Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაზიებში აღარ არის - რა ხდება ფეიერვერკებსა და აირწინაღებზე?


პროევროპული საპროტესტო აქცია რუსთაველზე. 4 დეკემბერი, 2024
პროევროპული საპროტესტო აქცია რუსთაველზე. 4 დეკემბერი, 2024

ფეიერვერკისა და რესპირატორების ყიდვა გაჭირდა. პიროტექნიკის მაღაზიებს საშემოსავლო სამსახური ამოწმებს, რესპირატორების მარაგი კი უცბად ყველგან „ამოიწურა“.

4 დეკემბერს ფეიერვერკები, რომლებსაც აქციის მონაწილეები ისროდნენ, დეფიციტური პროდუქტი გახდა. პიროტექნიკის რამდენიმე მაღაზია დროებით დაიხურა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ეს გეგმური შემოწმებაა და როგორც კი შეამოწმებენ, მაღაზიები ისევ გაიხსნება. ეს შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს, ორში, ერთ თვეში... დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად წარმოადგენენ კომპანიები დოკუმენტებს.

შემოწმების დაწყებიდან მეორე დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 1-27 ნოემბერს პიროტექნიკის გაყიდვა, შარშანდელთან შედარებით, 90%-ით გაიზარდა, ანუ „ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს და მოამზადეს“ ძალადობა რუსთაველზეო.

რადიო თავისუფლებამ პიროტექნიკის იმპორტის სტატისტიკა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გადაამოწმა. ბოლო მონაცემი აქ 2024 წლის ოქტომბრისაა.

2023 წლის ნოემბერში შემოიტანეს 615 000 დოლარის ღირებულების 115 ტონა პიროტექნიკა. თუ დავიჯერებთ კობახიძის განცხადებას 90%-იან ზრდაზე - 2024 წლის ნოემბრის მოცულობა შეიძლება იყოს დაახლოებით $1.2 მლნ და 218.5 ტონა.

ეს არ არის რეკორდული მაჩვენებელი. სხვადასხვა დროს ამაზე მაღალი რიცხვებიც დაფიქსირებულა, მაგალითად:

  • 2023 წლის აგვისტოში - 1.9 მლნ და 237 ტონა;
  • 2023 წლის დეკემბერში - 1.8 მლნ და 440 ტონა;
  • 2024 წლის აპრილში - 2.2 მლნ და 41 ტონა;
  • 2024 წლის აგვისტოში - 1.7 მლნ და 177 ტონა.

კომპანია „სამი ძმა“, რომელიც პიროტექნიკით ვაჭრობს, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ახლა პიროტექნიკა მათ პროდუქციაში არ არის, თუ რატომ, ამას უკვე აღარ აკონკრეტებს.

მაშინ, როდესაც ახალ წლამდე სამი კვირაა დარჩენილი, ონლაინმაღაზიებში პიროტექნიკაზეც და რესპირატორებზეც მითითებულია: „მარაგი ამოიწურა“.

„შეიძლება კერძო გამყიდველს კიდევ ჰქონდეს შემორჩენილი პიროტექნიკა, მაგრამ მსხვილ მაღაზიებში აღარ არის. რაც ქუჩაში ჯერ კიდევ იყიდება, ეს არის ჩვეულებრივი „ხლაპუშკა“, - ამბობს ჟორჟ ჟამერაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი.

პიროტექნიკის გაყიდვასთან ან ფლობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება არ შესულა. ოფიციალურად მისი ყიდვაც შესაძლებელია, შემოტანაც და შენახვაც, რეალურად კი, წინა დღეების გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიების ოფისებში, მაგალითად, „დროას“ ოფისში შესულმა პოლიციამ პიროტექნიკა „ნივთმტკიცებად“ ჩათვალა და კონფისკაცია გაუკეთა.

„გავრცელდა ათობით ვიდეო, როგორ ესხმიან თავს ე.წ. სპეცრაზმელები საცემად და მოსატაცებლად და როგორ იცავენ აქციის მონაწილეები თავს ფოიერვერკით. ამიტომ სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც, შეუძლებელია ფოიერვერკებზე ორი აზრი არსებობდეს“, - ამბობს გიგა ლემონჯავა, „დროას“ აღმასრულებელი მდივანი. მას ისიც წარმოუდგენლად მიაჩნია, მაღაზიების დალუქვამ რამე შედეგი გამოიღოს, - „პიროტექნიკას კი არა, ნარკოტიკებს ვერ ლუქავს პოლიცია. პიროტექნიკა ისე როგორ უნდა შეზღუდო, თან საახალწლო პერიოდში, რომ ვერ იშოვონ“.

იგივე მდგომარეობაა რესპირატორებსა და აირწინაღებთან დაკავშირებითაც.

„ჩემი რესპირატორი ვეღარ უძლებდა იმ გაზს, რომელსაც უშვებენ და ახლის ყიდვა მინდოდა. საიტებზე ვეძებე, არ იყო. ადრე სადაც იყიდებოდა, იქ აღარ იშოვება. ერთ მაღაზიას რომ მივწერე, სრულიად გაყიდულია მარაგი და უახლოეს მომავალში შევსებას არ ველოდებითო. „გორგიას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავად მომწერა, მარაგი კი გვაქვს, მაგრამ დააშინეს ხელმძღვანელობა და დახლებიდან მოახსნევინესო“, - ამბობს ჟორჟ ჟამერაშვილი.

„გორგიაში“ აცხადებენ, რომ ისეთი რესპირატორები, რომლებიც მომწამვლელი გაზისგან დაგიცავს, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ.

მხოლოდ ბოლო ორი ღამეა, რაც პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ. მანამდე ეს დემონსტრანტების დაშლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო რომელსაც სპეცრაზმი დიდი ოდენობით იყენებდა.

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG