ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომლის პრეზიდენტობასაც არაკანონიერად მიიჩნევენ აშშ და ევროკავშირი, 11-12 თებერვალს „სრულიად ბელარუსის სახალხო კრება“ მოიწვია და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „გარკვეულ შიდა ძალებზე“ დაყრდნობით ქვეყნის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა არა „ფერად რევოლუციას“, არამედ „ბლიცკრიგს“, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა.
„სრულიად ბელარუსის სახალხო კრების“ მთავარი დევიზი იყო ქვეყნის „პოლიტიკური სისტემის სრულყოფა“, თუმცა ლუკაშენკას ოთხსაათიან სიტყვაში არ უხსენებია არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არც რეპრესიების შეწყვეტა და არც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რასაც მისგან ითხოვს ბელარუსის ოპოზიცია.
უფრო მეტიც, სწორედ სახალხო კრების პარალელურად კიდევ უფრო გააქტიურდა ბელარუსში აქტივისტებისა და თავისუფალი ჟურნალისტების დევნა და კიდევ უფრო დაუმძიმეს ბრალდებები საპატიმროში მყოფ პოლიტიკურ ოპონენტებს.
ლუკაშენკამ ბელარუსი კვლავ „საყვარელ ქალს“ შეადარა
„სრულიად ბელარუსის სახალხო კრება“ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინიციატივით პირველად 1996 წელს გაიმართა და მაშინაც, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მან განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა. იმ დროიდან მოყოლებული „სახალხო კრება“ წელს მინსკში უკვე მეექვსედ გაიმართა.
ეს მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ფორუმი თავისი ფორმით ძალიან წააგავს საბჭოთა კავშირის დროს არსებულ კომპარტიის ყრილობებს, ვინაიდან როგორც მაშინ, ისე ახლა, ასეთი ყრილობები 5 წელიწადში ერთხელ იმართება. 2700 დელეგატს შორის არიან სახელმწიფოს სხვადასხვა შტოს, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროების წარმომადგენლები, კოლმეურნეები და მუშები, ექიმები და მასწავლებლები, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ლუკაშენკამ „ყველაზე გამოჩენილი პატრიოტები“ უწოდა.
საბჭოთა კავშირის დროინდელ ყრილობებს „სრულიად ბელარუსის სახალხო კრება“ იმითაც ემსგავსება, რომ კომპარტიის გენერალური მდივანივით ბელარუსი ავტოკრატი ლიდერი ხსნის თავყრილობას და ამთავრებს საბოლოო სიტყვით. ამასთან, ბელარუსის ლიდერი სიტყვაში შეზღუდული არ არის.
11 თებერვალს ალიაქსანდრ ლუკაშენკას სიტყვით გამოსვლა 4 საათი გრძელდებოდა.
თავის საპროგრამო სიტყვაში ლუკაშენკამ ბელარუსი კვლავ შეადარა საყვარელ ქალს, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
„თუ შემდგომშიც ასე გავუფრთხილდებით, ბელარუსი მომავლის ქვეყანა იქნება - უზრუნველყოფილი, კომფორტული და ყველასათვის უსაფრთხო ქვეყანა. თქვენ ხართ ბატონ-პატრონები ამ ქვეყნის და მისი დედაქალაქის. თქვენ, ბელარუსი ხალხის წარმომადგენლები, წერთ საკუთარი ცხოვრების ისტორიას და ისე უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი ცხოვრების ისტორია იქცეს ჩვენი ლამაზი, მყუდრო ქვეყნის ისტორიის ნაწილად. და დაიმახსოვრეთ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და არავის არ უნდა დავუთმოთ იგი, რადგან საყვარელ ქალს სხვებს არ უთმობენ“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 11 თებერვალს თავისი 4-საათიანი მოხსენების ბოლოს.
ლუკაშენკამ კრებაზე გამოსვლის დროს წამოაყენა წინადადება, 2022 წელს, რეგიონული არჩევნების პარალალურად, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდეს. მანამდე მან მიანიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, შესაძლოა, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუმცა პირდაპირ ეს არც 11-12 თებერვლის ყრილობაზე უთქვამს.
სამაგიეროდ, განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დარჩეს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად, ხოლო „სრულიად ბელარუსის სახალხო კრებას“, ლუკაშენკას აზრით, საკონსტიტუციო ორგანოს სტატუსი უნდა მიენიჭოს.
„ტრამპლინი რუსეთზე თავდასხმისათვის“
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, რომლის რეჟიმიც, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი რეპრესიების გამო, ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, ბელარუსს უწოდა „უკანასკნელი სუვერენული ქვეყანა“ ევროპაში.
„ამიტომ მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული გავლენის სფეროში მოქცევისათვის. ბელარუსი - ეს არის გაბატონებული სიმაღლე ბრძოლის ველზე. ვინც მას დაეუფლება, გამარჯვებასაც ის მიაღწევს. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვერავინ დაგვაჩოქებს და ქედს ვერავინ მოგვახრევინებს. ჩვენ გვსურს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, გვსურს დავრჩეთ სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად მსოფლიოს რუკაზე“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ამ სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში ბელარუსის დე ფაქტო ლიდერი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან თანამშრომლობას.
როგორც ცნობილია, ალიაქსანდრ ლუკაშენკა თებერვლის ბოლოს რუსეთში ჩასვლასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ერთ-ერთ უმთავრეს განსახილველ საკითხად რუსული მედია ასახელებს მინსკისათვის მორიგი - 3 მილიარდი დოლარის - კრედიტის გამოყოფას.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს შარშან 14 სექტემბერს შეხვდნენ, ბელარუსში მიმდინარე საყოველთაო გამოსვლებისა და გაფიცვების პიკზე, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. მაშინ ლუკაშენკამ მიაღწია იმას, რომ კრემლმა მინსკს 1,5 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო.
პუტინთან მოლაპარაკების ფონის შესაქმნელად ლუკაშენკამ რუსებს უწოდა ყველაზე „ახლობელი ძმური ხალხი“, რომელიც მას არასოდეს უღალატებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამასწინანდელი მოვლენების დროს, რაც მიზნად ისახავდა ასევე შეტევას რუსეთზე.
„გარედან ბელარუსზე განხორციელდა უსასტიკესი თავდასხმა....და, უწინარეს ყოვლისა, როგორც მე ყოველთვის ვამბობდი, ეს იყო მათი იარაღის გარკვეული გამოცდა. ეს იყო ტრამპლინი რუსეთზე თავდასხმისათვის“, - განაცხადა 11 თებერვალს ლუკაშენკამ.
რაც შეეხება რუსეთთან ინტეგრაციას, „სრულიად ბელარუსის სახალხო კრებაზე“ ამ საკითხზე ყურადღება გამახვილდა, მაგრამ კონკრეტულ გეგმებზე არაფერი თქმულა.
საკონსტიტუცო ცვლილებებზე საუბრის დროს ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ცვლილებათა შორის განიხილება ნეიტრალიტეტის პრინციპზე უარის თქმა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ბელარუსი რუსეთთან ერთად შედის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, მაგრამ მინსკის საგარეო-პოლიტიკურ მიზანს ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა წარმოადგენს, თუმცა ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ „დღესდღეობით ნეიტრალურად დარჩენა შეუძლებელია“.
246 პოლიტპატიმარი
ლუკაშენკა სახალხო კრებაზე შეეხო პოლიტიკური ოპონენტების შესაძლო ამნისტიის საკითხს, მაგრამ უარყო ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა. ის კრიტიკით დაატყდა თავს კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს და მკაცრად განაცხადა, ბიზნესმენები „სახელმწიფოსთვის“ უნდა მუშაობდნენო.
კერძოდ, ლუკაშენკამ გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე, ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.
ყოფილი ბანკირი ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც შარშან დააპატიმრეს და აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს, 17 თებერვალს წარდგება სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ 4 თებერვალს გამოქვეყნდა განცხადება ბაბარიკას Telegram-ის არხზე მას შემდეგ, რაც მანამდე მინსკის სასამართლოში წინასწარი სხდომა გაიმართა ამ საქმესთან დაკავშირებით.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ბელგაზპრობანკის“ ყოფილი მმართველი, ვიქტარ ბაბარიკა, რომელმაც შარშან გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, მალევე დააპატიმრეს, ივნისში, თავის ვაჟ ედუარდთან ერთად. მათ ფულის გათეთრება, მექრთამეობა და გადასახადებისთვის თავის არიდება ედებათ ბრალად.
მათი დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ბაბარიკას ბანკი და ათზე მეტი თანამშრომელი დააპატიმრა გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.
ყველა დაპატიმრებული უარყოფს ბრალდებას და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მათ სამართლებრივ დევნას.
მას შემდეგ, რაც ოპონენტების ნაწილი დააპატიმრა, ხოლო ნაწილს - სვიატლანა ციხანოუსკაიას, ვალერი ცეპკალასა და მისი მეუღლეს, ვერონიკა ცეპკალას - ქვეყნის დატოვება აიძულა, ბელარუსის რეჟიმი განაგრძობს ქვეყანაში დარჩენილი ოპონენტების დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას.
სწორედ იმ დროს, როდესაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა მაღალი ტრიბუნიდან ქვეყანაში „ახალი პოლიტიკური ძალების“ მოსვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებასა და ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ოფიციალური ბრალი წაუყენეს ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მარია კალესნიკავასა და მის თანამებრძოლს, მაქსიმ ზნაკს.
11 თებერვალს სამართალდამცველებმა დააპატიმრეს დამოუკიდებელ პორტალ TUT.BY-ს ფრილანსერი ავტორი, ტატიანა სკაპცოვა-პეტროვსკაია, რომელიც ეჭვმიტანილია „დესტრუქციული“ არხების მართვაში.
პროკურატურამ ახალი ბრალდებები წაუყენა უფლებადამცველ ჯგუფ „ვიასნას“ კოორდინატორ მარია რიაბკოვას, რომელიც შარშან სექტემბერში მეუღლესთან ერთად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებმა.
მეუღლე იმავე საღამოს გამოუშვეს, რიაბკოვას კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისა და დაუდგენელ პირებთან ერთად ხელისუფლების მიმართ სოციალური ზიზღის გაღვივების ბრალდებებით.
9 აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსში რეჟიმის ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
თითქმის 9 თვის განმავლობაში ბელარუსში საპროტესტო აქციების მონაწილეთა, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი შტაბების თანაშრომელთა მიმართ, ჯამში, 1800-მდე საქმე აღიძრა.
საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილეს დაკავების შემდეგ მიზანმიმართულად აწამებდნენ, ამცირებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში წამების 1000-ზე მეტი მსხვერპლია.
ბევრი სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახურულ რეჟიმში ტარდება და პროცესზე არ ასწრებენ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს.
„ვიასნას“ ცნობით, დღეისათვის ბელარუსში პოლიტპატიმრად მიჩნეულია 246 კაცი.