მან გუშინ, 27 ნოემბერს, “რუსთავი 2-ის” ეთერში ჩამოთვალა რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ, მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი დღეს რომ ხდებოდეს, მას მოუწევდა:
- სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა
- ეკონომიკური თავისუფლების დათმობა - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაუქმება სხვადასხვა ქვეყანასთან
- უვიზო მიმოსვლის გაუქმება რამდენიმე ქვეყანასთან
“ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია”, - აღნიშნა “ქართული ოცნების” ლიდერმა.
ექსპერტები, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, პაპუაშვილის განცხადებებს მანიპულაციურს უწოდებენ. მათი თქმით ევროინტეგრაცია “ქართულ ოცნებას” აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაში უშლის ხელს.
პაპუაშილის განცხადებას დღეს, 28 ნოემბერს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც და თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმება “სერიოზული პრობლემა და დარტყმაა” საქართველოს ეკონომიკისთვის, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში საქართველო “ხვალ” გაწევრიანდებოდა.
“მას [პაპუაშვილს] საუბარი ექნებოდა იმაზე, რომ ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს [იგულისხმება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში - რ.თ.], შეიძლება ამან გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, მაგრამ ჩვენ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განვახორციელოთ”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა და გაიმეორა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს აიძულებს გააუქმოს უვიზო რეჟიმი არაერთ ქვეყანასთან, რაც მილიონობით შეამცირებს ტურისტების რაოდენობას.
ამ მიმართვიდან რამდენიმე საათში კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
რა თქვა პაპუაშვილმა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა გუშინდელ ინტერვიუში არაერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. მან ევროკავშირის ლიდერების პოზიცია საქართველოს მიმართ შეადარა საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებას, მათ ნაბიჯებს “პოლიტიკური ინტერვენცია” უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ საქართველოს ბევრ ეკონომიკურ სიკეთეზე მოუწევდა უარის თქმა. ამაზე საუბრისას პაპუაშვილს არ დაუსახელებია ის ეკონომიკური სარგებელი ან უსაფრთხოების გარანტიები, რასაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციით მიიღებდა.
“ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა იქ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოგვივიდნენ აქ ევროპელი და ლიეტუველი პოლიტიკოსები და დიდი ძმის ტონით გვესაუბრონ… როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, რომ ახლა ცდილობენ ეს მოსკოვის როლი შეგვისრულონ”, - თქვა პაპუაშვილმა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები გააკრიტიკა ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
მისი თქმით, თავად ევროკავშირი აკრიტიკებს რუსეთს მსგავსი საქციელისთვის. ჟურნალისტ ნინო შუბლაძის რეპლიკას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპანტია, პაპუაშვილმა უპასუხა:
„ხომ არის სამხედრო ინტერვენცია და პოლიტიკური ინტერვენცია, როდესაც პოლიტიკური ინტერვენცია გაქვს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევი, საარჩევნო კამპანიაში ერევი, ამას რა უნდა დავარქვათ? ყველაფერი მარტო ტანკით და რაკეტებით ხომ არ წყდება. არის ასევე პოლიტიკური ინტერვენცია. ზოგიერთს უნდა, ითამაშოს დიდი ძმის როლი და ჩვენ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვაწერდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია, რომ აქ ვინმემ დიდი ძმა გვეთამაშოს და რევიზორების როლი ჰქონდეთ”, - თქვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით მან მიანიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ამ ეტაპზე მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში. ამაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს გავლენა ვერ ექნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამართულ აქციებს ესწრებიან.
პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება დაასახელა ისე, რომ საქართველომ სხვა კანდიდატ ქვეყნებს სხვადასხვა მაჩვენებლით გაუსწროს.
მისი თქმით, საქართველო 2030 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა “ქართულ ოცნებას” მიზნად აქვს დასახული ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, საქართველო ისეთ დონეზე იქნება, რომ „შეიძლება იქით შეგვეხვეწოს კიდეც ვიღაც, რომ შევიდეთ ამ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი”.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტის ნაწილის, ეკონომიკური თავისუფლებისა და უვიზო მიმოსვლის დაკარგვას ნიშნავს:
“გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრები დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს.
იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება?”, - თქვა მან და განმარტა, რომ შენგენის სივრცის ნაწილად ქცევა ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შემოვლენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც არ აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.
ინტერვიუს ბოლოს კი არაკეთილსინდისიერი უწოდა იმ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, ვინც საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა მათთვის.
“ასეთ კარგაღებულ ნატოსთან ვდგავართ უკვე რამდენი წელია”, - თქვა მან.
მანიპულაციური განცხადება? - რა არ თქვა პაპუაშვილმა
ექსპერტები ევროინტეგრაციის საკითხზე პაპუაშვილის განცხადებებს მანიპულაციურს უწოდებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ამ გზით ცდილობს ანტიევროპული განწყობების დათესვას, რადგან ევროინტეგრაცია ახლა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რაც ხელს უშლის “ქართულ ოცნებას” აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაში.
“ეს იყო ევროინტეგრაციის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, მისი მნიშვნელობის დაკნინება და პრობლემების წარმოჩენა, თითქოს, თუ გავყვებით ევროპული ინტეგრაციის გზას, თითქოს უფრო მეტი ხარჯი გვექნება, ვიდრე სარგებელი”, - აცხადებს გოგოლაშვილი.
გოგოლაშვილის მოსაზრებას იზიარებს “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეც.
მისი განმარტებით, ფაქტი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაუქმება რიგ ქვეყნებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება:
“თუ წევრი ხარ, თამაშობ ევროკავშირის წესებით, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს აფორმებს ერთად. აქედან გამომდინარე, დიახ, მოგვიწევს, რომ აღარ გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ ამის სანაცვლოდ საქართველოზე გავრცელდება ოთხი თავისუფლების პრინციპი, მუშახელის, მომსახურების თავისუფლება [რაც გულისხმობს პირთა, მომსახურების, საქონლის, და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას]. ანუ საქართველოს შეეძლება, რომ ღვინო რუსეთის მაგივრად გაიტანოს იტალიაში ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში”, - ამბობს ჩხიკვაძე.
ამჟამად საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს დსთ-ის წევრ 9 ქვეყანასთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან.
ჩხიკვაძის შეფასებით, არ შეიძლება უარყოფით კონტექსტში შენგენის ზონის ნაწილად ყოფნის დანახვაც, რადგან, ერთი მხრივ, ეს გარკვეულ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ნიშნავს, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში ჩამოვლენ ტურისტები ისეთი ქვეყნებიდან, ვინც უფრო მხარჯველუნარიანად ითვლება, ვიდრე მაგალითად რუსი ტურისტები.
ამჟამად შენგენის სივრცე მოიცავს 26 ქვეყანას, მათ შორის არიან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი და შვეიცარია.
რაც შეეხება სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ჩხიკვაძის განმარტებით, ამ პროცესს ჰქვია სუვერენიტეტის გაზიარება, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებზე საქართველოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, თუმცა ეს არ არის დათმობა.
“აბსოლუტურად უსაფუძვლოა ვითომ შიში, რომ რაღაცებს დავკარგავთ. შეიძლება მოგვიწიოს რაღაცების გადალაგება, მაგრამ რომ დავდოთ სასწორზე სარგებელი და დანაკარგი, სარგებელი ბევრად უფრო მეტი იქნება, რასაც მივიღებთ, ვიდრე რასაც დავკარგავთ”, - თქვა მან.
ექსპერტები აკრიტიკებენ პაპუაშვილის განცხადებასაც, რომ 2030 წლისთვის “შეიძლება იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი”.
კახა გოგოლაშვილის განმარტებით, საქართველოში შემცირდება ინვესტიციები, როცა საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ევროკავშირი, რაც შეასუსტებს ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განვითარებას.
პაპუაშვილისა და კობახიძის განცხადებების უკან გოგოლაშვილი ხედავს “ქართული ოცნების” განზრახვას, რომ მოსახლეობა შეამზადონ იმ შემთხვევისთვის, როცა საქართველო ევროკავშირში არ გაწევრიანდება.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ევროკავშირი მთავრობას ახალი არჩევნების ჩატარებას მოსთხოვს, სხვა შემთხვევაში კი ყველანაირ ურთიერთობას შეზღუდავს, ამიტომ დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის შემზადება, რომ არ სურთ ის, რასაც ისედაც ვერ იღებენ.
“მოსახლეობას ამზადებენ იმისთვის, რომ არ გვჭირდება ევროკავშირი, პირიქით, მათ ვჭირდებით. ისინი ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება მეტად შეკვეცავენ ადამიანების თავისუფლებას, შეზღუდავენ არასამთავრობო სექტორს და პრესას, ისე, როგორც რუსეთშია - იქაც უარესდება მდგომარეობა, მაგრამ ამის შესახებ არავინ საუბრობს”, - თქვა გოგოლაშვილმა.
ფორუმი