Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარემა მუსაევამ გროზნოში სასამართლოს სხდომის დროს გონება დაკარგა


ზარემა მუსაევა
ზარემა მუსაევა

ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის ცოლი, ზარემა მუსაევა, უგონოდ იყო გროზნოში სასამართლოს სხდომის დროს. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ იტყობინება ადვოკატებზე დაყრდნობით, რომლებმაც 8 თებერვალს მოინახულეს მუსაევა.

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, რომელშიც მუსაევას პოლიციელის შეურაცხყოფაში ედება ბრალი, მან მოსამართლის შეკითხვაზე პასუხისას გონება დაკარგა. მთელი სასამართლო სხდომა, რომელზეც მას 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, მუსაევამ უგონო მდგომარეობაში გაატარა.

ადვოკატმა ნატალია დობრონრავოვამ განაცხადა, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები გაგებით ეკიდებიან მუსაევას მდგომარეობას და სახლში მომზადებული საკვებითაც კი კვებავენ მას. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური. მუსაევას დიაბეტი სჭირს.

როგორც მუსაევას ვაჟმა, უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლების მიმართ პრეტენზიები არა აქვთ. მიმდინარეობს მუშაობა ძალოვანი სტრუქტურების გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

20 იანვარს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეიჭრნენ აბუბაქარ იანგულბაევის მშობლების ბინაში, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, და გროზნოში დაკითხვაზე ძალით წაიყვანეს დედამისი, ზარემა მუსაევა. ვინაიდან მოსამართლის სტატუსის გამო საიდი იანგულბაევი ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს, ჩეჩენმა სამართალდამცველებმა დაკითხვაზე მხოლოდ ზარემა მუსაევა წაიყვანეს. თავიდან მას ადმინისტრაციული სასჯელი დაუწესეს პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით. მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მუსაევას ბრალად ედება, რომ ის თითქოს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ოქმს წერდა.

„წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ყოფილი იურისტი, აბუბაქარ იანგულბაევი, დეკემბრიდან იმყოფებოდა საქართველოში. მაგრამ საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მან საქართველო დატოვა. მანამდე იანგულბაევისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ პირდაპირ მუქარებს ჰქონდა ადგილი ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისა და რუსეთის დუმის დეპუტატ ადამ დემილხანოვის მხრიდან.

ჩეჩენი სამართალდამცველები ყოფილი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის შვილებს ოპოზიციური ტელეგრამის არხის „1 ადათის“ შემქმნელებად და მოდერატორებად მიიჩნევენ. შუათანა, იბრაგიმი, დაუსწრებლად დააპატიმრეს ამ არხით გავრცელებული პუბლიკაციების გამო.

XS
SM
MD
LG