Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - აზიანებს თუ აძლიერებს სალომე ზურაბიშვილს?


სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბრიუსელში. 1 სექტემბერი, 2023 წელი.
სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბრიუსელში. 1 სექტემბერი, 2023 წელი.

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ თვლის და პოსტიდან მის გადაყენებას ცდილობს. როგორც უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ექსპერტები მოელიან, რომ იმპიჩმენტის პროცედურები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ წონას გაზრდის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს.

იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, მმართველი პარტიის დეპუტატებს ორი დასტური ესაჭიროებათ: საკონსტიტუციო სასამართლოსგან - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საფუძვლის დადგენით და შემდეგ უკვე პარლამენტისგან - მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერით. მეორე საფეხური ექსპერტებისთვის იმთავითვე უფრო რთულად გადასალახი ჩანს.

3-დღიანი განხილვების პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოქტომბერს გვიან საღამოს დასრულდა. გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.

პოლიტიკური წონა

როგორც უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურები, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ის საზოგადოების მეტ მხარდაჭერას მოუტანს.

„საზოგადოებაში რჩება აღქმა, რომ პრეზიდენტს სჯიან მისი ძალისხმევისთვის - რომ შეხვდა ევროპელ ლიდერებს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარება სთხოვა. ეს იყო მისი ვოიაჟის გაცხადებული მიზანი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის ვოიაჟი და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი განწყობები ერთმანეთთან კორელაციაშია, მაშინ ეს ზურაბიშვილის სასარგებლოდ იმოქმედებს. მის მიმართ ლოიალობას გაზრდის“, - იაგო კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, რომ „თუკი ზურაბიშვილი პოლიტიკაში წავა, მას ექნება „უსამართლოდ დაჩაგრულის იმიჯი“, რაც მის პოლიტიკურ ქულებს გაზრდის.

2018 წელს 6-წლიანი ვადით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის ბოლოს ამოეწურება. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს გამოუხატავს პოლიტიკაში დარჩენის სურვილი, პოლიტიკის მიმომხილველები ყველანაირ შესაძლებლობაზე მსჯელობენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა ცალკე პოლიტიკური პარტიაც შექმნას, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით.

„ქართული ოცნება“ კი, სალომე ზურაბიშვილს რევოლუციის მსურველი ოპოზიციური ძალებისა და მათ მიერ ხშირად ნახსენები, ბევრისთვის გაუგებარი “გლობალური ომის პარტიის” მოკავშირედ თვლის.

გასული წლის მიწურულს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არ აშინებდა კარიერის შესაძლო დაზიანება, რის შესახებაც „ქართული ოცნება“ აფრთხილებდა, თუკი პატიმარ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა.

„მემუქრებიან კარიერით, თურმე, მე კარიერას დავემშვიდობები, თურმე, რაღაც სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ, იცის, რომ კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა", - უპასუხა „ოცნებას“სალომე ზურაბიშვილმა, 2022 წლის დეკემბერში.
მანამდე, პარტიის გენმდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუკი ზურაბიშვილი პატიმარ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს შეიწყალებს „ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება".

იმპიჩმენტის პროცედურას სალომე ზურაბიშვილისთვის „პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობად“ თვლის პოლიტიკური საკითხების ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდიაც, თუმცა ეეჭვება, რომ ეს რესურსი საკმარისი იქნება საზოგადოების ფართო ფენების მისამხრობად.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის მასობრივი ლიდერის ფსიქოტიპი... ვეჭვობ, რომ არსებობდეს ჰარმონიის შესაძლებლობა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან... თუ ცალკე დაიწყებს თამაშს, არც ეს მგონია პერსპექტიული. გვახსოვს, რომ წლების წინ, იპოდრომი ხალხით გაავსო, მაგრამ შემდეგ ვერ გააგრძელა...

მეეჭვება, რომ დღეს ხალხისგან ისეთი მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორც მაშინ. ასე რომ, მას ამ ეტაპზე დიდად ვერ ვუწინასწარმეტყველებდი პოლიტიკურ პერსპექტივებს ფართო დონეზე. მას აქვს შანსი, რომ უკეთესი სახელით წავიდეს პრეზიდენტის პოსტიდან, ვიდრე მოვიდა და ეს მას პერსონალურად წაადგება“, - არჩილ გამზარდია სალომე ზურაბიშვილის სამომავლო წარმატებულ მოღვაწეობას უფრო საქართველოს საზღვრებს მიღმა ხედავს.

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურის შემთხვევაშიც კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში ჩავარდება; რადგან ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი უარს აცხადებს ხმის მიცემაზე; ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 100 ხმის დამოუკიდებლად მობილიზება შეუძლებლად ჩანს.

იქნება თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი, თუკი ის ბოლომდე ვერ მიიყვანს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას?

არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ წაგებაც სათავისოდ გამოიყენოს - საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის საჩვენებლად, რომ „აი, ასეთი დემოკრატიული სახელმწიფოა - პროცესში მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო პირადად ჩართული, მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, სახელისუფლებო ეშელონები, მაგრამ მაინც განიცადეს მარცხი“. თუმცა ექსპერტისთვის ასევე ცხადია, რომ "ოცნება" კომპრომისებს მძიმედ აღიქვამს.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილის აზრით, ამ პროცესში ყველაზე მეტად საქართველოს სახელმწიფო დაზიანდება და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი - იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურს მიიღებს და შემდეგ პარლამენტში ჩავარდება.

„ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. ხვალ რას შვება მმართველი პოლიტიკური ძალა?! ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხომ ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც - საკონსტიტუციო სასამართლომ დაარქვა კონსტიტუციის დამრღვევი, ხოლო მმართველი პოლიტიკური ძალა [პრეზიდენტს] ძვრასაც ვერ უკეთებს და [პრეზიდენტი] დადის ისევ საზღვარგარეთ... ვინმეს უფიქრია ქვეყნის იმიჯი, დემოკრატია როგორ იქნება წარმოჩენილი?! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საბოლოოდ გავიმაიმუნებთ თავს“, - ეუბნება ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებმა ბევრი შეკითხვა წარმოშვა და იურისტების მხრიდანაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილისთვის უდავოა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციური ნორმები მართლაც დაარღვია.

ალაფიშვილი ასეთ პოზიციას არ ეთანხმება. ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საფუძველი არ არსებობს, არც საქართველოს კონსტიტუციის და არც საერთაშორისო ნორმების მიხედვით. ლევან ალაფიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რაც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროინტეგრაციის პროცესში მაქსიმუმ ძალისხმევას ავალდებულებს, „არავის ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას“.

„საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენციის თანახმად კი, ალაფიშვილის განმარტებით, პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უნებართვოდ შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნების მიუხედავად.

საკონსტიტუციო წარდგინების ავტორების - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციაა, რომ გერმანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვიზიტებზე მსჯელობა მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლს უნდა ეყრდნობოდეს, რომლის მიხედვითაც - „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ და სხვა.

"პრეზიდენტმა [მთავრობისგან] ითხოვა თანხმობა, არ მიუღია თანხმობა - დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია“, - საკითხს უმარტივესად გასაგებს უწოდებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე - რომელიც, როგორც საკონსტიტუციო წარდგინების თანაავტორი, პირადად მონაწილეობდა 3 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში მიმდინარე ცხარე განხილვებში.

„ოცნების“ხელისუფლების პოზიციაა, რომ:

  • პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა ესაჭიროება აბსოლუტურად ყოველ ჯერზე - როცა ის სხვა ქვეყნების ლიდერებს ხვდება - ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ;
  • პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა სჭირდება სატელეფონო კომუნიკაციის ანდა ონლაინკონფერენციებში მონაწილეობის დროსაც, როცა საკითხი საგარეო პოლიტიკას შეეხება;
  • თანხმობას საჭიროებს „ნებისმიერი ტიპის ვიზიტი“ და „მათ შორის - არაპირდაპირ პოლიტიკური შინაარსის მქონე ვიზიტიც კი“, როგორიც იყო, მაგალითად - ბრიტანეთში ჩასვლა, დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად.

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების [თამარ ჩუგოშვილი, მაია კოპალეიშვილი] პოზიციაა, რომ პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში. ამ მუხლში წერია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.

3-დღიანი განხილვების დროს, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მრავალჯერ გაიმეორეს, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილი ასევე ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 78-ე მუხლით [ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მაქსიმალური ხელშეწყობა].

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გააზიარა თამარ ჩუგოშვილის კომენტარი, რომ „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და დაეთანხმება იმპიჩმენტის მოთხოვნას, ის ფაქტობრივად სრულიად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას“.

საკონსტიტუციო სსამართლოში განხილვის პროცესი 5 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის დასრულდა.

„ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ, როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და, შესაბამისად, 1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, სხდომის მიწურულს.

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წერილი იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მმართველმა პარტიამ სასამართლოში 12 სექტემბერს შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ წერილი 14 სექტემბერს დაარეგისტრირა. კანონის თანახმად, სასამართლოს საკითხის განსახილველად ერთთვიანი ვადა აქვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG