Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ


ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა დირექტორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ნათია კაპანაძე ითხოვს მისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს 19 აპრილს უნდობლობა გამოუცხადა. ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა. კაპანაძის გადაყენება მოითხოვეს საბჭოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ. მიზეზებს შორის დაასახელეს ტელევიზიის რეიტინგის კლება, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და სხვა.

რას ასაჩივრებს ყოფილი დირექტორი და საია

კაპანაძის ინტერესებს იცავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ ნათია კაპანაძესთან ერთად ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთობლივად მოამზადეს საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტი ყველა იმ დანართით, რომელიც ადასტურებს, რომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და არ იყო შესწავლილი გარემოებები იმ დოკუმენტიდან, რომელიც საფუძვლად დაედო იმპიჩმენტს:

„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ მრჩეველთა საბჭომ დაადასტურა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიაში, როგორც ჩანს, არ იყო იმ ტიპის ფინანსური პრობლემები და დარღვევები, რაზეც უნდობლობის დოკუმენტში საუბრობდნენ, და რეალურად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდობლობის გამოცხადების“.

მრჩეველთა საბჭომ, სამწუხაროდ, არათუ ჩემ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ მთავარი ფინანსური აქტი - აუდიტის დასკვნა - დატოვა ყურადღების მიღმა.
ნათია კაპანაძე

სულხან სალაძისავე თქმით, მრჩეველთა საბჭომ 2017 და 2018 წლების ანგარიშები ცნობად ისე მიიღო და აჭარის უმაღლეს საბჭოს ისე წარუდგინა, რომ არსად უსაუბრია პრობლემებზე, რომლებიც, თითქოსდა, ტელევიზიაში წლების განმავლობაში არსებობდა.

სალაძის განმარტებით, კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებისას იყო პროცესუალური დარღვევები, რადგან, კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა უნდა ყოფილიყო ღია, მრჩეველთა საბჭომ კი ის დახურული წესით ჩაატარა.

ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე მიიღეს, ისე, რომ არ შეისწავლეს მტკიცებულებები, ამიტომ ის სამართლიანი სასამართლოს უფლებას გამოიყენებს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგენს თავის არგუმენტებსა და მტკიცებულებებს:

„მრჩეველთა საბჭომ, სამწუხაროდ, არათუ ჩემ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ მთავარი ფინანსური აქტი - აუდიტის დასკვნა - დატოვა ყურადღების მიღმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ამ დოკუმენტით“.

ამ აუდიტმა შეამოწმა ბალანსი, შემოსავალი, ზარალი და ა.შ. მეორე ტიპის აუდიტი, რომელიც უნდა ჩატარდეს სახელმწიფო ან გარე აუდიტის მეშვეობით, შეისწავლის საბიუჯეტო სახსრების კანონიერებასა და მიზნობრიობას - მაგალითად, 85 000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვას, რასაც ჩვენ ვედავებოდით ნათია კაპანაძეს.
გიგა ჩხარტიშვილი

ნათია კაპანაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 აპრილს დარეგისტრირდა, ხოლო მიღებული იქნება თუ არა ის წარმოებაში, 5 დღეში გაირკვევა.

მრჩეველთა საბჭოს არგუმენტები

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამბობს, რომ გარე აუდიტის დასკვნაზე მითითებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ არაკვალიფიციურობა და საკითხისადმი მიკერძოება გამოავლინა. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, დირექტორის იმპიჩმენტის ერთ-ერთი მიზეზი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გახდა, რომელსაც, მისივე თქმით, ბოლო დროს წარდგენილი გარე აუდიტი არ იკვლევდა და, შესაბამისად, იგი ვერ დაადგენდა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერებასა და მიზნობრიობას:

„აუდიტის დასკვნა, რომელზეც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპელირებს, ფინანსური ანგარიშგების აუდიტია, რომელიც იკვლევს, თუ რამდენად სწორადაა ასახული პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით ოპერაციები საბუღალტრო წიგნებში. ამ აუდიტმა შეამოწმა ბალანსი, შემოსავალი, ზარალი და ა.შ. მეორე ტიპის აუდიტი, რომელიც უნდა ჩატარდეს სახელმწიფო ან გარე აუდიტის მეშვეობით, შეისწავლის საბიუჯეტო სახსრების კანონიერებასა და მიზნობრიობას - მაგალითად, 85 000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვას, რასაც ჩვენ ვედავებოდით ნათია კაპანაძეს“.

გიგა ჩხარტიშვილი არც პროცესუალურ დარვღვევებზე ეთანხმება საიას და ამბობს, რომ 2016 წელს მრჩეველთა საბჭომ იმავე პროცედურით აირჩია ნათია კაპანაძე და თუ იგი არალეგიტიმური იყო, გამოდის, რომ ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის არალეგიტიმური დირექტორი ყოფილა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი კი კანონს განმარტავს და ამბობს, რომ პროცედურა ყველა ეტაპზე დაცული იყო. მისივე თქმით, კენჭისყრის ფარულობა არა კანონმდებლობით, არამედ რეგლამენტით რეგულირდება, რომელშიც 2016 წელს შესული ცვლილებების მიხედვით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევაც და მისთვის უნდობლობის გამოცხადებაც ფარული კენჭისყრით ხდება:

„მაუწყებლობის შესახებ კანონი ტოვებს ღიას ამ განმარტებას. ამიტომ მრჩეველთა საბჭოს მიღებულმა რეგლამენტმა დაარეგულირა ეს საკითხი. ვიდრე რეგლამენტს ამ სახით მივიღებდით და იგი ლეგიტიმური გახდებოდა, მანამდე ერთი თვის განმავლობაში საჯარო ადმინისტრაციული წესით განვიხილავდით ამ საკითხს - მათ შორის სამოქალაქო სექტორთან - და შენიშვნა არ ყოფილა ფარულობასთან დაკავშირებით. როდესაც დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი შემოიტანა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, დავინტერესდი, ჰქონდა თუ არა პროცედურებთან დაკავშირებით რაიმე მოსაზრება ან შენიშვნა ნათია კაპანაძეს, რაზეც მიპასუხა, რომ არა. ამის შემდეგ სხდომა ჩატარდა დადგენილი რეგლამენტით“.

ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, 25 აპრილს, ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე მრჩეველთა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. საბუთების მიღება ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც საბჭოს 5 წევრი ხმათა უმრავლესობით ახალ დირექტორს აირჩევს, თუმცა, თუ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელით წარდგენილი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსიც ბათილად იქნება ცნობილი.

XS
SM
MD
LG