Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას ალყაშემორტმული რეჟიმი რეპრესიებს აძლიერებს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ბელარუსის რეჟიმი განაგრძობს რეპრესიებს და სულ უფრო მეტ ოპონენტს ასამართლებს „მასობრივი არეულობისა“ და „ექსტრემიზმის“ მუხლით.

უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“ ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებს მიიჩნევს ყველაზე უფრო მასობრივ რეპრესიებად ევროპაში ბოლო 40 წლის მანძილზე. ორგანიზაციის ცნობით, სამართალდამცველებმა, მთლიანობაში, დააკავეს 35 000 ადამიანზე მეტი. პოლიტიკური მოტივებით ბელარუსის 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება საგამოძიებო იზოლატორებში, ხოლო მათგან 354 ადამიანი უფლებადამცველებმა პოლიტპატიმრებად აღიარეს.

არსებობს უამრავი ჩვენება, თუ რა სასტიკად ეპყრობიან იზოლატორებში პოლიტიკური მოტივებით მოთავსებულ პატიმრებს. მათი ნაამბობით, ყველაზე უარესი მდგომარეობაა ჟოდინოსა და ოკრესტინის საგამოძიებო იზოლატორებში, სადაც, ცემისა და საჯარო დამცირების გარდა, ბოლო ხანს წამების ახალი მეთოდი, დაქლორვა, გამოიგონეს.

გადმოწერა

გაახსენდათ, იპოვეს, ჩასვეს

6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ძალოვანი და სამართალდამცველი სტუქტურებიდან დაითხოვა, დაახლოებით, 86 თანამშრომელი, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „საზოგადოებაში აძლიერებდნენ საპროტესტო განწყობებს, ორგანიზებას უკეთებდნენ და თავადაც მონაწილეობდნენ საპროტესტო ღონისძიებებში და ადამიანებს რადიკალური მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ“.

რეპრესირებულთა შორის არიან ევგენი იუშკევიჩი, ბელარუსის საგამოძებო კომიტეტის ყოფილი გამომძიებელი და საიტ ByChange-ის დამფუძნებელი, რომელიც ბრალდებულია ტერორიზმის მუხლით და იმყოფება საგამოძიებო იზოლატორში; ანდრეი ოსტაპოვიჩი, ყოფილი გამომძიებელი და BYPOL-ის ინიციატივების კოორდინატორი; ნიკოლაი კოზლოვი, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის თავმჯდომარე; იგორ მაკარი, სპეცდანიშნულების რაზმ „ალმასის“ წევრი და სხვები.

ლუკაშენკას განკარგულებით დათხოვნილ თანამშრომელთა დიდ ნაწილს ჩამოერთვათ სამხედრო და სპეციალური წოდებები.

ამას გარდა, ბელარუსში ძალიან გამკაცრდა სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ისევე როგორც რუსეთში, ბელარუსში ლამის ნებისმიერი სახის პროტესტზე შეიძლება გავრცელდეს „ექსტრემიზმის“ ან „ტერორიზმის“ მუხლი. რეჟიმმა ექსტრემისტებად და ტერორისტებად მონათლა ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება - ციხანოუსკაია, ლიატუშკა და სხვები, ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავი რეპრესიებით რეჟიმმა დროებით მოახერხა ქვეყანაში საპროტესტო განწყობის ჩახშობა.

„როგორც ჩანს, ლუკაშენკამ ეს შეძლო, რადგან არსებობს მარტივი არითმეტიკა - გასულ წელს ქუჩებში იდგა ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანი, ახლა კი გამოდის რამდენიმე ათეული ადამიანი. და ამ ქარიშხლისწინა სიჩუმის, ამ პაუზის პერიოდი საკმაოდ გაიწელა იმისათვის, რომ ვთქვათ, მომდევნო ტალღა ეს-ესაა აგორდება. ზამთარი თქვენია, ზაფხული - ჩვენი. ფაქტობრივად, ხუთი თვეა, რაც საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებდნენ სოლიდარობის ამ ლოზუნგებს, მაგრამ გაზაფხული მთავრდება და, მიუხედავად ამისა, ის ვერ იქცა პროტესტის გაზაფხულად. იყო მცდელობა, რომ 25 მარტს, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დაარსების დღეს, ხალხი გამოსულიყო ქუჩაში, მაგრამ ეს მცდელობა ჩაახშეს და, თანაც, ეს არ იყო ისეთი მრავალრიცხოვანი“.

იური დრაკახრუსტის თანახმად, სულ ახლახან ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ შარშანდელ 9 აგვისტოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. „ანუ გაახსენდათ, იპოვეს და ჩასვეს. ეს ნიშნავს, რომ ბელარუსში კიდევ უფრო მოიმატებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა რაოდენობა“, - ამბობს ბელარუსი ჟურნალისტი.

ბელარუსში წამებაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ საგამოძიებო იზოლატორებში ნამყოფი აქტივისტები.

„ორადგილიან კამერაში 10 ადამიანი ვიყავით, როდესაც თავზე დაგვაყარეს 10 კილო ქლორი. ყველაფერი დაგმანულია, სუნთქვა შეუძლებელია. თვალები გეცრემლება, ყელი გფხაჭნის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბელარუსის არარეგისტრირებული „ახალგაზრდული ფრონტის“ ლიდერმა, დენის ურბანოვიჩმა, რომელიც 21 მარტს, „ნებისყოფის დღის“ წინა დღით დააკავეს და 15 დღით ჩასვეს ჟოდინოს საგამოძიებო იზოლატორში.

წამებას უწოდებს ოკრესტინის საგამოძიებო იზოლატორში პატიმრების მიმართ მოპყრობას გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის თავმჯდომარე, ნიკოლაი კოზლოვი. მან იზოლატორის გადაჭედილ საკანში ორი კვირა გაატარა.

„შემოასხეს ძალიან მაღალი კონცენტრაციის ორი ვედრო ქლორი. კონცენტრაცია იმდენად მაღალი იყო, რომ ნახევარი წუთის შემდეგ ყველას თვალები აეცრემლა, დაეწყო ხველა, ღებინების შეგრძნება, ვიღაცა გალურჯდა, ვიღაცა გაწითლდა, რადგან კონცენტრაცია იყო ძალიან მაღალი“, - ამბობს კოზლოვი.

ლუკაშენკას მხსნელი „უფროსი ძმა“

ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს ბელარუსის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტებსა და ოპოზიციაზე განხორციელებულ სასტიკ ზეწოლასთან. სანქციების დაწესებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ბელარუსისა და მისი მოკავშირე რუსეთის მხრიდან.

ბელარუსმა ამას მყისიერად უპასუხა იმ პირთა სიის შედგენით, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ევროკავშირს ბრალი დასდო ბელარუსისთვის „სადამსჯელო ზომების“ გატარებაში იმის გამო, რომ ის „არ დაემორჩილა ულტიმატუმის ფორმის მოთხოვნებს, რომელსაც საკუთარი თავის პატივისცემის მქონე ვერცერთი სუვერენული სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს“.

6 მაისს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, მოუწოდა აშშ-ს, რომ გააძლიეროს სანქციები და ზეწოლა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე, რომელიც სასტიკ რეპრესიებს მიმართავს რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

6 მაისს კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიის მოსმენაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაკეთებული მიმართვის დროს, ციხანოუსკაიამ მოუწოდა აშშ-ს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ერთობლივ საერთაშორისო მედიაციის პროცესში, რათა ხელი შუწყოს პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ბელარუსში.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გამოიყენოს თავისი დიპლომატია ლუკაშენკას შემდგომი იზოლაციისთვის, რაც იქნება იმის ხაზგასმა, რომ მისი დრო წავიდა“, - აღნიშნა ციხანოუსკაიამ, რომელიც ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფება ლიეტუვაში.

ვითარებაში, როდესაც ბელარუსის ოპოზიციის ნაწილი ციხეშია, ნაწილი კი - დევნილობაში, ოპოზიციის მომხრეების ერთადერთ იმედს რეჟიმზე საგარეო ზეწოლისა და სანქციების გაძლიერება წარმოადგენს.

„დასავლეთის, უწინარესად აშშ-ის სანქციები ბელარუსის რეჟიმს აყენებს გარკვეულ ტკივილს, რადგან ის ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, ამცირებს საერთაშორისო მანევრების შესაძლებლობას. და, თანაც, ვინაიდან ამერიკული სანქციების მოქმედება გარკვეულად მულტიპლიკაციურია, სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ, საერთოდ ღირს კი ამ ქვეყანასთან ან ბელარუსულ ფირმებთან საქმის დაჭერა“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რომელიც არ არის დარწმუნებული, რომ მსგავსი სანქციების მოქმედება სწრაფად „გამოუთხრის ძირს“ ლუკაშენკას რეჟიმს და „აიძულებს მას“ გადადგას პოზიტიური ნაბიჯები, რადგან ბელარუსის ლიდერს ჰყავს სპონსორი, „უფროსი ძმა“, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში რეჟიმს ფინანსურად ეხმარება.

„გარდა ამისა, სანქციებთან დაკავშირებული რთული დილემა ისიცაა, რომ მას შეუძლია ბელარუსი კიდევ უფრო დამოკიდებული გახადოს რუსეთზე, პირდაპირ რუსეთთან მიაგდოს. ავიღოთ, მაგალითად, ბელარუსის ნავთობპროდუქტების ტრანზიტი, რაც ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ეს ტრანზიტი ბოლო მომენტამდე ბალტიისპირეთის გზით, ძირითადად კლაიპედის პორტის საშუალებით ხორციელდებოდა. რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ბელარუსი არ ამბობდა უარს კლაიპედის პორტზე, რადგან ეს მისთვის მოგებიანი იყო, მაგრამ ახლა ამ ნავთობპროდუქტების ექსპორტი ლენინგრადის ოლქზე გადაერთო, ეს კი ასეულობით მილიონი დოლარია. ამჟამად უკვე საუბარია იმაზე, რომ ლენინგრადის ოლქზე გადაერთოს კალიუმის სასუქის (პოტაშის) ექსპორტი, რაზეც საექსპორტო შემოსავლების 50 % მოდის“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

ბელარუსის ოპოზიციისა და ლუკაშენკას გეგმები

4 მაისს ბელარუსის ქალაქ გომელში 6-დან 6,5 წლამდე პატიმრობა მიესაჯა ოთხ ოპოზიციონერს, რომლებსაც ბრალი ედებათ შენობების ხელში ჩაგდებასა და არეულობის მზადებაში.

იური ვლასოვი, ტატიანა კანევსკაია, დმიტრი ივაშკოვი და ალექსანდრ შაბალინი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ. ისინი 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს.

უფრო ადრე, 30 მარტს, ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ ტერაქტის მომზადების მუხლით საქმე აღძრა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიასა, და საზოგადოებრივი ინიციატივა BYPOL-ის წევრების მიმართ.

ციხანოუსკაია და BYPOL-ის წევრები „რამდენიმე დღის წინ ცდილობდნენ მოეხდინათ აფეთქებები და გაეჩინათ ხანძრები ბელარუსის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ტერიტორიებზე. სამხილით დაკავებულმა მოქალაქე მალეიჩუკმა უკვე მისცა გამოძიებას ჩვენება ტერაქტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შესახებ“, - განაცხადა ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა.

მარტის დასაწყისში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას. „დღეისათვის ციხანოუსკაიაზე გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დევნილობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს.

7 მაისს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გამოვიდა მოწოდებით, მოეწყოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მის ქვეყანაში კრიზისის მოსაგვარებლად.

ციხანოუსკაიამ ტვიტერით განაცხადა, რომ „ერთობ მნიშვნელოვანია“ ასეთი კონფერენციის გამართვა ბელარუსის „დემოკრატიული ძალების, ევროკავშირის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობების, პარლამენტებისა და სამოქალაქო საზოგადოებების“ მონაწილეობით, ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად.

მას შემდეგ, რაც გაიზარდა დასავლეთის სანქციები და ახალი არჩევნებისკენ მოწოდებები, ავტორიტარი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ პოსტზე უკვე ხუთი ვადაა მსახურობს, მხარდაჭერის მოსაპოვებლად უფრო და უფრო მეტად დაუახლოვდა მოსკოვს. ბოლოს ალიაქსანდრ ლუკაშენკა 22 აპრილს ესტუმრა ვლადიმირ პუტინს მოსკოვში.

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საკავშირო სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე.

„არსებობს საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც, უბრალოდ, გაძლიერებას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოება და თავდაცვა“, - უთქვამს ლუკაშენკას რუსეთის ლიდერთან შეხვედრის დროს.

ამ შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ დასავლეთის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული ლუკაშენკა, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდება, რუსეთის სამხედრო ფორპოსტი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგდეს და მზად არის, ვლადიმირ პუტინს სხვა პოლიტიკური ამბიციებიც დაუკმაყოფილოს.

„რაც შეეხება საერთო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონალურ კონტექსტში, დიახ, ლუკაშენკა აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, რომლებიც მას ერთ რიგში აყენებს რუსეთთან, მაგრამ, ჩემი აზრით, ლუკაშენკას არ სურს ისეთი შეუქცევადი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ბაზების შექმნა თუ უვადოდ შემოყვანა ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალისა, რომელიც უკრაინას დაემუქრებოდა, და არ სურს ეს არა დემოკრატიის ან დასავლეთის სიყვარულის გამო, არამედ, რაოდენ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, მას არც ციხანოუსკაიასთვის უნდა ხელისუფლების გადაცემა და არც პუტინისთვის“, - მიაჩნია იური დრაკახრუსტს.

სხვა დეტალები ცნობილი არ არის ლუკაშენკასა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის 22 აპრილს მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ, მაგრამ მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს, 24 აპრილს, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მზადაა ხელი მოაწეროს გეგმას, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ქვეყნის უშიშროების საბჭოს დააკისრებს იმ შემთხვევაში, თუ თავად ის ვერ შეძლებს პრეზიდენტის რანგში მუშაობას.

24 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ლუკაშენკა ამბობს, რომ მისი არყოფნის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“.

  • 66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომისა და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით.
  • ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.
  • უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის - ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.
  • ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG