Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პირადად კადიროვი მაწამებდა“ - იბრაგიმ იანგულბაევის ამბავი


იბრაგიმ იანგულბაევი, რომელიც 2015 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტს სოციალური ქსელის მეშვეობით დაუპირისპირდა, იხსენებს, თუ როგორ აწამებდა რამზან კადიროვი მას და მისი ოჯახის წევრებს.

- ასეთი რა ქენით, რომ რამზან კადიროვი გადაიმტერეთ?

- 2015 წელს „კონტაქტში“ ჯგუფი შევქმენი, სადაც ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობაზე ვწერდით: წამებაზე, ხალხის გატაცებაზე, კორუფციაზე. საინფორმაციო ომი წამოვიწყეთ, რაღაც მცირე ოპოზიციური მოძრაობის მსგავსი. 18 ნოემბერს მე, მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმა აბუბაქარი სახლიდან გაგვიტაცეს... მიგვიყვანეს კადიროვის რეზიდენციაში, აგვიყვანეს მეორე სართულზე, სადაც ძალოვანი სტრუქტურების ჩინოვნიკები რამზან კადიროვს ელოდნენ.

წარმოიდგინეთ, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი ამ სახუმარო ტექსტს მთელი სერიოზულობით კითხულობს და ასეთივე სერიოზულობით კადიროვი დასძენს: „შეამოწმეთ მათი კავშირები მასონებთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან. ასევე შეამოწმეთ იარაღი „კრაკენი“.
იბრაგიმ იანგულბაევი

ოთახში შევედით და მეორე მხრიდან კადიროვი და ბიზნესმენი რუსლან ბაისაროვი შემოვიდნენ. კადიროვმა ჩემი პოსტების [ამობეჭდილი ჰქონდათ] კითხვა დაიწყო. ერთი პოსტი იყო ჩემი რჩევა, ვწერდი, რომ კადიროვი ჯობდა გონს მოსულიყო, შეეწყვიტა ხალხის მოტაცება, სარდაფებში ჩაყრა და ხოცვა, რადგან პუტიმის რეჟიმი როდესმე დამთავრდებოდა და ჩეჩენი ერისთვის პასუხის გაცემა მოუწევდა. რამზან კადროვი მომიახლოვდა და მეკითხება: „შენ დაწერე?“ ვუპასუხე: „კი, მე დავწერე“. გაბრაზდა და მამაჩემის დატუქსვა დაიწყო, სად გინახავს სარდაფში ჩაყრილი და ნაწამები ხალხიო...

შემდეგ პოსტში კადიროვის ხალხს დავცინოდი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე და მთელი ჩემი გუნდი საზღვარგარეთ ვიმყოფებით, სახელმწიფო დეპატამენტი გვაფინანსებს, მასონებს შევეკარით... მოკლედ, ასეთი სისულელეები. ბოლოში მიწერილი გვქონდა: „გამოუშვით კრაკენი“ [მითიური ზღვის ურჩხული] ანუ კომენტარებში დასცხეთ-მეთქი. წარმოიდგინეთ, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი ამ სახუმარო ტექსტს მთელი სერიოზულობით კითხულობს და ასეთივე სერიოზულობით კადიროვი დასძენს: „შეამოწმეთ მათი კავშირები მასონებთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან. ასევე შეამოწმეთ იარაღი „კრაკენი“.

რა მასონები? რა კრაკენი? ვერ მოვითმინე და გამეცინა. ჩემ უკან ვახიტ უსმაევი იდგა, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობაში მუშაობდა. მაშინვე დამარტყა. მივტრიალდი და ვუთხარი, რას შვრები-მეთქი და მისკენ წავიწიე. ყველა მე დამაცხრა თავზე. მცველებმა, ჩინოვნიკებმა ცემა დამიწყეს. ჩემი უფროსი ძმა, აბუბაქარი ცდილობდა, როგორმე დავეცავი და მასაც ეცნენ. მამაჩემმა კადიროვს მიმართა: „კაცები არ ხართ, როგორ იქცევით? მთელი ბრბო დაეტაკეთ“. მასაც დაუწყეს ცემა. შემდეგ კადიროვმა თქვა: „გეყოფათ“ და ისევ ციტატების კითხვა გააგრძელა. მამაჩემს ხელი მოკიდა, უნდოდა, რომ მამას მე ვეცემე და მერე ყველას ბოდიში მოგვეხადა. მამამ ხელი გამოსტაცა და რომელიღაც მცველმა მას დაარტყა. მე ამ მცველს მივვარდი, ყველა დანარჩენი მე მომცვივდა, ძმას ისევ ჩემი დაცვა უნდოდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

რაზმან კადიროვი
რაზმან კადიროვი

იმის გამო, რომ თავი არ დავხარეთ და ბოდიში არ მოვიხადეთ, კადიროვი ძალიან გაშმაგდა. მამაჩემს ჩემზე უთხრა: „სისხლი უნდა ავიღო, რასაც მინდა, იმას ვუზამ“. მამაჩემი და ჩემი ძმა სადღაც გაიყვანეს. მე სისხლი მდიოდა და იატაკი მთლიანად მოითხვარა. ვახიტ უსმაევმა თქვა: „ალოკე იატაკი“. ყურადღება არ მივაქციე. კადიროვი მომიახლოვდა და მეუბნება: „ანუ, არ ალოკავ სისხლს?“, არ ვპასუხობ. ვახიტ უსმაევი ჩემკენ დაიხარა: „თუ არ ალოკავ, ენას მოგაჭრით“. ისევ არ მივაქციე ყურადღება. მაშინ რაზმანი გაშმაგდა და ბრძანა სისხლის გუბეში ჩავეგდე. მერე მცველს მიმართა, მილები მომიტანეო. ეგენი პოლიპროპილენის მილებით აწამებენ ხალხს. მოუტანეს. სახეზე ფეხი დამაბიჯა და მილით ცემა დამიწყო. როდესაც დაიღალა, მაგამედ დაუდოვს გადასცა, მანაც მცემა და მილი ახლა ვახიტ უსმაევს გადააწოდა. ასე ხელიდან ხელში გადადიოდა ეს მილი და რიგ-რიგობით მირტყამდნენ. როდესაც უკვე გონებას ვკარგავდი, კადიროვმა თქვა, გაჩერდითო. შემდეგ აბუზაიდ ვისმურადოვს, რომელიც თავდავცის მინისტრი, მინისტრის მოადგილე თუ რაღაც მაგდაგვარია, მიმართა: „წაიყვანეთ და დაამუშავეთ“.

- და ამას ამბობს ის კადიროვი, რომელიც ნახევარი საათის წინ ნოტაციას კითხულობდა, სად ნახეთ ნაწამები ხალხიო?

სწორედ ის, სად ნახეთ ვინმე მოეტაცათ, ეწამებინათ, სარდაფში ჩაეგდოთო.

- რას გრძნობდით? არ შეგეშინდათ?

საერთოდ არ შემშინებია. ვწერდი ამის შესახებ და ვიცოდი, რაც ხდებოდა. ისიც ვიცოდი, ადრე თუ გვიან მომადგებოდნენ. მზად ვიყავი. ამ ხალხის მიმართ რაღაცნაირი ზიზღი მქონდა. რას მიზამენ? კი, შეუძლიათ წამებით მომკლან, მაგრამ სჯობს ცოტა ხანი თავისუფალ ადამიანად ვიცხოვრო, ვიდრე მთელი ცხოვრება მათი სისტემის მონად დავრჩე.

- რა მოხდა მას შემდეგ, რაც კადიროვის რეზიდენციიდან წაგიყვანეს?

უნდოდათ სხვები დამესახელებინა. იქ ავტოფარეხი იყო, სადაც ხალხს აწამებდნენ. წამიყვანეს ავტოფარეხში, მოიტანეს დენის აპარატი. დენით მაწამებდნენ, პოლიპროპილენის მილებით მცემდნენ და დაკითხვებს მიწყობდნენ. ავტოფარეხში იყო ორმო, იქ წყალი ჩაასხეს, რომ ვერ მესუნთქა, პირი ამიკრეს, ცხვირიდან ისედაც სისხლი მდიოდა და ამ ორმოში ჩამაგდეს. ყურებზე აპარატის დენის სამაგრები მომიჭირეს, თითებზე დენის მავთულები დამახვიეს, თან მილებით მცემდნენ. მანამდე მაწამებდნენ დენით, სანამ გონება არ დავკარგე. თვალი რომ გავახილე, ექიმი ეუბნებოდათ, ცოტა დაასვენეთ, თორემ ვეღარ გაუძლებსო. კადიროვის ხალხს ადამიანების წვალება და დამცირება უყვარს. ამით სიამოვნებას იღებენ. როცა ადამიანი მათ წინაშე მცირდება, კიდეც უფრო ამცირებენ, ხოლო თუ მას რეაქცია არა აქვს, შეეშვებიან. ჩემს შემთხვევაშიც იგივე მოხდა, არავითარი რეაქცია არ მქონდა და შემეშვნენ. სარდაფში წამიყვანეს.

იბრაგიმ იანგულბაევი
იბრაგიმ იანგულბაევი

- ამ სარდაფში რამდენი ხანი დაჰყავით?

უშუალოდ სარდაფში ერთი ღამე, მერე მიწისქვეშა ციხეში გადამიყვანეს, სადაც ნახევარი წელი დავყავი. პირუტყვებსაც არ ამყოფებენ ისეთ მდგომარეობაში, ჩვენ რომ ვყავდით. ერთი თვე მკითხავდნენ, უნდოდათ ის გუნდი მოეტაცებინათ, რომელიც მე შევკრიბე. პერიოდულად მაწამებდნენ, ბოლოს შემეშვნენ, რადგან ჩემგან ვერაფერს იგებდნენ. უბრალოდ ციხეში ვიჯექი. დღეში ერთხელ გვაჭმევდნენ, დღეში ერთხელ ტუალეტში გავყავდით. კამერას არც ფანჯარა ჰქონდა, არც - საპირფარეშო. ხანდახან ამ კამერაში, რომელიც 5 კაცზე იყო გათვლილი, 20 კაცს შემოყრიდნენ ხოლმე და რომ გვესუნთქა, კარის ხვრელებთან მივდიოდით. ერთხელ მთელი თვით ჩააქრეს შუქი, საშინელ სიბნელეში აღმოვჩნდით. გათბობაც არ გვქონდა.

- თქვენ დაახლოებით ნახევარი წელი საიდუმლო ციხეში იყავით, გაწამებდნენ, გამცირებდნენ. როგორც იქნა, გამოგიშვეს. თავში არ მოგსვლიათ, ქვეყნიდან წასულიყავით?

ვფიქრობდი, მაგრამ არ ვჩქარობდი. ვიყიდე სიმ-ბარათი, დავუკავშირდი მეგობარს საზღვარგარეთ და ვუთხარი, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ-მეთქი, ამჯერად ანონიმურად. ისევ წამიყვანეს, მეუბნებოდნენ შენ წერ ინტერნეტშიო. მე უარვყოფდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გამომააშკარავებდნენ. საერთო ჯგუფში ხანდახან ხმოვან შეტყობინებებს ვაგზავნიდი. ჩამირთეს ეს ხმოვანი შეტყობინება, ანუ ჩვენს ანონიმურ ჯგუფში აგენტი ჰყავდათ ჩანერგილი. წამიყვანეს მეორე ოთახში და დაიწყეს ჩემი წამება დენით და პოლიპროპილენის მილით. მცემდნენ ხელებით, ფეხებით. შემდეგ ჩამომკიდეს და ისევ დენით მაწამებდნენ. ჩემგან მონაცემებს ითხოვდნენ. მე ვეუბნებოდი: „არ ვიცნობ არავის, ჰკითხეთ თქვენს აგენტს და გეტყვით, რომ ყველაფერი ანონიმური იყო“. რამდენიმე საათი მაწამებდნენ და ვერაფერი რომ ვერ შეიტყვეს, სისხლის სამართლის საქმის შეთითხვნა დაიწყეს.

- როგორ ახერხებთ, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნეთ? როგორ მოახერხეთ ამის გადატანა?

მიჩვეული არ ვარ ტანჯვას, დარდს. ასე გამზარდეს მშობლებმა. რაც უნდა შეგემთხვეს, ღირსეულად უნდა გადაიტანო და ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო.

- თუმცა, როდესაც ამჯერადაც გაგათავისუფლეს, თქვენ გადაწყვიტეთ, ჩეჩნეთიც დაგეტოვებინათ და რუსეთიც.

მაშინვე წავედი ჩეჩნეთიდან. გზად მანქანებს ვიცვლიდით, რომ კვალში არ ჩაგვდგომოდნენ. 2021 წლამდე ნიჟნი ნოვგოროდში ვცხოვრობდი, ჩემი მშობლები და და-ძმა უკვე იქ იყვნენ. მე ჩემს საქმეს ვაგრძელებდი, ისე საჯაროდ და ხმაურიანად არა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც. მაგალითად, გამოვედი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში და მოვყევი, როგორ აწამებენ ხალხს, რომ მე უშუალოდ კადიროვმა მაწამა.

- 2022 წლის 20 იანვრამდე (ამ დღეს იბრაგიმის დედა ზარემა მუსაევა დააპატიმრეს და ჩეჩნეთში გადაიყვანეს) თქვენ იღებდით „შეტყობინებებს“ ჩეჩნეთის ხელისუფლებისგან.

ანონიმურად გვითვლიდნენ მუქარას. მე მაინც ვწერდი, ვაკრიტიკებდი. ბოლო დროს, მაგალითად, 2020 წელს, ევროსასამართლოში გამოსვლის შემდეგ ჩვენს ნათესავებს იტაცებდნენ და „პროფილაქტიკურ საუბრებს“ უტარებდნენ. მათ უნდათ, ჩვენ მათთან მივიდეთ, რომ მოგვკლან, დაგვამცირონ და საჯაროდ დაგვსაჯონ. ავადმყოფი ქალიც ამის გამო მოიტაცეს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს მათთან მისვლას და ჩაბარებას. როგორც მათი პატრონი პუტინი ამბობს, ტერორისტებს არ ველაპარაკებით. ესეც კი ვერ გაუგიათ. საერთოდ არ იციან, როგორ უნდა იბრძოლონ. მხოლოდ მოტაცება, წამება და მოკვლა შეუძლიათ. მორჩა!

როდის "შეჭამს" კადიროვი 1323-ეს?
please wait

No media source currently available

0:00 0:16:24 0:00

- თუ ხვდებით, რატომ არ მოგკლეს?

არ ვიცი, არადა შეეძლოთ. იმ სარდაფში რომ ჩამაგდეს და საწამებელი ხელსაწყოები დავინახე, ვიფიქრე, მორჩა, ნამდვილად ბოლოს მომიღებენ, მომკლავენ-მეთქი. უკვე მზად ვიყავი სიკვდილისთვის, მაგრამ რატომღაც ცოცხალი დამტოვეს, არ ვიცი, რატომ... ასე გადაწყვიტა ღმერთმა.

- რა უნდა მოხდეს, რომ დედათქვენი გამოუშვან?

მხოლოდ ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების, უცხო ქვეყნების მხრიდან - მხოლოდ ეს თუ დაძრავს საქმეს. როგორც ვიცი, კრემლში დუმან ან ამბობენ, რომ ეს ფანტაზიის სფეროა. კადიროვი და მისი ხალხი იმუქრებიან, რომ თავებს დაგვაჭრიან. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოება თუ მოახდენს გავლენას. ეს საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საუბრობდნენ. ეს იმედს გვაძლევს, რომ დედის გათავისუფლებას შევძლებთ. კადიროვს ეს საქმე ჩუმად რომ მოეგვარებინა, პუტინი არ დაუძახებდა და არ გაკიცხავდა, მაგრამ რადგან ასე გახმაურდა, დაიბარეს და უსაყვედურეს. ახლა ადვოკატები დაუშვეს დედასთან. რაღაც მაინც შეიცვალა.

XS
SM
MD
LG