უკრაინის ქალაქ ხერსონის პორტში რუსული რაკეტა მოხვდა თურქეთის დროშით მცურავ სატვირთო გემს, „ტუზლას“. ამის შესახებ თურქული ტელეკომპანიები NTV და TGRT იუწყებიან. ინციდენტი 24 იანვარს, საღამოს მოხდა. სარაკეტო დარტყმისას, რომელმაც ხანძარი გამოიწვია, ეკიპაჟის წევრები გემზე არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მსხვერპლი არ არის.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გემი „ტუზლა“ ხერსონის პორტში ჩარჩენილია უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან. გემს ექსპლუატაციას უწევს კომპანია Cayeli Shipping-ი, რომლისგანაც სააგენტომ კომენტარი ვერ მოიპოვა.
Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პორტებში, მათ შორის ხერსონში, ჩარჩენილია 12 თურქული გემი, რომლებზეც არ ვრცელდება უკრაინასა და რუსეთს შორის გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ხორბლის და სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ. ამ შეთანხმებით, გემებს, რომლებსაც უკრაინიდან პროდუქცია გააქვთ, კოორდინაციას უწევს სტამბოლში მოქმედი სპეციალური ცენტრი.