მაუწყებლობდა.

შოთა ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს უთხრა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და თუ მას დირექტორად აირჩევენ, წევრობას დათმობს. “დირექტორი არა ერთი პარტიის, არამედ ყველას დირექტორი უნდა იყოს”, - განაცხადა კანდიდატმა.

შოთა ზოიძის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ის არის ავტორი 500-მდე სტატიისა, რომლებიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა:

„ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩემი ერთ-ერთი კრიტიკული სტატია ცეკას ბიურომ განიხილა და მაშინ გაზეთ „აჭარაში“ დაიბეჭდა. ვარ ცნობადი სახე ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში, მაქვს მაღალი რეიტინგი. მაქვს დიდი გამოცდილება. აჭარის ტელევიზიის დაარსებიდან ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი გახლდით და ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. მაშინ ჩვენი შესაძლებლობები ძალიან მცირე იყო. ერთადერთი საყოფაცხოვრებო კამერა და სამონტაჟო გვქონდა. ტრანსპორტი არ იყო და ვმუშაობდით მწირი ხელფასების პირობებში. ავადსახსენებელი სამოქალაქო ომის დროს, როცა აირია ქვეყანა, პუტჩისტები ბობოქრობდნენ და მათი ხელისუფლება მოვიდა, ჩვენ ძალიან ობიექტური გადაცემები გვქონდა. საუკეთესო საინფორმაციო გამოშვება გვქონდა მთელ საქართველოში. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ მაშინ აჭარის ტელევიზიამ დიდი როლი ითამაშა აჭარაში სამოქალაქო ომის ვერშემოსვლის საქმეში“, - განაცხადა შოთა ზოიძემ.

ვარ ცნობადი სახე ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში, მაქვს მაღალი რეიტინგი.
შოთა ზოიძე

შოთა ზოიძეს დაუშვებლად მიაჩნია, ჟურნალსიტებისა და ზოგადად მედიის მხარედ ყოფნა. ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია კანონში წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მედიას საზოგადოების მაჯისცემა უნდა ესმოდეს და აქცენტი გააკეთოს საზოგადოების საჭიროებაზე:

„როცა ამერიკა სანქციებს აწესებს ქვეყნებისთვის, ამას ყველა აშუქებს და შენც უნდა გადმოსცე. ბესლანის ტრაგედია რომ მოხდა, ეს უნდა აჩვენო, რა თქმა უნდა, მაგრამ წვრილმანი და ანომალიები არ უნდა გავიდეს ეთერში. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ზრდასრულმა 25 წლის მამაკაცმა 4 წლის გოგო გააუპატიურა, მოკლა და დამარხა. ამაზე ატეხეს ჟურნალსიტებმა აურზაური და მერე ვიღაცას ხელისუფლებაში აღმოაჩნდა ჭკუა, აიკრძალა ამისი გაშვება ეთერში და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ასეთი ანომალიის განზოგადება არ შეიძლება“, - განაცხადა შოთა ზოიძემ მაუწყებლის სარედაქციო პრიორიტეტბზე საუბრისას.

ბესლანის ტრაგედია რომ მოხდა, ეს უნდა აჩვენო, რა თქმა უნდა, მაგრამ წვრილმანი და ანომალიები არ უნდა გავიდეს ეთერში.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად არჩევის შემთხვევაში არაფრის შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ მხოლოდ გააუმჯობესებს მაუწყებლობას და ჟურნალსიტურ საქმიანობაში არ ჩაერევა, თუმცა თანამშრომლებს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას მოსთხოვს.

განათლება

1967 წელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი;

1977 წელი - მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები.

სამუშაო გამოცდილება

1994-1998 აჭარის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე;

1993-1994 საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, თავმჯდომარე ;

1991 -1993 აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტი, თავმჯდომარე;

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი.

ჯილდოები

2009 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია;

2007 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია;

1997 - ღირსების ორდენი;

1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია;

1995 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიტერატურული პრემია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს. გასაუბრება 8 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება. 10 ივლისს კი მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ფარული კენჭისყრით ხმას მისცემს კონკურსანტებს. დირექტორის გამოსავლენად კონკურსანტს მრჩეველთა სამი ხმა სჭირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველად კონკურსი 31 მაისს ჩატარდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

მეორე ჯერზე კონკურში მონაწილეობას იღებს წინა კონკურსში მონაწილე ექვსი და ახალი ექვსი კანდიდატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

XS
SM
MD
LG