Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერტრანსმა“ თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება დროებით ძველ ნიშნულამდე გააიაფა


საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სდომა.
საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სდომა.

კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება დროებით ძველ ნიშნულამდე - 1, 5 ლარამდე - გააიაფა მას შემდეგ, რაც 10 იანვარს რუსთვის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხმაურიან სხდომაზე სპეციალური კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.

კომისიაში, რომლის შექმნაც „ინტერტრანსმა“ და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, შევლენ ადგილობრივი მერიის, საკრებულოს, „ინტერტრანსის“ მენეჯმენტის, სამოქალაქო სექტორისა და ასევე მძღოლების ინტერესების დამცველი გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლები. კომისია განსაზღვრავს მგზავრობის რეალურ ღირებულებას, რაც დაეყრდნობა ასევე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ახალ დასკვნას.

„მგზავრობის ძველი ნიშნული 2 თებერვლამდე შენარჩუნდება. ამ დროისთვის კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, გნაცხადა სხდომაზე „ინტერტრანსის“ დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ.

სამი ე.წ. ყვითელი ავტობუსი შიდა საქალაქო მარშრუტიდან მოიხსნება და მგზავრებს თბილისის მიმართულებით მოემსახურება.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რომელიც ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა სტატუსის გარეშე, როგორც მოქალაქე, თქვა, საკრებულოს შესთავაზეს მიიღოს დადგენილება, რომელიც მერიას ერთ პირთან შეთანხმების უფლებას მისცემსო. ამის შემდეგ მან სამუშაო ჯგუფის სხდომა დატოვა, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხმამაღალი პრეტენზიების ფონზე, რომ მერია „ინტერტრანსის“ დარღვევებზე თვალს ხუჭავდა, ვიდრე არ გააქტიურდნენ მოქალაქეები.

სხდომიდან გამოსულმა რუსთავის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შეთავაზება არ იქნება „ინტერტრანსის“ ალტერნატივა, არამედ იქნება მერიის უფლებების გაზრდა. მერმა არ დააკონკრეტა, „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების პარალელურად რა ტიპის ტრანსპორტი იმოძრავებს თბილისის მიმართულებით, თუმცა რუსთავის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის მიმართულებით 8 ავტობუსი იმოძრავებს 1 ლარად.

„სამი ე.წ. ყვითელი ავტობუსი შიდა საქალაქო მარშრუტიდან მოიხსნება და მგზავრებს თბილისის მიმართულებით მოემსახურება. შემოყვანილია 50 მგზავრზე გათვლილი კიდევ ხუთი ავტობუსი, თუმცა არ ვიცით, რომელ კომპანიას ეკუთვნის“, უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურში.

რუსთავის მერი საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სდომაზე
რუსთავის მერი საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სდომაზე

„ინტერტრანსის“ მძღოლებმა 11-დან 7 მარშრუტზე მგზავრობის საფასური 29 დეკემბერს ორ ლარამდე გაზარდეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსთავის მერიამ განაცხადა, რომ ტარიფის 50 თეთრით გაძვირება უკანონოა და ეწინააღმდეგება საკრებულოს დადგენილებას, რომლის თანახმად, მგზავრობის ღირებულება სხვადასხვა მარშრუტზე 1, 5-დან 2 ლარამდე დარჩა.
სამუშაო ჯგუფის სხდომიდან გამოსულმა „ინტერტრანსის“ დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანიამ დღეს ოფიციალური საჩივრით მიმართა ადგილობრივ მერიას იმ განცხადების გამო, თითქოს, მგზავრობის საფასური მძღოლებმა უკანონოდ გაზარდეს.

მგზავრების გაბილეთიანება კომპანიის ვალდებულებაა, რომელიც არ სრულდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა პირობებთან ერთად - მაგალითად, ის, რომ ყველა მარშრუტზე სადგური უნდა მოაწყოს.
გურამ კვარაცხელია

„ჩვენ ერთი თვის წინ მივმართეთ მერიას, რომ მოსალოდნელია ტარიფის გაზრდა“, თქვა ალექსანდრე ჯაფარიძემ და რადიო თავისუფლების პასუხად დასძინა, რომ კომპანია ზარალით მუშაობს.

„კომპანია დამფუძნებლების სუბსიდიების ხარჯზე არსებობს“, თქვა „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ინტერტრანსს“ დღემდე არ აქვს მგზავრების გაბილეთიანების საკითხი მოგვარებული. ამდენად, ძნელია იმის დადგენა, რეალურად რა თანხა შესდის კომპანიას მგზავრების მომსახურებისთვის.

„მგზავრების გაბილეთიანება კომპანიის ვალდებულებაა, რომელიც არ სრულდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა პირობებთან ერთად - მაგალითად, ის, რომ ყველა მარშრუტზე სადგური უნდა მოაწყოს“, განაცხადა გურამ კვარაცხელიამ.

„ინტერტრანსი“ სალიცენზიო გადასახადს ადგილობრივ ბიუჯეტში იხდის, რომელიც წლიურად 100 ათას ლარამდე თანხას შეადგენს. კომპანია ვალდებულია ყოველდღე მატრშრუტზე 195 მიკროავტობუსი გამოიყვანოს. გასული წლის აგვისტო-სექტემბერში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ჩატარებუ;ლმა მონიტორინგმა დაადგინა, რომ მგზავრთა ყოველდღიური ნაკადი 17 ათასი იყო და სასწავლო პროცესის დაწყებისთვის კიდევ გაიზრდებოდა. „ინტერტრანსი“, 2014 წელს მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რუსთავის მიმართულებით 11-ვე მარშრუტს ფლობს 15 წლის ვადით.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG