“იოანე პავლე მეორე ამას არასოდეს იტყოდა. მას არ შეეშლებოდა პუტინის ამოცნობა, ზუსტად ეცოდინებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე - „კაგებეშნიკ“ გაიძვერასთან, რომელიც მართავს მაფიოზურ სახელმწიფოს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯორჯ ვაიგელი რომის პაპის, ფრანცისკეს იმ განცხადების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და მოლაპარაკებაზე წავიდეს რუსეთთან, “თეთრი დროშა” ააფრიალოს. პოლიტოლოგი და ღვთისმეტყველი ვაიგელი იოანე პავლე მეორის ბიოგრაფი და წმინდანად შერაცხული პაპის შესახებ დაწერილი ორი ბიოგრაფიული ბესტსელერის ავტორია. ვაჟა თავბერიძემ ჯორჯ ვაიგელთან საუბარი რომის პაპის ბოლო განცხადების შესახებ კითხვით დაიწყო.
პაპს გამბედაობა არ ეყო იმისთვის, რომ რუსეთისთვის მოეწოდებინა, შეეწყვიტა თავისი დამპყრობლური ომი და მიტაცებული ტერიტორიები დაებრუნებინა.
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ პაპი ფრანცისკეს ბოლო რემარკით უკრაინის ომზე, რომელმაც ამხელა მითქმა-მოთქმა გამოიწვია და უკრაინისა და მის მომხრეთაგან კი - დიდი გულისწყრომაც. განსაკუთრებით მაინტერესებს, რას ფიქრობთ იმ მონაკვეთზე, სადაც რომის პაპი უკრაინას „თეთრი დროშის აფრიალებას“ ურჩევს, და ამბობს, რომ ამაში „სამარცხვინო არაფერია“, მეტიც, ეს „გამბედაობას მოითხოვს“.
ჯორჯ ვაიგელი: ყველაზე მიუღებელი რამ პაპის გამოსვლაში იყო მისი მინიშნება, რომ უკრაინა მარცხდება და ამიტომ, უნდა დანებდეს. პაპ ფრანცისკე პირველს არათუ არ ევალება მსგავსი დასკვნების კეთება, არამედ, ვფიქრობ, მას არც საკმარისი კომპეტენცია გააჩნია იმისთვის, რომ მსგავსი დასკვნები აკეთოს. დროც ერთობ არასახარბიელოდ იყო შერჩეული - სულ ახლახან უკრაინის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობა ვაშინგტონს ეწვია, რათა კონგრესის წევრებთან ესაუბრათ და აეხსნათ, რომ უკრაინის ბრძოლა - ეს ამერიკის ბრძოლაცაა, რომ პუტინის დამარცხება უკრაინაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპაში მშვიდობამ დაისადგუროს, მშვიდობიანი ევროპა კი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამ ვიზიტის ფონზე, პაპი ძნელად თუ შეარჩევდა უარეს დროს ამ თავისი „ბომბის შემოსაგდებად“...
გასაკიცხია ისიც, რომ პაპს გამბედაობა არ ეყო - რათა რუსეთისთვის მოეწოდებინა, შეეწყვიტა თავისი დამპყრობლური ომი და მიტაცებული ტერიტორიები დაებრუნებინა. რატომაა, რომ ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომში მშვიდობის ძიების ტვირთს მხარზე არა აგრესორს, არამედ მსხვერპლს ჰკიდებენ?
ერთობ სავალალო სიტუაციაა - და ვშიშობ, პაპის ფრაზები და ქმედებები ძირს უთხრის ვატიკანის მორალურ ავტორიტეტს მსოფლიო პოლიტიკაში.
უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ზრახვები კეთილშობილურია, რომ ომი სძულს, უნდა მშვიდობა, ნებისმიერ ფასად. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იაზრებს, რომ პუტინის ომი გენოციდური ომია.
რადიო თავისუფლება: მსმენია უიმედო თავგანწირვაზე, ღირსეულ მარცხზეც მსმენია, აი, „მოლაპარაკებებისთვის საჭირო გამბედაობის ქონა“, გამოგიტყდებით, პირველად გავიგონე. რა არის ეს, „მეორე ლოყის მიშვერის“ გეოპოლიტიკური ვერსია? რას გვასწავლის, რა უნდა შევიმეცნოთ პაპის სიტყვებიდან?
ჯორჯ ვაიგელი: არც ვიცი, რა არის. პაპი დიდი თეოლოგიური დახვეწილობით ვერ დაიკვეხნის, და ვიტყოდი, რომ არც განსაკუთრებული პოლიტიკური გამჭრიახობით გამოირჩევა. ასე რომ, ძნელია გადაჭრით თქმა, მაინც რა იყო მისი სათქმელი, რისი მიღწევა სურდა, როდესაც გვითხრა, რომ უკრაინამ თეთრი დროშა უნდა ააფრიალოს.
სხვა საქმეა, რა გაიგონეს უკრაინაში და სხვაგან: გავიხსენოთ, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც ბუდაპეშტის მემორანდუმზე ხელმოწერით საკუთარი ბირთვული არსენალი დათმო უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რუსეთმა, ამ მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა კი, ეს გარანტიები ფეხქვეშ გათელა და უკრაინაში შეიჭრა, უკრაინის მიწები მიიტაცა. რატომ არაფერს ამბობს ამაზე ვატიკანი? რატომ დუმს ამაზე პაპი? ბირთვული განიარაღება ხომ ვატიკანის მუდმივი მოწოდებაა, ბუდაპეშტის მემორანდუმის ფეხქვეშ გათელვა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კი, სხვა ყველაფერთან ერთად, იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც ბირთვული არსენალი შემორჩა, ამიერიდან ასჯერ დაფიქრდება, ვიდრე მათ დათმობს. ამაზე დუმილით კი პაპი ვატიკანის დიპლომატიურ ნარატივს ნიადაგს აცლის. ალბათ მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ზრახვები კეთილშობილურია, რომ ომი სძულს, უნდა მშვიდობა, ნებისმიერ ფასად. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იაზრებს, რომ პუტინის ომი გენოციდური ომია. და თუ რატომ ვერ ხვდება ამას, ეს ცალკეა საკითხავი, რადგან თვითონ პუტინმა მკაფიოდ გამოგვიცხადა, რომ სწორედ ეს ჰქონდა მიზნად, 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი დღით ადრე, როდესაც თქვა, რომ უკრაინელი ერი არ არსებობდა. მე მგონი, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც პუტინს უნდა დავუჯეროთ, რასაც
გვეუბნება.
რადიო თავისუფლება: ძალიან ბევრი პარალელი გაკეთდა ამ დღეებში, და მათ შორის იყო ასეთი, ბიბლიური ანალოგიაც: რომ ის, რასაც პაპი უკრაინას თავაზობს, იგივეა, რომ დავითს მოუწოდებდე, გოლიათთან შერკინების ნაცვლად, სცადოს და მოლაპარაკებები წამოიწყოს, თეთრი დროშა ააფრიალოს.
ჯორჯ ვაიგელი: დიახ. და ისიც ვიცით, რა ბედი ეწეოდა დავითს ამ შემთხვევაში, რადგან ფსალმუნი გვიყვება, თუ რა უთხრა გოლიათმა დავითს ბრძოლამდე: ფრინველებისა და მხეცების საჭმელად გაგხდიო. ასე რომ, დიახ, ეს არ არის ცუდი ანალოგი. კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ასპექტი ამ ყველაფრისა არის ის, რომ უკრაინის კათოლიკური ეკლესია მე-16 საუკუნიდან, ჭეშმარიტად, უამრავჯერ იტანჯა, მათ საკუთარი სისხლის ფასად შეინარჩუნეს კათოლიკური რწმენის ერთგულება და ამ სიტყვებს არ იმსახურებდნენ, მათ უფლება აქვთ, მეტის მოლოდინი ჰქონდეთ რომის ეპისკოპოსისგან. და ეს არ არის ერთეული შემთხვევა - ამ ორი წლის მანძილზე პაპმა არაერთხელ მიიპყრო ყურადღება თავისი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური შეფასებებით ამ ომზე... შარშან მან თქვა: ომი დაიწყო იმიტომ, რომ...
რადიო თავისუფლება: იმიტომ რომ, „ნატო რუსეთის კართან ყეფდა“...
ჯორჯ ვაიგელი: ეს უფრო ადრე თქვა, ომის დასაწყისისას, მოგვიანებით კი ისაუბრა რუსების დიად კულტურაზე, იმ კულტურაზე, რომელიც პეტრე დიდმა და ეკატერინე მეორემ დატოვეს - ანუ ორმა მთავარმა იმპერიულმა დამპყრობელმა რუსეთის ისტორიაში. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო მოსასმენია. და ვიტყოდი იმასაც, რომ მის მოღვაწეობას გადახედვა ელის ახალი პაპის არჩევის შემდეგ. კათოლიკური ეკლესია უკვე მერამდენედ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში პაპის გამო - რა კეთილშობილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეს მას, ფაქტია, რომ მისი ქმედებები კათოლიკურ ეკლესიას და მის მორალურ ავტორიტეტს აკნინებს, ამას კი კარგი არაფერი მოაქვს როგორც ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად რწმენისათვის.
იოანე პავლე მეორეს არ შეეშლებოდა პუტინის ამოცნობა.
რადიო თავისუფლება: იოანე პავლე მეორის ბიოგრაფი ხართ, ამიტომ უნდა გკითხოთ: იტყოდა თუ არა ოდესმე რაიმე მსგავსს, როგორ გგონიათ?
ჯორჯ ვაიგელი: არა. არასოდეს. ყოვლად წარმოუდგენელია. იოანე პავლე მეორეს არ შეეშლებოდა პუტინის ამოცნობა, ზუსტად ეცოდინებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე - „კაგებეშნიკ“ გაიძვერასთან, რომელიც მართავს მაფიოზურ სახელმწიფოს. რუსეთი არაა ნორმალური ერი-სახელმწიფო, ეს მაფიოზური სახელმწიფოა. პაპ იოანეს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ქმედით აქტორსა და როგორც პოლონელს, ზედმეტი ილუზიები არ შეაწუხებდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებთან და მის ისტორიასთან დაკავშირებით. ასე რომ, არა, ის არასოდეს იტყოდა რაიმე ასეთს, მეტიც, ის ყოველთვის იდგა მათ გვერდში, ვინც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საბჭოთა ჰეგემონიას ეწინააღმდეგებოდა 80-იან წლებში.
რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ პაპის მოღვაწეობა უნდა გადაიხედოს. უნდა გადაიხედოს თუ არა ასევე თავად ვატიკანის, როგორც ინსტიტუტის, მოღვაწეობა-ქმედებანი? მაინც რამხელაა განსხვავება პაპისა და ვატიკანის პოზიციებს შორის?
ჯორჯ ვაიგელი: კარგი კითხვაა. ვფიქრობ, მთლიანად უნდა გადაიხედოს ყველაფერი. ის პარადიგმა, რომლის ჩარჩოებშიც ვატიკანის დიპლომატია ოპერირებს დღეს, დიდი ხანია საჭიროებს Ძირფესვიან გადახედვას, იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. თუმცა არის კონკრეტული ქმედებები, რომელზეც უშუალოდ პაპი ფრანცისკეა პასუხისმგებელი, პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც მან გადადგა და რომლებიც, ვფიქრობ, მომავალში შესაძლოა, და უფრო მეტიც, აუცილებელია, რომ შეიცვალოს. პირველი მათ შორის არის ვატიკანის დღევანდელი პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებით, მათ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადაულოცეს კათოლიკე ეპისკოპოსების დანიშვნის პრეროგატივა, რაც კატასტროფული ნაბიჯია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. კათოლიკურმა ეკლესიამ ასევე უფრო ხმამაღლა უნდა ისაუბროს იმ პრობლემებზე, რასაც ვენესუელასა და ნიკარაგუაში აწყდება, სადაც რეპრესიებია - კათოლიკურ ეკლესიებს ადგილობრივი მემარცხენე რეჟიმები ავიწროებენ. ამ ქვეყნებში კათოლიკეები თავს რომისგან მიტოვებულად გრძნობენ. უნდა გადაიხედოს ასევე ვატიკანის ნდობა და პიეტეტი გაეროს, როგორც ქმედითი ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოების მიმართაც, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
პაპმა ეს კონფლიქტი მოიხსენია, როგორც ფრატრიციდი, ძმათა შორის ომი. ეს რეალური სიტუაციის ყოვლად ბეცი წაკითხვაა.
რადიო თავისუფლება: კონფლიქტებთან მიმართებით ვატიკანის ფავორიტი მეთოდი დიალოგისკენ მოწოდებაა. რამდენადაა შესაძლებელი ომების დიალოგით გადაჭრა და თუ შესაძლებელია, როგორ ფიქრობთ, მაინც რა ყაიდის დიალოგი შეიძლება გქონდეს პუტინთან?
ჯორჯ ვაიგელი: როდესაც პაპის ეს ბოლო ციტატები გავრცელდა, რამდენიმე დღის წინ, გამახსენდა ერთი ძალიან მეტყველი, თუმცა, დიდი ალბათობით, გამოგონილი ეპიზოდი ფილმიდან Darkest Hour, უინსტონ ჩერჩილის შესახებ. ჩერჩილი ეკამათება ლორდ ჰალიფაქსს, საგარეო საქმეთა მდივანს, რომელსაც ჰიტლერთან მოლაპარაკებების დაწყება სურს, მუსოლინის მეშვეობით. 1940 წლის ივნისია, ბრიტანეთი უკან იხევს, საფრანგეთი უკვე დამარცხებულია. და მოთმინებადაკარგული ჩერჩილი ჰალიფაქსს დაუღრიალებს: რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ შეუძლებელია მოელაპარაკო ვეფხვს, როდესაც თავი მის ხახაში გიდევსო?! ვატიკანშიც, ვფიქრობ, დღეს იმავე პრობლემას აწყდებიან. ამას მოწმობს პაპის ადრინდელი ფრაზაც, როდესაც მან ეს კონფლიქტი მოიხსენია, როგორც ფრატრიციდი, ძმათა შორის ომი. ეს რეალური სიტუაციის ყოვლად ბეცი წაკითხვაა - ეს არის ომი, სადაც ერთი სუვერენული სახელმწიფო თავს ესხმის მეორე სუვერენულ სახელმწიფოს, და სურს, საკუთარი მეზობელი გაანადგუროს. ეს არაა ფრატრიციდი, ეს არაა ძმათამკვლელი ომი, და ამის არ - ანაც ვერ - დანახვა სავალალოა.