Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ათობით თანამშრომელი დაითხოვა ძალოვანი სტრუქტურებიდან


ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ძალოვანი და სამართალდამცველი სტუქტურებიდან დაითხოვა დაახლოებით 86 თანამშრომელი, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „საზოგადოებაში აძლიერებდნენ საპროტესტო განწყობებს, ორგანიზებას უკეთებდნენ და თავადაც მონაწილეობდნენ საპროტესტო ღონისძიებებში და ადამიანებს რადიკალური მოქმედებებისკენ მოუწოდებდნენ“.

რეპრესირებულთა შორის არიან ევგენი იუშკევიჩი, ბელარუსის საგამოძებო კომიტეტის ყოფილი გამომძიებელი და საიტ ByChange-ის დამფუძნებელი, რომელიც ბრალდებულია ტერორიზმის მუხლით და იმყოფება საგამოძიებო იზოლატორში; ანდრეი ოსტაპოვიჩი, ყოფილი გამომძიებელი და BYPOL-ის ინიციატივების კოორდინატორი, ნიკოლაი კოზლოვი, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის თავმჯდომარე, იგორ მაკარი - სპეცდანიშნულების რაზმ „ალმასის“ წევრი და სხვები.

ლუკაშენკას განკარგულებით დათხოვნილ თანამშრომელთა დიდ ნაწილს ჩამოერთვათ სამხედრო და სპეციალური წოდებები.

66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.

უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.

ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილი ციხეებში აწამეს.

XS
SM
MD
LG