საქსტატის აღმწერებმა მოსახლეობასთან კარდაკარ სიარული და გამოკითხვა, განრიგის თანახმად, სწორედ მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 ნოემბრის საღამოდან, თითქმის ყოველდღიურობად იქცა უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაკავება და მათი სახლების ჩხრეკა.
ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომელთა სახლებშიც სამართალდამცავებმა „გადაუდებელი აუცილებლობიდან“ გამომდინარე ჩაატარეს ჩხრეკა, ჰყვებოდნენ, რომ კარზე კაკუნის შემდეგ, სამართალდამცავები მათ ეუბნებოდნენ, რომ „გაზიდან იყვნენ“ და ასე აიძულებდნენ კარის გაღებას.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, სახლის კართან მისულ უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის და, მეორე მხრივ, აღწერის კითხვარში არსებული პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შიშისა და სიფრთხილის გამო, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, განსაკუთრებით დედაქალაქში, აღწერაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
რადიო თავისუფლებამ ათობით ადამიანი გამოჰკითხა, რომელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ აღწერაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
(ამ სტატიაში მსგავსი პასუხების გამო მხოლოდ კომენტარების ნაწილს ვიყენებთ).
ვესაუბრეთ აღმწერს, სტატისტიკოსს და უშედეგოდ ველოდეთ ინტერვიუს შესაძლებლობას სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელთან.
შედგა თუ არა აღწერა და რა პრობლემებს წააწყდნენ კარდაკარ გამოკითხვისას, ამაზე განცხადებას საქსტატი 20 დეკემბერს, ბრიფინგზე გააკეთებს.
აღუწერლები - რას ამბობენ ისინი
აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი სამია - უნდობლობა და შიში, რომ მათ კარზე საქსტატის თანამშრომლების ნაცვლად, სხვა ადამიანები აკაკუნებდნენ და პროტესტი - მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ არ სურთ თანამშრომლობა „მოძალადე ხელისუფლებასთან“.
გამოკითხულთა ნაწილი პროევროპული აქციების მონაწილეები აღმოჩნდნენ, რომლებსაც გაუჩნდათ შიში, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, შესაძლოა, მათ სახლში სამართალდამცავებმა ან ე.წ. ტიტუშკებმა მიაკითხეს.
"ტიტუშკა" - ეს ტერმინი უკრაინაში, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს წარმოიშვა. 2013 წელს, კიევში საპროტესტო აქციებისას, სპორტსმენი ვადიმ ტიტუშკო ფიზიკურად დაუპირისპირდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს. ის დააკავეს, თუმცა პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ნიღბიან, აგრესიული ჯგუფებს "ტიტუშკებად" მოიხსენიებენ.
„უარი ვთქვი მონაწილეობაზე. მიზეზად მოუცლელობა დავუსახელე, თუმცა რეალურად, უარის მიზეზი იყო შიში. გვიან, კარზე კაკუნი და უცნობი მამაკაცის დანახვა ჩემთვის განგაშის სიგნალის ტოლფასი იყო. შიშის მიზეზი? ჩემი ოჯახის წევრები აქციებზე დავდივართ და საჯაროდაც ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს. პარადოქსია, მაგრამ აქციაზე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საკუთარ სახლში გვიან ღამით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინულია ფირცხალაიშვილი.
საქსტატის წარმომადგენლების გვიან ღამით სიარულს კონკრეტული მიზეზი აქვს - უფრო დიდია შანსი, რომ მისამართზე მისულ ინტერვიუერს ოჯახის თუნდაც ერთი წევრი მაინც დახვდეს სახლში.
„დღისით სახლში არ ვარ და არ ვიცი, რა ხდება. თუმცა, ორჯერ მომაკითხეს საღამოს. ისე აბრახუნებდნენ, მეგონა, ვიღაც მომივარდა, წამოვხტი გიჟივით. არც გეუბნებიან, ვინ არიან. რომ გითხრან აღწერიდან ვართო, გააღებ კარს, მაგრამ არაფერს არ ამბობენ, ასე აგრესიულად აბრახუნებდნენ კარზე. იდგნენ კართან და ამბობდნენ, სახლშია და კარს არ აღებსო. სხვა კარზეც მიაკაკუნეს ასე აქტიურად და, შესაბამისად, არც არავინ გააღო კარი“, - უყვება რადიო თავისუფლებას თავის გამოცდილებას ერთ-ერთი მოქალაქე.
კარი არ გააღო არც თამუნა ლუკავამ. ამბობს, რომ მათ, ვინც სახლის კარზე ღამით დაუკაკუნეს, არ ეცვათ შესაბამისი უნიფორმა:
„ორჯერ იყვნენ მოსულები, ორივეჯერ საღამოს 9 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, არ გავუღეთ კარი. ამოსაცნობი ფორმა არ აცვიათ, ღამით დადიან და რატომ უნდა შემოვუშვა სახლში? თან ახლა რომ მოუნდათ აღწერა, რა, რუსეთს დათვლილად უნდა ჩაგვაბარონ?“
საქსტატი ამბობს, რომ ყველა ინტერვიუერი, რომელიც აღწერაზე დადის, მარტივად ამოსაცნობია, რადგან მათ ახურავთ კეპი შესაბამისი ლოგოთი, გულზე ჰკიდიათ ე.წ. ბეიჯი, ხელში კი პლანშეტი უჭირავთ.
თუმცა, იმ მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ამბობენ, რომ მათ კართან მისული ადამიანებისთვის მსგავსი ამოსაცნობი ნიშნები არ შეუმჩნევიათ. სწორედ ამ მიზეზით თქვა უარი კარის გაღებაზე თეა ქუთათელაძემაც.
რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ, მის კარზე ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა. მის გარდა, სადარბაზოს კიბის უჯრედში კიდევ ორი ადამიანი შენიშნა:
„კარი არ გავაღე. მეორე დღეს კი დავრეკე საქსტატში, იმის გასარკვევად, თუ რამდენი ადამიანი დადის ჩემს მისამართზე გამოკითხვაზე. მითხრეს, რომ ჩვენგან სამ-სამი კაცი არ დადის, შესაძლოა, ერთი ბიჭი ყოფილიყოო. მითხრეს, რომ მათ წარმომადგენლებს უკეთიათ კეპი საქსტატის ლოგოთი, ჩანთაც და პლანშეტი.
ამ ბიჭმა მითხრა, რომ აღწერაზე იყო, ვუთხარი, რომ ასე გვიან კარს ვერ გავუღებდი. თან ვხედავდი, რომ კიბის უჯრედზე სხვებიც იდგნენ. სულ სამნი იყვნენ. მათგან ერთი იყო მაღალი, უშველებელი, ლაბადა ეცვა კოჭებამდე, დიდი ქუდი. მეზობლები ერთმანეთს ვურეკავდით, რომ სადარბაზოში საეჭვო პირები დადიოდნენ და კარი არავისთვის გაეღოთ.
რომც არ შემემჩნია ეს საეჭვო პირები, ისედაც არ ვაპირებდი აღწერაში მონაწილეობას. არ მაქვს არანაირი ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ. ისიც კი არ ვიცი, რისთვის გამოიყენებენ ინფორმაციას. ზოგადად ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ. შემეძლო აღწერის პროცესში ონლაინაც ჩავრთულიყავი, მაგრამ არ ვენდობი ამ პროცესს“, - ეუბნება თეა ქუთათელაძე რადიო თავისუფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ სრულად აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად, სხვადასხვა სოციალური პროგრამის შემუშავებისთვის, ან სამეცნიერო ნაშრომებსა თუ სტატიებზე მუშაობისას ზუსტი სტატისტიკისა და მონაცემების არსებობა, 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობაზე უარი თქვა ჟურნალისტმა ცირა გვასალიამაც.
მისი თქმით, რომ არა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ის დიდი ინტერესით დაელოდებოდა ახალი აღწერის შედეგებს:
„ჟურნალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი, ხარისხიანი მონაცემების ქონა.
ბევრი ჟურნალისტი დამეთანხმება, ვინც მონაცემების დამუშავებაზე მუშაობს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსაკუთრებით გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით მონაცემების გაცემის მიმართ.
ძალიან მწყდება გული, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებს ამ ინსტიტუციის მიმართაც დაგვეკარგა ნდობა.
მეც მომიკაკუნეს კარზე დაახლოებით ერთი კვირის წინ, მითხრეს, რომ იყვნენ სტატისტიკის სამსახურიდან აღწერაზე, ახალგაზრდა გოგოები იყვნენ. ვუთხარი, რომ არ მსურს მონაწილეობის მიღება გამოკითხვაში. ორმაგი შეგრძნება მქონდა, რადგან, ერთი მხრივ, როგორც მოქალაქე, ვიქცეოდი ცუდად, ანუ არ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ამით გამოვხატავდი პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ“.
არც ბელა ქურასბედიანმა გაუღო კარი საქსტატის წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან სწორედ იმ პერიოდში მივიდნენ, როდესაც სამართალდამცავები აქტიურად ჩხრეკდნენ აქციების მონაწილეების სახლებს, ქუჩებში კი ნიღბიანი პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქტივისტებს:
„გახურებულ ცემა-ტყეპაში მოვიდნენ და არ გავუღე კარი. სახელი და გვარი ვუთხარი და რამდენი ვცხოვრობდით ოჯახში. კიდევ გვჭირდება დამატებითი ინფორმაციაო, სად მუშაობთო და ა.შ. მაგრამ აღარ ვუპასუხე“.
ამავე მიზეზით არ გააღო კარი ნატო გოგოლაძემაც:
„ზუსტად იმ დღეებში მომადგნენ, სახლებში რომ უვარდებოდნენ ხალხს, თან გვიანი იყო უკვე. რამდენიმე თვის წინ ასეთ დროს აუცილებლად გავაღებდი კარს, მაგრამ ახლა შემეშინდა. ვერ გაგიღებთ-მეთქი, ჩაეცინათ ირონიულად, საქსტატიდან ვართ, გაგვიღეო, მარტო ვარ და მეშინია-მეთქი. შემეშვნენ“.
საქსტატის წარმომადგენლებს არ მიუკაკუნებიათ სოფო ბუკიას კარზე (კომენტარი ჩაწერილია 17 დეკემბერს), თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, აღწერაში მონაწილეობას ისედაც არ აპირებდა:
„პირველ რიგში, იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებსაც მოტყუებით შეუვარდნენ და დააპატიმრეს ან გაჩხრიკეს და დააწიოკეს. მეორე - არ ვენდობი არც ამათ არითმეტიკას და მესამე - პროტესტის ნიშნად არ გავაზიარებ ჩემს პირად მონაცემებს, რადგან სულ რაღაც ორი თვის წინ, მოქალაქეების პირადი ინფორმაცია არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს“.
უარით გაისტუმრა საქსტატის წარმომადგენელი სალომე ცისკარიშვილმა:
„სოფელში მოვიდა ასაკოვანი ქალი, ჭიშკართან ველაპარაკე, უარი ვუთხარი და არ გაუკვირდა. მაინც მითხრა დაზეპირებული ტექსტი, რომ აღწერა პოლიტიკასთან კავშირში არაა. შემეცოდა - ქარში, სიცივეში, სიბნელეში უწევდა სიარული, აშკარად მცირე გასამრჯელოს მოსაპოვებლად“.
სადარბაზოში შეხვდა საქსტატის წარმომადგენლებს ეკა ბუჩუკური, თუმცა, აღწერაში მონაწილეობაზე უარი უთხრა:
„ახალგაზრდა გოგო იყო, მეზობელთან რეკავდა ზარს, აღწერაზე ვარო, მარტო იყო. უარი ვუთხარი. მიზეზი არ უკითხავს, - გასაგებიაო, ეს მითხრა. პირველი, არ ვიცი, რისთვის სჭირდება ეს მონაცემები მთავრობას და რისთვის გამოიყენებს და მეორე, მთავრობა არალეგიტიმურია, შესაბამისად, ეს აღწერაც არალეგიტიმურია“.
სწორედ ამიტომ თქვა აღწერაში მონაწილეობაზე უარი თათია გოგიშვილმაც:
„უსაფრთხოება იმდენად არაა ჩემი უარის მიზეზი, რამდენადაც პროტესტი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი! მე არ ვითანამშრომლებ გაყალბებული არჩევნებით შეკოწიწებული პარლამენტის მიერ არჩეულ არალეგიტიმურ მთავრობასთან!“
26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
აღწერის კითხვები
2024 წლის საყოველთაო აღწერის კითხვარი საკმაოდ ვრცელია. მის სრულყოფილად შესავსებად დაახლოებით 30 წუთი იყო საჭირო.
აღწერის კითხვარი სულ სამი ნაწილისგან შედგებოდა.
პირველი ნაწილი მოიცავდა კითხვებს საცხოვრებელი ადგილის, მისამართის, სახლის მდგომარეობის, კეთილმოწყობის (მაგალითად, გაქვს თუ არა ელექტროენერგია, ცენტრალური გათბობა, კანალიზაცია), ოთახების რაოდენობის, სახლის, საცხოვრებელი კორპუსის აშენების თარიღის შესახებაც კი.
კითხვარის მეორე ნაწილი პერსონალურ მონაცემებს ეხებოდა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ დაბადების თარიღი, პირადი ნომერი თუ სხვა მსგავსი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ლაპარაკია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემზე და მათ შორის: მოქალაქეობის, ეროვნების, მიგრაციის, აღმსარებლობის, ენის ფლობის, განათლების დონის, ქორწინების, დასაქმების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
კითხვარის მესამე და საბოლოო ნაწილი, სოფლის მეურნეობის შესახებ აერთიანებდა კითხვებს, რაც გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და ვაზის ჯიშთა რაოდენობის, ასევე პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რიცხოვნობის შესახებ.
რას ამბობენ აღწერილები
სწორედ ამ კითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც აღწერაში მონაწილეობა მიიღეს.
მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც თავდაპირველად გარკვეული ეჭვები და შიშები ჰქონდათ აღწერის პროცესთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით, კონსულტაციებისა თუ „ნაცნობი სახის“ დანახვის შემდეგ, საქსტატის წარმომადგენლებს ინტერვიუებზე დათანხმდნენ.
„აღწერა რომ დაიწყო, რამდენიმე პოსტი შემხვდა - ჩიოდნენ, რომ ინტერვიუერები კითხულობენ შემოსავლის, ქონების წარმომავლობის და ჯანმრთელობის შესახებაცო. ამან ცოტა დამაფიქრა და იურისტთან გავიარე კონსულტაცია. მითხრა, რომ პირადი ნომრის მოთხოვნის უფლება აქვთ და უნდა ვუთხრათ - სხვაგვარად აღწერა ვერ ჩატარდება, ქონებაზე და ჯანმრთელობაზე კითხვებზე კი შეგვიძლია უარი ვუთხრათ“, - უყვება ნინო ტლაშაძე რადიო თავისუფლებას. მის კართან მისულ საქსტატის თანამშრომელს თან ახლდა მეზობელი:
„ახალგაზრდა გოგო იყო ინტერვიუერი, ბეჯით, პლანშეტით და კეპი ეკიდა ქამარზე. ამიტომ ეჭვი არ შემიტანია, რომ ნამდვილად საქსტატიდან იყო. ახლდა მეზობელი კორპუსის მცხოვრები, სავარაუდოდ, კოორდინატორი, იმიტომ რომ ეს ქალი არჩევნებზეც იყო მოსული.
სტანდარტული კითხვები დასვა. პირადი ნომრიდან დაწყებული დასაქმების ადგილით ოჯახის ყველა წევრზე. უარი ვუთხარი ჯანმრთელობის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემაზე და არ გაუპროტესტებია - თქვენი ნებააო.
რელიგიაზე კითხვა არ დაუსვამს - უბრალოდ წაიკითხა ხმამაღლა და თვითონვე ხმამაღლა უპასუხა მართლმადიდებელი ქრისტიანიო. ხატები შეამჩნია სახლში, მაგრამ მაინც ჩუმად არ მოინიშნა, გამაგებინა, რას ნიშნავდა. არც შემოსავლის ოდენობაზე ან წყაროზე უკითხავს რაიმე და ძალიან დიდი მადლობები მიხადა - ყველა უარს მეუბნებაო“.
აღწერაში მონაწილეობა მიიღო ნინო ბერელიძემაც, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერვიუერი ნაცნობი იყო:
„ახლობელი იყო მოსული, შესაბამისად, უნდობლობის ფაქტორი ნამდვილად არ გვქონია, თუმცა სხვა, უცნობი პირი რომ მოსულიყო, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 90% უარს ვეტყოდი ინფორმაციის გაზიარებაზე“.
საქსტატის კითხვებს უპასუხა სოფიო ჩიკვილაძემაც:
„უსაყვარლესი გოგო იყო, შეშინებული ... გვლანძღავენო, 10 წუთი იყო ზუსტად. მოყვა, რომ აბულინგებენ. არადა, აღწერა რეალურად ჩვენთვის კეთდება, ვის რატომ აწყობს ამ ამბის ნეგატივში გაშვება, არ ვიცი და არც მინდა, რომ ვიცოდე“.
აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა ნინა გორდაძე, თუმცა, აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კარზე საქსტატის წარმომადგენელმა მიუკაკუნა:
„კარი რომ გავაღე, გათოშილი ახალგაზრდა ბიჭი შემრჩა ხელში, სიცივისგან ცხვირგაწითლებული და შემოვუშვი. დაბადების თარიღთან ერთად აინტერესებდა დაბადების ადგილიც. აღმსარებლობა. სამსახური. ხომ არ ვცხოვრობდით საზღვარგარეთ, თუნდაც ცოტა ხნით და ხომ არ ვიყავით იძულებით გადაადგილებული პირები. არის თუ არა ბინა ჩვენი საკუთრება. ბინის საერთო და საცხოვრებელი ფართი. 10 წუთი დასჭირდა სულ“.
საქსტატის წარმომადგენლის კითხვებს უპასუხა ზვიად კირთავამაც:
„ახალგაზრდა გოგო იყო მოსული. მგონი, ბევრმა მეზობელმა არ გაუღო კარი. შეგვეცოდა, რა მისი ბრალია, რომ ხალხი საშინლად გაღიზიანებულია. ზოგი რომ წერს, სახელმწიფო სტრუქტურებს არ ვენდობითო, სკოლებში ხომ უშვებენ ბავშვებს და პენსიას ხომ იღებენ... ალბათ, 15-20 წუთი გაგრძელდა. შვილების პირადობის ნომერი არ მითქვამს და არ ჩაგვციებია. სხვა არ მახსენდება, რა გვკითხეს“.
ნინო მოლოდინმა საქსტატის წარმომადგენლის კითხვებს დაბა ფასანაურში უპასუხა:
„მარტივი კითხვები იყო. რამდენი ადამიანი ვცხოვრობდით სახლში. განათლება, ასაკი. ოჯახის წევრები და საცხოვრებლად რა ფართს ვიყენებთ. ადრეც იყვნენ მოსულები საყოველთაო აღწერაზე, მაშინაც იგივე კითხვები დაგვისვეს“.
ფასანაურში, ისევე როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, საყოველთაო აღწერა ჯერ კიდევ სექტემბერში ჩატარდა. საქსტატის წარმომადგენლებმა სექტემბერში მოიარეს მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ახმეტის, ომალოს, დუშეთის, გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილის, ხევსურეთის, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები.
„მესმოდა ჩუსტების ხმა, მაგრამ არ აღებდნენ კარს, ჩემს ზედამხედველს ვერ ვარწმუნებდი, რომ კარს არ მიღებდნენ“
21 წლის თათა მინდიაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. საქსტატის ინტერვიუერის ვაკანსიაზე დარეგისტრირება ამ ზაფხულს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უნივერსიტეტში ჩატარებულ სამსახურების გამოფენაზე, საქსტატის დახლთან აღმოჩნდა.
შესაბამისი ტრენინგი ზაფხულშივე გაიარა და 29 ნოემბრიდან საქმესაც შეუდგა. არ ეგონა, რომ აღწერის პროცესში სირთულეებს გადააწყდებოდა როგორც მოსახლეობის, ისე ე.წ. ზედამხედველების, ლოკალური უფროსების მხრიდან.
თათა მინდიაშვილს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 200-მდე მისამართი ჩააბარეს:
„თავდაპირველად მითხრეს, რომ როდესაც თავისუფალი დრო მექნებოდა, მაშინ უნდა გავსულიყავი მისამართებზე, მაგრამ რეალურად სხვა სიტუაცია დამხვდა. აღმწერები ჯგუფებად და ქვედანაყოფებად არიან გადანაწილებულები, რომლებსაც ჰყავთ ზედამხედველები და ლოკალური უფროსები. ისინი გვთხოვენ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაკეტილი კარი გავაღებინოთ ხალხს.
ვუხსნი, რომ ბოლო პერიოდში, ძალიან მოიმატა პროტესტმა, შიშმა, რომ ვაკაკუნებ კარზე, ხალხი შუქს მიქრობს, კონტაქტზე არ გამოდიან მაშინ, როდესაც ვგრძნობ და მესმის, რომ სახლში არიან. ისმის ჩუსტების ხმა, მაგრამ კარს არ მიღებენ“.
იმის დასამტკიცებლად, რომ მოსახლეობის ნაწილი უარს ამბობდა აღწერაში მონაწილეობაზე, თათას მოუწია კარის ჯახუნის და უკმაყოფილო ლაპარაკის ჩაწერაც:
„იძულებული გავხდი, რომ ჩამეწერა რამდენიმე ხმა, როგორ მიმიჯახუნეს კარი და ხმამაღლა გამოხატავდნენ პროტესტს, მაგრამ მაინც არ იჯერებენ. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ გამომაყოლებდნენ ქვედანაყოფის ლოკალურ უფროსს, რომ სადაც მასობრივად თქვა მოსახლეობამ უარი აღწერაში მონაწილეობაზე, იქ რამენაირად გააღებინონ მოსახლეობას კარი.
როცა მეუბნება ადამიანი, რომ არ მიიღებს აღწერაში მონაწილეობას, კარში ვერ შევუვარდები“.
თათა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევასაც:
„ქალმა გააღო კარი, დავიწყე გამოკითხვა, მაგრამ გამოვიდნენ ოჯახის ახალგაზრდა წევრები და მიახურინეს კარი.
ზოგს პრეტენზია აქვს კითხვებთან და ამბობენ, რაში გვაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი, როდესაც ბაზებში ისედაც ყველა ინფორმაციაა დარეგისტრირებულიო.
ერთ მისამართზე მომმართეს, რუსეთში მიათრევთ ქვეყანას, მათ ემსახურებით, მოშორდი აქედანო და მომიჯახუნეს კარი.
მაგალითად, 18-ბინიანი კორპუსიდან ექვსი ბინის პატრონმა უარი მითხრა გამოკითხვაზე. ორი ბინა დაკეტილი იყო. ეს მონაცემები რომ ვუთხარი ჩემს ხელმძღვანელებს, არ დამიჯერეს. თუმცა, სხვა აღმწერებთანაც მაქვს კომუნიკაცია და ისინიც მსგავს პრობლემებს აწყდებიან.
ბევრმა აღმწერმა დატოვა ეს საქმე როგორც ტრენინგებისას, ისე უკვე თავად აღწერის პროცესშიც“.
ორკვირიანი სამუშაოს სანაცვლოდ, თათა მინდიაშვილმა საქსტატთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელზე 708 ლარი უნდა აიღოს. საქსტატმა თათას მსგავსად, საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად, 12 000-მდე ინტერვიუერი გადაამზადა.
რა შეცდომა დაუშვა საქსტატმა? - სტატისტიკოსის მოსაზრება
2024 წლის საყოველთაო აღწერის პორტალის თანახმად, ამ აღწერის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება „სწორად განისაზღვროს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში“.
იქვე წერია ისიც, რომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. ამასთან, ინდივიდუალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და ვრცელდება მხოლოდ აგრეგირებული სახით“.
ცვატა ბერძენიშვილი, სტატისტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საყოველთაო აღწერის მთავარი არსი და მიზანი უწყებამ მარკეტინგული თვალსაზრისით „არასწორად შეფუთა“ და ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა საყოველთაო აღწერაში მონაწილეობაზე:
„კამპანიის მთავარი გზავნილი იყო - "გავიგოთ რამდენი ვართ". შესაბამისად, ხალხს გაუჩნდა მოლოდინი, რომ აღწერის მიზანია მხოლოდ ის, რომ დავადგინოთ ადამიანების რაოდენობა და როდესაც კითხვარში აღმოაჩინეს შეკითხვები, მაგალითად, მათი ფინანსური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული შეკითხვები, ამან დააბნია და შეაშინა ისინი, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტსაც“.
ცვატა ბერძენიშვილის თქმით, 2024 წლის აღწერისათვის შემუშავებული კითხვარი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა შექმნილი, კითხვარი ამ შინაარსის იყო ათი წლის წინ ჩატარებული აღწერის დროსაც და „საქსტატს ახალი არაფერი გამოუგონია“:
„საქსტატმა ისედაც იცის, რომ 3 700 000 ვართ, მაგრამ საქსტატმა არ იცის, მაგალითად, მოსახლეობის რა გადანაწილებაც იყო 2014-ში რეგიონების მიხედვით, იგივე დარჩა ეს გადანაწილება თუ შეიცვალა. სახელმწიფომ მნიშვნელოვანია იცოდეს, რომელ რეგიონში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. როგორია მათი სქესობრივ-ასაკობრივი გადანაწილება, ოჯახური მდგომარეობა, მაგალითად, ხედავს, რომ რაჭა-ლეჩხუმში, შინამეურნეობაში ძირითადად ორი ან ერთი ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ.
გარდა ამისა, შეკითხვები სოფლის მეურნეობის შესახებ, ეს ყველაფერი წარმოდგენას უნდა უქმნიდეს სახელმწიფოს, თუ რა ტიპის აქტივობები, სოციალური პროგრამები, დაფინანსებები და ა.შ. უნდა დაგეგმოს.
სანამ სახელმწიფოს თავის თავზე აქვს აღებული გარკვეული სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროგრამები და ა.შ., ის გარკვეულწილად უნდა ეყრდნობოდეს სწორედ აღწერის მონაცემებსაც და ამიტომაცაა ეს კითხვარი ასე დეტალიზებული“.
ცვატა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობას დაკარგული აქვს ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ, როცა საქმე პერსონალური მონაცემების გაზიარებას ეხება, საქსტატს გაცილებით აქტიური კამპანია უნდა ეწარმოებინა, რათა დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი საყოველთაო აღწერის დროს აზიარებენ, სათანადოდ არის დაცული:
„შეიძლება საქსტატმა ჩათვალა, რომ არ იყო საჭირო ამ საკითხზე ხშირი საუბარი, რადგან 2014 წელს საკმაოდ წარმატებით ჩაიარა აღწერის პროცესმა, ყოველგვარი ღრმა კომუნიკაციების გარეშე, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობა და კონტექსტი გვაქვს.
ხაზგასმული უნდა ყოფილიყო, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ პერსონალური ინფორმაციის ანალიზი, რასაც საქსტატი იღებს, მხოლოდ აგრეგირებულად, ანუ ჯამურად ხდება.
მიუხედავად ჩემი კრიტიკული განწყობებისა ხელისუფლების მიმართ, მგონია, რომ საქსტატი ამ პრინციპს იცავს. და ეს მგონია არა იმიტომ, რომ, მაგალითად, სუსი ან სხვა უწყება არ შეეცდება მათგან ამ ინფორმაციის მოპოვებას, არამედ მგონია, რომ სუსს თუ სჭირდება ინფორმაცია, რამდენი ძროხა მყავს მე სოფელში, მან ეს საქსტატის აღწერის გარეშეც მშვენივრად იცის.
არ ვიზიარებ შიშებს, რომ თუკი საქსტატის გამოკვლევაში ვიღებ მონაწილეობას, ამით რაიმენაირად ვიზიანებ საკუთარ თავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე ხაზგასმით უნდა ვთქვა ისიც, რომ აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვინც არ ენდობა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, რადგან შიშობენ, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა უკანონოდ იყოს მოპოვებული და გამოყენებული სხვადასხვა უწყების მიერ. სამწუხაროდ, კონტექსტი და გარემო იძლევა ასე ფიქრის საშუალებას და ამაზე საქსტატის მხრიდან არ ყოფილა სათანადო კომუნიკაცია“, - ამბობს ცვატა ბერძენიშვილი, რომელიც ახლა ელოდება საყოველთაო აღწერის ე.წ. გამოპასუხების პროცენტის გამოქვეყნებას, რომლის გასაჯაროების შემდეგ იქნება შესაძლებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად „ლეგიტიმურად და შემდგარად შეიძლება ჩაითვალოს ეს კვლევა“:
„საქსტატს აუცილებლად ექნება განსაზღვრული, როდის ჩათვლის, რომ გამოკვლევა შედგა ან ვერ შედგა. ბუნებრივია, ყველა ადამიანი ვერ იქნებოდა გამოკითხული და ყველა ადამიანთან სრულფასოვანი ინტერვიუ ვერ შედგებოდა, საქსტატმა უნდა თქვას, ცდომილების რა ზღვარი დააწესა ამ აღწერის პროცესში“, - ამბობს ცვატა ბერძენიშვილი.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, თვითრეგისტრაციის, ანუ ონლაინ რეგისტრაციის მეთოდით 14 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ისარგებლა 150 ათასზე მეტმა ადამიანმა.
2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში.
საქსტატს აღწერის პროცესის წარმართვასა და მონაცემების ანალიზში ტექნიკურ დახმარებას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) უწევს, რომელიც 2002 წლიდან უჭერს მხარს საყოველთაო აღწერის ჩატარებას საქართველოში.
საყოველთაო აღწერა ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2014 წელს ჩატარდა.
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლები იყო წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით. აღწერამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორიის 82%. ის ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც წელს, აღწერა ჩატარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
ფორუმი