Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკებით ზედოზირების პრობლემას ეძებენ იქ, სადაც ის არ არის


ექიმი განსაკუთრებით სარისკოდ თვლის DarkNet-ში (ინტერნეტის დახურული არხებით) ნაყიდ ნარკოტიკებს.
ექიმი განსაკუთრებით სარისკოდ თვლის DarkNet-ში (ინტერნეტის დახურული არხებით) ნაყიდ ნარკოტიკებს.

ნარკოტიკების ზედოზირებას ყოველწლიურად საქართველოში 30-40 ადამიანის სიცოცხლე ეწირება, - უთხრა შს მინისტრმა გასულ კვირას პარლამენტარებს. ნარკოპოლიტიკის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს სტატისტიკა არ ასახავს მძიმე რეალობას.  

„30-40 შემთხვევა წელიწადში? ბევრად მეტი იქნება. ზოგჯერ თვეში არის ხოლმე მაგდენი [ზედოზირებით გარდაცვალება] და მაგის მესამედი მარტო ჩემს ყურამდე მოდის ხოლმე ყოველთვე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თემო ხატიაშვილი, ნარკოტიკული ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელი.

ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება, მაგრამ ოჯახი ერიდება გაახმაუროს, რომ გულის შეტევის მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა.

„წელიწად-ნახევრის წინ შემოსული იყო MDMA-ის [ე.წ. კლუბური ნარკოტიკი - რ.თ.] პარტია, რომელიც დაბინძურებული იყო ფენტანილით. მოვაგროვე ათზე მეტი ნიმუში და მივმართე შსს-ს, რომ ლაბორატორიაში შეემოწმებინათ დაბინძურების ხარისხი და ნიმუშებიც ერთმანეთთან შეედარებინათ.

შუამავლის საშუალებით კომუნიკაციას თვე-ნახევარი დასჭირდა და საბოლოოდ მაინც ვერ შევძელით. რაღაც ეტაპზე გვითხრეს - ["მანდელას" ბენეფიციარებმა] დილერი გვითხრან, ვინ არის - დავიჭერთ და ჩვენ თვითონ დავტესტავთო... ჩვენ კი სულ სხვა მიზანი გვქონდა - ნარკობაზრის მუდმივი მონიტორინგი უნდა ხდებოდეს“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.

ნარკოტიკების ნიმუშები მათ ორგანიზაციაში, ინკოგნიტოდ, თავად ბენეფიციარებს მიაქვთ - შესამოწმებლად, მაგრამ სწრაფი ტესტებით ყველაფრის შემოწმება ვერ ხერხდება.

„შესანიშნავი ლაბორატორიები აქვს ჩვენს შს სამინისტროს, მაგრამ ინფორმაცია ზევიდან ქვევით არ ვრცელდება - სპეციალისტის ან მომხმარებლის დონემდე... ვიცით, ზუსტად რომელი ნივთიერებების ზედოზირებით დაიღუპა თუნდაც ის 30-40 ადამიანი?“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კლინიკა „ურანტის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

ექიმი განსაკუთრებით სარისკოდ თვლის DarkNet-ში (ინტერნეტის დახურული არხებით) ნაყიდ ნარკოტიკებს, „როცა საიტიდან ნარკოტიკს იწერენ, როგორც საჭმელს“, „არ იციან, რას დაახვედრებენ მითითებულ ადგილას - მიტოვებულ შენობებში თუ სხვაგან“ და „არც ის იციან, როგორ მოიხმარონ - არც დოზირება იციან ხშირ შემთხვევაში“.

ნარკოტიკების შავი ბაზარი

ექსპერტები გვეუბნებიან, რომ შავ ბაზარზე ყველანაირი ნარაკოტიკია: ჰეროინი, მეტადონი, მეტადონის კრისტალი, ყავისფერი ჰეროინი, ამფეტამინის ჯგუფის სინთეზური და ნახევრად სინთეზური ვარიანტები - თავად ამფეტამინი, მეტამფეტამინი. იყიდება ასევე „კლუბური ნარკოტიკები“ MDMA და ექსტაზი. ასევე - კეტამინი, კოკაინი, LSD და სოკოები.

ზედოზირების განვითარების მაღალ რისკის გამო სინთეზურ ოპიოიდს - ფენტანილს, ასევე მეფედრონსა და GHB-ს ექსპერტები ყველაზე სახიფათო ნარკოტიკებად თვლიან. თანაც, ფენტანილი შესაძლოა შერეული იყოს ნებისმიერ ნარკოტიკულ ნივთიერებაში, რაც დღეს ბაზარზე იყიდება.

„რეალიზების პროცესი სრულიად უკონტროლოა“, „ხშირად არის, რომ ერთი სახის ნივთიერებას მეორე ნივთიერების სახელით ყიდიან“, „არასდროს იცი, რას ყიდულობ“, - ამბობენ ექსპერტები.

ზურაბ სიხარულიძის დაკვირვებით, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა ბოლო წელიწადნახევარში, როდესაც საქართველოში ათობით ათასი იმიგრანტი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან თუ უკრაინიდან.

„ეს გარკვეული სუბკულტურაა - ნარკოტიკებით ერთობიან... საქართველოში მათი არხებიც ამოქმედდა და ამ არხებს მხოლოდ თვითონ არ იყენებენ, ცხადია“, - ამბობს სიხარულიძე.

შს სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 20.53%-ით გაიზარდა.
2023 წელს აღრიცხული 6594 შემთხვევიდან შს სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა 93.6%.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების მხრივ, დანაშაულის სტატისტიკა, 2023 წელს - 34.19%-იან ზრდას აჩვენებს.
გაყიდვა - 49.1%-ით გაიზარდა.

სატრანზიტო ქვეყანა

„ტრანზიტული ქვეყანა ვართ და, სამწუხაროდ, შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა 5 თებერვალს, როცა, მთავრობის ფორმირების პროცესში, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, შს მინისტრობის კანდიდატის რანგში წარდგა.

გომელაური ამბობს, რომ მხოლოდ 2023 წელს 284 ადამიანი დააკავეს - „ამდენი ნარკომოვაჭრე არცერთ წელიწადს არ დაკავებულა საქართველოში“.

საქართველო, როგორც ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებშიც ხვდება. ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის შესახებ 2021 წელს გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში დასახელებულია ოპიუმის, ჰეროინისა და ქიმიური ნივთიერებების კონკრეტული მარშრუტიც:

„ავღანეთში ნაწარმოები ჰეროინისა და ოპიუმის ტრანსპორტირება, ირანის გავლით ხდება სომხეთში და შემდეგ, ტრანზიტით, საქართველოს გავლით - დასავლეთ ევროპაში, შავი ზღვით“.

ამავე ანგარიშში მოხვდა 2020 წელს ბათუმში აღმოჩენილი 40 კილოგრამი ჰეროინის ამბავი. მაშინ ბულგარეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

„მიწოდება რომ შემცირდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნა“, - ამბობს ზურაბ სიხარულიძე და ამატებს, რომ რეალიზატორების დაჭერით ნარკოტიკებით ზედოზირების პრობლემას ვერცერთი ქვეყანა ვერ მოერევა, ეფექტიანი გზა დეკრიმინალიზაცია, რეაბილიტაცია და პრევენციაა.

ისრები კლუბისკენ

მას შემდეგ, რაც, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა, რისხვა ღამის კლუბისკენ მიმართა სასულიერო პირმა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა ქალი „ბასიანში“ იმყოფებოდა.

მღვდელი კლუბთან საეკლესიო რიტუალის ჩატარებას გეგმავს, მისი თანამოაზრეები კი, შვილის „ბასიანზე“ გაშვებისთვის, სოციალურ ქსელში გარდაცვლილის დედას შვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

„ბასიანი“ ყველა ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლის და 2018 წელს იხენებს, როდესაც ღამის კლუბებში სპეცრაზმელები შეიჭრნენ.

„გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - წერს „ბასიანი“ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს „ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად... ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან“, - წერია „ბასიანის“ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს, თბილისის კლუბებში შეიარაღებული სპეცრაზმის რეიდებს მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა, დაიწყო მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელიც სწორედ რეაბილიტაციაზე, ზრუნვასა და ზიანის შემცირებაზე იყო ორიენტირებული.

კანონპროექტის მომზადებაში დარგის ყველა საუკეთესო სპეციალისტი იყო ჩართული. დოკუმენტი მომზადდა, დაიხვეწა, ექსპერტიზაც გაიარა და დღემდე თაროზეა შემოდებული.

სოცოცხლის გადასარჩენად

„2017 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურს მოეხსნა ვალდებულება, რომ ზედოზირების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შს სამინისტროს... მაგრამ დღემდე არსებობს სტიგმა, რადგან არ მომხდარა სრული დეკრიმინალიზაცია. შესაბამისად, დღემდე არსებობს შიში, რომ სასწრაფოსგან პოლიციაც შეიტყობს. სახელმწიფო მკურნალობის შეთავაზებაზე, ზრუნვაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამით მეტი სიცოცხლე გადარჩება“, - ეუბნება რეაბილიტაციის ცენტრ „თანადგომის“ მენეჯერი კასრელიშვილი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ ხშირად სწორედ დასჯის შიშით არ იძახებენ სასწრაფო დახმარებას ზედოზირებისას.

ზედოზირების შემთხვევაში, ექიმები ნალოქსონის [ნარკანი] გამოყენების რეკომენდაციას გასცემენ.

ფენტანილის, მორფინის, ჰეროინის, ოპიუმის, მეტადონისა და სხვა ოპიატების ზედოზირებისას, ნალოქსონს [ნარკანი] ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ის სწრაფად მოასულირებებს გონებადაკარგულ ადამიანს და დაურეგულირებს სუნთქვას.

ნარკანი იყიდება აფთიაქებშიც და მედიკამენტს უფასოდ გასცემს, მაგალითად - სათემო ორგანიზაცია „მანდალა“, ზიანის შემცირების ქსელში ჩართული სხვა ორგანიზაციების მსგავსად.

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის სტატისტიკით, ექსპერტიზის მიზნით 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით მათთან გადაგზავნილი და შემოწმებული 5492 ადამიანიდან პასუხი დადებითი იყო - 4023 შემთხვევაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი [2393] გამოვლინდა 25-44 წლის კაცებში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG