ბელარუსი პოლიტპატიმრის, მარია კალესნიკავას სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა და ახლა განსასჯელი საქმის მასალებს ეცნობა. რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ცნობით, კალესნიკავას სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება: სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა და ინტერნეტითა და საინფორმაციო საშუალებებით ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებისაკენ მიმართული მოწოდებები.
თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის მტკიცებულებებს, მარია კალესნიკავას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მარია კალესნიკავა შარშან სექტემბერში დააკავეს უკრაინის საზღვართან ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორ წევრთან, ანტონ რადნიაკოვსა და ივან კრავცოვთან ერთად. საბოლოო ჯამში, ის ორი დეპორტირებული აღმოჩნდა უკრაინაში, კალესნიკოვას იძულებითი დეპორტაცია კი არ მოხდა, რადგან მან საზღვარზე მოახერხა პასპორტის დახევა.
გასული წლის 16 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის მარია კალესნიკავას სახაროვის პრემია გადასცა აზროვნების თავისუფლებისთვის.
ლუკაშენკას ხელმძღვანელობით ბელარუსში გამოსვლებს მასობრივად ახშობენ, დაკავებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი. საპატიმროებიდან იტყობინებიან წამების შესახებ.
აშშ და ევროპის კავშირი არ აღიარებენ ლუკაშენკას გამარჯვებას.
6 ნოემბერს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს.
მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი.