Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1000-1000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში მონაწილეები


საპატრულო პოლიცია ზუგდიდში მძღოლს აჯარიმებს.
საპატრულო პოლიცია ზუგდიდში მძღოლს აჯარიმებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისის მსგავსად, საპატრულო პოლიცია ზუგდიდსა და ქუთაისშიც აჯარიმებს მძღოლებს, რომლებიც პროევროპულ აქციებში ავტოკოლონებში გადაადგილდებოდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ორ ქალაქში პოლიციამ გამოწერა, სულ მცირე, ცხრა ჯარიმა - თითოეული მძღოლისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია.

დავით ლოგუა ზუგდიდში 13 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგობრებთან ერთად იყო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა.

„ზუგდიდში მე-20 დღეა, რაც ვატარებთ აქციას რეჟიმის წინააღმდეგ. ერთ-ერთი აქცია იყო მანქანების კოლონით ქალაქის ქუჩების მოვლა საქართველოს და ევროკავშირის დროშით. პატრულის ეკიპაჟი აგვედევნა და სამკერდე კამერებით გვიღებდნენ. შვიდი ადამიანი დაგვაჯარიმეს, მეგობრები ყოველდღიურად ჩართული ვართ მშვიდობიან დემონსტრაციებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ლოგუა.

მისი სიტყვებით, პოლიციამ უთხრა, რომ კოლონაში მონაწილე სხვა მძღოლების გამოსავლენად ორთვიანი ვადა აქვთ.

პოლიციამ 16 დეკემბერს დააჯარიმა ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გია სალია. მისი თქმით, ის 13 დეკემბერს ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობას იღებდა. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს პოლიციელი, რომლის თქმითაც ავტომობილი „ძებნაზე იყო გადაცემული“.

1 დეკემბერს ავტოკოლონაში გადაადგილებისთვის, ქუთაისში 6 დეკემბერს დააჯარიმეს ქეთი ხურციძე და ნიკა ჯანელიძე.

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

დღეს, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც.

ხალხმრავალი დემონსტრაციების საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ აქციის მონაწილეებისთვის კანონი გაამკაცრა. რამდენიმე დღეში ამოქმედდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ავტოკოლონაში მონაწილეობისთვის მძღოლს 1000 ლარით დააჯარიმებენ და მართვის მოწმობას ერთი წლით შეუჩერებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG