Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს 31 მილიონზე მეტი ლარის სასამართლო დავები აქვთ - აუდიტი


აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის მუშაობას სწავლობს და აჯამებს, სამინისტროს და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს სასამართლოში 31 მილიონ ლარზე მეტის დავები აქვთ, ისეთი დავების მოცულობა კი, სადაც უწყებები მხარეს წარმოადგენენ, 527 287 ლარია. საუბარია მხოლოდ ადგილობრივ სასამართლოში წარმოებულ დავებზე, რომელთა ნაწილში მომჩივნები არიან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სერვისთან დაკავშირებით უჩივიან სახელმწიფო უწყებებს.

აუდიტის განმარტებით, 31 მილიონი ლარის დავებში შესული არ არის იმგვარი შრომითი დავები, როცა ყოფილი თანამშრომლები განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზის გამო გათავისუფლებას ასაჩივრებენ. ამგვარი დავების მოცულობა აუდიტის სამსახურმა არ დაითვალა იმ არგუმენტით, რომ მსგავს დავებში გადასახდელი თანხის ოდენობა დამოკიდებულია დავის დასრულების დროზე და გადასახდელი თანხის წინასწარ ზუსტი შეფასება ვერ ხერხდება.

31 მილიონი ლარი არ მოიცავს არც საარბიტრაჟო და საერთაშორისო სასამართლოში წარმოებულ და მიმდინარე საქმეებს.

იუსტიციის სამინისტროში შემავალ უწყებებს შორის სასამართლო დავების ღირებულების გადანაწილება ამგვარია:

  • საჯარო რეესტრის სააგენტო - 30,516,848 ლარის დავები;
  • აღსრულების ეროვნული ბიურო - 888,402 ლარის დავები;
  • იუსტიციის სახლი - 140,000 ლარის დავები;
  • სერვისების სააგენტო - 110,215 ლარის დავები;
  • დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სააგენტო - 30,000 ლარის დავები;

აუდიტის სამსახური სასამართლო დავებთან დაკავშირებით წერს იმასაც, რომ "სერვისების სააგენტოს და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ვალდებულების სახით არ არის აღიარებული 2020 წლის ბოლოს დასრულებული სასამართლო დავების შედეგად დაკისრებული თანხები − 178,229 ლარის ოდენობით;" ამ თანხიდან სერვისების სააგენტოს გადასახდელი თანხა - 142,370 ლარია, აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულება - 35,859 ლარი.

აუდიტი ხარვეზად მიიჩნევს იმასაც, რომ "სამინისტროს აპარატის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის სააგენტოს და სერვისების სააგენტოს მიერ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დავების შესახებ."

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) 2018 წელს გამოცემული პუბლიკაციის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებდა სასამართლო დავების შედეგად დაკისრებულ ვალდებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ - სავარაუდოდ, ამგვარი დავები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სარჩელების, რომლებზეც აუდიტის სამსახური საუბრობს. IDFI-ის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყებაა ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG