Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ახალი ხელისუფლების თქმით, მოსკოვმა უნდა გადახედოს ქვეყანაში თავისი ჯარების ყოფნას


რუსეთის Su-25 ხმეიმიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. უკან: Su-24-ები. 18 დეკემბერი, 2015.
რუსეთის Su-25 ხმეიმიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. უკან: Su-24-ები. 18 დეკემბერი, 2015.

სირიის ახალი გარდამავალი მთავრობის პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენელმა ობეიდა არნაუტმა რუსეთს მოუწოდა, გადახედოს ქვეყანაში თავის ყოფნას მოსკოვის მოკავშირის, ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდების შემდეგ. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

„მიმაჩნია, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს სირიის ტერიტორიაზე თავის ყოფნას და თავის ინტერესებს“ თქვა არნაუტმა. მისი სიტყვებით, მოსკოვს შეუძლია ითანამშრომლოს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა აჩვენოს, რომ „არა აქვს მტრობა სირიელი ხალხის მიმართ“.

რუსეთს სირიაში ორი სამხედრო ბაზა აქვს: ავიაბაზა ხმეიმიმი ლატაკიის პორტთან და სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. იქ რუსეთის სამხედროების 49 წლის ვადით ყოფნის შესახებ ხელშეკრულებას მოსკოვსა და დამასკს შორის 2017 წელს მოეწერა ხელი.

ტარტუსში ბაზას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთ გასასვლელს ანიჭებს. ის წარმოადგენს საზღვაო სწავლებებისა და სამხედრო გემების განთავსების ადგილს.

დასავლელი ანალიტიკოსები და დაზვერვა იტყობინებიან სირიიდან რუსეთის ჯარების მასშტაბურ გასვლაზე, მაგრამ მოსკოვი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

მანამდე გაჩნდა ცნობები, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა ლატაკიიდან ტარტუსისკენ გაიგზავნა. გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ რუსეთმა უკანასკნელ დღეებში დამასკის გარეუბნებიდან მინიმუმ 400 სამხედრო გადაისროლა ხმეიმიმის ავიაბაზაზე ლატაკიაში. კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა ახლახან განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის ჯარების ყოფნის საკითხი ჯერ არ არის გარკვეული და ახალ ხელისუფლებასთან დიალოგის გზით გადაწყდება.

რუსეთის ჯარების დისლოკაციის შეცვლამ გამოიწვია სირიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვარაუდები - სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ანტისამთავრობო ძალებმა დამასკი აიღეს.

თავის მხრივ CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის გემები ტარტუსიდან ლიბიისკენ გაემართნენ. ამავე დროს, ტელეარხის წყაროების თანახმად, რუსეთი დიდ ზეწოლას ახორციელებს მარშალ ხალიფ ხაფთარზე, რომელიც ქვეყნის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, და ბენგაზის პორტში ბაზას ითხოვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG