სახის გამოჩენის ვალდებულება მხოლოდ მომიტინგეებს დაუწესდებათ. ნიღბებში დარჩებიან საპოლიციო ჯგუფები, რომლებიც მომიტინგეებს ბოლო დღეებში უმოწყალოდ, ჯგუფურად სცემდნენ. მათგან ჯერ არავინ დასჯილა.
საერთაშორისო საზომით, „მშვიდობიან შეკრებებზე ნებისმიერი ნიღბის ტარების სრული აკრძალვა წარმოადგენს შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას“. საქართველოში მიმდინარე პროევროპულ პროტესტს მშვიდობიანად მიიჩნევს თითქმის ყველა, „ქართული ოცნების“, მათი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების გარდა.
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას „ქართული ოცნება“ დაჩქარებულად კვირის ბოლომდე გეგმავს. სადავო წესით დაკომპლექტებული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 დეკემბერს განმარტა, რომ ახალი რეგულაციები საკომიტეტო მოსმენაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება.
სახის დაფარვის აკრძალვა პირბადეების, ნიღბებისა და აირწინაღების ტარების აკრძალვასაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის ბურუსში, როგორც ეს გასულ დღეებში იყო, მომიტინგეები თავს ვეღარაფრით დაიცავენ.
„როდესაც ხდება შეკრების დაშლა, იმისთვის გამოიყენება წყლის ჭავლი, აირი და ასე შემდეგ, რომ შეკრება დაიშალოს... არავინ არ მოკვდება... რომ არ იძალადოთ, საერთოდ არ იქნება არც მხუთავი აირი და არც წყალი“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას - „და როდესაც აკრძალავთ ამას [ნიღბების, აირწინაღების] ტარებას, მოვკვდეთ იქ, იმ მომენტში?!“
„არის ძალიან ბევრი ნიღბიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს რეაგირება - ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე“, ახალი კანონი კი აკრძალავს „შეკრებაზე, შეკრების მონაწილეთა მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეთა მიერ, სხვადასხვა საშუალებებით სახის დაფარვას“, - სახის დაფარვის აკრძალვის ინიციატივაზე, ირაკლი კობახიძემ 8 დეკემბერს ილაპარაკა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ეს საკითხი მან - TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ნიღბიანების თავდასხმაზე საუბრისას წამოჭრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი არის შენიღბული და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის, რა თქმა უნდა, თამამი არის კანონდარღვევაში და თამამია აგრესიაში“.
ასევე პაპუაშვილის სიტყვებით, აიღებენ ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკიდან „ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს“ და სახის დაფარვას მხოლოდ საჯარო შეკრებებზე აკრძალავენ.
პრობლემას არა ნიღბიანი მომიტინგეები, არამედ ნიღბიანი პოლიციელები ქმნიან - იურისტები და უფლებადამცველები
„ძალიან სამარცხვინოა [შეკრების მონაწილეებისთვის სახის დაფარვის აკრძალვა] იმ პირობებში, როდესაც დანაშაულებს ჩადიან შავ ტანსაცმელში და შავ ნიღბებში ჩაცმული ბოროტმოქმედები, რომლებსაც არა აქვთ არანაირი პოლიციელის ნიშანი ან მაიდენტიფიცირებელი ნომრები, რომ დადგინდეს - ვინ ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული, ძალიან სამარცხვინოა, რომ მოქალაქეების იდენტიფიცირებაზე ლაპარაკობს ეს არაღიარებული ხელისუფლება… იმის გამო, რომ, თურმე, ვერ ცნობენ ნიღაბში ადამიანებს, უნდათ ახლა ეს შეზღუდვა დაუწესონ…“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი. მისი ორგანიზაციის იურისტები, უკვე ათ დღეზე მეტია, დღე და ღამე სამართლებრივად იცავენ დაკავებულებს და საკუთარი თვალით ხედავენ და ესაუბრებიან - პოლიციელების ძალადობის მსხვერპლებს.
ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ არალეგიტიმური პარლამენტის დამტკიცებული ყველა კანონი უკანონოა, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაინც ცდილობს, რომ შეზღუდვა დააწესოს და მომიტინგეებზე წნეხი და ძალადობა გააძლიეროს:
„ამ [სახის დაფარვის აკრძალვის] ინიციატივის რეალური მიზანია - უფრო მოწყვლადი გახდეს პროტესტი და დასაჯონ აქციების ყველა აქტიური მონაწილე. ეს ძალადობის დაზღვევა კი არ არის, არამედ - იმის მცდელობაა, რომ უფრო ეფექტიანი გახდეს მათი ძალადობა პროტესტის აქტიური მონაწილეების წინააღმდეგ“, - ეუბნება ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებას.
ოფიციალური მონაცემებით, 8 დეკემბრისთვის
- 400-ზე მეტი მომიტინგეა დაკავებული;
- 30-ზე მეტი მათ შორის სისხლის სამართლის წესით;
- 372 ადმინისტრაციული წესით;
- 62 ადამიანი დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით;
- 100-ზე მეტი დააჯარიმეს;
- 0 - დასჯილი მოძალადე პოლიციელ;
პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემი ათეულობით ადამიანი მოხვდა კლინიკებში - გატეხილი ცხვირით, თავით, ჩამსხვრეული სახის ძვლებითა და კბილებით, დასისხლიანებული - ბევრ მათგანს სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. უმრავლესობას დაზიანებული აქვს თავი და სახე.
„ქართული ოცნება“ პოლიციელებს ყოველდღე უხდის მადლობას და აქციის მონაწილეებს „ბრუტალურ სისტემურ ძალადობაში“ ადანაშაულებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუკპოსტში წერს, რომ აქციის მონაწილეები ნიღბებს თავის დასაცავად იყენებენ და სწორედ ამ თავდაცვის საშუალებების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“, მაშინ, როცა ნიღბიანი საპოლიციო ძალების წარმომადგენლები „ადამიანებს აწამებენ“ და სისტემა მათ მალავს.
მედიაში გასაჯაროვდა ბევრი იმ მოძალადის ვინაობა, ვინც ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს როგორც ამ დღეების განმავლობაში - მიტინგზე, ასევე 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე, როცა ნიღბიანებმა არაერთ ადამიანს სასტიკად სცემეს. თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე ლამის ორი კვირაა - არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.
ბესიკის ქუჩაზე, სადაც ნიღბიანების ჯგუფი „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, პოლიტიკოსებსა და რამდენიმე აქტივისტს სასტიკად გაუსწორდა, თვითმხილველების თქმით, იქვე მდგომმა საპატრულო ეკიპაჟმა არაფერი გააკეთა მათ დასახმარებლად და მოძალადე ჯგუფს მშვიდად გაცლის საშუალება მისცა.
საიას ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „თვითონ გაუკეთა პროვოცირება ამ საკითხს - მისივე ორგანიზებული ე.წ. ტიტუშკებით და ამ ფონზე საზოგადოებაში სადისკუსიოდ შემოიტანა ინიციატივა - სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ“, რაც „მათ აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორებას გაუმარტივებს“.
სიმონიშვილი ასევე გვეუბნება, რომ სახის დაფარვა შეკრების თავისუფლებაში ჯდება და ამ მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს.
რას ამბობს საერთაშორისო პრაქტიკა
1988 წელს დაბადებული მურმანსკელი ნაილია იბრაგიმოვა 2012 წელს რუსეთში ადმინისტრაციული წესით გასამართლეს - რუსეთის ხელისუფლების დევნილი პანკჯგუფის, Pussy Riot-ის მხარდამჭერ აქციაზე სახის დაფარვის გამო. ამ აქციაზე იბრაგიმოვა მარტო იყო და ე.წ. ბალაკლავა ეხურა [ნიღბიანი ქუდი] - ფერადი, პანკჯგუფისთვის დამახასიათებელ ფერებში.
იმავე დღეს დიდი აქციები გაიმართა პარიზსა და ოსლოში - ხალხი ზუსტად ასეთივე ფერადი ბალაკლავებით გამოვიდა Pussy Riot-ის მხარდასაჭერად, მაგრამ მონაწილეები არავის დაუკავებია.
სტრასბურგის სასამართლოს იბრაგიმოვამ 2013 წელს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2022 წლის 30 ნოემბრით თარიღდება, აღნიშნულია, რომ რუსეთის სახელმწიფომ დაარღვია იბრაგიმოვას აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით.
ნაილია იბრაგიმოვას საქმეზე ევროპული სასამართლო მიუთითებს ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] დასკვნაზე, რომლის შინაარსიც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან არის შეჯერებული:
- „არ არსებობს ზოგადი ან ჩვეულებრივი შეზღუდვები ნიღბების გამოყენებასა და სახის დაფარვაზე. ნიღბის ტარება და სახის დაფარვა შეკრებებზე, გამოხატვის მიზნებისთვის წარმოადგენს კომუნიკაციის ფორმას, რომელიც დაცულია სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებებით.
- ეს შეიძლება მოხდეს კონკრეტული მოსაზრებების ან რელიგიური მრწამსის გამოსახატად ან შეკრების მონაწილის შურისძიებისგან დასაცავად. ნიღბებისა და სახის დაფარვის სხვა საშუალებების მშვიდობიან შეკრებაზე ტარება არ უნდა აიკრძალოს, თუკი არ არის გარდაუვალი ძალადობის აშკარა მტკიცებულებები.
- ადამიანს არ უნდა მოეთხოვოს ნიღბის მოხსნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისი ქმედება ქმნის დაკავების სავარაუდო მიზეზს, ხოლო ნიღბით სახის დაფარვა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა“.
ამავე საქმეზე ევროპული სასამართლო ასევე მიუთითებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე [2013] მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ რუსეთის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
- „ნიღბების და შენიღბვის სხვა საშუალებების გამოყენების აკრძალვა, რაც რიგი სხვა ქვეყნების კანონმდებლობის ნაწილია, პრინციპში შესაძლებელია გამართლდეს. თუმცა ამ სფეროშიც უნდა იქნეს დაცული პროპორციულობის ტექსტი.
- ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მანამდე გამოხატეს მოსაზრება, რომ „მშვიდობიან შეკრებაზე ნიღბის ტარება გამოხატვის მიზნებისთვის არ უნდა აიკრაძალოს იმ დრომდე, ვიდრე ნიღაბი ან კოსტიუმი არ იქნება გამოყენებული იმ მიზნით, რომ ვერ მოხდეს იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის ქმედებაც ქმნის დაკავების შესაძლო საფუძველს და მანამდე, ვიდრე ნიღაბი არ ქმნის გარდაუვალი კანონდარღვევის აშკარა და რეალურ საფრთხეს“.
- კომისიის მოსაზრებით, მშვიდობიან შეკრებებზე „ნებისმიერი ნიღბის სრული აკრძალვა წარმოადგენს შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას“.
საქმის მასალებით, იბრაგიმოვას ბრალთან დაკავშირებით რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის ივლისში, განმარტა, რომ რუსეთის კანონმდებლობით - „სახის დაფარვის აკრძალვა საჯარო ღონისძიებებზე, მათ შორის ნიღბით, კამუფლაჟით ან სხვა საგნებით, რომლებიც გამიზნულია იდენტიფიცირების გაძნელებისთვის, ვრცელდება ყველა ტიპის საჯარო ღონისძიებაზე, განურჩევლად ადგილმდებარეობისა, მონაწილეთა რაოდენობისა, დასახული მიზნებისა, განხილული საკითხებისა თუ გამოთქმული მოსაზრებებისა“.
ასევე, რუსეთის სასამართლო იშველიებს კანონის განმარტებას, რომ სახის დაფარვის აკრძალვას აქვს „პრევენციული და შემაკავებელი ზემოქმედება საჯარო ღონისძიებების მონაწილეების საქციელზე, რათა არ იფიქრონ მათ, რომ შეიძლება დაარღვიონ კანონი და დარჩნენ დაუსჯელები“.
ქსელიდან გამქრალი
ვიდრე „ქართული ოცნება“ მომიტინგეებს სახის დაფარვას აუკრძალავს, თბილისში სპეციალური პირბადეებისა და აირწინაღების დეფიციტია. აქციის მონაწილეთა ჯგუფებში ბევრი წუხს, რომ ცრემლსადენი გაზისა და „წიწაკის სპრეისგან“ დამცავ საშუალებებს ვეღარ ყიდულობენ; მაშინ, როცა ექიმები რუსთაველის გამზირზე გაშვებული ქიმიური ნივთიერებების მასშტაბებს საგანგაშოდ თვლიან.
პრობლემურია გამოწერაც.
რადიო თავისუფლებას რამდენიმე გადამზიდავ კომპანიაში უთხრეს, რომ შემოტანაზე თავად არ დაუწესებიათ აკრძალვა, მაგრამ ვიდრე ადამიანი პირბადეებს, აირწინაღებს ან დამცავ სათვალეებს გამოიწერს, საკითხი შემოსავლების სამსახურში უნდა გაარკვიოს, ხომ არ შეფერხდება ტვირთი საბაჟოზე.
შემოსავლების სამსახურს რადიო თავისუფლებამაც მიმართა, თუმცა დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.
„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“, - ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ განცხადება 9 დეკემბერს გამოაქვეყნა, როცა აწ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა მას მიტინგისთვის აუცილებელი დამცავი საშუალებების გაყიდვიდან ამოღებაში დასდეს ბრალი.
ვისი ჩარევით შეიზღუდა გაყიდვა, „გორგია“ არ აკონკრეტებს.
„გთხოვთ, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და შპს გორგიას მიერ გამოჩენილი მორჩილების გამო რეჟიმისადმი, რაც გამოიხატება ათასობით ცალი პირბადისა და სათვალის გადამალვაში, რის გამოც მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ“, - წერს კომპანია „გორგიას“ ერთ-ერთი მენეჯერი გიორგი [მერაბ] რომელაშვილი სამსახურიდან წასვლის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხოლო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როდესაც, რამდენიმე დღის წინ, „გორგიამ“ დამცავი საშუალებების გაყიდვა შეწყვიტა, ხელმძღვანელობას, სხვებთან ერთად, ჰკითხა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. გიორგიმ და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა სამსახური დატოვა.
„როცა პროდუქციის გაყიდვა შეწყდა, საწყობში ერთ-ერთი შესვლის დროს, გადავაწყდი ფაქტს, რომ პროდუქციის დიდი მარაგები უბრალოდ ეწყო. ეს იყო პირბადეები, სათვალეები და ჩაფხუტები. ვიდეო გადავიღე და გავავრცელე“, - გიორგი რომელაშვილმა ამ მარაგების ამსახველი ვიდეომასალა 8 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ამავე დღეს, როგორც გვეუბნება, მას საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ უწყება უნდა ჩაებარებინათ, თუმცა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშიც აღმოჩნდა:
„უწყების გადმოცემის ნაცვლად, ჩამსვეს მანქანაში და შუაღამისას წამიყვანეს სახლიდან. დაკითხვა დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. კითხულობდნენ - რა ხდებოდა აქციებზე და რაიმე ძალადობრივ ღონისძიებაში ხომ არ მიმიღია მონაწილეობა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალადობისკენ მოწოდებებსაც არ ვაკეთებ... არც მუხლი განმიმარტეს და არც რა საქმეა“, - რომელაშვილი ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ შს სამინისტროს ყურადღების ცენტრში საწყობში გადაღებული ვიდეოს ფართოდ გავრცელების შემდეგ მოექცა.
მას შემდეგ, რაც ფეისბუკმომხმარებლების ძლიერი გულისწყრომა გამოიწვია, „გორგიამ“ განმარტა, რომ პროდუქციის დახლებზე დაბრუნება სურდა, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა, „ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად“ სწორედ ევროკავშირი მიაჩნია და, რომ „თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე“ თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება მათთვის „ყველაფერზე მნიშვნელოვანია“.
უკვე საღამოს „გორგია“ დასაწყობებულ პროდუქციას თანამშრომლებს ურიგებდა „პირადი მოხმარებისთვის“.
ათ დღეზე მეტია, რაც თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
მძლავრი პროტესტის ტალღა მაშინ აგორდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
ფორუმი