განრიგის თანახმად, საყოველთაო აღწერა, რომელიც 14 ნოემბერს დაიწყო, გუშინ, 19 დეკემბერს, დღის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც საქსტატში ამბობენ, პროცესი 31 დეკემბრის ჩათვლით გაახანგრძლივეს
მონაცემების შეგროვება გაგრძელდება ორივე - როგორც კარდაკარის, ისე ონლაინ, თვითრეგისტრაციის მეთოდით.
რატომ გახანგრძლივდა აღწერის პროცესი?
ამ კითხვაზე საქსტატის ხელმძღვანელს, გოგიტა თოდრაძეს ასეთი პასუხი აქვს:
„აღწერის მიმდინარეობისას, თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი.
მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი“.
შეაფერხა თუ არა აღმწერთა მუშაობა ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, შეეჩერებინა ევროინტეგრაციის პროცესი, რასაც თბილისში მოჰყვა მასობრივი საპროტესტო ტალღა და შემდეგ უკვე დემონსტრანტთა დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება, სახლების ჩხრეკა?
გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ ზოგადად, თბილისი და განსაკუთრებით მისი რამდენიმე უბანი, სხვა რეგიონებთან შედარებით, გამოირჩევა „კარის არ გაღების“ მაღალი მაჩვენებლით. საქსტატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის აღწერის ან დღევანდელი რეალობისთვის არაა დამახასიათებელი:
„ეს პრობლემა გაცილებით მწვავედ დადგა. მიზეზი სხვადასხვა იყო, უბრალოდ, მათ არ სურდათ სხვადასხვა გარემოების გამო უცხო ადამიანის შეშვება საკუთარ ოჯახში“.
„კარის არ გაღების“ კიდევ ერთ მიზეზზე ლაპარაკობს გოგიტა თოდრაძე:
„იყო, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად უნდობლობა ინსტიტუციის მიმართაც, თუმცა, უფრო კონკრეტული მიზეზი ამ ყველაფერზე გვექნება რამდენიმე თვეში, როდესაც მოვახდენთ შეფასებას“.
- ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის საყოველთაო აღწერისას კარის არ გაღების შემთხვევები უფრო მასშტაბური იყო?
„რა თქმა უნდა“.
და შესაძლოა, რომ ეს სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდეს?
„შესაძლოა, უკავშირდებოდეს“.
ხომ არ თვლით, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გქონოდათ მოსახლეობასთან ამ დღეებში? გაგემართათ პრეს-კონფერენციები, დამატებითი ინფორმაცია მიგეწოდებინათ მოსახლეობისთვის?
"არ ვფიქრობთ, რომ პიარის კომპონენტში რაიმე დავაკელით. გვქონდა გაწერილი გეგმა, იმ გეგმას არაერთხელ გადავხედეთ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა, ფაქტი სახეზეა, არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც მოცემულ მომენტში აფერხებდა მონაცემების შეგროვების პროცესს. იმედი მაქვს, რომ დარჩენილ დღეებში სრულად მოვიცავთ მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას", - თქვა გოგიტა თოდრაძემ.
რამდენი ადამიანი გამოიკითხა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით?
საქსტატი ამბობს, რომ 19 დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონზე მეტი შეადგინა.
2014 წლის აღწერის მდგომარეობით, საქართველოში 3 713 804 მოსახლე ცხოვრობს.
გოგიტა თოდრაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, თბილისში უკვე გამოკითხულია მოსახლეობის დაახლოებით 75%.
რამდენი ადამიანის გამოკითხვაა საჭირო, რომ აღწერა შემდგარად ჩაითვალოს?
ამ კითხვაზე გოგიტა თოდრაძე ასე გვპასუხობს:
„მოსახლეობის აღწერა ითვალისწინებს თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ეს არ არის შერჩევითი გამოკვლევა და ჩვენი ამოცანაა, ყველა მოქალაქის შესახებ შეგროვდეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გახდეს საფუძველი მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის და დემოგრაფიული მდგომარეობის დასახასიათებლად.
აღწერის პროცესში გამოყენებული იქნება ალტერნატიული წყაროები მონაცემთა სრულყოფის თვალსაზრისით. შეიძლება ეს იყოს მაგალითად, მეზობლისგან, ახლობლისგან მიღებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია. არსებობს უამრავი რეესტრი, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება მონაცემთა ვალიდაციის და მათი ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით დამუშავებული“.
აღწერის კითხვარში არსებული რომელი კითხვა იყო მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მიუღებელი და გაუგებარი?
ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის პარალელურად, რომელიც ღამის დემონსტრაციებსაც მოიცავდა, გამოკითხული მოსახლეობის ნაწილისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქში, სწორედ ეს კითხვა იქცა გარკვეული ეჭვებისა თუ შიშების საბაბად - იმყოფებოდა თუ არა პირი კონკრეტულად 13 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ღამეს, 00:00 საათზე, თავის მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე.
მაგალითად, ერთ-ერთი გამოკითხული მოქალაქე რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა:
„უცნაურად მენიშნა და სოციალურ ქსელში სხვებიც წერდნენ ამაზე. აღმწერმა მკითხა ჩემზეც და ოჯახის სხვა წევრებზეც, 14 ნოემბრის ღამეს ხომ საქართველოში იყავითო? მართლა არ მესმის რას გულისხმობდა ეს კითხვა“.
საქსტატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს კითხვა არ არის კავშირში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებთან და ხსნის, რატომ დაინტერესდა საქსტატი კონკრეტულად ამ თარიღით:
„მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა იცვლება ყოველდღიურად, ადამიანები იბადებიან, კვდებიან, ქორწინდებიან, განქორწინდებიან, ასევე ისინი შეიძლება იცვლიდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ყოველი დღის ბოლოს მოსახლეობის რიცხოვნობა შესაძლოა განსხვავდებოდეს დილის მდგომარეობისგან.
ამიტომ აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ფაქტების რეგისტრაცია ხდება კონკრეტული თარიღის მიხედვით, რომელსაც სტატისტიკოსები უწოდებენ „კრიტიკულ მომენტს“. ეს არის ის პერიოდი, რომლის მიხედვითაც ხდება ფაქტების რეგისტრაცია და ის ჩვენ გვაძლევს მოსახლეობის მომენტალური სურათის მიღების შესაძლებლობას.
როგორც წესი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, „კრიტიკულ მომენტად“ მიიჩნევა ხოლმე აღწერის დაწყების პირველი დღე. ჩვენს შემთხვევაში, ეს იყო მიმდინარე წლის 14 ნოემბერი“.
რა დაჯდა 2024 წლის საყოველთაო აღწერა და აღწერის გახანგრძლივება ხომ არ აისახება ამ ბიუჯეტზე?
საქსტატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღწერის სამუშაოები რამდენიმეწლიან პერიოდს მოიცავს. ეხ პროცესი დაიწყო 2021 წლიდან და მონაცემთა დამუშავების ციკლი გაგრძელდება 2026 წლის ჩათვლით.
მისივე თქმით, 2024 წლის საყოველთაო აღწერის მთლიანმა ბიუჯეტმა დაახლოებით 29 მილიონი ლარი შეადგინა:
„სამუშაოების გახანგრძლივებამ რამდენიმე დღით, არავითარი გავლენა არ მოახდინა ამ ბიუჯეტზე, რადგან ინტერვიუერებს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ 15 იანვრამდე და ეს ითვალისწინებს თუნდაც განმეორებით ვიზიტს იმ ოჯახებთან, რომელთა კარიც პირველი მისვლისას დაკეტილი დახვდათ, ან განმეორებით ვიზიტს იმ ადამიანებთან, რომელთა კითხვარიც არასრულყოფილადაა შევსებული“.
საყოველთაო აღწერა, რომელიც 19 დეკემბერს, დღის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, 14 ნოემბერს, ონლაინ, თვითრეგისტრაციით დაიწყო, 29 ნოემბრიდან კი პროცესში საქსტატის ინტერვიუერები ჩაერთვნენ.
აღწერა, რომელიც ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას დაემთხვა.
საქსტატის აღმწერებმა მოსახლეობასთან კარდაკარ სიარული და გამოკითხვა, განრიგის თანახმად, სწორედ მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 ნოემბრის საღამოდან, თითქმის ყოველდღიურობად იქცა უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაკავება და მათი სახლების ჩხრეკა.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, სახლის კართან მისულ უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის და, მეორე მხრივ, აღწერის კითხვარში არსებული პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შიშისა და სიფრთხილის გამო, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, განსაკუთრებით დედაქალაქში, აღწერაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ბოლო დღეებში რადიო თავისუფლებამ ათობით ადამიანი გამოკითხა, რომლებიც აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმის სამ ძირითად მიზეზზე საუბრობდნენ - უნდობლობა და შიში, რომ მათ კარზე საქსტატის თანამშრომლების ნაცვლად, სხვა ადამიანები აკაკუნებდნენ და პროტესტი - მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ არ სურთ თანამშრომლობა „მოძალადე, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან“.
2024 წლის საყოველთაო აღწერის პორტალის თანახმად, ამ აღწერის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება „სწორად განისაზღვროს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში“.
იქვე წერია ისიც, რომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. ამასთან, ინდივიდუალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და ვრცელდება მხოლოდ აგრეგირებული სახით“.
2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში.
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლები იყო წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით. აღწერამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორიის 82%. ის ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც წელს, აღწერა ჩატარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
ფორუმი