მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში უკვე მესამე პლენარული სესია გაიმართა: დაამტკიცეს პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტების თავმჯდომარეები, დაარეგისტრირეს და რიგ შემთხვევაში (პირველი მოსმენით) მიიღეს კანონები და დაამტკიცეს ახალი მთავრობა.
- პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნა
- პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა
- დეპუტატების ხელფასების დაქვითვა
- ამნისტიის კანონპროექტი
- პირბადეების სანქციების წესების შეცვლა
- მთავრობისთვის გაზრდილი უფლებამოსილების გახანგრძლივება
- არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა
- კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქციის თავმჯდომარის არჩევა
- ახალი მთავრობის არჩევა
ამ პროცესში "ქართული ოცნება" მარტო იყო. ოპოზიცია, რომელიც არ შედის პარლამენტში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებებს მხოლოდ ქუჩასა და ტელევიზიების ეთერში აფიქსირებს.
პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნა
ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელზეც პარლამენტის შეკრებამდე "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა - კანონპროექტით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს. ამ კონტექსტში მან ახსენა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულითა და სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს პრობლემების შექმნას... ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს", - დასძინა მან.
კანონის მიღების შემთხვევაში, პოლიტიკური კამპანიების წარმოებაში დაწესებული შეზღუდვა მომავალი არჩევნებისთვის ამოქმედდება.
პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა
პარლამენტმა უკვე დაიწყო პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის განხილვა. ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტიდან ფულს ვერ მიიღებს პარტია, რომლის დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს იტყვის მანდატებზე.
პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ამ კანონპროექტით ოპოზიციას სჯის. მათ მმართველ პარტიას წინა ხელისუფლების 2008 წლის გადაწყვეტილება შეახსენეს, რომელმაც, ასევე, შეუწყვიტა დაფინანსება ოპოზიციას, რითაც მიანიშნეს რომ ოპოზიციას "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით ავიწროებს.
კანონპროექტზე საუბრის დროს მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მის "პოზიტიურ მხარეებზე" ისაუბრა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების მიზანი პარტიების დასჯა იყო, მათ კი ახლა ოპოზიციის წახალისება სურთ.
"აქ მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ვინმეს წახალისება. წახალისება იქეთკენ, რომ დეპუტატებმა უარი თქვან პარლამენტის საბოტაჟზე... მაშინდელი პაკეტის მიზანი იყო პარტიებისა და დეპუტატების დასჯა. ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდათ 20 ივნისს, მაშინ როდესაც ეს პაკეტი მიიღეს 15 ივლისს - აქედან პირდაპირ ჩანს, რომ მაშინდელი მმართველი პარტიის მიზანი არ იყო წახალისება - მას შემდეგ, რაც მათ შეუჩერეს დეპუტატებს მანდატები, მიიღეს პაკეტი, რაც პირდაპირ მეტყველებს, რომ მიზანი დასჯა იყო", - თქვა კობახიძემ.
კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კობახიძის ინიციატივით საკითხი მეორე და მესამე მოსმენაზე აღარ გავა, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნებს არ მიიღებენ.
დეპუტატების ხელფასების დაქვითვა
ახალ პარლამენტში დარეგისტრირდა და უკვე პირველი მოსმენითაც მიიღეს კანონპროექტი, რომელიც დეპუტატს, რომელიც არცერთ სესიას არ დაესწრება, უხელფასოდ ტოვებს. მოქმედი რეგულაციით, ასეთ დროს ხელფასის ნახევრის დაქვითვაა გათვალისწინებული.
დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც სესიებს არ ესწრებიან, ხელფასის ნახევარი მაინც ჩაერიცხებათ. ახალა რომ ახალი რეგულაცია მოქმედებდეს, ისინი უხელფასოდ დარჩებოდნენ.
ახალშექმნილმა პარლამენტმა მუშაობის დაწყებიდან პირველივე დღეებში დააანონსა, რომ მიიღებდა "ამნისტიის კანონს", რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 45-მდე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე გავრცელდებოდა, მათ შორის, უვადო პატიმრებზეც. ამნისტია იმ პირებზე გავრცელდება, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, ამნისტიით გაათავისუფლოს პირი როგორც დანაშაულის მისჯის შემდეგ, ასევე, სასამართლო განხილვების ეტაპზე ან ბრალის წარდგენის შემდეგ.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს კანონპროექტი ნამდვილად არ შეეხება იმ ხუთ პირს, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. შესაბამისად, "მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩება, ასევე პატიმრობა ემუქრებათ "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილსა და "ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზეწოლის საქმეზე" დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს.
პირბადეების სანქციების წესების შეცვლა
ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელიც ახალ პარლამენტში დარეგისტრირდა, ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის 20 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებაა. იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებაა და ჯერ არ ამოქმედებულა, 4 ნოემბრიდან პოლიცია დღეში ათეულობით მოქალაქეს აჯარიმებს.
პოლიცია კოდექსის იმ მუხლს ეყრდნობა, რომელიც მხოლოდ დახურულ სივრცეებში დაჯარიმებაზე ვრცელდება.
მთავრობისთვის გაზრდილი უფლებამოსილების გახანგრძლივება
კორონაპანდემიის პირობებში პარლამენტი გეგმავს, მთავრობას მესამედ, კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივოს გაზრდილი უფლებამოსილება. მთავრობას კვლავ შეეძლება გადაადგილების შეზღუდვა, ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა, სპეციალური წესების დაწესება და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს არაკონსტიტუციურია და მსგავსი შეზღუდვების დაწესება მთავრობას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შეუძლია. საქმე საკონსტიტუციო სასამართლოშიც არის შესული, თუმცა ჯერ არ განხილულა.
პარლამენტი საკითხს 31 დეკემბრამდე დააკმაყოფილებს, რადგან მოქმედი რეგულაციით რეაგირების უფლება მთავრობას მხოლოდ ამ დრომდე აქვს.
არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა
პირველი სხდომა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა. ამ სხდომაზე ხელმეორედ დაამტკიცეს თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე. მის არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ამავე სხდომაზე დაამტკიცეს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი, ხოლო მოადგილეებად - კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო.
კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა
პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად ცნობილი გახდა, ვინ უხელმძღვანელებს პარლამენტის 15 კომიტეტს. კომიტეტების თავმჯდომარეები გახდნენ:
- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი;
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის - მიხეილ სარჯველაძე;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის - თეა წულუკიანი;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის - მაია ბითაძე;
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის - დავით სონღულაშვილი;
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის - ბექა ოდიშარია:
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის - მაკა ბოჭორიშვილი;
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის - ირაკლი ბერაია;
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის - ანრი ოხანაშვილი;
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის - სოზარ სუბარი;
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის - ნიკოლოზ სამხარაძე;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის - ირაკლი ქადაგიშვილი:
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის - ირაკლი კოვზანაძე;
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის - მიხეილ ყაველაშვილი;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის - დიმიტრი ხუნდაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქციის თავმჯდომარის არჩევა
განახლებული რეგლამენტის მიხედით, პარლამენტში შესულ თითოეულ პარტიასა თუ ბლოკს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლია. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას", რომელსაც 90 დეპუტატი ჰყავს, მხოლოდ ერთი ფრაქცია აქვს. ამ ფრაქციის თავმჯდომარედ პარლამენტის მუშაობის პირველივე დღეს მამუკა მდინარაძე დარეგისტრირდა.
გარდა ამისა, ამ დღეს 90 დეპუტატისგან შეიქმნა საპარლამენტო უმრავლესობა და მის ლიდერად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელი სახით დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი კვლავ გიორგი გახარია იქნება. მინისტრთა კაბინეტიდან კი მხოლოდ იუსტიციის მინისტრი შეიცვალა. თეა წულუკიანი ახლა პარლამენტის წევრია, მისი მოადგილე კი მინისტრი გახდა.
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათია თურნავა;
- თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
- იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
- ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.