Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეს არის დაშინების და ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობა”- თეა წულუკიანმა მუზეუმის თანამშრომლები ინფორმაციის გაცემისთვის დასაჯა


ოკუპაციის მუზეუმი
ოკუპაციის მუზეუმი

კულტურის სამინისტრომ საშიშად მიიჩნია ეროვნული მუზეუმის სხდომის ოქმების გასაჯაროება და დასაჯა თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. თავად სამინისტრომ ინფორმაციის გაცემა და მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ფაქტობრივად შეაჩერა მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. 

რადიო თავისუფლებამ 2022 წლის 17 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია ეროვნული მუზეუმის დირექტორატის მუშაობის შესახებ - სტატია ეფუძნებოდა დირექტორატის სხდომის ოქმების ჩანაწერებს და აღწერდა დირექტორატის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ოქმებში ჩანდა მინისტრის მიერ დანიშნული მუზეუმების ხელმძღვანელებისა და ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის უთანხმოება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ოქმების ჩანაწერები მათი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი.

23 მარტს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეუწონლად მიიჩნია სხდომის ოქმების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემა და მუზეუმის ორ თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. დირექტორის მოადგილეს ხელფასის 45% დაუკავეს, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს კი საყვედური გამოუცხადეს. ოფიციალური მიზეზი მესტიის მუზეუმში სამეთვალყურეო კამერების და კომპიუტერული სისტემების გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება გახდა. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ ცნობების გამჟღავნებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მუზეუმი და იქ დაცული ექსპონატები.

კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექცია, რომელმაც ინფორმაციის გასაჯაროება პრობლემად მიიჩნია, პირადად მინისტრზე დაქვემდებარებული განყოფილებაა, რომელიც სამინისტროში თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გაჩნდა. ამ სტრუქტურის მთავარი ამოცანა ფონდებში ექსპონატების დაცულობის და იმის კონტროლია, რამდენად კანონიერად მოქმედებენ სამინისტროს სისტემაში მომუშავე ადამიანები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

„ეს არის კონტროლის ახალი ეტაპი, როცა არა უბრალოდ ინფორმაციის გაცემას ზღუდავს მინისტრი, უკვე გაცემულ ინფორმაციაზე ადამიანებს აკისრებს დისციპლინურ სახდელებს და სანქციებს კანონის მოთხოვნებთან სრული შეუსაბამობით. აქ არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა და ის ადამიანები, ვინც სამინისტრომ მიიჩნია კანონდამრღვევებად, საერთოდ არ არიან პასუხისმგებლები იმაზე, ის კონკრეტული ჩანაწერი, იყო თუ არა საფრთხის შემცველი”, - ამბობს იურისტი სულხან სალაძე, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. მას თავადაც ჰქონდა გამოთხოვილი ოქმების ჩანაწერები ეროვნული მუზეუმიდან. სულხანი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა - სახელმწიფო უწყებას მკაცრად და დემონსტრაციულად დაესაჯა თავის სისტემაში მყოფი თანამშრომლები საჯარო ინფორმაციის გაცემის გამო, მას არცერთი ხელისუფლების დროს არ ახსენდება.

ის მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ოქმში მოხვედრილ „საფრთხის შემცველ” ინფორმაციაზე ეკისრება არა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, არამედ პირველ რიგში სვანეთის მუზეუმის დირექტორს, რომელიც უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე საუბრობდა და ასევე დირექტორატის სხვა წევრებს, რომლებმაც სხდომის დახურვა არ მოითხოვეს ამ საკითხის განხილვისას.

„სხდომის ოქმებზეა საუბარი და სხდომის ოქმები მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. აქ თუ რაიმე უსაფრთხოების საკითხი გამჟღავნდა, კითხვა ჩნდება, რატომ იყო ეს სხდომა ღია. მეორე საკითხია, რა ინფორმაცია გამჟღავნდა. სინამდვილეში თვითონ უწყებამ შეუწყო ხელი ამ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, დეტალური აღწერით, რა პრობლემები არსებობს კონკრეტულ მუზეუმში. თუ უსაფრთხოების საკითხი აღელვებდა, თვითონ უწყება უნდა მოქცეულიყო სხვანაირად”, - ამბობს გიორგი დავითური „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან“. მისი ორგანიზაცია მზადაა, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს თეა წულუკიანის მიერ დასჯილ მუზეუმის თანამშრომლებს, თუკი სასამართლოში გადაწყვეტენ წასვლას.

როგორც გიორგი დავითური გვიხსნის, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს, რომელიმე დოკუმენტში რაიმე ინფორმაცია არის თუ არა გასაჯაროებისას საფრთხის შემცველი. მას კანონით ეზღუდება მხოლოდ ორი ტიპის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გაცემა, თუმცა სტატუსს, არის თუ არა რომელიმე დოკუმენტი სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი, განსაზღვრავს არა საჯარო ინფორმაციის გამცემი, არამედ ამ დოკუმენტების მწარმოებელი. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს აქვს კიდევ ერთი ვალდებულება, დაფაროს დოკუმენტებში პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, დირექტორატის ოქმებით არც ვინმეს პერსონალური მონაცემები გასაჯაროებულა.

ამგვარი და სხვა უფრო სენსიტიური ინფორმაციაც ხშირად მოხვედრილა სხვადასხვა უწყების სატენდერო წინადადებებში, რომლებიც სრულიად საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, 13 მარტს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ შესყიდვაში, რომელიც ხელოვნების მუზეუმის დაცვის თანამშრომლებით უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, ამ მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი ღიად წერს, რომ ექსპონატები გადადის შენობაში, რომელიც არ არის აღჭურვილი უსაფრთხოების სისტემებით.

„ყოველი შემდეგი ნაბიჯი, რასაც სამინისტრო დგამს, წინაზე უარესია და უფრო და უფრო კეტავს სისტემას. რაც არ უნდა მალოს მინისტრმა ეს ამბები, ადრე თუ გვიან მაინც გამოვა გარეთ”, - ამბობს სულხან სალაძე. მას ეროვნული მუზეუმის ფეისბუკის გვერდზე 24 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბრალი დასდეს იმაში, რომ დირექტორატის სხდომის ოქმების მიღების შემდეგ, მათი გასაჯაროებით „სამუზეუმო ექსპონატები და საგანძური აუნაზღაურებელი ზიანის რისკის წინაშე დააყენა”.

ეროვნული მუზეუმის ფეისბუკის გვერდზე დღეს ამ თემაზე ორი პოსტი გამოქვეყნდა: ერთი, რომელიც სამინისტროდან გამოგზავნილი ტექსტის მუზეუმის თანამშრომლების მიერ ადაპტირებული ვერსიაა და სადაც სულხან სალაძე დასახელებული არ იყო, გამოქვეყნებიდან 1 საათში წაიშალა და მალევე დაიდო მეორე, უფრო ვრცელი ტექსტი.

„ზოგადად, უწყებებში, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს ხოლმე, თანამშრომლებს ავიწროებენ, მათ შორის, უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურიდან, იყენებენ დისციპლინურ სასჯელს - ეს ზოგადად ახასიათებს ამ ადამიანს, არასამთავრობო სექტორმა დიდი ხანია ვიცით ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ცალსახად დაშინების მცდელობა, გააფრთხილოს სხვები, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ საჯარო ინფორმაციას გასცემენ. ამას ასევე ვაფასებთ, როგორც ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობად”, - ამბობს გიორგი დავითური და იხსნებს სარჩელებს, რომელიც IDFI-ს ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სწორედ იმის გამო, რომ უწყება და მასზე დაქვემდებული სსიპ-ები საჯარო ინფორმაციას არ გასცემდნენ.

2020 წელს სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნო იუსტიციის სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული კიდევ 10 უწყება, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ ინფორმაციის არმიცემის გამო. წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც თეა წულუკიანი 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად ასახელებდა.

XS
SM
MD
LG