ვინ არის ეს ხალხი და რას წარმოადგენს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომლის სახელითაც ისინი მოქმედებდნენ?
სწორედ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ამოიღეს ოროზმანში ნაპოვნი კბილი მეცნიერის სახლიდან 2022 წლის ზაფხულში და ამავე სამსახურმა დააჯარიმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ერთი წლის წინ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის.
კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექცია, პირადად კულტურის მინისტრს ექვემდებარება, ეს განყოფილება სამინისტროში თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეიქმნა. ამ სტრუქტურის მთავარი ამოცანაა, შეამოწმოს, რამდენად კარგადაა დაცული ფონდებში ექსპონატები და ასევე გააკონტროლოს, რამდენად კანონმორჩილად იქცევიან სამინისტროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
გენერალური ინსპექციის ვალდებულებებში შედის ასევე “კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის სამსახურებრივი შემოწმება, დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა”. შემოწმების ბრძანების გაცემა შეუძლია მინისტრსაც. სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები ვალდებულები არიან, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია, განმარტება და დოკუმენტი;
გენერალური ინსპექცია ერთგვარად ფარავს, სამინისტროს კიდევ ერთი სტრუქტურის, შიდა აუდიტის ფუნქციებს, რომლის ვალდებულებებში ასევე შედის სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
შიდა აუდიტი, გენერალური ინსპექციის მსგავსად, წულუკიანის სამინისტროს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ გამოუყენებია. მაგალითად, ასე მოხდა კინოცენტრის შემთხვევაში - თეა წულუკიანი შიდა აუდიტის დასკვნას დაეყრდნო, როდესაც გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა მასალები კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის მმართველობის დროს დაშვებული დარღვევების გამოსაძიებლად. აგრეთვე ეროვნული მუზეუმის შემთხვევაში, როცა “გაძარცვული მუზეუმის” იდეის გასამყარებლად, სამინისტრომ პროკურატურას მიმართა მუზეუმიდან ეროვნული მუზეუმის შექმნამდე გამქრალი ნამუშევრების საქმის შესასწავლად.
დისციპლინური პასუხისმგებლობა, კვლევის უფლების შეზღუდვა - რა “იარაღს” იყენებს გენერალური ინსპექცია?
დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა ეროვნული მუზეუმის ორ თანამშრომელს, ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს 2022 წლის მარტში, როცა მუზეუმმა საჯარო ინფორმაციის სახით გასცა მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები. მაშინ ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ და იურისტმა სულხან სალაძემ გამოითხოვეს.
დისციპლინური გადაცდომისთვის დირექტორის მოადგილეს ხელფასის 45% დაუკავეს, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს კი საყვედური გამოუცხადეს. ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონდარღვევად მიიჩნიეს, იყო ის, რომ დოკუმენტებში იკვეთებოდა მესტიის მუზეუმში სამეთვალყურეო კამერების და კომპიუტერული სისტემების გაუმართაობის პრობლემა. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ ცნობების გამჟღავნებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მუზეუმი და იქ დაცული ექსპონატები.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიაკითხეს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელ ნიკა ვანიშვილს საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით 2022 წლის 20 სექტემბერს - ისინი მეცნიერის სახლში ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ნაპოვნ 1,8 მილიონი წლის წინ მცხოვრები ადამიანის კბილს ეძებდნენ.
იმის შესახებ, რომ კბილი მეცნიერს სახლში უნდა ჰქონოდა იმის გამო, რომ ვერ ასწრებდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს თავად ნიკა ვანიშვილმა უთხრა, - ამის მიუხედავად, გენერალურმა ინსპექციამ კბილი, როგორც კანონდარღვევის მტკიცებულება ისე ამოიღო ვანიშვილის სახლიდან. უნიკალური ექსპონატის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის („დმანისი-ოლდუვაი: ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის“) მონაწილეებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს თსუ-სა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ოროზმანში ნაპოვნ კბილთან დაკავშირებით მუზეუმმა მაშინ თქვა, რომ “მიმდინარეობდა მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად”. კბილის აღმომჩენი მეცნიერები ამ არტეფაქტის ჯეროვან შესწავლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
რამდენი თანამშრომელი ჰყავს გენერალურ ინსპექციას ან ვინ არის მისი ხელმძღვანელი, როგორ მუშაობს ეს ახალი სტრუქტურა - სამინისტროს პრესსამსახურში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს. ამ სამსახურის პირველი ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი იყო, ახლა იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორია.