Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება სწორი ნაბიჯი არ იქნება


ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დეპუტატების შეკითხვებს მინისტრობის კანდიდატებმა უპასუხეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა თბილისში 19 წლის ახალგაზრდის, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაღუპვის ფაქტს.

„ძალიან ცუდი ფაქტია. არ არის პირველი, არ არის იშვიათი. სამწუხაროდ, 30-40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ახალგაზრდაა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, რა თქმა უნდა. არის ეს პრობლემა, ეს მსოფლიო პრობლემაა, დამეთანხმებით, ალბათ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა. 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. როცა წინა წლებში 70, 20, 30 დაკავება იყო. მარტო 2022 წელს იყო - 202 და 2023-ში - უკვე 284. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს დაკავებულა საქართველოში, არცერთ წელიწადს. მესმის, რომ კიდევ ბევრი რაღაცა, სხვა ღონისძიებებია გასატარებელი”, – ამბობს გომელაური.

მისი თქმით, საქართველოსთან შედარებით 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ის სხვადასხვა შტატში. „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ ერთობლივად იქნება კომპლექსური სამუშაო და არა მხოლოდ შსს-სი", - აღნიშნა გომელაურმა.

შს მინისტრობის კანდიდატმა საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის მიზეზებზეც ილაპარაკა. „ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის ეს [ნარკოტიკული საშუალებები]. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე, 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად", - თქვა მან.

ვახტანგ გომელაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ნარკოპოლიტიკის შესაძლო გამკაცრებას. როგორც იგი აცხადებს, მხოლოდ გამკაცრება საკმარისი არ არის და საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

„ნარკოპოლიტიკაზე, კანონზე კითხვები იყო, უნდა გამკაცრდეს თუ არა. მარტო გამკაცრება არ შველის ალბათ, მე ასე ვიტყოდი. კომპლექსური სამუშაოა ნარკოტიკების მიმართულებით, - აღნიშნა გომელაურმა და დაამატა, - შეიძლება, ჩემი მხრიდან იყოს სწორი, რომ ვთქვა, კი, უნდა გავამკაცროთ... რიგ შემთხვევაში არ მუშაობს ეს გამკაცრება. გავამკაცრებთ და დამთავრდება ეს პრობლემა - მე ასე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორად. კომპლექსურად არის სამუშაო ნამდვილად".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

XS
SM
MD
LG