Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდან მოდის საფრთხე? "აგენტების კანონის" საპირწონედ პარლამენტში ოპოზიციის პროექტიც განიხილება


ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია. 15 დეკემბერი, 2023 წელი
ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია. 15 დეკემბერი, 2023 წელი

„აგენტების კანონის“ გაცოცხლებას „ოცნება“ ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირებს და საფრთხეებს დასავლელი პარტნიორების საქმიანობაში ეძებს. ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენით, ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო პირველ რიგში რუსეთისგან არის დასაცავი.

კანონპროექტის „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ - ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოებთან გატოლება და ამით „მტრის სახის გაუფერულება“, რასაც, მათი თქმით - „ოცნება“ ე.წ. რუსული კანონის დამტკიცებით ცდილობს.

„ოცნება“ აცხადებს, რომ „აგენტების კანონის“ [კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] ამოქმედება საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის არის აუცილებელი.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა ალტერნატიული კანონპროექტი ძირითადთან ერთად უნდა განიხილოს. წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ორშაბათს გაიტანენ.

რა წერია ოპოზიციის პროექტში

კანონპროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. დარეგისტრირებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი.

ცვლილებების პაკეტის თანახმად:

  • აკრძალულია ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
  • ასეთი საქმიანობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება, რაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგს გამოიწვევს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

განმარტებით ბარათში ჩამოთვლილია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები და მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგები, საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ჩათვლით.

„სახეზეა ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომ ნებისმიერი საშუალებებით, როგორც ღია, ასევე - ფარული მეთოდებით, მასთან პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებული სუბიექტების მონაწილეობით გავლენა მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის კურსზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იზრდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ფედერაციის გავლენები“, - წერია ტექსტში.

ალტერნატიული კანონპროექტი ინიციირებულია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ჯგუფისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მიერ.
ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, თეონა აქუბარდია.

ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს „მტრებსა და მოყვრებს“ შორის მკაფიო ზღვრის გავლებას მოითხოვენ.

როგორ კითხულობს "ქართული ოცნება" ოპოზიციის პროექტს?

„არსი, აზრი ამ კანონპროექტის არის, რომ მოდი, მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენგან დაუკითხავად. და ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა ფულიც, ყველა ფული იყოს გამჭვირვალე“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, 5 აპრილს.

„წარმოგიდგენიათ საერთოდ ისეთი ადამიანი ბუნებაში, რომელიც ამბობს, რომ - ფაქტობრივად იხვეწებიან, ამბობენ - დაგვიმალეთ, არ გვითხრათ, არაფრით არ უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რაში ვხარჯავთ ფულს“, - ესეც პაპუაშვილის სიტყვებია.

მანამდე, 4 აპრილს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ნებისმიერი თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე, იქნება ეს „მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოსგან“.

მდინარაძე, ერთი მხრივ, ამბობს, რომ - რუსული ფული საქართველოში „ვერ შემოდის“, „გადაკეტილია ყველაფერი“, ხოლო, მეორე მხრივ, აცხადებს: „მასშტაბი შეუძლებელია იყოს ისეთი... გადავკეტავთ ყველაფერს“.

საქართველოში ფართოდ გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და ორკესტრირებული კამპანიების ფონზე, მდინარაძემ ჟურნალისტებთან მხოლოდ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფაქტი დაასახელა, რომელზეც განმარტებები თავად ხოშტარიასაც აქვს გაკეთებული.

საქართველოში მოქმედ პრორუსული ძალების წარმომადგენელთა ანგარიშებს, პერიოდულად, საქართველოში კომერციული ბანკები ხურავენ.

  • 2022 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკმა, დაუკონკრეტებლად, განაცხადა, რომ სანქცირებული იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ანგარიშები დახურა. ამავე პერიოდში ანგარიშების დახურვაზე იტყობინებოდა „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის” დაფუძნებულია. „გორჩაკოვის ფონდი“ სანქცირებულია ევროკავშირის მიერ.
  • „პრიმაკოვის ცენტრი“ 2023 წელსაც აქტიურობდა. საქართველოდან მოსკოვში არაერთხელ გაემგზავრა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ფართო დელეგაცია, მათ შორის - „პრიმაკოვის ცენტრიდანაც“.
  • „გორჩაკოვის ფონდის“ ტრიბუნას ხშირად იყენებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები - ეს ფონდი აქტიურად იყო ჩართული საქართველოსა და რუსეთს შორის „ურთიერთობების დათბობის“ - ვიზების გაუქმებისა თუ პირდაპირი ფრენების აღდგენის პროცესში.

რა საფრთხეს ხედავს „ოცნება“ დასავლეთში?

„როდესაც მტერსა და მოყვარეს შორის ტოლობის ნიშანს სვამ, ეს ნიშნავს, რომ მტრის სახეს აუფერულებ და ამით უფრო აადვილებ მტრის წარმატებებს ჩვენს ქვეყანაში“, - ეუბნება თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას. ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თუკი „ოცნება“ გაცოცხლებულ კანონს დაამტკიცებს, საქართველოში სწორედ რუსეთის ინტერესებისთვის სასარგებლო რეალობა შეიქმნება.

„[შალვა] პაპუაშვილის მანიპულაციური განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი რეალურად საფრთხეს ხედავენ არა ოკუპანტ სახელმწიფო რუსეთში, არამედ დასავლეთში, რომლის ოჯახში შესვლაც ხალხის 85%-ს უნდა“, - აქუბარდია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ „ოცნების“ ბრალდებები გამოძიებით დაუდასტურებელ ფაქტებს ეფუძნება, მაშინ როცა რუსეთის ქმედებები დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერაც.

საჯარო განცხადებებში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ძირითადად საერთაშორისო პარტნიორებისკენ არის მიმართული, რუსეთს კი, ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებენ - როცა ამის შესახებ მედიის წარმომადგენლები შეეკითხებიან.

"ოცნება" აცხადებს, რომ ნაბიჯებს აშშ-სა და ევროპის პრაქტიკის შესაბამისად დგამს. ხშირად ავლებენ პარალელებს, მათ შორის - საფრანგეთთან.

ოპოზიციონერების პროექტში მითითებულია, რომ საფრანგეთში "პროექტის მიზანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსული, ჩინური თუ ირანული გავლენებისგან ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვა და "საფრანგეთი გამორიცხავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კანონპროექტით".

პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მათი კანონპროექტების პაკეტი, რუსეთთან ერთად, შეეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებით მოქმედებს - არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ებრძვის საქართველოს მიერ კონსტიტუციით განმტკიცებულ „ეროვნული დონის პოლიტიკურ საკითხს - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, რაც, მისი თქმით, იგნორირებულია ე.წ. რუსულ კანონში.

ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მიზანი არა უსაფრთხოების დაცვა, არამედ კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებდა საიდან მოდის რეალური საფრთხე; ხოლო თუკი მაინცდამაინც გამჭვირვალობის გაძლიერება სურს, ეს შესაძლებელი იქნებოდა ცვლილებებით უკვე მოქმედ კანონმდებლობაშიო.

„აქ სინამდვილეში არანაირი გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას. ყველა თანხა, რომელიც დონორების ხაზით შემოდის, ჯერ ერთი, თავად დონორი ორგანიზაციები ახდენენ ამის დეკლარირებას, მათ შორის - მიზნობრიობის ჩათვლით; ხოლო დამხარჯველი ორგანიზაციები პირდაპირ საგადასახადო დაბეგვრის სუბიექტები არიან და მათაც აქვთ წარდგენილი დეკლარაციები“, - ლილუაშვილი გვეუბნება, რომ „ოცნება“ საზოგადოებაში საერთაშორისო პარტნიორების მიმართ „გამოგონილ მტრულ განწყობებს“ ნერგავს მაშინ, როცა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „კატასტროფულად არის გაზრდილი“ და ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რეალური რისკია.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციირებული ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში ხელისუფლების მიერ ხელმეორედ წამოწეულ ე.წ. აგენტების კანონთან ერთად უნდა განიხილონ. აუცილებლად უნდა გაიმართოს კენჭისყრაც. მოელიან, რომ საკითხი ბიუროს სხდომაზე ორშაბათს გავა.

სადავო კანონპროექტის კვლავ ინიციირებას საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციები მოჰყვა. ერთხმად მიუთითებენ, რომ მისი დამტკიცება საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაშორებს.

ევროპარლამენტის რამდენიმე ათეული წევრი მოუწოდებს ევროკომისიას - შეისწავლოს, რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც საქართველომ ახლახან მიიღო.

ტექსტის მიხედვით, არ გამოირიცხება „საწყის ეტაპზე“ დაბრუნება.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის მარტში, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ იძულებით ჩააგდო. ხალხმა მას „რუსული კანონი“ უწოდა და დღემდე ამ სახელით მოიხსენიებს.

კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს - ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩაანაცვლა ტერმინმა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG