Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ მთავარი კონკურენტი 14 წლით დააპატიმრებინა


როგორც კი „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიქტარ ბაბარიკამ, 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, იმ დღიდან იგი ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაუძინებელ მტრად იქცა.
როგორც კი „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიქტარ ბაბარიკამ, 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, იმ დღიდან იგი ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაუძინებელ მტრად იქცა.

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტობის ყოფილ პრეტენდენტს, ვიქტარ ბაბარიკას, რომელიც თავის ვაჟ ედუარდთან ერთად შარშან ივნისში დააპატიმრეს მას მერე, რაც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

ბელარუსში მალე დაიწყება სასამართლო პროცესი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრ მარია კალესნიკავას წინააღმდეგ, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიტიკური ოპონენტებისა და მასმედიის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი რეპრესიების პასუხად აშშ-მა და ევროკავშირმა პერსონალური და სექტორალური სანქციები დაუწესეს ბელარუსის რეჟიმის წარმომადგენლებსა და მათ უკან მდგარ სახელმწიფო კომპანიებს, თუმცა რაც დრო გადის, რეჟიმი სულ უფრო მეტად აფართოებს რეპრესიების წრეს. პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შემდეგ ბელარუსის რეჟიმმა დაიწყო დამოუკიდებელი მასმედიის განადგურების ოპერაცია, რის გამოც სიტუაცია ბელარუსში ძალიან დამთრგუნველია.

„ბელარუსში დათრგუნვილი განწყობაა განსაკუთრებით იმის გამო, რომ ბოლო თვეებში რეპრესიები კიდევ უფრო ფართო წრეზე გავიდა. შედარებისათვის: თუ წინა წელს ძირითადად აკავებდნენ და იჭერდნენ საპროტესტო აქციების მონაწილე პოლიტიკურ აქტივისტებს, ახლა წრე გაფართოვდა. შარშანდელი წლის ბოლოს და მიმდინარე წელს დაიწყეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განადგურება. უკვე რამდენიმე ჟურნალისტი ზის ციხეში. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ყველაზე დიდი პორტალის, „ტუტ.ბის“, განადგურება. ამ საქმეზე საპატიმროში იმყოფება 15 ადამიანი, მთავარი რედაქტორი, მთავარი ბუღალტერი და რამდენიმე რიგითი ჟურნალისტი“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი, იური დრაკახრუსტი.

18 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში ბლოკირებულია ყველაზე დიდი პორტალი, TUT.BY, მისი თანამშრომლები კი დააკავეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების გადახდაზე უარის თქმის მუხლით“ აღძრული საქმის ფარგლებში.

ბაბარიკას ფენომენი და ლუკაშენკას სტალინური პრინციპი

როგორც კი „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიქტარ ბაბარიკამ, 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, იმ დღიდან იგი ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაუძინებელ მტრად იქცა.

ბაბარიკას ჯერ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უთხრა უარი არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაზე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე კი, ივნისში, თავის ვაჟ ედუარდთან ერთად დააპატიმრეს და ფულის გათეთრებაში, მექრთამეობასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში წაუყენეს ბრალი.

მათი დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა „ბელგაზპრომბანკი“ და გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ათზე მეტი თანამშრომელი დააპატიმრა.

თავდაპირველად დაპატიმრებულები წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდნენ, მაგრამ მოგვიანებით ვიქტარ ბაბარიკასა და მისი შვილის გარდა ბრალი ყველამ აღიარა.

„ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ხელისუფლებასთან გარიგებაზე მაშინაც კი უარი თქვა, როდესაც ავტოკრატი ალიაქსანდრ ლუკაშენკა შარშან ოქტომბერში ბელარუსის უშიშროების იზოლატორში მივიდა და იქ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პოლიტპატიმრებს, მათ შორის ვიქტარ ბაბარიკასაც შეხვდა.

ბოლომდე უცნობი დარჩა, თუ რაზე ილაპარაკა ლუკაშენკამ დაპატიმრებულ ოპოზიციონერებთან, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ მის ორ მონაწილეს იზოლატორში წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი იყო ვიქტარ ბაბარიკას საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბიზნესმენი იური ვოსკრესენსკი, მეორე კი კომპანია PandaDoc-ის მინსკის ოფისის დირექტორი, დმიტრი რაბცევიჩი.

„შეხვედრაზე, მე როგორც მესმის, შესაძლოა ლუკაშენკა სთავაზობდა გარკვეულ ვარიანტებს, რომლებიც ბაბარიკამ არ მიიღო“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის თანამშრომელი. - „სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ. ბანკში ბაბარიკას კოლეგებმა, მისმა მოადგილეებმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა აღიარეს დანაშაული, ბრალი დააკისრეს ბაბარიკას და, შესაბამისად, შეეფარდათ 3-6-წლიანი პატიმრობა, რასაც, ალბათ, არ მოიხდიან. არსებობს აზრი, რომ ბაბარიკას შესთავაზეს ვარიანტი - მონანიება გათავისუფლების სანაცლოდ, რაზეც მან უარი თქვა და ასეთი არჩევანი გააკეთა“.

ვიქტარ ბაბარიკასთან ერთად კიდევ ექვს პირს ედებოდა ბრალი ფინანსურ მაქინაციებში. პროკურორმა ბაბარიკასთვის 15 წლით, დანარჩენებისთვის კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ ხელმძღვანელს მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა, რომელსაც ბაბარიკა კოლონიაში მოიხდის. განაჩენი საბოლოოა და იგი კასაციას არ ექვემდებარება.

იმის გამო, რომ ბელარუსი არ არის ევროსაბჭოს წევრი, ბელარუსის მოქალაქე ვიქტარ ბაბარიკა თავის უფლებებს ვერც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში დაიცავს.

მიუხედავად მთელი წლის იზოლაციისა და სახელმწიფოს აპარატიდან წამოსულ ბრალდებათა ნიაღვრისა, ლუკაშენკას მთავარი კონკურენტი, ვიქტარ ბაბარიკა, ბელარუსში დღესაც ყველაზე უფრო პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება.

„ბელარუსში ჩატარებული ონლაინგამოკითხვები მოწმობს, რომ ბაბარიკა ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკოსია ბელარუსში. ის ლუკაშენკასა და ყველა დანარჩენზე უფრო პოპულარულია. და როგორც თქვენი თანამემამულე სტალინი იტყოდა, თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენო, ლუკაშენკაც, დაახლოებით, იმასვე აკეთებს. ოპონენტებისათვის სრულიად ფანტასტიკური ვადების მისჯით იგი ცდილობს აჩვენოს, რომ არ აპირებს დათმობას, არ აპირებს უკან დახევას“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

რეპრესიები „ფართო წრეზე“

ბელარუსის რეჟიმი, რომელიც სასამართლოს თავისი რეპრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებს, მკაცრად უპირებს დასჯას ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრ მარია კალესნიკავას, რომლის საქმეც სასამართლოს განსახილველად მაისში გადაეცა.

რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ცნობით, კალესნიკავას სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება: სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა და ინტერნეტითა და საინფორმაციო საშუალებებით ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებისაკენ მიმართული მოწოდებები.

თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის მტკიცებულებებს, მარია კალესნიკავას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გასული წლის 16 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის მარია კალესნიკავას სახაროვის პრემია გადასცა თავისუფალი აზროვნებისათვის. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კალესნიკავა პოლიტპატიმრად ცნეს და აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბელარუსის ხელისუფლებას მისი და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს, მაგრამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი არც კოლექტიური დასავლეთის მოწოდებებისა და არც მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, კალესნიკავასაც მიუსჯიან პატიმრობას, რადგან ბელარუსში ადგილი აქვს შურისძიებას პრინციპით: მათ, ვინც ჩემ წინააღმდეგ ხმას აღიმაღლებს, ვინც ჩემი სერიოზული მოწინააღმდეგეა, გავანადგურებ! - სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკკეიმ ცოტა ხნის წინ, როდესაც სანქციების ტალღა ტალღაზე მოდიოდა, თქვა, თუ სანქციები გაგრძელდა, ჩვენ ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოებას გავანადგურებთო. თქვა პირდაპირ ასე, ყოველგვარი ალეგორიების გარეშე“, - იხსენებს იური დრაკახრუსტი.

იმ დღეს, როდესაც ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტობის ყოფილ დაურეგისტრირებელ კანდიდატს, ვიქტარ ბაბარიკას, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა გამართა თათბირი, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი იყო „ბელარუსის მიმართ სანქციებით გათვალისწინებული ზომების წინააღმდეგ მოქმედება“.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსის მთავრობას დაავალა, იმოქმედოს ისე, რომ „სანქციების გამო არ დაზარალდეს ბელარუსი ხალხი“. ამასთან, ლუკაშენკა გამოვიდა წინადადებით, აიკრძალოს გერმანიიდან ბელარუსის ტერიტორიის გავლით საქონლის ტრანზიტი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში და ამის ნაცვლად ევროპას საქონლის ფინეთისა და უკრაინის გავლით მიწოდება შესთავაზა.

„უნდა მივიღოთ ყველა ზომა საიმისოდ, რომ მათ დაინახონ, რა არის ბელარუსი. და დაფიქრდნენ მანამდე, სანამ ეკონომიკურ იარაღს მოჰკიდებდნენ ხელს“, - მოჰყავს ლუკაშენკას სიტყვები სააგენტო BelTA-ს.

ლუკაშენკას რეჟიმის მიერ 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ მასობრივ რეპრესიებს აშშ-ისა და ევროკავშირის მასშტაბური სანქციები მოჰყვა.

ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე სანქციების ოთხი პაკეტი დაუწესეს ლუკაშენკას რეჟიმს. ამის მიზეზია ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის რეპრესიული პოლიტიკა. შეზღუდვები შეეხო კალიუმის, ნავთობისა და საბანკო სექტორებს. მთლიანობაში, სანქციები გავრცელდა 166 ადამიანსა და 15 დაწესებულებაზე.

ევროკავშირისა და აშშ-ის მსგავსად, ბელარუსის მიმართ შემზღუდავი ზომების გაფართოების შესახებ განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა დამატებით კიდევ 16 ბელარუსი მაღალჩინოსანი და ხუთი დაწესებულება, მათ შორის, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების სამსახური და ოკრესტინას ქუჩაზე მდებარე მინსკის იზოლატორი, რომელშიც საბოლოო განაჩენის მოლოდინში ათეულობით პოლიტპატიმარი იმყოფება.

უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“ ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებს მიიჩნევს ყველაზე უფრო მასობრივ რეპრესიებად ევროპაში ბოლო 40 წლის მანძილზე. ორგანიზაციის ცნობით, სამართალდამცველებმა, მთლიანობაში, დააკავეს 35 000 ადამიანზე მეტი. პოლიტიკური მოტივებით ბელარუსის 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება საგამოძიებო იზოლატორებში, ხოლო მათგან 354 ადამიანი უფლებადამცველებმა პოლიტპატიმრებად აღიარეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG