მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შავი ზღვა ნაღმებითაა სავსე, თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა 11 იანვარს სტამბოლში გააფორმეს მემორანდუმი შავი ზღვის განაღმვის შესახებ.
თუმცა ინიციატივას არ მიერთებია შავი ზღვის აუზის კიდევ ერთი ქვეყანა, საქართველო.
დანაღმული ზღვა
2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა, შავი ზღვა ყველანაირი გემისთვის სახიფათო გახდა.
ბუნებრივია, განსაკუთრებით საშიშია უკრაინის სანაპიროს მიმდებარე წყლები, მაგრამ ზღვას ნაღმები ბევრად შორსაც მიაქვს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ათიოდე დღე იყო გასული, როცა 2022 წლის 3 მარტს ოდესიდან 40 კილომეტრში ესტონური სატვირთო გემი ნაღმზე აფეთქდა და ჩაიძირა.
მარტის ბოლოს, თურქულმა ფლოტმა უკვე ბოსფორის სრუტესთან ააფეთქა გამორიყული ნაღმი. ამისთვის, დროებით ბოსფორის გადაკეტვაც კი გახდა საჭირო.
ორი დღის შემდეგ თურქებმა ბულგარეთის საზღვრის მახლობლად კიდევ ერთი მოტივტივე ნაღმი გათიშეს. იმავე დღეს, უკვე რუმინულმა ფლოტმა შენიშნა და ააფეთქა კიდევ ერთი ნაღმი. მეოთხე ნაღმი აპრილში კვლავ თურქებმა გაანადგურეს.
შავ ზღვაში ვითარება მეტად გაუარესდა 2023 წლის ივლისიდან, როცა რუსეთმა დატოვა ერთი წლით ადრე გაეროს მედიაციით მიღწეული ხორბლის შეთანხმება და დაიმუქრა, რომ ყველა გემს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავდა. ხორბლის გატანა რომ კვლავ შესძლებოდათ, უკრაინელებმა რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროს გასწვრივ ახალი დერეფანი შექმნეს. ამის პასუხად, რუსეთმა შავი ზღვა კიდევ უფრო მეტად დანაღმა. შედეგად, ივლისშივე, რუმინეთის საზღვაო კურორტ კოსტინეშტთან საზღვაო ბომბი აფეთქდა.
ოქტომბერში ნაღმზე აფეთქდა თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი, ნოემბერში იგივე ბედი ეწია უკრაინისკენ მიმავალ ხორბლით დატვირთულ გემს, დეკემბერში კი - პანამის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ტანკერს.
ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ ზღვა ომის ორივე მხარემ დანაღმა - უკრაინელებმა თავისი პორტების, რუსებმა კი ოკუპირებული ყირიმის დასაცავად. ჯამში, ბოლო ორ წელიწადში შავ ზღვაში დაახლოებით 90 მოტივტივე ბომბი გაანადგურეს - უმეტესობა უკრაინის ფლოტმა. ექსპერტების შეფასებით, ამ პერიოდში შავ ზღვაში 400-500 ნაღმი გაუშვეს. ისინი ძირითადად მას შემდეგ მოდის მოქმედებაში, როცა გემი ეხება. ასეთ დროს, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, გემი შეიძლება დაზიანდეს და სავსებით შესაძლებელია, ჩაიძიროს.
სახმელეთო ნაღმებისგან განსხვავებით, საერთაშორისო სამართალი საზღვაო ნაღმების გამოყენებას არ კრძალავს. თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მნიშვნელოვან შეზღუდვას აწესებს - მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ თავდაცვისთვის, საკუთარ ტერიტორიულ წყლებში. თუმცა ფაქტია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მხარე ამ პრინციპს არ არღვევს, ნაღმების ზღვაში ტივტივისგან დაზღვეული არავინაა.
სამმხრივი ხელშეკრულება
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა, მისმა რუმინელმა კოლეგამ ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში ხელი მოაწერეს ნაღმების საწინააღმდეგო ზომების საფლოტო ჯგუფის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმის პირობებით, შავიზღვისპირა NATO-ს სამი წევრი სახელმწიფო ერთობლივად იმუშავებს შავი ზღვის გასანაღმად - გამოიყენებენ გამნაღმველ და საპატრულო გემებს, შვეულმფრენებს, დრონებსა და მყვინთავებს.
თურქეთსა და ბულგარეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც ჰქონდათ შესაბამისი რესურსები. ბულგარეთს სამი მტრალავი ხომალდი ჰყავს - აქედან ორი, 2011 წელს ჩამოწერილი გემი 2020 წელს ნიდერლანდისგან შეიძინეს ორ მილიონ ევროდ.
მტრალავი ხომალდი გამნაღმველის ნაირსახეობაა, რომელსაც ზღვაში ნაღმების ძებნის, აღმოჩენისა და განადგურებისთვის იყენებენ.
რუმინეთმა 2023 წლის სექტემბერში ბრიტანეთისგან იყიდა ორი მტრალავი.
თავის მხრივ, თურქეთს 10-ზე მეტი ნაღმებზე მონადირე ხომალდი ჰყავს.
თუმცა თურქეთი უკრაინას გამნაღმველი ხომალდების მიღების საშუალებას არ აძლევს - 2 იანვარს ანკარამ ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ორ მტრალავი ხომალდი შავ ზღვაში არ შეუშვა.
რა შეეძლო საქართველოს?
„საქართველო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შავი ზღვის მიმართულებით ჩამოყალიბებულ ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ ხელშეკრულებაში, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ფლოტი არ გაგვაჩნია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ინიციატივის ხელმომწერი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ამჟამად არცერთი სახის გამნაღმველი ხომალდი არ ჰყავს, საზღვაო ძალები კი 2009 წელს სანაპირო დაცვასთან გაერთიანდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა.
თუმცა, ვახტანგ კაპანაძის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი რესურსებით შეუძლია, აწარმოოს საკუთარი ტერიტორიული წყლების მონიტორინგი, გაცვალოს ინფორმაცია პარტნიორებთან და საჭიროების შემთხვევაში, გაანადგუროს კიდეც მოტივტივე საზღვაო ნაღმი.
„თუ ნება არ მივეცით, თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს არ აქვთ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის უფლება, არც უკრაინას და მით უმეტეს, არც რუსეთს. ჩვენს წყლებში ვინ შეამოწმებს ვითარებას ჩვენს გარდა?“, - ამბობს გენშტაბის ყოფილი უფროსი.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე შეკითხვით მიმართა, მათ შორის:
- რატომ არ შეუერთდა საქართველო თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ინიციატივას?
- იყო თუ არა საქართველო მიწვეული და აპირებს თუ არა მოგვიანებით მიერთებას?
- რა იღონა საქართველომ აკვატორიის ნაღმებისგან გასაწმენდად მას შემდეგ, რაც შარშან ზღვამ ბათუმის სანაპიროზე ნაღმი გამორიყა?
შსს-გან პასუხი არ მიგვიღია. ამ საკითხის შესახებ სამინისტროს მიერ გამოხატული ერთადერთი საჯარო პოზიცია პარლამენტარ თეონა აქუბარდიას საპარლამენტო კითხვაზე პასუხია.
თეონა აქუბარდიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო შეკითხვით 2023 წლის 21 ნოემბერს მიმართა. მას აინტერესებდა, აპირებდა თუ არა საქართველო შეერთებოდა NATO-ს წევრი სახელმწიფოების ამ ინიციატივას. ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი მემორანდუმზე მუშაობდნენ.
2023 წლის 6 დეკემბრით დათარიღებულ პასუხში, რომელსაც ხელს აწერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არაა გაცემული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გაზრდილია კოორდინაცია“ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთან, „რეგულარულად ხორციელდება საზღვაო სივრცის მონიტორინგი“, „დაწყებულია აქტიური კონსულტაციები და დაგეგმილია კონკრეტული პროექტები“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან საზღვაო სივრცის უსაფრთხოების შესახებ.
მაგრამ განცხადებაში არაა დაზუსტებული და აღწერილი, თუ რა პროექტებზე მუშაობს ქართული მხარე პარტნიორებთან.
გარდა ამისა, 2023 წლის თებერვალში, ბათუმში ნაღმის გამორიყვის შემდეგ, შსს-მ განაცხადა, რომ შავ ზღვაში სპეციალური ბარიერები განთავსდებოდა. ჩვენ შსს-ს ვკითხეთ, განთავსდა თუ არა ასეთი ბარიერები, მაგრამ პასუხი არც ამაზე მიგვიღია.
„თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალობაში წარმოუდგენელია ამხელა ღობურების აღმართვა“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დასძენს, რომ ინიციატივის მიღმა დარჩენა პირველ რიგში პოლიტიკური საკითხია და არა ტექნიკური:
„ჩვენ უნდა ვიყოთ ნებისმიერი ხელშეკრულების წევრი შავ ზღვაში, რადგან ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი საზღვაო ქვეყნის სტატუსზე“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
თუ საქართველო მომავალში გადაწყვეტს, ხელშეკრულებას მიუერთდეს, ამის შანსი, წესით, კვლავ იარსებებს: როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს უთხრა, იმისდა მიუხედავად, რომ შეთანხმებას ამჟამად სამი ხელმომწერი ჰყავს, ქვეყნები მზად არიან სხვებთანაც სათანამშრომლოდ.