Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქული "ბაირაქთარები" უკრაინისთვის - რატომ აღარ ჩანდნენ, რა იგეგმება?


თურქული Bayraktar-ი კიევში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2021 წელი.
თურქული Bayraktar-ი კიევში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2021 წელი.

უკრაინაში, ბრძოლის ველზე ჯერ ხმაურით გამოჩენილი და შემდეგ, მოულოდნელად გამქრალი თურქული დრონები - "ბაირაქთარები" (Bayraktar TB2) საინფორმაციო სივრცეში ისევ ბრუნდებიან.

ამ დღეებში თურქულმა მხარემ უკრაინელებს 2 ასეთი, ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი ისევ უსასყიდლოდ გადასცა; ხოლო პარალელურად, წარმატებით ჩააბარა ფრენის გამოცდა კიდევ უფრო მძლავრმა "Bayraktar Kizilelma"-მ, რომელიც თურქეთ-უკრაინის ერთობლივი ნაწარმია და მისი სერიული წარმოება უკრაინაშიც იგეგმება.

2 ახალი "Bayraktar TB2"-ის უკრაინისთვის ჩუქება უსიამოვნო ახალი ამბავი აღმოჩნდა რუსეთისთვის, სადაც თავს იმით იმშვიდებენ, რომ უკრაინას დრონები კერძო კომპანიამ გადასცა; თუმცა, როგორც თავად კომპანიაში ამბობენ, ასეთი საკითხები ანკარის ჩაურევლად არ წყდება.

"ბაირაქთარი" გამოჩნდა, რუსეთში ღელავენ

Bayraktar TB2-ების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია კიევმა ოთხშაბათს დაადასტურა და მიმწოდებელ კომპანიას, BAYKAR-ს, მადლობა გადაუხადა. 25 იანვარს, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ „დიდმა მეგობარმა და პარტნიორმა“ კიდევ 2 უპილოტო საფრენი აპარატი, უსასყიდლოდ გადასცა უკრაინის „შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინელ ხალხს, ოკუპანტებისგან დასაცავად“.

„უსასრულოდ მადლიერი ვართ უკომპრომისო და მტკიცე მხარდაჭერისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მძიმე დროს“, - წერია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

"Bayraktar TB2" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დრონები უკრაინამ ჯერ კიდევ 2021 წელს გამოცადა დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს და გასული წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო - დიდი ნაწილი უსასყიდლოდ. თურქულმა დრონებმა ბრძოლის ველზე იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა, რომ სულ მალე მას უკრაინელებმა ლექსები და „ომის ჰიტად“ ქცეული სიმღერაც მიუძღვნეს. იყო ცნობები, რომ უკრაინაში "ბაირაქთარს" ბავშვებსაც არქმევდნენ.
თურქული "ბაირაქთარები" უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მიეწოდებოდა.
"Bayraktar TB2"-მა სახელი მოიხვეჭეს მთიან ყარაბაღში, 2021 წლის შემოდგომაზე მიმდინარე 44-დღიანი ომის დროს, როცა მათ აზერბაიჯანის არმია სომხეთის წინააღმდეგ იყენებდა.

ახალი "ბაირაქთარების" უკრაინისთვის გადაცემის ფაქტმა ააფორიაქა რუსეთი, რადგან ეს უპილოტო საფრენი აპარატები შემოდგომიდან უკვე აღარ დომინირებს ბრძოლის ველზე და საინფორმაციო სივრცეში. რუსეთის სახელისუფლებო მედიას მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები, რომ - „უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთები რუსეთისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“ და რომ „ნატოს ქვეყნები ცეცხლს ეთამაშებიან“.

ამ თემაზე აქტიურად მსჯელობენ რუსული სახელმწიფო ტელეარხების ეთერში. მოწვეული ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არა თურქეთის სახელმწიფოს, არამედ მწარმოებელი კერძო კომპანიის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ ნაბიჯზე ევროპელებმა დაიყოლიეს. თუმცა ზაფხულში კომპანია BAYKAR-ში BBC-ის უთხრეს, რომ საბოლოოდ მაინც ოფიციალური სტრუქტურების გადასაწყვეტია, რომელ ქვეყნებს უნდა მიაწოდონ სამხედრო პროდუქცია და რომელს არა.

კომპანია BAYKAR -ს, როგორც საოჯახო მემკვიდრეობას, ძმები, ჰალუქ და სელჩუქ ბაირაქთარები მართავენ. უმცროსმა ძმამ, კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა - სელჩუქ ბაირაქთარმა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოანის შვილმა, 2016 წელს იქორწინეს.

BAYKAR -ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა 44 წლის ბიზნესმენმა, ჰალუქ ბაირაქთარმა, 2022 წლის ივლისში, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის დახმარება თურქეთისთვის სრულიად ლოგიკურია, რადგან - თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინას ახლა რუსეთის სასტიკ აგრესიასთან უწევს გამკლავება. მან სხვა დროსაც არაერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს "ბაირაქთარები" არასოდეს გადაეცემა.

რატომ აღარ ჩანდნენ "ბაირაქთარები"?

უკრაინაში „ბაირაქთარების“ ისტორიის დასრულების შესახებ, რუსეთის მედია ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე წერდა და ძირითადად ორი მიზეზი სახელებოდა: 1. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამო გაიზარდა ამ უპილოტო საფრენი აპარატების მოწყვლადობის კოეფიციენტი; 2. უკრაინისთვის მათი მიწოდება ეწინააღმდეგებოდა თურქეთის მიზანს, რუსეთის დახმარებით ქცეულიყო „გაზის ჰაბად“.

2022 წლის ივნისის შემდეგ, პრორუსული და რუსეთის დაქვემდებარებული წყაროები მრავლად აქვეყნებდნენ ჩამოგდებული "ბაირაქთარების" ფოტოებს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ უკვე 130 ასეთი დრონი გაანადგურეს მაშინ, როცა საერთაშორისო წყაროების ინფორმაციით, უკრაინამ მხოლოდ 50 ასეთი დრონი მიიღო. "ბაირაქთარების" მასობრივი განადგურების შესახებ საჯაროდ არასოდეს ულაპარაკიათ თურქულ და უკრაინულ მხარეებს.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი ვარაუდობს, რომ ვიდეოების გავრცელება უსაფრთოების მოსაზრებებით შეწყდა, რადგან ამ საფრენ აპარატებზე "რუსეთის მხრიდან ნადირობა იყო გამოცხადებული" და "ბაირაქთარებიც აუცილებლად გამოჩნდება, როდესაც უკრაინა აქტიურ შეტევით ოპერაციას დაიწყებს".

ნატოს წარმომადგენელმა, დევიდ ვან ვილმა თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ უთხრა, რომ თურქული დრონები „თამაშობენ უზარმაზარ როლს უკრაინაში“ და „ეს არის კარგი მაგალითი, თუ რის გაკეთება შეუძლია ინოვაციას თანამედროვე ომში“.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, კომპანია BAYKAR-ს თვის განმავლობაში 20 ერთეული დრონის წარმოების პოტენციალი აქვს და უკვე დაგროვილია შეკვეთები მომავალი 3 წლისთვის. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა - ჰალუქ ბაირაქთარმა ზაფხულში BBC-ის უთხრა, რომ უკრაინაში წარმატებული გამოყენების შემდეგ, Bayraktar-ებზე შეკვეთა საგრძნობლად გაიზარდა.
თურქულმა კომპანიამ 3 "Bayraktar TB2" ასევე უსასყიდლოდ გადასცა უკრაინას სექტემბერში, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა აქტივისტებმა სპეციალური აქციის ფარგლებში შეაგროვეს ფული სწორედ "ბაირაქთარების" შესაძენად.

შორსმავალი მიზნები, ერთობლივი პროდუქცია

2022 წლის სექტემბერში, კომპანიის გენერალური დირექტორი - ჰალუქ ბაირაქთარი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ეწვია და პრეზიდენტმა ის სპეციალური ორდენითაც („დამსახურებებისთვის“ I ხარისხი) დააჯილდოვა. ოფიციალური ინფორმაციით, განხილულ საკითხებს შორის იყო: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, უკრაინაში „ბაირაქთარების“ ერთობლივი ქარხნის მშენებლობის დეტალები და ახალი სამხედრო პროდუქციის წარმოება უკრაინაში წარმოებული ნაწილებით.

კიევში ჰალუქ ბაირაქთარმა განაცხადა, რომ უკვე დასრულების ეტაპზე იყო უკრაინაში ასაშენებელი ქარხნის პროექტი, რომლის გარშემოც ჩარჩოშეთანხმებას ერდოანმა და ზელენსკიმ ომის დაწყებამდე მოაწერეს ხელი. ჰალუქ ბაირაქთარმა თქვა ასევე, რომ ქარხანაში სამომავლოდ გამოუშვებენ როგორც ყველასათვის ცნობილ "Bayraktar TB2"-ებს, ასევე "Bayraktar Kizilelma"-ებს - დრონებს რეაქტიული ძრავით.

კომპანია Baykar-ის ინფორმაციით, თურქეთში წარმოებულმა „Bayractar Kizilelma“-მ, რომელსაც Мотор Сич-ის მიერ უკრაინაში წარმოებული ძრავა აქვს, პირველი წარმატებული გამოცდა 2022 წლის 3 დეკემბერს, ხოლო მეორე - 2023 წლის 23 იანვარს გაიარა, როცა სრული ფრენა შეასრულა. ამ უპილოტო საფრენი აპარატის მოქმედების მანძილი 930 კმ-ს შეადგენს და როგორც იუწყებიან, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საჰაერო ბრძოლებშიც.

14 დეკემბერს უკრაინის რადამ თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების, მათ შორის - საავიაციო სფეროში და წარმოადგენს საფუძველს ახალი ქარხნის ასაშენებლად. უკრაინული წყაროების თანახმად, თურქულ კომპანიას უკრაინაში უკვე შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთიც.

თურქეთი თავიდანვე ცდილობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, მათ შორის - უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტისა თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. ანკარა არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს; მაგრამ პარალელურად, სამხედრო იარაღით ეხმარება უკრაინას. თურქეთი ომის დაწყების დღიდან აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი მტრად აცხადებს ნატოს, მაგრამ კავშირების განმტკიცება სურს ნატოს წევრ თურქეთთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG